Home რუბრიკები საზოგადოება მელიტონ ქანთარიას შვილი საბერძნეთში გაიხიზნა

მელიტონ ქანთარიას შვილი საბერძნეთში გაიხიზნა

798

ქალბატონი ციალა საბჭოთა კავშირის გმირის _ მელიტონ ქანთარიას შვილია, ქართველი მეომრის, რომელმაც რუს ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა. კაცი _ სიმბოლო, რომელსაც საბჭოთა კავშირი ხელისგულზე ატარებდა. შვილი კი საკუთარ სამშობლოში დაივიწყეს. რამდენიმე დღით ჩამოვიდა ქალბატონი ციალა ქანთარია საქართველოში ლტოლვილის სტატუსის გასაფორმებლად, ქანთარიები აფხაზეთში ცხოვრობდნენ.

_ ჩემი ერთი შვილი _ თამაზ ოჩიგავა _ ინალიშვილის ბატალიონში იბრძოდა. დაიღუპა ბესლახუბასთან. ხუთი წელიწადი ფეხზე ვერ ვდგებოდი, ნერვიულ ნიადაგზე მოძრაობა შემეზღუდა, _ იწყებს საუბარს ქალბატონი ციალა, _ ტყვარჩელში დავრჩი. შვილის საფლავს ვერ მივატოვებდი, მაგრამ შემდეგ ჩემმა გოგომ, რომელიც სოხუმელ ბერძენზეა გათხოვილი, მაიძულა, საბერძნეთში გადავსახლებულიყავი. აქ არსებობის არავითარი პირობა არ მქონდა.

_ თბილისში რატომ ჩამოხვედით?

_ გაჭირდა ცხოვრება საბერძნეთშიც. მოგეხსენებათ, ეკონომიკური კრიზისია. ჩამოვედი, ლტოლვილის პენსია გამიფორმეს. საბუთები შევიტანე ბინის მიღებაზე.

ქალბატონ ციალას მეორე ვაჟიც საბერძნეთშია. ბინების გარემონტების ოსტატია. ერთხანს სამუშაოც ჰქონდა და შემოსავალიც. ასე იყო 1990-იანი წლების მეორე ნახევრამდე, მაგრამ 2000-ისკენ გაუარესდა მდგომარეობა და ევროკავშირის წევრ ამ ქვეყანაში ისეთი კრიზისი დაიწყო, რომ:

_ ვის სცალია ახლა ბინების რემონტისთვის?! იქიდან რომ წამოვედი, ჩემი ბიჭი სამი თვის უმუშევარი იყო. თენგიზს ახლა ტელეფონით რომ ველაპარაკე, გახარებული იყო: ერთი კვირის სამუშაო მაქვსო. ბერძენი სიძე რომ არ გვყავდეს, ძალიან გაგვიჭირდებოდა იქ არსებობა. ყველაფერს ფული უნდა. ეს ერთი. და მეორე _ გოგო მეორე კლასშია…

_ შვილიშვილი?

_ დიახ, შვილიშვილი. უფროს კლასებში რომ გადავა, ისე მიეჩვევა იქაურობას, რომ იტყვის, რად მინდა შენი საქართველო, საბერძნეთში უნდა დავრჩეო. მე კი მინდა, რომ ყველა ჩემი შთამომავალი საქართველოს დაუბრუნდეს.

_ მაგრამ საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ რომ ვერ მოუარა იმ მებრძოლის შვილს, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იყო მიჩნეული, ხომ ფაქტია?

_ ტყუილი რა საკადრისია და გულწრფელად გეტყვით: ორ წელიწადზე მეტხანს მოსკოვში ვცხოვრობდი, მაგრამ არც რუსეთის ხელისუფლებისთვის მითხოვია რამე, არც საქართველოს ხელისუფლებისთვის. კაციშვილთან არ მივსულვარ, ლტოლვილი ვარ და ბინა მომეცით-მეთქი… ახლა გამიჭირდა ძალიან. საქართველოში თავის შესაფარებელი რომ მოგვცა, არც მე, არც ჩემი შვილი ერთი დღეც არ გავჩერდებით საბერძნეთში. ერთი დღეც კი!

_ ამ საკითხზე თბილისში შეხვდით ვინმეს?

_ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განცხადება დავტოვე.

_ მინისტრთან შესვლა არ გიცდიათ?

_ არა. იმიტომ, რომ მითხრეს, ბინის საკითხზე კაციშვილს არ იღებსო… ბოლო ხანს გაიგეს ჩემი ამბავი, თორემ, რომ ვარსებობ, მანამდე არავინ იცოდა.

_ არც განცხადებაში დაგიწერიათ, მელიტონ ქანთარიას შვილი რომ ხართ?

_ კი, ვწერდი. ყველგან ვწერდი…

_ და არაფერი?

_ დაპირება არის.

_ ახლა მამაზე მელაპარაკეთ, საბჭოთა კავშირის გმირზე _ მელიტონ ქანთარიაზე.

_ ჩემს ძმებს ვეხუმრებოდი, თქვენ გმირის შვილები არ ხართ. გმირის შვილი მე ვარ, რადგან მას შემდეგ ვარ დაბადებული, რაც მამას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭესმეთქი (იცინის). ორი ძმა მყავდა. ერთი 2000 წელს გარდაიცვალა, მეორე _ 2013-ში. ბედიაში არიან დაკრძალულები, ჩემი ვაჟიც იქაა დასაფლავებული.

მამა ოჯახის კაცი იყო. ყურადღებას არ გვაკლებდა, მაგრამ სხვებს უფრო ეხმარებოდა, ვიდრე ჩვენ.

მახსენდება, ერთი კაცი (გვარი არ ვიცი), მოვიდა ჩვენთან ოჩამჩირეში, 1966 თუ 67 წელი იყო. იმხანად სოხუმში ვსწავლობდი. დავინახე ეს კაცი და მამას ვუთხარი, ვიღაც გკითხულობსმეთქი. გავედით და სტუმარი ეზოში დაჩოქილი დაგვხვდა. მუხლებზე მოეხვია მამას და შვილის გადარჩენა სთხოვა. დახვრეტა ჰქონია მისჯილი. მამამ წამოაყენა, რატომ კადრულობო ამას, რომელი წმინდანი მე ვარო! მოუსმინა. წაყვა რუსეთში. სად _ არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ იმ კაცის შვილი უდანაშაულო აღმოჩნდა და დახვრეტა კი არა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ბევრს ეხმარებოდა მამა. თვითონ გაიხდიდა და სხვას ჩააცმევდა. სტუმართმოყვარე იყო და მომსვლელები მთელი საბჭოთა კავშირიდან არასოდეს გვაკლდა. მარშალი ჟუკოვიც კი ჩამოვიდა. ეგოროვი ხომ ძალიან ხშირად იყო ჩვენთან. კარგი კაცი იყო ძალიან. საშუალო რომ დავამთავრე, სამედიცინოში მინდოდა სწავლის გაგრძელება. ეგოროვმა ეს რომ გაიგო, მამას უთხრა: ვარლამოვიჩ, მე გამაყოლე შენი შვილი ლენინგრადში, უმაღლესშიც მოვაწყობ და კარგადაც მოვუვლიო, მაგრამ რად გინდა: ექიმმა არ მომცა ცნობა, რომ ჩემი ჯანმრთელობა ექიმის პროფესიას შეეფერებოდა. გული გაქვს სუსტი და ექიმობას ვერ შეძლებო. ამიტომ ბიოლოგიურზე ჩავაბარე სოხუმის პედინსტიტუტში.

კი იყო მამა გმირი, მაგრამ ოჩამჩირეში ყოფნისას იძულებული იყო, შავ მუშად ემუშავა. არასოდეს უძებნია თბილი ადგილი. ოჩამჩირეში დამბას რომ აგებდნენ, იქ მუშაობდა ფიზიკურად.

ერთხელ მარშალმა ჟუკოვმა უთხრა, მოდი, ვარლამოვიჩ, სამხედრო აკადემიაში მოგაწყობთო. არ მინდაო. რაც იმ ომში ვნახე და გადავიტანე,მას შემდეგ საერთო არაფერი მინდა მქონდეს სამხედრო საქმესთანო.

ჩემმა შვილიშვილმა თენგიზმა, ახლა საბერძნეთში რომ ცხოვრობს, მამაჩემს ჰკითხა:

_ ბაბუ, სკოლაში იციან, შენი შვილიშვილი რომ ვარ. შეიძლება მთხოვონ, ბაბუაშენზე რამე მოგვიყევიო და რა ვუთხრა? მომიყევიო რამეო.

დაისვა ბაბუამ შვილიშვილი და დაიწყო ფრონტული თავგადასავლის თხრობა, მაგრამ შუა ლაპარაკში ცრემლი წამოუვიდა, ადგა და მიატოვა.

ემოციური კაცი ყოფილა მელიტონ ქანთარია და, ჟუკოვს რომ უთხრა, ომის გახსენება არ მინდა, ამიტომ სამხედრო აკადემიაში სწავლას არ ვაპირებო, მართალი ყოფილა.

_ სტალინი თუ უხსენებია მამას?

_ ერთხელ მოსკოვში ჩასულა მამა. მიდის სტალინთან. კრემლის შესასვლელში გუშაგმა გააჩერა:

_ კუდა იდიოშო? _ ჰკითხა.

მამამ უთხრა, რომ სტალინთან მიდიოდა და ოქროს ვარსკვლავი დაუნახვებია.

ულაპარაკოდ შეუშვიათ კრემლში.

_ სტალინთან რა უნდოდა?

_ დახმარება უნდოდა ეთხოვა.

_ ეტყობა, არც მაშინ გქონიათ დალხენილი ცხოვრება. სტალინმა რაო?

_ მამას არასოდეს მოუყოლია სტალინთან შეხვედრის შესახებ…

აფხაზეთის ომის დაწყება ძალიან განუცდია მელიტონ ქანთარიას. ამას შვილიშვილის დაღუპვის ამბავიც დაერთო. ვეღარ გაუძლო ამდენ დარდს დიდ ომგადატანილი ვეტერანის გულმა და 1993 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა.

_ საბერძნეთში ცხოვრებისას ჩვენს საელჩოსთან თუ გქონდათ ურთიერთობა?

_ კი იცოდნენ, რომ იქ ვარ, მაგრამ… რუსეთის საელჩოდან დაურეკიათ: მელიტონ ქანთარიას შვილი არისო აქ სადღაც და ვეძებთო. ჩვენებს უპასუხიათ, არაფერი ვიცითო… იცოდნენ, როგორ არ იცოდნენ!

ერთი ღონისძიება არ ჩაუტარებიათ რუსეთის საელჩოში, მე რომ არ მივეწვიეთ. ყოველთვის მეძახდნენ _ 9 მაისი იქნებოდა, მასწავლებლის დღე თუ სხვა დღესასწაული. ყოველთვის აცხადებდნენ, რომ გვესწრებაო საბჭოთა კავშირის გმირის _ მელიტონ ქანთარიას შვილი.

_ ქალბატონო ციალა, თქვენ, ალბათ, იცით, რომპერესტროიკისწლებში რუსულ პრესაში გამოჩნდნენ სხვა მეომრები, რომლებმაც თითქოს მთავარი დროშა აიტანეს რაიხსტაგის გუმბათზე.

_ მამაჩემის სიცოცხლეშიც დაწერეს ვიღაც-ვიღაცებმა. მამა ამბობდა, მოვიდეს ის ვიღაც, ვინც ეს ტყუილი იკადრა, მოვიდეს, გმირის ვარსკვლავს მივცემ და დამშვიდდესო.

_ ქართული პრესა ხომ არ დაგკავშირებიათ საბერძნეთში ყოფნის წლებში ან შემდეგ?

_ არა.

_ ტყვარჩელში რომ ცხოვრობდით, აფხაზებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

_ ძალიან კარგი. 1996 წლამდე იქ ვიყავი. სამი წელიწადი. წინ ზიხარ და უკან გადაჯექიო, არავის უკადრებია. რძალი მყავს აფხაზი _ ძმის ცოლი, ბედიაშია. მეორე ძმის ცოლი გვარამია კი არის, მაგრამ აფხაზები არიან ისინიც.

არც ერთ აფხაზს არ უთქვამს ჩემთვის, აფხაზეთიდან გადასახლდიო. არაფერს მერჩოდნენ. ერთხელ თავიანთ შტაბში დამიძახეს და მითხრეს: რადგან ჩვენთან დარჩი, მოდი, აფხაზად გადაიწერეო. ვუპასუხე: თუ გულში თქვენს წინააღმდეგ ვიქნები განწყობილი, თუ გული დამპალი მექნება თქვენ მიმართ, გინდა, აფხაზად გადამწეროთ, გინდა _ მეგრელად, გინდა _ თურქად, თქვენდამი დამოკიდებულებას ამით ვერ შეცვლით. გადახედეს ერთმანეთს და გადაულაპარაკეს: უყურე, რა სიმართლე თქვაო.

_ იდიტე ს ბოგომო, _ მითხრეს.

მამა მოსკოვში რომ გარდაიცვალა, ტყვარჩელის ქალაქკომში დამიბარეს და მითხრეს, ენგურის ხიდზე, იქით გადაგიყვანთ, მაგრამ უკან დაბრუნებას ვერ დაგპირდებითო. დავრჩი ტყვარჩელში. არ წავედი.

მამა ჯვარში გადმოასვენეს და სკოლის ეზოში დაკრძალეს.

არმაზ სანებლიძე

P.S. საზოგადოებაგამარჯვების მემკვიდრეებისსაბჭომ წამოაყენა წინადადება საქართველოში მელიტონ ქანთარიას ბიუსტის თბილისში დადგმის შესახებ. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა ამ წინადადებას და შესაბამისი წერილით მიმართა დედაქალაქის მერიას.

ბექა ქანთარიამ, მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილმა, “საქართველო და მსოფლიოსრედაქციას მოაწოდა სკულპტურის ესკიზი, რომელსაც დღეს ვაქვეყნებთ (ავტორი _ მოქანდაკე რომან შეროზია).

გამარჯვების მემკვიდრეებისსაერთაშორისო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფმა 2015 წლის 10 მაისს წერილით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და დახმარება სთხოვა ამ მამულიშვილური განზრახვის განხორციელების საქმეში.

ეს უკვე მესამე მცდელობაა მელიტონ ქანთარიას სახელის უკვდავყოფის. პირველი 2000 წელს იყო. მაშინდელმა კულტურის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა ყურად არ იღო დედაქალაქის მერიის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება.

მცდელობა მეორე: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიამ საქართველოს პრეზიდენტს (. სააკაშვილს) სთხოვა, გადაეწყვიტალეგენდარული მამულიშვილის, მეორე მსოფლიო ომის გმირის, აფხაზეთიდან დევნილი პატრიოტის _ მელიტონ ქანთარიასბიუსტის დადგმის საკითხი.

ხელისუფლება, რომელმაც ქუთაისში ააფეთქა სამამულო ომში მებრძოლი ქართველების მემორიალი, გორის მთავარი მოედნიდან კი ქურდულად გაიტანა უმაღლესი მთავარსარდლის ძეგლი, ამ თხოვნას რომ არ შეასრულებდა, იმთავითვე ცხადი იყო.

ახლა _ მესამე მცდელობა!

განზრახვა _ მამულიშვილური, საბაბი _ საუკეთესო: დიადი გამარჯვების 70 წელი!

ღმერთი სამობითააო!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here