Home რუბრიკები საზოგადოება ტრადიციების ლანძღვის ტრადიცია…

ტრადიციების ლანძღვის ტრადიცია…

888

უკვე ტრადიციულად ვიწყებ საავტორო გვერდისთვის ტექსტის წერას… თუმცა ეს რა წამომცდა?!  “ტრადიცია” _ ეს სიტყვა ხომ დღევანდელ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველაზე მიუღებელი, საშინელი და სალანძღავი სიტყვაა!


შე ტრადიციულო ქართველო!” _ ამ მიმართვამ დღეს ისეთივე მნიშვნელობა შეიძინა, როგორიც ადრეულ საუკუნეებში ჰქონდა მიმართვას: “შე სამშობლოს გამყიდველო და მოღალატევ!”. ვისაც არ ეზარება და ორისამი სიტყვის ერთმანეთზე მიბმა მეტნაკლებად შეუძლია, ან ჰგონია, რომ შეუძლია, “ქართული ტრადიციების ნგრევაყველაზე პრესტიჟულ და საშურ საქმედ მიუჩნევია!

ჩემი საავტორო გვერდის წინა ტექსტის გამოც კი, რომელშიც, უბრალოდ, კონკრეტული ბრალდებების შესაბამისი ისტორიული წყაროების დასახელებას ვითხოვდი, ზოგიერთმა ჩემში ტრადიციების ხმალამოღებული დამცველი და “ჩამორჩენილი ღრუზინი” დაინახა…

ვისაც არ წაუკითხავს, ვეტყვი, რომ ტექსტი შეეხებოდა ვინმე “ბლოგერი მაიკოს” ნააზრევს მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს, აგრეთვე, ილიასა და აკაკის ურთიერთობას. “ბლოგერი მაიკო” ისე მოგვითხრობდა ამბებს, გეგონებოდათ, მათი უშუალო შემსწრე გახლდათ. მე კი, უბრალოდ, მის მიერ მოყოლილი ამბების დამადასტურებელი კონკრეტული წყაროების დასახელება ვითხოვე…

ახლა ვნახოთ ამონარიდები იმ კომენტარებიდან, რომლებიც “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციის მიერ ჩემი ტექსტის ინტერნეტში გამოქვეყნებას მოჰყვა:

როგორ ეპოტინები ქართველი ვაჟკაცის დაცვის თემას დაპირად შეურაცხყოფად ღებულობ!”, ანუ, ერთ-ერთი კომენტატორის აზრით, მე შესაბამისი ისტორიული წყაროების დასახელება იმიტომ მოვითხოვე, რომ “ქართველი ვაჟკაცის” სტერეოტიპის დამცველი ვყოფილვარ…

აბა, ისტორიული წყაროს მოთხოვნა როგორ შეიძლება, როდესაც ვიღაც სრულიად უარგუმენტოდ ლანძღავს შენს ერს და კონკრეტულ ცუდ საქციელსქართველთა უნიკალურ თვისებებსუწოდებს? ეს  ხომ უაპელაციოდ და უსიტყვოდ უნდა დაიჯერო!

კიდევ უფრო მძიმე “ბრალდება”: პირად  შეურაცხყოფად ღებულობ!”

ხედავთ, ეს რამხელა დანაშაული ჩამიდენია, როცა ჩემი ერის სრულიად დაუსაბუთებელი ლანძღვა პირად შეურაცხყოფად მიმიჩნევია? ეს ხომ “ღრუზინულ”-”ჩამორჩენილურ”-”შავბნელური” საქციელია! “პრადვინუტობა,” “გამოსულობა” და “სვეტსკობა” კი არის ის, როცა მავანს, შენი ერის ლანძღვისას, გვერდით დაუდგები და ბანს მისცემ, აბა!

არა, არც ღირს და არც გავამახვილებდი ამდენ ყურადღებას ამ საწყალ ადამიანებზე, რომ არა აშკარად შესამჩნევი საერთო პრობლემა აზროვნებაში: უაპელაციოდ დაჯერება ყველაფრისა, რაც საკუთარი ქვეყნისა და ერის მიწასთან გასწორებისკენ არის მიმართული.

აი, კიდევ ერთი:

როგორ მიხარია, თქვენი თაობა რომ მიდის და ჩვენ მოვდივართ!!!!”

ამ კონკრეტულ სულელს საკუთარი თავი მთელ თაობად მიუჩნევია! ჯერ ერთი, 40 წლამდე ადამიანების თაობის “იმქვეყნად გასტუმრება” უკვე სცადა ერთმა ავადმყოფმა და საბოლოოდ ძვირი დაუჯდა… მეორეც _ მართლა მაინტერესებს, ამ ტვინდაავადებულებს რატომ სჯერათ, რომ მთელ თაობას მხოლოდ თვითონ და მისნაირები შეადგენენ?!

რადგან ნორმალური ადამიანები ასე ტუტუცურად არ აქტიურობენ, არ მიედმოედებიან, ბევრს არ ლაყბობენ და ყველა ხელსაყრელი თუ არახელსაყრელი შემთხვევისას საკუთარ ერსა და ქვეყანას უშვერად არ ლანძღავენ, ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ?

სხვათა შორის, დღემდე ცოცხალი რომ ვარ და თავი არ მომიკლავს, ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ვიცნობ 20-25 წლის უამრავ ადამიანს, რომლებმაც საზოგადოების მანკიერებებიც იციან და დადებითი მხარეებიც, მაგრამ ამას თავიანთი ერის “უნიკალურ დამახასიათებელ თვისებად” არ ასაღებენ, ნებისმიერ მანკიერებას “ქართულ ტრადიციას” არ უწოდებენ და კონკრეტული სულელის ლექციის მოსმენისას საკუთარი ერის ლანძღვით კი არ აღფრთოვანდებიან, არამედ აუცილებლად მოითხოვენ ამ ლანძღვის დამადასტურებელ წყაროებსა და არგუმენტებს.

მაგრამ რა უნდა თქვა, როდესაც ინტერნეტში შეიძლება იმ დონის სულელსაც გადააწყდე, რომ მასთან შედარებით ზემოხსენებული “ბლოგერი მაიკო” და მისი დამცველები სულაც ყველაზე დიდ ქართველ მოღვაწეებად ჩათვალო!

“10 ტრადიცია საქართველოში, რომელიც შესაცველია და დასავიწყებელი!” _ აი, ასე ხმამაღლა და საზეიმოდ ასკვნის ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით “ნაოკი”.

კაი, ბატონო, თუ რამე ცუდი გვაქვს (და უამისოდ არ იქნება), გამოვასწოროთ!

მაგრამ, აბა, მოუსმინეთნაოკიბატონს, რომელი ტრადიციები გვქონია ქართველებს შესაცვლელი:

“თამბაქოს ნაწარმის მოხმარება!”

არა, ნამდვილად არ გეჩვენებათ! პატივცემული “ნაოკის” აზრით, თამბაქოს მოხმარება, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სიგარეტის მოწევა, ერთ-ერთია იმ “ქართული ტრადიციებიდან”, რომელიც ჩვენ, ქართველებმა, აუცილებლად უნდა “დავგმოთ და შევცვალოთ”!

არა, თქვე (ჩემი აზრით) არც ისე კაი დედმამიშვილებო, ის ქვეყანა, რომლიდანაც თამბაქო ჩამოეთესლა, არ თვლის მას თავისტრადიციადდა ჩვენ რას გვერჩით? პატივცემულოქართული ტრადიციების მნგრეველებო”, რას გეუბნებათ თქვენიისტორიული მეხსიერება” _ როდიდან დაედო სათავე ამ ძალიან მავნექართულ ტრადიციას” _ თამბაქოს მოწევას: მონღოლების შემოსევამდე თუ სულაც კოლხეთლაზიკის სახელმწიფოთა ჩანაცვლების პერიოდში?

მკითხველს აღარ დავღლი იმ დანარჩენი 9 “ქართული ტრადიციის” ჩამოთვლით, რომლის “მოსპობასაც” ასე გააფთრებით ითხოვს ამ ტექსტის ავტორი. უბრალოდ, გეტყვით, რომ ამ ცხრიდან რვას მხოლოდ ტვინნაკლული ადამიანი თუ უწოდებს არათუ “ქართულ”, არამედ,  საერთოდ, “ტრადიციას”.

აქ, ძირითადად, საუბარია ისეთ მავნე ჩვევებსა და უკულტურო საქციელზე, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება შეგხვდეს და უდავოდ მიუღებელია! უბრალოდ, მათ მართლა არაფერი აქვს საერთო არც “ქართულთან” და არც “ტრადიციასთან”.

ერთადერთი, რაც ჩამოთვლილთაგან შეიძლება ტრადიციად მივიჩნიოთ, ეს “ქალის გამზითვებაა”, თუმცა გაუგებარია, რატომ ჰგონია “10 შესაცვლელი ტრადიციის” ავტორს, რომ ეს მხოლოდ “ქართული” ტრადიციაა და მსოფლიოს სხვა ერებში ქალისთვის მზითვის მიცემის ტრადიცია არ არსებობდა ან არ არებობს?!

და თუნდაც მივიჩნიოთ ეს “მავნე ქართულ ტრადიციად”, სიმართლე გითხრათ, ვერც კი გავიხსენებ, ბოლოს როდის მოვისმინე საქართველოში “ცუდი მზითვის” მიზეზით ქალის დაწუნების შესახებ…

ამიტომ არ ვიცი, სად, როგორ და რა მეთოდით უნდა ვებრძოლოთ ამ “მხოლოდ ქართველებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ სიმახინჯეს”…

იმედია, ავტორი მიგვითითებს კონკრეტულ შემთხვევებს, რომ მივიდეთ, საპატარძლოს მზითვის გამო დამწუნებლები ადგილზევე შევახუროთ და ნამუსზე ავაგდოთ!

მაგონდება მე-17 საუკუნეში რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ სპეციალური დავალებით საქართველოში მოვლინებული არქანჯელო ლამბერტი და მისი ჩანაწერები, რომლებშიც კატეგორიული ტონით არის გადმოცემული:

“ყველა მეგრელი ქურდი და ბაცაცაა. ჩემ გარშემო ყველა იპარავს, ქურდობს, ოჯახის წევრებს ყიდის”… იმ წამსვე ხვდები, _ ამ კაცს დავალებული აქვს, იმხანად ისედაც საშინლად გაჭირვებულ საქართველოში არსებული სურათი კიდევ უფრო პირქუშად წარმოაჩინოს და ეს ყველაფერი არა მძიმე გარემოებებს, არამედ ქართველი (მეგრელი) კაცის შინაგან ბუნებას მიაწეროს…

არქანჯელო ლამბერტის ინტერესი, ალბათ, ვატიკანიდან სოლიდური მისიის  წამოყვანა იყოქართველების გამოსასწორებლად”… უფრო ზუსტად კი, ის ფული და სიმდიდრე, რომელსაც ამ მისიას რომის პაპი გამოატანდა. არადა, ინკვიზიციის, ინდულგენციებისა და მსგავს სიმახინჯეთა აკვნის წარმომადგენლები ვინმესუზნეობაზერომ ისაუბრებენ, კი არის სასაცილო.

ასე რომ, უკვე 4 საუკუნეა, საქართველოში “თამბაქოს მოწევა” კი არა, “ქართველთ ლანძღვა” ყალიბდება ერთგვარ “ტრადიციად” და ეს ქართველთა გარკვეულ ნაწილს, სამწუხაროდ,  ძალიან სიამოვნებს.

ვის და რისთვის სჭირდება სისულელისა და ცუდი საქციელისქართულ ტრადიციადმონათვლაგასაღება? ამით, რა თქმა უნდა, სარგებლობენ ის ძალები, რომლებიც, საკუთარ ქვეყანაშიბარბაროსობისარსებობის დამტკიცების შემთხვევაში, სოლიდურ გრანტებს მიიღებენ.

ამ ყოველივემ ისეთი მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ საეჭვოა, სპონტანურად ხდებოდეს. აშკარაა, მიმდინარეობს  როგორც ღია, ასევე ფარულიდამუხტვაიმ ადამიანებისა, რომლებიც, საზოგადოდ, “საპროტესტოდარიან მომართულნი და ხშირად თვითონაც არ იციან, რას აპროტესტებენ.

ამიტომ საკმარისია, მათ პროტესტის საბაბი ჩააწვეთო, რომ იმწამსვე იწყებენ “პროტესტობანას”,  “სხვებისგან გამორჩეულობანას” და სულაც არ ფიქრობენ, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ამან ქვეყანას, რომლის მოქალაქეებიც არიან…

ბაკურ სვანიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here