Home რუბრიკები პოლიტიკა ნატოს ნათელი ჰორიზონტი

ნატოს ნათელი ჰორიზონტი

537

ნატოს ერთგულების დემონსტრირება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სპორტის ერთგვარ ეროვნულ სახეობად იქცა. ძველი და ახალი ხელისუფლება, ძველი და ახალი მინისტრები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად არის მონდომებული საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად. ამ სპორტს ალღო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმაც აუღო და შეჯიბრის მსაჯობა ითავა. სწორედ ამ შეჯიბრის წახალისება იყო ნოემბერში საქართველოში ჩამოსული აპატურაის განცხადება, რომ ნატოს სურს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროატლანტიკური კურსისკენ სვლის კიდევ ერთი დადასტურება მოისმინოს:


“ჩვენ ველით მკაფიო დადასტურებას, რომ საქართველოს მისწრაფება არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. პირად საუბრებშიც დაგვარწმუნეს, რომ საგარეო კურსი არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ეს არის პირველი, რისი გაგებაც სურს ნატოს გენერალურ მდივანს და იმედი მაქვს, რომ პრემიერის მხრიდან და ახალი მინისტრების მხრიდან ამის დადასტურებას მოვისმენთ”.

უცნობია, პრემიერ ღარიბაშვილს ნატოს ერთგულებაზე დედა დააფიცეს თუ არა, მაგრამ აპატურაი ამჯერადაც კმაყოფილი დარჩა. შემდეგ იყო შეხვედრები “ნაციონალებთან”, “თავისუფალ დემოკრატებთან”, პარლამენტის რესპუბლიკელ თავმჯდომარესთან, გადამდგარ და ახალდანიშნულ მინისტრებთან და ამ შეხვედრებით ფრთაშესხმულმა აპატურაიმ საზეიმოდ განაცხადა: ,,ეს იყო ჩემი მეორე შეხვედრა ახალ მინისტრთან და სასიხარულოა, რომ თავდაცვის სამინისტროს კურსი არ შეცვლილა. ვისაუბრეთ ნატოს სასწავლო კურსის შესახებ. თქვენ ნახავთ მეტ ნატოს საქართველოში და მეტ საქართველოს ნატოში”, _ განაცხადა ჟურტნალისტებთნ აპატურაიმ.

ეს იდიომატური გამოთქმა ისევე რთული გასაშიფრია, როგორც საბჭოთა ფორმულაკომუნიზმის ნათელი ჰორიზონტის შესახებ”. და ისევე, როგორც ამ ფორმულაში, ერთი მხრივ, კომუნიზმისკენ ისწრაფვოდნენ; მეორე მხრივ კი ჰორიზონტს უწოდებდნენ, რომელიც, როგორც ცნობილია, რამდენადაც უახლოვდები, იმდენად გშორდება.

ახლახან ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ ახლა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატოში გაწევრებაზე საუბრის დრო არ არის. უფრო ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ  გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრების პირველი საფეხურის _ სამოქმედო გეგმის (“მაპ”) მიცემაზე უარის თქმის შესახებ სწორი გადაწყვეტილებაა და დღესაც უცვლელი რჩება.

დედამიწაზე, როგორც ცნობილია, უცვლელი არაფერია, მაგრამ ნატოში საქართველოს გაწევრების მიმართ დამოკიდებულება სწორედაც შესაშური უცვლელობით ხასიათდება. ნატოს ღია კარისწინ დგომაზე მხოლოდ გაღიმება შეიძლება; სამიტები ერთმანეთს ცვლის, საქართველო კი ხანმაპზე მეტს”, ხანოქროს ბარათს”, ხანაცარსებით პაკეტსიღებს, შესვლაზე კი თანხმობას არავინ იძლევა.

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იგივე აპატურაი ჩიკაგოს სამიტის შესახებ ამბობდა: “ბევრმა განაცხადა, რომ ნატოს კარი ისევ ღიაა და სურთ, რომ ახლა ან მალე იხილონ ამ კარში შემოსული ქვეყნები, თუნდაც შემდეგ სამიტზე (შემდეგმა სამიტმა უკვე ჩაიარა, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა _ ნ.დ.). ასე რომ, სამიტზე ძლიერი მესიჯები გავიგონე გაფართოებასთან დაკავშირებით, იმაზე ძლიერი, ვიდრე მე ან ბევრი სხვა ელოდა. და ეს საქართველოს მსგავს ქვეყნებს, პარტნიორებს, რომლებიც ნატოს წევრობისკენ ისწრაფვიან, უნდა გაუხარდეთ. არ ვიცი,  როგორ განვითარდება მოვლენები გაისად, მაგრამ გაფართოების ძლიერი ასპექტი ისიც არის, რომ ხალხი ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს”.

ახლა, ორი წლის შემდეგ იგი აცხადებს: “ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ქართული საზოგადოების არჩევანია. ნატოში საქართველოს ელჩმა მე მაშინვე მითხრა, რომ, რაც უნდა მოხდეს, ქართველ საზოგადოებას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია სურს. მე ვნახე თბილისის ქუჩებში გამოსული ხალხი, ნატოს დიდი დროშებით, რომლებიც ძირითადად იმის გამო შეიკრიბნენ, რომ სურთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ასევე, მათი სურვილია, ქვეყანამ იაროს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ”. ესხალხი”, როგორც მიხვდით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, რომელსაც 15 ნოემბრის აქციაზეადგილის მოგებისმიზნით ნატოს უზარმაზარი დროშები ჰქონდა რუსთაველის პროსპექტზე გაჭიმული. ხალხს, როგორც წესი, არავინ ეკითხება ამ საკითხზე აზრს, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაყალბებული პლებისციტის მონაცემებს.

და მაინც, რას უნდა ნიშნავდეს მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში? “მეტი ნატო საქართველოში”, სავარაუდოდ, გახშირებულ ვიზიტებს და სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდას უნდა ნიშნავდეს _ აკი, განმარტეს კიდეც უელსის სამიტზე _ “საქართველოში პერიოდულად გაიზრდება ნატოს პერსონალი. ჩატარდება რეგულარული წვრთნები ნატოს პარტნიორებთან ერთად”. მეტი საქართველო ნატოში”, თუ არ ჩავთვლით სამიტებზე ჩვენი მრავალრიცხოვანი დელეგაციების სტუმრობას, ერთადერთს ნიშნავს _ იაფი ქართველი ჯარისკაცების გაგზავნას მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში.

ნატოს ხელმძღვანელობა ყოველთვის მადლიერებით აღნიშნავს საქართველოს წვლილს სხვა ქვეყნების “დემოკრატიზაციის” საქმეში, როცა თავად საქართველოში, დემოკრატიის თვალსაზრისით, “ჯერაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი”. ესეც ნატოდან მიღებული გზავნილია. იდიომატურიც და სახალისოც. ჩვენი ჯარისკაცები რომ კიდევ კარგა ხანს იომებენ საკუთარი სამშობლოდან ძალიან შორს, ამაზე ჯეიმს აპატურაის კიდევ ერთი განცხადება მოწმობს: “ჩიკაგოს სამიტის მხრივ, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ავღანეთს ეხებოდა. ეს იყო მისიის მომავლის დასახვა, რაც აჩვენებს ავღანელ ხალხს, რომ ჩვენ 2014 წლის შემდეგაც დავრჩებით ახალ როლში. და მისიაში საქართველოს დიდი წვლილი სიგნალებს გზავნის მოკავშირეებთან, რომ ქვეყანას თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოებაში და ის მხოლოდ ამ უსაფრთხოების მიმღები არ არის”.

რა უსაფრთხოება მიიღო საქართველომ, ამის შესახებ 2008 წლის შემდეგ აღარავინ ლაპარაკობს. რა უნდა ილაპარაკონ, როცა ამგვარი უსაფრთხოება არ არსებობს და მისიმიმღებიუკრაინა ლამის დაშლის პირამდე მივიდა.

 “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, ხალხი, ოღონდ რეალური ხალხი და არა ის ჯგუფები, რომლებსაც დასავლეთში “ხალხს” უწოდებენ, სულაც არ არის ნატოს მოიმედე. ეს იმედი, თუკი არსებობდა, საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოში დასამარდა. პოლიტიკური ძალებიც სულაც არ არიან ისეთი ენთუზიაზმით განწყობილი ნატოს მიმართ, როგორც ძველი და ახალი ხელისუფლება. მათ შორის, ისინიც, ვისაც რამდენიმე წლის წინათ ჯერ კიდევ ჰქონდათ ნატოში შესვლის იმედიც და სურვილიც.

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ხელმძღვანელ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში არ მიიღებენ და ამის შესახებ დასავლელ ლიდერებსაც არაერთხელ განუცხადებიათ. “მოხარული ვიქნებოდი, რომ შემეძლოს, მოვკიდო ხელი ამ ჩვენს ქვეყანას და სადმე ევროპის შუაგულში გადავიტანო, მაგრამ რომ არ გამოგვდის? მეტი რა ენაზე უნდა გვითხრან, რომ არ მიგვიღებენ არც ნატოში და არც ევროკავშირჰში, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში. ამაზეა საუბარი, თორემ მეც ვიყავი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრე, სანამ ამის შანსი არსებობდა, ახლა შანსი აღარ არსებობს და აღარც მე ვარ ამის მომხრე, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 2008 წელს სააკაშვილის წყალობით საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზები დაბრუნდნენ. ნატოსა და ევროკავშირში გიჟები არ არიან, რომ თავის რიგებში ჩვენი ტერიტორიული პრობლემით მიგვიღონ. არ გვიღებენ, ბატონებო, ამ ნატოში”!

ეს ხელისუფლებაშიც უნდა ესმოდეთ, თუ, რა თქმა უნდა, ეროვნული ინტერესებია მთავარი და არა ოლიმპიური პრინციპი _ “მთავარი მონაწილეობაა და არა მოგება”!

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი რასმუსენი “ნაციონალური” მონდომებით იწერდა ფარულად რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას და ცხადია, ამავე გატაცებისთვის სააკაშვილს არასოდეს დაგმობდა. თუმცა არც მაშინ და არც ახლა ნატოში გაწევრიანების არანაირი ნიშანი არ ჩანს. ნატოს ახალი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნორვეგიულმა პრესამ საბჭოთა სუკთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და, ასეც რომ არ იყოს, სავარაუდოდ, არც მისი გენმდივნობისას დაიძვრება საკითხი.

მამამისი _ ტორვალდ სტოლტენბერგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი იყო. მის სახელს უკავშირდება 1992 წელს ე. წ. “ბარენცის თანამშრომლობის” დაარსება. ამ თანამშრომლობას ნორვეგიას, შვედეთს, ფინეთსა და რუსეთს შორის ტორვალდ სტოლტენბერგი საკუთარი პოლიტიკური კარიერის უდიდეს მიღწევად აფასებს. სულ ახლახან ჩრდილოეთის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე მან განაცხადა: “ლაპარაკია არა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, არამედ უსაფრთხოების გარანტიებზე ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის. ეს იმისთვის როდია საჭირო, რომ ვინმეს დავემუქროთ. ჩვენ ამ ტერიტორიებზე 20-25 მილიონი ადამიანი გვყავს, რაც რუსეთზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს. ჩვენ არავის ვემუქრებით, მაგრამ ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნების, შესაძლებლობებიდან მაქსიმუმი გვინდა მივიღოთ”. რუსეთთან დაკავშირებით უფროსი სტოლტენბერგი ამბობს: “ჩვენ არასოდეს გვქონია შეიარაღებული კონფლიქტი _ არც მეფის დროს, არც საბჭოთა პერიოდში და არც პუტინის მმართველობისას. ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ. დიალოგი “ცივი ომის” დროსაც კი არ შეგვიწყვეტია… პუტინი ის პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია უკრაინის კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა. რუსეთი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამ როლს მსოფლიო უნდა ენდობოდეს. თუ რუსეთს არ ენდობიან, ეს მისთვის დესტრუქციული იქნება, მაგრამ არანაკლებ დესტრუქციული იქნება ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის, რადგან რუსეთი მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფოა”. 

მართალია, მამა-სტოლტენბერგი კატეგორიულად უარყოფს შვილისთვის ამ მიმართულებით ჭკუის დარიგებას, მაგრამ შვილის განცხადებები სრულ უნისონშია მის პათოსთან: “დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობით ორივე მხარე მოიგებს. ნატოს არ უნდა არც “ცივი ომი”, არც შეტაკება რუსეთთან. ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსეთთან თანამშრომლობით”.

ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნების, შესაძლებლობებიდან მაქსიმუმი გვინდა მივიღოთ” _ ეს ფორმულა მით უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომლის ორი პოსტსაბჭოთა მეზობელი ნატოში სწრაფვას არ ამჟღავნებს. ჩვენს ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო აღიარა რუსეთმა. გასული რუსული სამხედრო ბაზები სააკაშვილის უგუნურების წყალობით კვლავ იქ დგანან. დანარჩენი საქართველოს ნატოს ბაზად ქცევა საქართველოს სამუდამოდ დააკარგვინებს შანსს, ოდესმე მაინც აღიდგინოს მთლიანობა. ეს საქართველოს ხელისუფლებაშიც კარგად უნდა ესმოდეთ, მაგრამ ნატოს ერთგულებისთვის შეჯიბრება გრძელდება და მთავარი ის არის, რომ მსაჯი კმაყოფილია.

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here