Home რუბრიკები პოლიტიკა ღია წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს

ღია წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს

698

ჩვენ, ლტოლვილებს აფხაზეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვგრძნობთ ხალხის თანადგომას, ძალიან გვენატრება აფხაზეთი, ჩვენი სახლ-კარი, რომელიც ყოფილი მთავრობების უგუნურებამ დაგვაკარგვინა. ქართული სამხედრო შენაერთები უჭკუო კიტოვანის ხელმძღვანელობით შეჯლიგინდნენ სოხუმში ტანკებით, ესროლეს ლენინის ძეგლს და თავი მოაძრეს, აფხაზეთის დროშა ჩამოხსნეს მთავრობის შენობიდან და თბილისში გააფრინეს. აი, სწორედ ასეთმა უგუნურმა და მოღალატეობრივმა ქმედებებმა დაგვაკარგვინა აფხაზეთი. 

სააკაშვილმა კი ეს არ იკმარა და თავისი პროვოკაციებით ცხინვალის რეგიონიც დაგვაკარგვინა _ მისცა რა საშუალება რუსეთს, დაუფლებოდა ორივე რეგიონს. დიდი ალბათობით, მან ეს შეგნებულად განახორციელა და მტერია საქართველოსი.

გამოსავალი ერთია _ რაოდენ მძიმეც უნდა იყოს ჩვენთვის, რუსეთისადმი დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ. კი, ბატონო, გეთანხმებით: რუსეთი ოკუპანტია _ ეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გათვითცნობიერებული აქვს, მაგრამ ახლა რა ვქნათ _ ვიძახოთ, რუსეთი ოკუპანტიაო და ამით გამოვა რამე? მოგვიტანს ეს კარგს? _ რასაკვირველია, არა, ამიტომ ჭკუით უნდა ვიმოქმედოთ _ ეს ჩემზე უკეთესად თქვენ უნდა იცოდეთ.

ახლა კი შევეხები თქვენს წერილს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი თაობის” ფურცლებზე 2015 წლის 17 იანვარს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი კარგი რეფორმა ჩატარდა, როგორც ჯანდაცვის, ისე ბევრ სხვა სფეროში, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა ხედავს, რომ ერთი უკიდურესობიდან ვვარდებით მეორეში. თქვე ოჯახაშენებულებო, რომ დაგიჩემებიათ, ევროკავშირი აგვაშენებსო, დავიჯერო გაზეთებს არ კითხულობთ? თუ კითხულობთ, ხომ უნდა იცოდეთ, რომ ინგლისი, იტალია, საბერძნეთი და სხვა ქვეყნები 2015 წელს აპირებენ ევროკავშირიდან გამოსვლას. ამერიკას რომ ეტმასნებით, რა გაგვიკეთა? ერთადერთი _ 2008 წლის ომში პამპერსებით დაგვეხმარნენ. მათ მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცები და ტერიტორია სჭირდებათ. არა მგონია, ეს თქვენს მთავრობას არ ესმოდეს. ორი კურდღელი ერთდროულად ჯერ არავის დაუჭერია. ამერიკისადმი მონურ მორჩილებას არ სჯობს, საქართველოს მთავრობამ საქართველოს საქმე აკეთოს? ვიყოთ კარგად, როგორც ამერიკასთან, ისე ევროპასთან, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებებით ვეცადოთ ჩვენი პრობლემების მოგვარებას (ამას თვითონ ამერიკა და ევროპა გვეუბნება). რაც უფრო გაბედულად დავიწყებთ ქართველები დამოუკიდებლად საქმის კეთებას, მით მეტად მოგვეპყრობიან პატივისცემით _ ეს თქვენ ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ.

თქვენ ამბობთ (ეს გაზეთებში იბეჭდება), რომ რუსეთი არასწორ პოლიტიკას ატარებს უკრაინის მიმართ, რომ რუსეთი პროვოკაციულ გზას დაადგა უკრაინის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს? ამის შემდეგ რატომ ითხოვთ რუსეთისგან ჩვენდამი პატივისცემას? სწორედ ამერიკისა და ევროპისადმი თქვენმა მონურმა დამოკიდებულებამ გაიძულათ, ასე მოქცეულიყავით. ასეთი პოლიტიკის გატარების გამო კი თქვენდამი ქართველი საზოგადოების ნდობა ნელ-ნელა ქრება.

ამბობთ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საუკეთესო სტრატეგიაა აგრესიის შესაჩერებლადო. უფრო მეტიც, ამბობთ რომ უკრაინაში მრჩეველთა მისიაში აპირებთ მონაწილეობას. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მთავრობა ნატოს საწვრთნელ ბაზას ქმნის საქართველოში… როგორ ფიქრობთ, ეს მოეწონება რუსეთს და საპასუხოდ რას მოიმოქმედებს _ კიდევ არ ჩამოგვაჭრის ტერიტორიებს? _ თქვენ დიპლომატიაში მუშაობის დიდი სტაჟი გაქვთ და ეს არ უნდა შეგეშალოთ.

ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოღვაწე მოხელეები გაზეთებს რომ არ კითხულობენ და ისტორიაში მოიკოჭლებენ, იქიდანაც ჩანს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის მთავრობას, რომლებიც ფაშისტი სტეფან ბანდერას მიმდევრები არიან. ეს ის ბანდერაა, რომელიც ჰიტლერის არმიასთან ერთად მსოფლიო ბატონობისთვის იბრძოდა და ხოცავდა ხალხს, მათ შორის, ქართველებს. მათი ტყვია მეც მერგო  მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის ხელმძღვანელები კი ფაშისტების საქმის გამგრძელებელნი და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი აგენტურის შვილები და შვილიშვილები არიან _ ნახევარზე მეტი ეროვნებით უკრაინელი არ არის _ ან დედის გვარზეა, ან კიდევ, ვინ იცის, ვის. მათი ხელმძღვანელობით დიდი ისტორიის მქონე უკრაინელ ხალხს გამარჯვება არ უწერია, ქვეყანა შეიძლება დაიშალოს კიდეც.

მოვუწოდებთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას: სათანადოდ აღნიშნოს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი, რომელსაც მსოფლიო 2015 წლის 9 მაისს იზეიმებს; სათანადოდ დააფასოს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქართველი ვეტერანები, რადგან ფაშიზმის გამარჯვება ქართველებისთვისაც ტრაგიკულად დამთავრდებოდა. ქართველებს გადასახლება ელოდათ, საქართველო კი გერმანელების ელიტურ დასასვენებელ ადგილად იყო მიჩნეული.

თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა, ვურჩევ, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” წაიკითხოს ბატონი გიორგი გაჩეჩილაძის წერილები სათაურით: “გერმანულის გაკვეთილები უკრაინისათვის და არა მხოლოდ მისთვის”, რომლებშიც მოყვანილი უტყუარი ფაქტები ადასტურებს ჩემს მოსაზრებებს _ განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ბატონი გიორგი დეტალურად აღწერს ჰიტლერელებისა და უკრაინელების კავშირს, ფლობს უამრავ ინფორმაციას და ვრცლად აშუქებს ჰიტლერელების, ბანდერელებისა და ამერიკის სპეცსამსახურების საქმიანობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სახელწიფო გადატრიალება უკრაინაში მოაწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თავისი გამოზრდილები დასვა უკრაინის მმართველებად. აშშ-ის მიზანი ცნობილია _ რუსეთს ალყა შემოარტყას, დაშალოს და მსოფლიოზე გაბატონდეს, ამასთანავე, რუსეთთან ერთად მოსპოს და გაანადგუროს მართლმადიდებლობა, მოსპოს ყოველივე ეროვნული.

უნდა შეგახსენოთ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებაც. როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმება (რასაც დიდი ზეიმით ხვდება მთავრობა) ისედაც დაცლილ საქართველოს დიდ უბედურებას არ მოუტანს? მშიერი ხალხი უცხოეთში გადაიხვეწება საქართველოს მიწა-წყალს კი უცხოელები დაეპატრონებიან. სწორედ ეს უნდათ _ ჩვენისთანა ტრადიციების მქონე მართლმადიდებელი ერი არც ამერიკას ეპიტნავება და არც ევროკავშირს. საქართველოში აშშ-ის ელჩის _ ნორლანდის თვალებში ციცინს, სჯობს, საქართველოს მთავრობამ ქვეყანა გაწმინდოს დამნაშავე პროკურორებისა და სხვა უღირსი ელემენტებისგან.

სირცხვილია, რომ ჟვანიას, შარაძის, რობაქიძის, ვაზაგაშვილისა და სხვათა საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია.

დროა, საკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს სათანადოდ მიეზღოთ, თქვენ კი მხოლოდ “ნაციონალების” მიერ წამოყენებულ საკითხებზე პასუხის გაცემით ხართ დაკავებული. თავზე წამოგასხდნენ “ნაციონალები”, გაჯეჯილდნენ პარლამენტში _ იმის მაგივრად, რომ ყველგან _ რადიოში, ტელევიზიაში, პარლამენტში და სხვაგან “ნაციონალების” მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ფაქტებს ამზეურებდეთ, საზოგადოება ხედავს, რომ პირიქით ხდება _ ისინი გადანაშაულებენ თქვენ.

მთავრობამ თავი უნდა დაანებოს ყმაწვილების დანიშვნას საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, კადრების შერჩევისას მხოლოდ მეგობრობა ან ნათესაობა არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. მოიზიდეთ გამოცდილი კადრები, რადგან გამოცდილება გამარჯვების საწინდარია.

ლაპარაკობთ, კადრები არ არისო _ ეს არის ტყუილი. სად არის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი _ გამოცდილი პიროვნება, რომელიც ტყუილუბრალოდ გააგდეთ? დააბრუნეთ ის, ხოლო ამჟამინდელი მინისტრი 4-5 წელი ამუშავეთ განყოფილების უფროსად და ამის შემდეგ შეიძლება, მისი დაწინაურება.

თუ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია და კარგად მუშაობდა შევარდნაძის თუ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რატომ არ უნდა დაწინაურდეს? ასეთები ბევრია _ მინდია უგრეხელიძე, ლადო ჭანტურია, ნოდარ ჭითანავა…

სჯობს, გამოასწოროთ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული და აღადგინოთ ქუთაისში დანგრეული მემორიალი. გორში, მუზეუმის ეზოში მაინც დადგით სტალინის ძეგლი! დანაშაულია, რომ გენიოსი, რომლის წინაშეც ქედს იხრიდნენ ისეთი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი რუზველტი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ჩერჩილი, ჰიტლერს შეადარო, როგორც ეს გააკეთა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ქალბატონმა ფანჯიკიძემ.

ნუთუ მთავრობას არ ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც გააანალიზებენ პერიოდულ პრესას და მოახსენებენ ხელისუფალთ, ან რას აკეთებენ თქვენი მრჩევლები?

როცა გაზეთი “საქართველოს ვეტერანი”, სახსრების უქონლობის გამო, აღარ გამოიცემოდა, ჩვენ, ვეტერანებმა, პრესის მეშვეობით ვითხოვეთ, რომ საქართველოს მთავრობას გამოეყო საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირისთვის 150 ათას ლარამდე, მაგრამ ჩვენი წერილი უპასუხოდ დარჩა. არადა, შევარდნაძის პერიოდში ამ კავშირს 300 ათას ლარამდე ერიცხებოდა და “საქართველოს ვეტერანი” დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა. ამჟამადაც გთხოვთ, ვეტერანთა კავშირს გამოუყოთ თანხა გაზეთის გამოსაცემად.

ალბათ, იტყვით, ვინ არის ეს კაცი, ჭკუას რომ გვარიგებსო, მაგრამ 90 წელს მიღწეული მრავალჭირნახული ადამიანის აზრი, შეიძლება, სასარგებლო იყოს. თქვენი მთავრობის გამარჯვება სულითა და გულით მსურს.

მოგიწოდებთ ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ, სხვა შემთხვევაში თქვენი მოღვაწეობა დამთავრდება სრული კრახით, ხოლო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ჯალათებს ხალხი საკადრის პასუხს გასცემს და მიაბრძანებს იქ, სადაც ისინი ცოცხებით აუპატიურებდნენ ადამიანებს!

მამანტი ჯოლია,

აფხაზეთიდან დევნილი ქართველ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე,

6 ორდენისა და 29 მედლის კავალერი,

გადამდგარი პოლკოვნიკი

 

1 COMMENT

  1. მაგენი მაგატ არ აგნისჰნავენ. ავგანისტანსჰი გაყიდულებს კი დააპასებენ. ნამდვილ გმირებს უბრალო პენსიაზე ეყოლებატ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here