Home რუბრიკები პოლიტიკა რაც დღეს აფხაზეთის მიმართ ხდება, გეოპოლიტიკური კანონზომიერებაა

რაც დღეს აფხაზეთის მიმართ ხდება, გეოპოლიტიკური კანონზომიერებაა

652

24 ნოემბერს სოჭში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის. წინამდებარე წერილის მიზანია, გეოპოლიტიკური თამაშის წესების გათვალისწინებით, მიმოხილვა იმისა, რამ განაპირობა მოსკოვსა და სოხუმს შორის ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების დადება.


ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ნიკოლა სპიქმენი თავის ნაშრომში წერს: პატარა სახელმწიფოების არსებობა შესაძლებელია მაშინ, როცა ის დიდ სახელმწიფოს სჭირდება, როგორც ბუფერიროგორც კი იცვლება ძალთა ბალანსი, პატარა სახელმწიფო ქრება პოლიტიკური რუკიდან”.

თუ ამ ჰიპოთეზას გავყვებით, აფხაზეთის მიმართ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა ობიექტურ გეოპოლიტიკურ კანონზომიერებად უნდა მივიჩნიოთ. რომ გავიგოთ, რეალურად რა გეოპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, აუცილებელია,  ჩავუღრმავდეთ იმ საგარეო-პოლიტიკურ ტენდენციებს, რომლებიც იყო აფხაზეთის გარშემო. კერძოდ, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირიამიერკავკასიაში ეტაპობრივად შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატები, რამაც, თვის მხრივ, ხელი შეუწყო რეგიონში ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის ძალთა ბალანსის ცვლას. კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლის პროცესმა კი გამოიწვია ეთნოკონფლიქტები, რომლებმაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია ზოგიერთი კავკასიური სახელმწიფოს დე ფაქტო საზღვრების შეცვლაში. საქართველომ დაკარგა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონზე ფაქტობრივი პოლიტიკური კონტროლი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირებული მხარეები (საუბარია გეოპოლიტიკურ აქტორებზე, უპირატესად, რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ზე) საქართველოს იურისდიქციიდან გასულ რეგიონებს ქართული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ.

პოსტბიპოლარული სტატუს კვო კავკასიის რეგიონში შენარჩუნდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე, თუმცა 2008 წლამდე შეერთებული შტატების გავლენა თანდათან იზრდებოდა კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით _ საქართველოში. ამის მაგალითია 2003 წლის “ვარდების რევოლუცია”, როდესაც ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ მკვეთრად პროდასავლური ძალები, რომლებმაც ჩაანაცვლეს პოლიტიკური ინტერესების დაბალანსების მომხრე შევარდნაძის ხელისუფლება. პროცესების ამგვარი განვითარება კი არსებული სტატუს კვოს ცვლილებამდე რომ მიიყვანდა კავკასიის რეგიონს, ყველასთვის ცხადი უნდა ყოფილიყო. ანუ, როდესაც ერთი გეოპოლიტიკური აქტორის პოზიციები  ძლიერდება, ხოლო მეორის სუსტდება, მეორე ბოლომდე ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს პირველს და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს მას პოზიციების გამყარებაში. ეს შესაძლებლობა კი რუსეთის ფედერაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჰქონდა. სტატუს კვოს ცვლილების მცდელობამ საქართველო  მიიყვანა ცხელი ომის ფაზამდე. ომს ამა თუ იმ რეგიონში თან სდევს ძალთა ბალანსის ცვლა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ერთი ფორმირებული რეგიონული წესრიგიდან ახალზე გადასვლას. ახალი წესრიგი კი ქმნის ახალი გავლენის სფეროებს, რაც პატარა სახელმწიფოებზე ხშირად ნეგატიურად აისახება. თუ ამ მოსაზრებას საქართველოზე განვაზოგადებთ, ჩვენი ქვეყნის დე ფაქტო დაშლა გადაიზარდა დე იურეში. რუსეთის ფედერაციამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ამ ნაბიჯით რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის სახით ბუფერული სახელმწიფოები შექმნა, თავისი მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის _ შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნის _ საქართველოს საპირწონედ.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსს კორექტირება არ განუცდია. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, წინამორბედის მსგავსად, განაგრძო სვლა ევროატლანტიკური მიმართულებით, რაც დაგვირგვინდა კიდეც უელსში ნატოს სამიტზე ახალი პაკეტის შემოთავაზებით. ნატოს მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული პაკეტიდან ჩანს, რომ დასავლეთი თავისი გავლენის გასაფართოებლად რეგიონში და განსაკუთრებით _ საქართველოს ტერიტორიაზე, დღეს არსებული  წესრიგისგადაფორმატებასცდილობს. ეს პაკეტი გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას, რაც, ფაქტობრივად, საქართველოში ნატოს ჯარების ყოფნას ნიშნავს. როგორ აამაღლებს ეს ცენტრი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას: ეს ნაბიჯი მიმართულია დღეს არსებული სტატუს კვოს წინააღმდეგ, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს ძალთა ბალანსის შეცვლას საქართველოს ტერიტორიაზე. ხოლო რა მოგვიტანა წინა ცვლილებებმა ტერიტორიული მთლიანობის მხრივ, ყველას გვახსოვს.

სწორედ ნატოს უელსის სამიტის პაკეტს მოჰყვა რუსეთის მიერ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების პროექტის შეთავაზება აფხაზეთისთვის. ამ ხელშეკრულებას მინიმუმამდე დაჰყავს აფხაზების ოცნება ნაციონალური აფხაზური სახელმწიფოს შექმნაზე. რაც უნდა იმართლოს თავი აფხაზეთის ხელისუფლებამ  თავისი მოსახლეობის წინაშე, რომლის უდიდესი უმრავლესობა ნეგატიურად აფასებდა ხელშეკრულების პროექტს, ამ ხელშეკრულებით აფხაზეთის ამჟამინდელი პოლიტიკური სუვერენიტეტი შეიზღუდება. იურიდიულად, შესაძლოა, არა სუბიექტის სტატუსის დონეზე, მაგრამ,  ფაქტობრივი კონტროლის თვალსაზრისით, აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის სუბიექტს გაუთანაბრდება; ანუ, თუ ნიკოლა სპიქმენის თეორიიდან აღებულ პასაჟს გავითვალისწინებთ, გამოდის რომ აფხაზეთი, გეოპოლიტიკური კანონზომიერებიდან გამომდინარე, როგორც ბუფერული სახელმწიფო, პოლიტიკური რუკიდან გაქრობას იწყებს.

ის, რაც დღეს ხდება აფხაზეთისა და საქართველოს მიმართ, გეოპოლიტიკური კანონზომიერებაა, რომლის ხელშემწყობი ფაქტორის ფუნქცია საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურმა კურსმა შეასრულა. ბოლო მოვლენები კი გვიჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, ჩაერთოს დასავლეთის მიერ დაწყებულ თამაშში, რომელიც გულისმხობს რეგიონში დღეს არსებული წესრიგის შეცვლას და აფხაზეთისადმი უფრო მყარი კონტროლის დაწესებას, რომლითაც მოხდება გეოპოლიტიკური საზღვრების დადგენა რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის.

ის, რაც ხდება აფხაზეთის მიმართ, პირველ რიგში, ჩვენი პოლიტიკური კლასის მიერ ყოვლად გაუაზრებელი და ყოველგვარ სტრატეგიულ ხედვას მოკლებული საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯების შედეგია და არა იმდენად იმ გარე ძალების მოქმედებისა, რომლებიც კავკასიის რეგიონით არიან დაინტერესებული. საქართველოს მმართველ ელიტას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რომ გაეტარებინა საგარეო პოლიტიკა და გაეთვალისწინებინა გეოპოლიტიკური თამაშის წესები, თავს დავაღწევდით იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. კერძოდ, საქართველოს ახალ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკა მკვეთრად პროდასავლურიდან ინტერესების შედარებითი დაბალანსების მდგომარეობაში რომ გადაეყვანა, დღეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის დადებული ხელშეკრულების მომსწრე არ ვიქნებოდით. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ განდგომილ ქართულ რეგიონებზე რუსეთის ფედერაციის გავლენის ზრდა პირდაპირპროპორციულად უკავშირდებოდა საქართველოს პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსის ზრდას.

შეიძლება, ბევრი თვლის, რომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წარმოება საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის შეუძლებელია ან დიდი ფუფუნებაა, მაგრამ, პრაგმატულ გათვლაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების შემთხევაში, ეს შესაძლებელი იყო.  მაგალითად, ცნობილი ქართველი მეცნიერი და პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ივანიშვილის ხელისუფლებას სთავაზობდა პოლიტიკური სისტემის მოწყობის საინტერესო მოდელს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა გეოპოლიტიკური აქტორების ინტერესების დაბალანსება საქართველოს ტერიტორიაზე:

“თუ უკვე დამტკიცებულია მმართველობის საპარლამენტო მოდელი, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ერთდროულად ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პრეზიდენტი _ ეს ფსევდოდემოკრატიული დემაგოგიაა. რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება, მით უმეტეს, გაკოტრებულ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ ფეხზე უნდა წამოდგნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს, ანუ მხოლოდ მოაწყოს მიღებები დღესასწაულებზე, ჩაიბაროს რწმუნების სიგელები ელჩებისგან, ატაროს ჰალსტუხი და გაიბღინძოს. საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები (მხედველობაში მაქვს არა ფორმალური, კონსტიტუციური, არამედ რეალური) ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ვექტორზე ჩვენთან ბევრი ოფიციალური პირი და სტრუქტურა მუშაობს _ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რიგი სხვა უწყებებისა, ხოლო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, სერიოზულად არავინ მუშაობს. რეინტეგრაციის საქმეთა მინისტრთან აფხაზეთის, ოსეთისა და მით უმეტეს რუსეთის ხელმძღვანელობა საგნობრივად არაფერს განიხილავს”, _ განაცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ 2013 წლის დასაწყისში (“საქართველო და მსოფლიო”, #6 (193), 20-26 თებერვალი, 2013.).

ზემოაღნიშნული მოდელის პირობებში სრულიად შესაძლებელი იქნებოდა დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების  ინტერესების დაბალანსება, რომელიც აგვარიდებდა ისეთ კატასტროფულ სიტუაციას, რომელშიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ აღმოვჩნდით.

აფხაზეთის მომავალი  პოლიტიკური სტატუსი დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე. თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ზრდის ხელშემწყობ პოლიტიკას, ანუ სვლას ევროატლანტიკური მიმართულებით, არსებობს საფრთხე, რომ აფხაზეთი საბოლოოდ გაქრეს პოლიტიკური რუკიდან, როგორც დამოუკიდებელი საჰხელმწიფო და მისი სტატუსი იურიდიულად გაუთანაბრდება რუსეთის ფედერაციის სუბიექტის სტატუსს. ამიტომ, თუ გვინდა, რომ 10 წლის შემდეგ აფხაზეთი არ გახდეს რუსეთის ფედერაციის სუბიექტი და გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც შევინარჩუნოთ აფხაზეთის დაბრუნების შანსი, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და განსაკუთრებით _ ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანაზე იფიქრონ.

ირაკლი უბილავა,

პოლიტოლოგი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here