Home რუბრიკები პოლიტიკა ვახტანგ მაისაია: “ისლამურმა სახელმწიფომ”, შეიძლება, საქართველოშიც განახორციელოს დივერსიული აქტები

ვახტანგ მაისაია: “ისლამურმა სახელმწიფომ”, შეიძლება, საქართველოშიც განახორციელოს დივერსიული აქტები

730

წინა ხელისუფლების პერიოდში მომხდარ გამოუძიებელ დანაშაულებზე და ბოლო ხანს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე ექსპერტი ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.


_ ბატონო ვახტანგ, რამდენიმე დღის წინათ საქართველოში გუანტანამოს ციხის სამი პატიმარი ჩამოიყვანეს და, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი აქ იცხოვრებენ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში. რას გვაძლევს ჩვენ ამ პატიმრების ჩამოყვანა და რა პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო?

_ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ვალდებულება, რომელიც გამომდინარებს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიიდან. ამ ქარტიის მიხედვით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, დავეხმაროთ ამერიკას. ეს არის ლოგიკური შედეგი იმ პროცესისა, რომელიც დაიწყო წინა ხელისუფლების პერიოდში და გაგრძელდა მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც…

_ საინტერესოა, ქვეყანა, რომელშიც ცხრა წლის განმავლობაში 40 ათასამდე მსჯავრდებული იყო და მათ უმრავლესობას ციხის ადმინისტრაცია სასტიკად აწამებდა, თუ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომ უცხოეთიდან ჩამოიყვანოს პატიმრები, მით უფრო, სასჯელაღსრულების სისტემაში დღემდე მუშაობენ ძველი კადრები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმთან და ძალადობასთან ასოცირდებიან?

_ შეთანხმების მიხედვით, მათ უნდა გაიარონ რეაბილიტაცია რესოციალიზაციის კუთხით და ამ პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს ამერიკული მხარე, ანუ ეს ადამიანები გადიან გარკვეულ პროგრამებს და ამის შემდეგ ან დაბრუნდებიან სამშობლოში, ან, თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ, დარჩნენ. საერთოდ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება უცხო ქვეყნის პატიმრებს საშუალებას აძლევს, სასჯელი ნორმალურ პირობებში მოიხადონ. აქ კი თავის პატიმრებს და განსაკუთრებით _ პოლიტპატიმრებს, ყურადღებას არ აქცევს. რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია…

_ შესაძლებელი თუ იყო, საქართველოს უარი ეთქვა ამ პატიმრების მიღებაზე?

_ ბუნებრივია, ყველაფერი იყო შესაძლებელი, მაგრამ ვინაიდან ვამბობთ, რომ ვართ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი და გაფორმებული გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, ეს ჩაითვლებოდა არაეთიკურ საქციელად. ცხადია, შეიძლებოდა, უარი გვეთქვა გუანტანამოს პატიმრებზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების აზრით, ეს სჭირდებოდა საქართველოს, სჭირდებოდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. როგორი იქნება შედეგი, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

_ რატომ იცილებს ვაშინგტონი გუანტანამოს პატიმრებს და რატომ გზავნის მათ უცხო ქვეყნებში? რატომ არ ხდება მათი გადანაწილება ამერიკის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

_ მიზეზი მარტივია: იმიტომ, რომ ამერიკის ტერიტორიაზე ომი ოფიციალურად გამოცხადებული არ არის და, რაც მთავარია, მათ ტერიტორიაზე აკრძალულია პატიმრების მიმართ არაჰუმანური მეთოდების გამოყენება.

_ საქართველოში დაშვებულია?

_ ყოველ შემთხვევაში, მსგავსი რამ თუ მოხდება, ეს იქნება ამერიკის ფარგლებს გარეთ და ამით ის აიცილებს პასუხისმგებლობას კანონდარღვევაზე. სწორედ ამიტომ აირჩიეს თავის დროზე გუანტანამო. როგორც წესი, გუანტანამოში გადაჰყავდათ განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები, რომელთა მიმართაც, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის, გამოიყენებოდა წამების ცნობილი მეთოდები. სხვათა შორის, ამ მეთოდს სააკაშვილის პერიოდში ხშირად იყენებდნენ გლდანის მერვე საპყრობილეში. მხედველობაში მაქვს . . მოხრჩობის იმიტაცია, როდესაც ადამიანს თავზე აცვამენ ცელოფნის პარკს, გუდავენ, სუნთქვას უკრავენ და შემდეგ ისევ ათავისუფლებენ. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. წამების სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები: ვალერი ზუმბაძე, ვლადიმერ დათაშვილი და ოთარ ორჯონიკიძე. აგრეთვე, მათი კიდევ ერთი კოლეგა, სააკაშვილისდროინდელი ჯალათი ზვიად ღონიაშვილი, რომელიც დღეს მერიაში ზის და დეერის (მოქმედი რეზერვის) ოფიცერია. აი, ამ ადამიანებს მართლაც უმაღლეს დონეზე ჰქონდათ . . გუანტანამოს მეთოდები ათვისებული. საიდან და ვისგან აითვისესცალკე საკითხია

_ საიდან იცოდნენ მათ ეს მეთოდები?

_ იცით რა, ეს ისეთი სერიოზული საკითხია, რომ ნორმალურ ქვეყანაში ამით გამოძიება უნდა ინტერესდებოდეს, ანუ პროკურატურა უნდა  ადგენდეს, ვინ არიან რეალურად ეს ადამიანები და ვის მითითებებს ასრულებდნენ. ჩვენ თეორიულად ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ ერთია შენი ვერსიები და მეორეა, როცა გამოძიება დადებს დასკვნას. მით უფრო, რომ  ეს ადამიანები უშუალოდ მონაწილეობდნენ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებაში, ასევე ფიგურირებდნენ სიმონ კილაძის, რეპორტიორებისა და მუხროვანის ე. წ. ამბოხის საქმეში. ეს არის დამნაშავეების კასტა. მე მათსა და ნაცისტებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ, მაგრამ, საუბედუროდ, დღეს ისინი დაუსჯელი არიან.

_ არამხოლოდ დაუსჯელი, როგორც ვიცი, მაღალი თანამდებობებიც უკავიათ.

_ დიახ, მაგალითად, ვალერი ზუმბაძე დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელია. შეფასება თქვენთვის და თქვენი მკითხველისთვის მომინდვია…

_ დავუბრუნდეთ გუანტანამოს პატიმრებს, ზოგი ექსპერტი თვლის, რომ მათი ჩამოყვანა საქართველოს საფრთხეს უქმნის. თქვენი აზრით, რა საფრთხეები არსებობს რეალურად?

_ 2010 წელს რომ დაგესვათ ეს შეკითხვა, გიპასუხებდით, არანაირი საფრთხე არ არსებობს-მეთქი, მაგრამ იმხანად გეოპოლიტიკური სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იყო. დღეს კი ჩვენ ისლამური ხალიფატის სამიზნეში ვართ და საფრთხეები მომდინარეობს ყველა მხრიდან, ამიტომ, ცხადია, ამ პატიმრების ჩამოყვანა კითხვის ნიშნებს აჩენს უსაფრთხოების კუთხით.

_ კონკრეტულად რა საფრთხეებზე შეიძლება იყოს საუბარი?

_ დაჯგუფებაისლამური სახელმწიფოსსამიზნეში ვართ! ბოლოს და ბოლოს, აქედან ადამიანები სირიაში გადავლენ და იქ იბრძოლებენ. გარდა ამისა, “ისლამურმა სახელმწიფომ”, რომელსაც კადრები სჭირდება, შეიძლება საქართველოშიც განახორციელოს დივერსიული აქტები, ანუ გამოგზავნოს დივერსიული ჯგუფი და ამ ჯგუფმა აქედან გადაიყვანოს ხალხი მათ რიგებში. ვინ შეუშლის ხელს?

_ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა ათასობით უცხოელს. მათი უმეტესობა დღეს სირიაში იბრძვის. როგორ ფიქრობთ, ეს ჩვენთვის საფრთხე არ არის?

_ ცხადია, ეს საფრთხეა, მაგრამ სააკაშვილისგან არაფერი მიკვირს. ის პირდაპირ მონაწილეობდა სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორობაში და ყველაფერს აკეთებდა ამ პროცესის ხელშესაწყობად. ის კი არა, ეჭვი მაქვს, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა დაკავშირებულია იმ ფაქტორთან, რომ თავის დროზე ფოთის პორტის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს ძალებმა, რომლებიც გარკვეული ისლამური რადიკალური ჯგუფების უკან დგანან

_ ზურაბ ჟვანიასთან რა კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერს?

_ ზურაბ ჟვანიას, როგორც ჩანს, ჰქონდა ეს ინფორმაცია და ეწინააღმდეგებოდა პორტის პრივატიზებას იმ კომპანიების მიერ, რომელთა უკანაც იდგნენ ექსტრემისტული ძალები. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ვერსია ასეთია: ზურაბ ჟვანიას რაულ უსუფოვი, შეიძლება, მიყვანილი ჰყავდა სააკაშვილთან, რათა დაემტკიცებინა მისთვის, რომ ფოთის პორტის შეძენა სურდა რომელიღაც ისლამური დაჯგუფების გავლენის ქვეშ მყოფ ორგანიზაციას

_ კი მაგრამრაულ უსუფოვი როგორ დაარწმუნებდა ამაში?

_ საერთოდ, ქვემო ქართლში ძლიერი იყო ვაჰაბიტური მოძრაობა და უსუფოვს, როგორც ჩანს, ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია. მერე მან, ეტყობა, ეს ინფორმაცია მიაწოდა ჟვანიას და ჟვანიამაც უსუფოვი მიიყვანა სააკაშვილთან.

_ ფიქრობთ, რომ მათი მკვლელობა იმ შეხვედრაზე მოხდა?

_ კიდევ ვიმეორებ: მე გამოვთქვამ მხოლოდ მოსაზრებას _ სწორედ ფოთის პორტის თაობაზე შეკამათდნენ ჟვანია და სააკაშვილი და ზუსტად იმ თათბირის შემდეგ დაიღუპა ჟვანია საეჭვო ვითარებაში…

_ რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, თქვით, რომ ხელისუფლება უცხო ქვეყნის მსჯავრდადებულებს ნორმალურ პირობებში ამყოფებს, საკუთარ პოლიტპატიმრებს კი ყურადღებას არ აქცევს. კონკრეტულად რა სახის ყურადღება გჭირდებათ დღეს?

_ მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართო ხელისუფლებას: ის, რომ დავით ნარმანიამ მოგვანიჭა გარკვეული პრივილეგია და ოც თეთრად შეგვიძლია მგზავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რა თქმა უნდა, კარგია და ამისთვის დიდი მადლობა მას, მაგრამ უამრავ პოლიტპატიმარს აქვს პრობლემები. კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფო გამოიჩენდა კეთილ ნებას და იმ პოლიტპატიმრებს, რომლებიც დასაქმებულები არიან, მოუხსნიდნენ ოცპროცენტიან საშემოსავლო გადასახადს. აი, ეს გააკეთოს ღარიბაშვილმა და ხმას აღარ ამოვიღებ. გარდა ამისა, ჩემს საქმეს მოხსნან გრიფი “საიდუმლო” იმიტომ, რომ არის ახალი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც ჩემი (და კიდევ სხვების) რეაბილიტაცია ავტომატურად მოხდება.

_ თუმცა რეაბილიტაციამდე იმ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ თქვენს წამებაში.

_ ეს უკვე გამოძიების საკითხია. მე არაერთი ჩვენება მაქვს მიცემული და პროკურატურას მივაწოდე კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტული პიროვნებების შესახებ. დანარჩენი, რატომ ვერ მიდის წინ გამოძიება და რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები, არ ვიცი, ამაზე პასუხი შესაბამისმა პირებმა უნდა გაგცეთ. დაუკავშირდით გამომძიებელ ზურაბ სამხარაძეს, დაუკავშირდით თბილისის პროკურორს, მათ უნდა გითხრან, ვინ და რატომ ბლოკავს ამ საქმეს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here