Home რუბრიკები საზოგადოება ვახტანგ ტატიშვილი: არც ატომური ბომბი გვინდა და არც ნატოს საწვრთნელი ბაზები!

ვახტანგ ტატიშვილი: არც ატომური ბომბი გვინდა და არც ნატოს საწვრთნელი ბაზები!

672

მომღერალი და იუმორისტი ვახტანგ ტატიშვილი სარკაზმით აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ცდილობს, ხალხს მომავლის იმედი ჩაუსახოს…


_ ვცხოვრობ ლარივით. ვბერდები და ჩემი კურსიც უკან მიდის. არადა, რამდენიმე წლის წინათ დოლარივით გამყარებული ვიყავი. ხან მაჯილდოებენ რაღაც მეგაპრიზებით, ხანაც _ მივიწყებენ. რამდენიმე დღის წინათ დამაჯილდოვეს, როგორც ყველა თაობის საყვარელი მომღერალი. 2011 წელს მომანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქეობაც, რომელსაც გაუპატიურებული მოქალაქის ჯილდოს ვეძახი. სულ სიგელები და სიგელები, ფული მაჩუქონ არ შეიძლება (იცინის)?

_ მიხეილ სააკაშვილი წინასაახალწლოდ ინდაურებს არიგებდა, თქვენ თუ გხვდათ წილად ეს ბედნიერება?

_ ინდაური არა, მაგრამ მერიამ ტკბილეული გამომიგზავნა. სამწუხაროდ, ინდაური არ მხვდა წილად. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ხალხის სიყვარულია. იცით, ხალხს რატომ ვუყვარვარ? _ იმიტომ, რომ ყოველთვის საკუთარ თავს დავცინი და არა _ სხვას.

_ ლარის კურსი ახსენეთ

_ ოოო, ეს ჩვენი ერთ-ერთი მტკივნეული თემაა. როცა ვალუტის კურსი ეცემა, მთავრობამ ხელფასები და პენსიები უნდა გაზარდოს, რადგან პროდუქტი გაძვირებულია. თავს რომ იწონებენ, სამაგიეროდ, საწვავი გავაიაფეთო, ასე არ არის, რადგან საწვავის ფასი მსოფლიოს მასშტაბით დაეცა. ვის ატყუებენ? მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი განახევრდა, ჩვენთან კი მხოლოდ რამდენიმე თეთრით შემცირდა. არც პოლიტიკოსი ვარ, არც _ ანალიტიკოსი, მაგრამ ჩემი თვალსაზრისი ყოველთვის მაქვს და, კიდევ კარგი, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა თავისუფლად შემიძლია აზრის საჯაროდ გამოთქმა. ჯანსაღი კრიტიკა ყველა მთავრობამ უნდა მიიღოს და ამის გამო მტრად არავინ არავის უნდა მოეკიდოს. ხალხი ყველაფერს ხედავს და იმასაც კარგად აანალიზებს, უკეთესობისკენ მივდივართ თუ უარესობისკენ

_ მაინც საით მივდივართ?

_ მსოფლიო პროგრესირებს, წინ მიდის; მათ შორის, _ საქართველოც. ეს არც მთავრობის დამსახურებაა და არც რომელიმე ადამიანის. ხალხი უფრო ჭკვიანდება. მართალია, ეს პროგრესი საქართველოში ნელა მიიწევს წინ, მაგრამ ხალხი ასე თუ ისე ვითარდება და საზოგადოების მოტყუება იოლი აღარ არის.

_ როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას?

_ ძალიან ცუდი მდგომარეობაა, განსაკუთრებით _ რეგიონებში. იუმორისტ ბესო ბერულაშვილის ინიციატივით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დავდივართ და მოსახლეობისთვის უფასო კონცერტებს ვმართავთ. თითქმის ყველა სოფელი დაცარიელებულია, ხალხს უკიდურესად უჭირს. კულტურულ სიდუხჭირეზე აღარაფერს ვამბობ. ამა თუ იმ რაიონში 50 წელი მაინც იქნება, კონცერტი არ ჩატარებულა. უნდა ნახოთ, რას ჰგავს კულტურის სახლები _ არ შეისვლება. ან შენობები რას ჰგავს, ან გზები? შეიძლება, რაღაც კეთდება, მაგრამ ტემპი არ მომწონს და ძალიან უკმაყოფილო ვარ. ამ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ხალხის კეთილდღეობა, მაგრამ არიან მავნეებიც, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის წინსვლას.

_ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადამეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოშიო. როგორ ახსნით მის ამ ნათქვამს?

_ მეტი საქართველო ნატოშიო? ეს მომეწონა! ეს ნიშნავს იმას, რომ ნატოში რაც შეიძლება, მეტიო. გამოდის, ნატო მსუბუქი ყოფაქცევის ყოფილა (იცინის)! _ ასე გამოუვიდა ჩვენს მინისტრს. რაღა დაგიმალოთ და ეს ნატო ჩემთვის ცოტა გაუგებარი რამაა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, კომუნიზმში რომ შევდიოდით და ვერ შევედით, მაგრამ მაინც გავკიოდით “წინ, კომუნიზმისკენ!”. ახლაც ასე ხდება, წინ, ნატოსკენო, _ გავიძახით, არადა, რაღაც არ უჩანს პირი, ნატოში რომ შეგვიშვებენ. რაღა დაგიმალოთ და არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც გვეუბნებიან, რაღაც ნორმები უნდა დააკმაყოფილოთ და შეგიშვებთ ნატოშიო. მაინტერესებს, რა ნორმებს ვერ ვაკმაყოფილებთ _ უკულტურო ერი ვართ, ცუდად ვიქცევით, განათლება არ გვაქვს, ცუდად ვმღერით თუ ვცეკვავთ? რომელი ქვეყანა გვჯობს, რომელიც ნატოს წევრია? არ მესმის, რა ახალ-ახალ ულტიმატუმებს გვიყენებენ, რას გვათამაშებენ?! ან რა არის, საერთოდ, ნატო, ვინმემ იცის? ბევრს ჰგონია, იქ რომ შევალთ, გვეშველება. დავუშვათ, შევედით, მერე რა? მთავარი არის ის, რომ საქართველომ ყველა ქვეყანასთან, ნატოს წევრი ქვეყნებით დაწყებული, რუსეთით დამთავრებული, კარგი ურთიერთობა დაამყაროს და შეინარჩუნოს. ეს ჩვენთვისაა კარგი. არც ატომური ბომბი გვინდა და არც ნატოს საწვრთნელი ბაზები! ნეიტრალიტეტი გვჭირდება, მეტი არაფერი.

მენატრება ის დრო, როცა რუსეთში გასტროლები გვქონდა. ვენაცვალე რუს ხალხს! ხალხი არ არის დამპყრობელი და, თუ რუსეთის პოლიტიკა არ მოგვწონს, ხალხს ნუ გავრევთ ამ ამბავში, რადგან რუსი ხალხი მართლაც კარგია. გასაგებია ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ ჩვენთვის კარგი იქნება, თუ რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას დავამყარებთ _ ჩვენი ხალხისთვისაა კარგი. არ გვინდა მათი ბოდიშები, ეს საქმეს ვეღარ უშველის და ვერც 2008 წელს დაგვავიწყებს, მაგრამ ჩვენი ეკონომიკის მოძლიერებისთვის ასეა საჭირო. ბოლოს და ბოლოს, მეზობელია, ჩვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი.

_ ბიძინა ივანიშვილს ახლოს იცნობთ?

_ მას მანამდე შევხვდი, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა. ისე სწრაფად წავიდა პოლიტიკიდან, ვერც კი მოვასწარი იმის აღქმა, როგორი პოლიტიკოსი იყო. ეს ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ჩვენთვის თავისუფლების დაბრუნება მისი პირადი დამსახურებაა. ის, რომ ივანიშვილს გავლენა აქვს დღევანდელ ხელისუფლებზე, ცხადია და ასეც იქნება. ბოლოს და ბოლოს, ეს მთავრობა ხომ მან მოიყვანა ხელისუფლებაში?! იცით, ხალხს როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს? მადლობა უნდა გადაუხადოს მთავრობას, თუ რამეს გაუკეთებს, მაგრამ მეტი უნდა მოსთხოვოს.  პოლიტიკოსის სიყვარულობანა კი უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. დროა, დავამთავროთ ბელადომანია! სხვათა შორის, მთავრობას ძალიან მოსწონს, როდესაც აქებენ, განსაკუთრებით _ ჟურნალისტები. ასევე არიან ხელოვნებისა და მწერლობის ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც მთავრობას კუდს უქიცინებენ. შემდეგ მოვა სხვა მთავრობა და ახლა იმათ ქება-დიდებაში არიან. ჩვენ, “ივერიისა” და “იუმორინის” წარმომადგენლები, ჩვენს სათქმელს ყოველთვის სცენიდან ვამბობდით და არასდროს არავის ვეპირფერებოდით; არც ვინმეს ვლანძღავდით ღვარძლითა და ბოღმით. რამდენიმე წლის წინათ ზოგიერთი ხელოვანი სააკაშვილის ფავორიტი იყო და ისიც კარგად უფასებდა მხარდაჭერას. დღეს კი ეს ხალხი ამ მთავრობას ეპირფერება…

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here