Home რუბრიკები საზოგადოება რა დააშავა კურორტ ბახმაროს სააგარაკე სახლების 2500-ზე მეტმა კანონიერმა მესაკუთრემ, რატომ აკისრებენ...

რა დააშავა კურორტ ბახმაროს სააგარაკე სახლების 2500-ზე მეტმა კანონიერმა მესაკუთრემ, რატომ აკისრებენ მათ 1000-1000 ლარის გადახდას?

920

უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უარს ეუბნება ქონების რეგისტრაციაზე 80-90 წლის წინათ კურორტ ბახმაროში კოოპერატიულ საწყისებზე აშენებული, საზიარო-ამხანაგური სახლების დაახლოებით 2500-მდე თანამესაკუთრეს. ამ ადამიანებს არ აძლევენ ქონების უფლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ ცნობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ, ფაქტობრივად, წართმეული აქვთ ქონების განკარგვის (გაყიდვისა და გაჩუქების) უფლება.


აღნიშნულის მიზეზად საჯარო რეესტრის სააგენტო ასახელებს უწყებაში განხორციელებულ რესტრუქტურიზაციას, კურორტ ბახმაროს არქივის გადატან-გადმოტანას ჩოხატაურიდან ოზურგეთში, ოზურგეთიდან _ ფოთში, ფოთიდან _ თბილისში. მათი განცხადებით, არქივის დოკუმენტაცია ამ პერიოდში დაიკარგა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ამ საკითხზე ბევრს  სრულიად განსხვავებული აზრი აქვს, ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი განზრახ იყო მოწყობილი, რადგან “ნაცები” კურორტ ბახმაროს უცხოელებისთვის მისაყიდად ამზადებდნენ.

კურორტ ბახმაროს სააგარაკე სახლების მესაკუთრეებს ამჟამად ხელთ აქვთ საზიარო-ამხანაგური სახლების საკუთრების დამადასტურებელი მთელი რიგი საბუთებისა (საბჭოთა ხელისუფლების დროს გაცემული):

1. შენობანაგებობის ტექნიკური პასპორტი (ქსეროასლი);

2. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახატი (ასლი);

3. საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში დაცული კურორტ ბახმაროს საგადასახადო სიების მონაცემები, რომლებშიც თანამოზიარეები აღრიცხული არიან სააგარაკე ბინების თანამესაკუთრეებად.

კურორტ ბახმაროს სახლების თანამესაკუთრეები, უკვე 10 წელზე მეტია, ქონების დასარეგისტრირებლად რეგულარულად მიმართავენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მათ სარეგისტრაციო სამსახურებს ჩოხატაურსა და ოზურგეთში, მაგრამ ისინი თავიდან იცილებენ ყოველგვარ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას; იძლევიან არალოგიკურ, არაპროფესიონალურ და ბიუროკრატიულ პასუხებს.

საჯარო რეესტრის სამსახურის ერთადერთი უცვლელი (შაბლონური) პასუხი ასეთია: “თქვენ მიერ წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ტექნიკური პასპორტის ასლი და მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, ასევე, სარეგისტრაციო სამსახურის არქივში დაცული საგადასახადო სიების მონაცემები უფლებას არ იძლევა, გავცეთ საკუთრების დამადასტურებელი ცნობები”.

იქვე განმარტავენ, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ კანონის თანახმად, მათ არ აქვთ უფლება, ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემებში შეიტანონ რაიმე ცვლილებები, კერძოდ, გაასწორონ ხარვეზი, გააუქმონ, აღადგინონ ან სრულყონ საარქივო ინფორმაცია და ა. შ.”.

საჯარო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლები მესაკუთრეებისგან ჯიუტად მოითხოვენ დოკუმენტების მხოლოდ დედნებს, რომლებიც მათ თვითონ დაკარგეს ან დამალეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მისი სარეგისტრაციო სამსახურები მესაკუთრეებს ურჩევენ, საკუთრების უფლების აღსადგენად მიმართონ ადმინისტრაციულ სასამართლოებს და არ ითვალისწინებს იმას, რომ სასამართლოს გზით საკუთრების უფლების მოპოვება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან, რომელიც ერთ მესაკუთრეზე გაანგარიშებით დაახლოებით 1000 ლარს მაინც შეადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ ბახმაროს სააგარაკე სახლების 2500 მესაკუთრე-მაძიებელი საკუთრების უფლების აღსადგენად მიმართავს სასამართლოს, მათ უნდა გადაიხადონ ორ-ნახევარი მილიონი (2500 X 1000-ზე) ლარი. ამასთანავე, კანონიერი მესაკუთრეებისადმი შეთავაზებულ “შეღავათიან” პირობებთან ერთად, იუსტიციის სამინისტრომ იმაზეც ხომ უნდა იფიქროს, რომ ოზურგეთის ადმინისტრაციულ სასამართლოში (რადგან ბახმარო ამ მუნიციპალიტეტის სასამართლოს ქვემდებარეა) შესაძლებელია თუ არა 2500 სასამართლო პროცესის ჩატარება?

ჩნდება კითხვა _ რა დააშავა კურორტ ბახმაროს სააგარაკე სახლების 2500-ზე მეტმა კანონიერმა მესაკუთრემ? რატომ გზავნიან მათ სასამართლოში და სრულიად არაკანონიერად აკისრებენ 1000-1000 ლარის გადახდას? თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემები უყურადღებობით ან ბოროტი განზრახვით დაიკარგა, ეს ხომ მესაკუთრეების ბრალი არ არის, მოძებნონ დამნაშავეები და ისინი გაუშვან სასამართლოში?!

და, რადგან საჯარო რეესტრის სააგენტო ყოველივე ზემოთქმულს ვერ ათვითცნობიერებს, იგი ეროვნული კი არა, ანტიეროვნული სააგენტოა.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა _ ამ ხელოვნურად წარმოქმნილი სიძნელეებისა და უხერხულობების დასაძლევად ხომ არ აჯობებს, გავაუქმოთ იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების” ის მუხლები, რომლებიც მიმართულია საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ?

ფაქტია, რომ ამჟამად არ არსებობს ბახმაროს საარქივო მონაცემები (დავუშვათ, დაიკარგა, რაც ძნელი დასაჯერებელია), მაგრამ ხომ უნდა მოხდეს მათი აღდგენა და მონაცემთა ბაზაში ხარვეზების აღმოფხვრა? გასაკვირი არის ის, რომ ახლა მაინც, დამნაშავე ხელისუფლების განდევნის შემდეგ, დროულად რატომ არ ხდება შეცდომების გამოსწორება?

კურორტ ბახმაროს (და არამხოლოდ ბახმაროს) სააგარაკე სახლების მესაკუთრეთა უფლებების სასამართლოს მეშვეობით დადგენის გადაწყვეტილება აშკარა შეცდომაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევა აუცილებელია. ბევრი მესაკუთრე გაჭირვებაში ცხოვრობს, შიმშილობს და აუცილებელ ყოფით პრობლემებს ვერ აგვარებს, ვერ ყიდის საკუთარ ქონებას და სასოწარკვეთილია. ასეთ შემთხვევაში სამართლიანობას ანგარიში უნდა გაეწიოს და საკუთრების რეგისტრაციის პირობები უნდა გამარტივდეს.

მივმართავთ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს.

ქალბატონო თეა!

მოგეხსენებათ, მსოფლიოში არსებობს საკუთრების უფლების დადგენის დაახლოებით ათამდე სამართლებრივი ტრადიცია: რომანულ-გერმანული; ანგლო-საქსური (ზოგადი); მუსლიმანური; ჩინური; აფრიკული; სოციალისტური და ა. შ. ეს ტრადიციები განსხვავებულია, მაგრამ ყოველი მათგანი ხასიათდება საკუთრების უფლებისა და მისი ნორმების დადგენის პროცედურებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.

ამ მხრივ გამორჩეულად საინტერესოა ორი სამართლებრივი ტრადიცია _ რომანულ-გერმანული და ანგლო-საქსური. სწორედ ეს სამართლებრივი ტრადიციები დაედო საფუძვლად საბაზრო ეკონომიკური სისტემის ფორმირებას: რომანულ-გერმანულისა _ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ხოლო ანგლო-საქსურისა _ დიდ ბრიტანეთსა და მის კოლონიებში.

საერთოდ კი, ბუნებასა და საზოგადოებაში საკუთრების ფორმისა და მესაკუთრის გარეშე არ არსებობს ობიექტები (ნივთები). და თუ ეს ასეა, მაშინ მიპასუხეთ _ ამჟამად ვის ეკუთვნის ჩვენი მშობლების მიერ 90 წლის წინათ ბახმაროში აშენებული სახლი?

ამირან ჩიჩუა,

გელა ლომჯარია,

ვახტანგ კობიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here