Home რუბრიკები პოლიტიკა ზღაპარია, რომ ევროპულ ბაზარზე საქართველომ რამე მოგება ნახოს!

ზღაპარია, რომ ევროპულ ბაზარზე საქართველომ რამე მოგება ნახოს!

469

28 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაცია “გლობალური კვლევების ცენტრმა” სასტუმრო Holiday Inn-ში პრესკონფერენცია გამართა _შესაძლებელია თუ არა საქართველომ რუსეთსა და თურქეთს ჩვენი ქვეყნის გავლით გაზსადენის მშენებლობა შესთავაზოს და მომგებიანი თუ იქნება ამ პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. პროექტის უპირატესობასა თუ მოსალოდნელ რისკებზე საგანგებოდ შეკრებილმა ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტებმა და ექსპერტებმა იმსჯელეს.

გლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელის _ ნანა დევდარიანის განცხადებით, რუსეთ-თურქეთის ახალი გაზსადენის მშენებლობასა და აღნიშნულ პროექტში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზების შემდეგ, პროექტი აუცლებლად გაეგზავნებათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინაიდან დროა, ამ თემაზე სერიოზული საუბარი ხელისუფლებამაც დაიწყოს:

_ დღევანდელ შეკრებას ესწრებიან ენერგეტიკოსები, უსაფრთხოების ექსპერტები, პოლიტოლოგები, რათა ყველა მიმართულებით განვიხილოთ პროექტი და გავაანალიზოთ ის დადებითი მხარეები თუ რისკები, რომლებიც მის განხორციელებას შეიძლება ახლდეს. ამ იდეის შესახებ პირველად ნინო ბურჯანაძემ მიმართა საქართველოს მთავრობას _ გამოიყენოს ისტორიული შანსი და შესთავაზოს რუსეთსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა. ასეთი განცხადება ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული მსჯელობის საგანი მაინც გახდებოდა, მაგრამ არა _ საქართველოში. არადა, გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გატარება გაცილებით მნიშვნელოვანი გარანტიის შემცველია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვიდრე ნატოში გაწევრების უშედეგო განცხადებები. მიწისზედა გაზსადენის მშენებლობა კი გაცილებით იაფია წყალქვეშაზე. საქართველოში არსებობს ინფრასტრუქტრა, რომლის გამოყენებითაც გაზსადენის მშენებლობა მოხერხდება. ჭკვიანური მოლაპარაკების შემთხვევაში, საქართველო შეძლებს ხარისხიანი აირის მიღებას და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ქვეყნის სტაბილურობას გაამყარებს.

ნინო ბურჯანაძე, “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოსლიდერი:

_ რისკი ნებისმიერ გადაწყვეტილებას ახლავს, მაგრამ გონიერმა ხელისუფლებამ ამ რისკის მინიმალიზაცია უნდა მოახერხოს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული პროექტის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოიჩინა. რა თქმა უნდა, ილუზია არ გვქონია, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად მიიღებდა, მაგრამ ჩვენი იდეა სწორედ ის არის, რომ მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს იმ სუპერსახელმწიფოებთან, რომელთა პოზიციასაც მნიშვნელობა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ საგარეო პოლიტიკა პრაქტიკულად არ გვაქვს. დროა, რეალურად გავაანალიზოთ მოვლენები, მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნების უფლება, მეზობელ და, მით უმეტეს, სუპერსახელმწიფოებს დავუპირისპირდეთ. ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის პირდაპირი დიალოგი ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, მათ შორის, უპირველესად, რუსეთთან და ჩვენი ამოცანაა, მეზობელი სახელმწიფოები ჩვენზე არანაკლებ იყვნენ დაინტერესებულები, საქართველო ერთიანი და სტაბილური ქვეყანა იყოს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო იქნება ჩართული ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში, რომლებშიც არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ დიდი ეკონომიკური ინტერესიც იქნება. ამიტომ  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ასეთი პროექტების განხორციელებისთვის. იყო ასეთი კითხვაც: აფხაზებიც თანასწორი უფლებებით ჩაერთვებიან ამ პროექტშიო? თუ მიგვაჩნია, რომ აფხაზებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ისეთივე უფლებების მქონენი, როგორც საქართველოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენლები, არ უნდა შეგვეშინდეს, პროექტში მათი მონაწილეობის. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ ხელისუფლებას იდეა და აღნიშნული პროექტი მან თუნდაც რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად გამოიყენოს.

რევაზ არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი:

 _ ამ პროექტის განხორციელებაზე, პირველ რიგში, რუსეთთან დიალოგია საჭირო. თუ დაახლოებით ისეთივე ხელშეკრულება გაფორმდა, როგორიც იყო შაჰდენიზის ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში, საქართველოს ყოველწლიურად 1 მილიარდი სუფთა მოგება მაინც დარჩება. მშენებლობის პროცესშიც უამრავი მუშახელი დასაქმდება, ინვესტიციები შემოვა ქვეყანაში. პოლიტიკურ დივიდენდებზე თუ ვილაპარაკებთ, საქართველოს, რუსეთსა თუ თურქეთს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, ამ პროექტით,  უკვე გარკვეული “კოზირი” გვექნება, ვინაიდან რუსეთიდან ევროპისკენ წასული 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ჩამკეტი ჩვენს ხელთ იქნება და, აქედან გამომდინარე, რუსეთის დაყოლიება გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე უფრო გაადვილდება.

 დღეს რუსეთი ორიენტირებულია ამ გაზსადენის ზღვის ფსკერზე გაყვანით, თორემ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება მისთვისაც მომგებიანია. ამის მიუხედავად, ჩვენი დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, რუსეთს არც უფიქრია ამ მიზნისთვის ჩვენი ტერიტორიის გამოყენება და ამიტომ საქართველომ აღნიშნული ინიციატივა რუსეთს თვითონ უნდა შესთავაზოს.

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:

 _ მინდა, ამ პროექტის განხორციელების პოზიტიურ მხარეებსა და რისკებზე ვისაუბრო. შეიძლება ითქვას, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გაიზრდება ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივა, ამას გარდა, გაჩნდება ქვეყანაში თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარების პერსპექტივა, ასევე შეიძლება მოხდეს საქართველოს ენერგეტიკული ჰაბის სტატუსის გაზრდა საერთაშორისო დონემდე, რადგან ამ შემთხვევაში საქართველო უკვე გადაიქცევა ჩრდილოეთ-სამხრეთისა და დასავლეთ-აღმოსავლეთის  ენერგეტიკული გადამკვეთი ცენტრების მნიშვნელოვან ადგილად. გაიზრდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების პირობები. გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, პოზიტივად შეიძლება ჩაითვალოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შანსის პირობების გაზრდა.

რისკებს რაც შეეხება, ამ პროექტების განხორციელების მთავარი პრობლემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებია. დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არათუ დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, ჩვენ, ფაქტობრივად, საომარ ვითარებაში ვიმყოფებით. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რუსეთის სამხედრო ინტერესების გაძლიერებას რეგიონში, რადგან ამ პროექტების განხორცილებას რეალურად შეიძლება მოჰყვეს რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაზრდა, ასევე გასათვალისწინებელია ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან. ცნობილია, რომ “როსნეფტი” და “გაზპრომი” ეკონომიკური სანქციების ქვეშ არიან მოქცეულნი და, ვიდრე რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოქმედებს, ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ეს კომპანიები საქართველის ტერიტორიაზე განახორციელებენ, ასევე “შავ სიაში” აღმოჩნდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს სანქციები საქართველოსაც დაუწესონ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს უმძიმესი გეოპოლიტიკური ფონია და დასავლეთსა და რუსეთს შორის, ფაქტობრივად, “ცივი ომი” დაიწყო, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან პირდაპირ იქნება დაკავშირებული.

თამარ კიკნაძე, პროფესორი:

_ დიდი ექსპერტობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ ეს პროექტი საჭირო და მომგებიანია საქართველოსთვის, მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია პოლიტიკური ნება. ჩვენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები რომ ვერ გავხდებით, ამას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება, ვინაიდან საქართველო ევროპულ და ამერიკულ სტრუქტურებთან თანამშრომლობას თავისთვის ძალიან წამგებიანი პირობებით ახორციელებს. მაგალითად, რისთვის სჭირდება ნატოს თავის რიგებში საქართველო, როდესაც პარტნიორული პროგრამის ფარგლებში, ისედაც დიდი კონტინგენტი მონაწილეობს საქართველოდან?! რაც შეეხება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, ზღაპარია, იმ ევროპულ ბაზარზე, რომელიც გაჯერებულია საქონლით, საქართველომ რაიმე მოგება ნახოს. დასავლეთისთვის ახლა საქართველოს ძირითადი მისია არის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფოს მისია, საქართველოც სწორედ ამისთვის სჭირდებათ. ამ შემთხვევაში ეს ინიციატივა ძალიან ღირებულია, რათა რუსებმაც დაინახონ, რომ საქართველოში არის ძალა, რომელიც დაინტერესებულია მათთან კონსტრუქციული ურთიერთობით, თუმცა დასავლეთთან ეს შეიძლება კონფრონტაციჰის ახალ კერად იქცეს. ამიტომ დღეს რუსეთთან რაიმე კონსტრუქციულ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი, ვფიქრობ, ძალიან გართულდება. თუმცა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და უნდა დაიწყოს არა პრეზიდენტების დონეზე, არამედ, ჯერჯერობით უნდა მოისინჯოს მოლაპარაკების ლატენტური ფორმები, რათა პოლიტიკური წრეების მაღალ დონეზე შეხვედრა მომზადდეს.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

P.S. პრესკონფერენციის ორგანიზატორის _ ნანა დევდარიანის განცხადებით, საკითხი მხოლოდ ამ ერთი შეხვედრით არ ამოიწურება, პროექტზე მუშაობა გაგრძელდება და აღნიშნული საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაც იგეგმება, რომელსაც ქართველებთან ერთად უცხოელი ექპერტებიც დაესწრებიან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here