Home რუბრიკები საზოგადოება ღვაწლმოსილ ქართველს 91 წელი უსრულდება

ღვაწლმოსილ ქართველს 91 წელი უსრულდება

1319

სსრკ-ის საპატიო ჩეკისტი, პოლკოვნიკი მამანტი ჯოლია დაიბადა 1924 წლის 10 მარტს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში, გლეხის ოჯახში.

1940 წელს დაამთავრა გალის #2 საშუალო სკოლა, 1950 წელს _ გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი (1940-42 წლებში სწავლობდა აღნიშნულ ინსტიტუტში, შემდეგ იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და 1947 წელს დაუბრუნდა უმაღლეს სასწავლებელს). 1965 წელს გაიარა სსრკ უშიშროების სამინისტროს კიევის სადაზვერვო უმაღლესი სასწავლებლის ერთწლიანი კურსი.

1942 წლის ოქტომბერში მამანტი ჯოლია მოხალისედ წავიდა დიდ სამამულო ომში; იბრძოდა უკრაინის მეოთხე, ბელორუსიის პირველ, მეორე და ბალტიისპირეთის ფრონტებზე ოცეულისა და ასეულის მეთაურად. მონაწილეობდა ქალაქ სევასტოპოლის მისადგომებთან საპუნ-გორას დასაკავებლად გამართულ გააფთრებულ ბრძოლებში. ამ მნიშვნელოვანი პოზიციის დაკავება, დიდი დანაკარგების მიუხედავად, სივაშის სახელობის 417-ე წითელდროშოვანმა დივიზიამ შეძლო. მსუბუქად დაიჭრა ორჯერ. ომის შემდეგ, 1947 წლამდე, აღნიშნული დივიზიის 1369-ე პოლკის შტაბის უფროსის თანაშემწედ მსახურობდა.

1950 წელს მამანტი ჯოლიამ მუშაობა დაიწყო საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად. 1950-60 წლებში მუშაობდა სოხუმის რკინიგზის უშიშროების განყოფილების ოპერრწმუნებულად და უფროს ოპერრწმუნებულად; 1960-65 წლებში _ გალისა და ოჩამჩირის რაიონებისა და ქალაქ ტყვარჩელის უშიშროების უფროსად, 1965-70 წლებში _ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უშიშროების უფროსად; 1970-78 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი, 1978-1993 წლებში _ აფხაზეთის ასსრ თევზდაცვის, გამრავლებისა და რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის უფროსი; 1994-96 წლებში _ საქართველოს ეროვნული გვარდიის კონტრდაზვერვის უფროსი; 1996-98 წლებში _ საქართველოს უშიშროების მინისტრის უფროსი მრჩეველი და საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილე. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. სპეციალური მივლინებით (დავალებით) იმყოფებოდა ავსტრიაში (1962 წ.), საბერძნეთში (1963 წ.), იტალიაში (1965 წ.), თურქეთსა (1967 წ.) და რუმინეთში (1974 წ.).

მამანტი ჯოლია იყო მშრომელთა (სახალხო) დეპუტატების ოჩამჩირის რაიონული, სოხუმისა და ზუგდიდის საქალაქო საბჭოების დეპუტატი და საქართველოს კპ ოჩამჩირის რაიკომისა და ზუგდიდის ქალაქკომის ბიუროების წევრი.

დაჯილდოებულია “წითელი ვარსკვლავის” ორი ორდენით, დიდი სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხისა და “ღირსების” ორდენებით, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენითა და 29 მედლით.

დევნილობის გამო დროებით ცხოვრობს თბილისში.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა აფხაზთა და ქართველთა შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების საქმეში, რომელშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის მამანტი ჯოლიას.

ბატონი მამანტის ინიციატივით დაარსდა ქართველ უხუცესთა საბჭო აფხაზეთიდან, რომლის თავმჯდომარე თვითონ უნდა გამხდარიყო, მაგრამ მისი დაჟინებული მოთხოვნით უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა აფხაზეთში ყველასთვის ცნობილი პიროვნება კონსტანტინე მარშავა, თვითონ კი კენჭი იყარა მოადგილის თანამდებობაზე, რაც ერთსულოვნად იქნა დაკმაყოფილებული.

“აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და შერიგების კავშირმა” (თავმჯდომარე ო. ჯოლია) და ქართველ უხუცესთა საბჭომ მამანტი ჯოლიას ხელმძღვანელობით გამოიმუშავა და, როგორც ძველი, ისე ახალი მთავრობის წინაშე დააყენა 12 წინადადება-პროექტის განხორციელების საკითხი. რამდენიმე თვის წინათ შედგა აფხაზეთის პრეზიდენტთან, ბატონ ალექსანდრე ანქვაბთან, სატელეფონო საუბარი სასაფლაოების მონახულების საკითხის გადაწყვეტის შესახებ. ამას წინ უძღოდა კავშირის თავმჯდომარის, ოლეგ ჯოლიას, გამგზავრება მოსკოვში და აფხაზ ვეტერანებთან შეხვედრა, რომელმაც თბილ, საქმიან ვითარებაში ჩაიარა.

მამანტი ჯოლია ყოველთვის იბრძოდა პატიოსანი სახელისა და სამშობლოს კეთილდღეობისთვის და, მიუხედავად ასაკისა, დღესაც ემსახურება საქართველოს.

აფხაზეთის ვეტერანთა კავშირი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here