Home რუბრიკები პოლიტიკა დავით თევზაძე: 2007-2008 წლებშიც ასე ღიად გვეუბნებოდნენ, გარკვეული მიმართულებებით არ გადაგვედგა ნაბიჯები…

დავით თევზაძე: 2007-2008 წლებშიც ასე ღიად გვეუბნებოდნენ, გარკვეული მიმართულებებით არ გადაგვედგა ნაბიჯები…

676

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე არასამთავრობო ორგანიზაციას _ “საქართველო მშვიდობისთვის” _ აფუძნებს და აქტიურობისთვის ემზადება. დღეს ის საქართველოს შიგა და გარე საფრთხეებსა და მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე გვესაუბრება.


_ ბატონო დავით, რატომ გადაწყვიტეთ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება სწორედ ახლა და, თუ ორგანიზაციის სათაურიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, რა საფრთხე ემუქრება დღეს საქართველოში მშვიდობას?

_ 10 მარტისთვის ორგანიზაციის პრეზენტაციას ვაპირებთ და, ალბათ, იქ უფრო გამოიკვეთება, როგორ გავაგრძელებთ საქმიანობას. რაც შეეხება ორგანიზაციის სახელწოდებას, ის ძირითადად ასახავს ჩვენს მიდგომას საკითხებისადმი _ ვინ ვართ ჩვენ და რა გარემო გვინდა, გვქონდეს ქვეყანაში. ჩვენი მოძრაობა ღიაა ყველასთვის, ვინც თავს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რა მომავალი ექნება ამ ქვეყანას.

გარე საფრთხეებზე როდესაც ვალაპარკობთ, გამუდმებით გვესმის, რომ სამეზობლოში არ არის დალაგებული სიტუაცია და ადამიანებს უწევთ მოსალოდნელი აგრესიის შიშის ქვეშ ცხოვრება. გარდა ამისა, თვითონ ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქისთვის მშვიდობა გარანტირებული უნდა იყოს. დღეს საქართველოს მოსახლოება თავს დაცულად ვერ გრძნობს, სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ვერ იცავს, რაშიც ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმაც დაგვარწმუნა. იური ვაზაგაშვილის სიკვდილიც ამას ადასტურებს. გვინდა, მოქალაქეები უფრო გააქტიურდნენ, რათა შეიცვალოს როგორც ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება და ის უფრო სტაბილური იყოს, ასევე გარე სივრცეც დაექვემდებაროს პროგნოზირებას, სხვა შემთხვევაში, შეიძლება, სახელმწიფოს გარეშე დავრჩეთ.

_ რა გაძლევთ ასეთი შემაშფოთებელი პროგნოზის საფუძველს?

_ სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ დგას თავის სიმაღლეზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქვეყანა დინებაზეა მიშვებული. გამოკვეთილად არ ჩანს არც საგარეო ურთიერთობების სტრატეგია და არც მომავალი სტაბილურობის კონტურები. დღეს დიდი მოთამაშეები მსოფლიოში გავლენის მოპოვებას ცდილობენ და რა ფაზაში შევა მათი დიალოგი თუ დაპირისპირება, სამწუხაროდ, არ ვიცით. ერთ დღეს შეიძლება, ისეთ რეალობაში გავიღვიძოთ, როგორშიც ჩვენმა წინაპრებმა 1921 წელს, როდესაც დიდმა მოთამაშეებმა _ საქართველოს ტერიტორია გაიყვეს.

_ თუ რუსეთისა და თურქეთის ბოლოდროინდელ დაახლოებასა და მჭიდრო თანამშრომლობას გავითვალისწინებთ, როგორ აისახება ეს საქართველოზე, დღესაც იმავე სცენარის განმეორების საფრთხის წინაშე ვდგავართ?

_ ბუნებრივია, სცენარი იგივე არ იქნება, ვინაიდან ახლა ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ სხვა სცენარი შეიძლება გათამაშდეს. რუსეთი და თურქეთი ყოველთვის გამონახავენ საერთო ენას და ეს მოხდება არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანი ბოროტია, არამედ ეს დიდი მოთამაშეების თვისებაა.

_ ბრძანეთ, ხელისუფლება სუსტია და ვერ დგას თავის სიმაღლეზეო. აქედან გამომდინარე, რეალურად მიგაჩნიათ ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომ იმაზე ადრე დაბრუნდება საქართველოში, ვიდრე ამჟამინდელ ხელისუფლებას წარმოუდგენია. რისი იმედი აქვთნაციონალებს”?

_ არ ვიცი, რისი იმედი აქვთ, მაგრამ შეიძლება, “ნაციონალებმა” საქართველოში მინი მაიდანი ან რაღაც ამდაგვარი მოაწყონ. თუმცა არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. პრობლემა არის ის, რომ არ ჩანს, რა გზები და რა ეფექტიანი მექანიზმები არსებობს ამ სცენარიდან გამოსასვლელად, ამას არავინ გვეუბნება და ხელისუფლებასაც არ ეტყობა, რომ ეს იცის.

_ კიევური მაიდნის თბილისში განმეორების საფრთხეზე პოლიტიკოსები, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ხშირად საუბრობენ, მაგრამ ქვეყნის შიგნით ხალხის მხარდაჭერის იმედი სააკაშვილის გუნდის წევრებს ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. აქვთ თუ არანაციონალებსსაერთაშორისო მხარდაჭერის იმედი? მაგალითად, ახლახან ამერიკელმა კონგრესმენმა მაიკლ ტერნერმა ინტერპოლს მოუწოდა, სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილოს.

_ რომელიმე პოლიტიკოსი ან სენატორი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა მხოლოდ მისთვის აქვს. ამიტომ ვფიქრობ, ამაზე დიდი აქცენტის გაკეთება არ ღირს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, პროკურატურას რა მასალები აქვს სააკაშვილის წინააღმდეგ, აქვთ თუ არა საგამოძიებო ორგანოებს მტკიცებულებები, რომლებიდანაც იკვეთება არა პოლიტიკური დევნა, არამედ დანაშაული, რათა დაარწმუნონ ინტერპოლი, რომ ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი და მაშინ ვერც ერთი სენატორის თუ კონგრესმენის მოწოდება პროცესს ხელს ვერ შეუშლის.

 “ნაციონალებსსაერთაშორისო მხარდაჭერაც ვერაფერს უშველით, თუ სახელმწიფო ძლიერი იქნება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომელმა უცხოელმა რა თქვა, და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თვითონ რას ვაკეთებთ.

უკრაინული მაიდნის სცენარის განმეორება საქართველოში იმიტომ არის მოსალოდნელი, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან დამძიმდა და სააკაშვილმა შეიძლება ისარგებლოს ამ სიტუაციით. მოგეხსენებათ, მას აქვს ამის გამოცდილება. მე რომ ვიყო ისეთი ადამიანი, რომელსაც შეთქმულების თეორიისა სჯერა, თუ ყველა სირთულეს, რომელიც დღეს ქვეყანაშია შევაჯამებდი, საფრთხეს ნამდვილად დავინახავდი. მთავარია, ასეთ ვითარებაში რას აკეთებს ხელისუფლება. რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გამკეთებელი არავინ ჩანს. ყოველთვის გარეთ ვეძებთ მიზეზებს და დამნაშავეებს, არადა, მიზეზი ჩვენ ვართ. ჩვენს ხელისუფლებაშია პრობლემა, ზოგი არასაკმარისი პროფესიონალია, ზოგი _ არასაკმარისად ეფექტიანი, ზოგს მოჩვენებითი ლიდერის თვისებები აქვს და ეს ყველაფერი საბოლოოდ აისახება იმაზე, რომ მთელი რიგი სფეროებისა თავის ნებაზეა მიშვებული

_ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის გადასაწყვეტია, ვის დანიშნავს თანამდებობებზე. როდესაც ამ დანიშვნებს საქართველოში ხელისუფლების წევრების მხრიდანაც საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა, მართებულია, პრეზიდენტი ასეთ განცხადებას რომ აკეთებს?

_ არ მიყვარს პრეზიდენტების განცხადების კომენტირება. როგორც ჩანს, მათ ასე ესმით დიპლომატია, ამას მე ვეღარ ვუშველი.

_ როგორ შეაფასებთ სააკაშვილის განცხადებას, რომ საკმარისია 40-50 რუსული ტანკის აფეთქება და რუსეთი დაიბნევა,შემდეგ კი უკრაინის არმია რუსეთს ომს მოუგებს. რას ემსახურება ამგვარი განცხადებები?

_ არ ვიცი, მსგავსი განცხადებები რას ემსახურება, მაგრამ, რასაც სააკაშვილი ლაპარაკობს, არასერიოზულია.

_ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიუხედავად, უკრაინის რიგ რეგიონებში ბრძოლები მაინც გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკვე აწვდის უკრაინას შეიარაღებას

_ ბუნებრივია, ბრძოლები გაგრძელდება. ვინაიდან დღეს სამი რეალური მოთამაშეა _ ამერიკა, ევროპა და რუსეთი. თითოეული მათგანი საკუთარ ინტერესებს იცავს. მართალია, ჩანს, რომ აშშ და ევროპა ერთად დგანან, მაგრამ მთლად ასეც არ არის, მათ განსხვავებული ინტერესები აქვთ. შორეულ პერსპექტივაში რას მოუტანს ეს ვითარება რუსეთს, რთული სავარაუდოა, მაგრამ ამ ეტაპზე, ფაქტია, რუსეთი ფლობს ინიციატივას.

_ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს ბედიც უკრაინაში წყდება. რა ელოდება საქართველოს, რეალურია საფრთხეები ჩვენი ქვეყნისთვის? როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ხვალ ანალოგიურ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ?

_ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, ამის შესახებ კონფერენციებზეც ვისაუბრე და წერილებიც გამოვაქვეყნე, მაგრამ არც ხელისუფლებიდან გამომხმაურებია ვინმე და არც არავინ დაინტერესებულა. საზღვარგარეთ გავაკეთე მოხსენება, რომელმაც იქ დიდი ინტერესი გამოიწვია. საუბარია იმაზე, რომ ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სამი რამ _ გეოპოლიტიკურ რეალობა, არსებული ვითარება რუსეთში (რომელიც მას აიძულებს აქტიურად იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დათმოს, სულ მცირე, თავისი ევროპული სივრცე) და ის სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც რუსეთს გააჩნია.

 საქართველოს ბედი უკრაინაში არ წყდება, საქართველოს ბედი საქართველოში წყდება. თუ ისე მოვიქცევით, როგორც უკრაინელები, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია. არ აქვს მნიშვნელობა, გარედან ვინ რა გავლენა მოახდინა და რომელმა დიდმა მოთამაშემ რა როლი ითამაშა, უკრაინელებმა მიიყვანეს თავიანთი ქვეყანა დაშლამდე. ამ მოვლენების თავიდან აცილება შეიძლებოდა.

_ ზურაბ აბაშიძის განცხადებას ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ პოლიტიკოსების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რატომ გამოიწვია ასეთი ხმაური საკითხმა, რომელიც ისედაც ყველასთვის ნათელია და პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ხვალ და ზეგ ნატოში არავინ მიგვიღებს?

_ პოლიტიკოსებისგან ამგვარი განცხადებები გასაკვირი არ არის. პოლიტიკოსს სურს, ეკრანზე ჩანდეს, ყურადღების ცენტრში იყოს, ეს ხდის მას აქტუალურს. პოლიტიკოსებს ნაკლებად აწუხებთ, რეალურად რა მოხდება, მათთვის მთავარია პოლიტიკური მომავალი, ამის გამო, სამწუხაროდ, ხშირად ნაციონალური ინტერესებიც ხურდავდება.

 ხვალ და ზეგ ნატოში რომც მიგვიღონ, იმ “უსაფრთხოების ქოლგას”, რომელსაც ქართველი ერი ასე ელოდება, უცებ მაინც ვერ მივიღებთ. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში ნატოშიც არ დგას. ნატოს თავისი პრობლემები აქვს, მას აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის ეფექტიანი მექანიზმები აქვს მოსაფიქრებელი. თუ საქართველოს მოსახლეობას ნატოში შესვლა სჭირდება და უნდა და, თუ ნატოსაც დასჭირდება ეს, ერთ დღეს შეიძლება ასეც მოხდეს და ამ შემთხვევაში, რუსეთიც იძულებული იქნება, ეს მიიღოს, მაგრამ დღეს რუსეთს შეუძლია, ნატოში საქართველოს შესვლას ხელი შეუშალოს.

_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ: “თუ ნატო საქართველოს ჩათრევის პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, ამას რუსეთი შესაბამისი ნაბიჯებით უპასუხებს”. რუსები არც აქამდე მალავდნენ, რომ არ დაუშვებენ რეგიონში ნატოს გაძლიერებას.

_ რა თქმა უნდა, ლავროვი სხვას არაფერს იტყოდა. 2007-2008 წლებშიც ასე ღიად გვეუბნებოდნენ, გარკვეული მიმართულებებით არ გადაგვედგა ნაბიჯები. რუსეთი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც იქცევა. საკითხავია, ჩვენ რატომ ვიქცევით ისე, რომ რუსეთს ამგვარი მოქცევის საშუალებას ვაძლევთ?

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here