Home რუბრიკები საზოგადოება ჰამლეტ გეგია: არ იქნება მედიის ფინანსური დამოუკიდებლობა _ არ იქნება დემოკრატიული მედია!

ჰამლეტ გეგია: არ იქნება მედიის ფინანსური დამოუკიდებლობა _ არ იქნება დემოკრატიული მედია!

526

5 მილიონი დოლარი საქართველოში მედიის განვითარებისთვის _ ეს USAID-ის ახალი პროგრამაა და, როგორც ამ ორგანიზაციის დემოკრატიის, მმართველობისა და მედიაგანყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, ძირითადი ყურადღება რეგიონულ მედიაზე გამახვილდება. 5-წლიანი პროგრამა საქართველოში მედიაგარემოზე, მის დემოკრატიულობაზე იქნება ორიენტირებული. ქართული მედიის პრობლემებზე საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე  ბატონი ჰამლეტ გეგია გვესაუბრება:


_ მისასალმებელია, რომ USAID-მა გაათვითცნობიერა საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის აუცილებლობა, რომელიც დაფუძნებულია, უპირველეს ყოვლისა, ფინანსურ დამოუკიდებულებაზე, ჟურნალისტის პროფესიონალიზმსა და დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობ სამართლებრივ ნორმებზე, მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. ამ საკითხზე თქვენს გაზეთში ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ კანონმდებლობა ხელს უნდა უწყობდეს ჟურნალისტის პროფესიონალიზმს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს მის პროფესიულ პასუხისმგებლობასთან (ამასთანავე, მისი პროფესიონალური ზრდა დაკავშირებული უნდა იყოს ფინანსურ დაინტერესებასთან, კარიერასთან, დასაქმებასთან და ა. შ). რაც შეეხება მედიისა და ჟურნალისტების რეალურ დამოუკიდებლობას, ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული უნდა იყოს მედიასაშუალების ფინანსური მდგრადობითა და მომგებიანობით, ყოველ შემთხვევაში, წამგებიანი არ უნდა იყოს, რათა სხვადასხვა პოლიტიკურმა და ფინანსურმა ძალამ მისი მანიპულაცია არ დაიჭყოს. რაც შეეხება მედიასივრცეში რეფორმების გატარებას, სასურველი იქნებოდა, UUშAID-ის წარმომადგენლებს ხელი შეეწყოთ მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობისთვის, რათა ერთობლივი ძალისხმევით წარედგინათ საქართველოს პარლამენტისთვის მედიისა და ჟურნალისტების თავისუფლების ხარისხის ამაღლების ხელშემწყობი პროექტი.

_ ამ პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია რეგიონულ მედიაზე.

_ მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი კეთდება რეგიონულ მედიაზე, რადგან რეგიონული მედისაშუალებები და ჟურნალისტები განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი ერთადერთი შველა არის ადგილობრივი მმართველობის დახმარება და მხარდაჭერა. თუ ადგილობრივი მედიის დაფინანსებაზე იქნება საუბარი, ეს კანონით ეკრძალებათ გამგეობებსა და თვითმმართველობებს, თუმცა არსებობს კანონით განსაზღვრული ფორმებიც _ რეკლამა და სხვ. რეალურად რეგიონული მედია უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული, ადრეც და დღესაც ვითარება არ შეცვლილა, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა მრავალჯერ დააყენა საკითხი მთავრობის, პარლამენტის წინაშე, რომ აუცილებელია, შეიქმნას დამოუკიდებელი რეგიონული მედიაფონდები, რომლებიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მის დამოუკიდებლობას, პროფესიონალიზმს, არამედ მის ნაირფეროვნებასაც. არ იქნება მედიის ფინანსური დამოუკიდებლობა, არ იქნება დემოკრატიული მედია! მსგავსი პრაქტიკა უცხოეთშიც არის, როცა მედისაშუალებებს შეღავათებს უწესებენ და რედაქტორთა დამოუკიდებელი ფონდებიც კი არსებობს, რა თქმა უნდა, არასამთავრობო. ამ თვალსაზრისით, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 5 მილიონი დოლარი გამოიყო 5 წლის განმავლობაში რეგიონული მედიის დამოუკიდებლობისა და განვითარების მხარდასაჭერად. თუმცა, მეორე მხრივ, გული მწყდება, რომ საქართველოში რეალურად არ არსებობს ის ეროვნული ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მედიისა და ჟურნალისტების ფინანსურ დამოუკიდებლობას და ჟურნალისტების პროფესიონალიზმის ამაღლებას. ვფიქრობ, ეს ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლების სერიოზული შეცდომაა. თუ ჩვენ დემოკრატიული, ღია საზოგადოების შექმნა გვინდა, მთავრობაც, ეროვნული ბიზნესიც და საზოგადოებაც ერთობლივად უნდა ცდილობდეს, მათ ხელთ არსებული რესურსის გამოყენებით, დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი მედია და განსაკუთრებით _ რეგიონული მედია, ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება, თუ იქნა მთავრობის პოლიტიკური ნება და საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა.

უცხოეთის მიერ ამ კონკრეტული პროგრამის მხარდაჭერა, ძირითადად, განპირობებულია საზოგადოებებსა და ერებს შორის, სახელმწიფოებს შორის კულტურულ-დემოკრეტიული თანხვედრის გამოცდილების გაზიარებით და, ჩემი აზრით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების უზრუნველსაყოფად, რადგანაც თავისუფალმა საბაზრო ეკონომიკურმა ურთიერთობებმა თვითონ შექმნა მმართველობის ისეთი დემოკრატიული ფორმა, რომელიც ხელს უწყობს არამხოლოდ ეკონომიკის, არამედ ცივილიზაციის მშვიდობიანი გზით განვითრებას. ეს მოთხოვნები დევს გლობალიზაციისა და მსოფლიო ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებში.

_ დღემდე რატომ მოაღწია ამ პრობლემამ, რა უშლიდა ხელს აქამდე მის მოგვარებას?

_ არ არის გათვითცნობიერებული, რომ საბაზრო ეკონომიკის გარეშე დემოკრატია ვერ განვითარდება და პირიქით _ საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობები თვითონ ქმნის წინა პირობას მედიის დამოუკიდებლობის, ჟურნალისტთა პროფესიონალიზმისა და სახელმწიფო მდგრადობის ჭეშმარიტ სახეს, ზრდის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას, ანუ ინფორმაციული ბაზრისა და რეკლამის მოცულობას. მეორე მხრივ, მშიერი ადამიანის მართვა, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი, ძალზე ძნელია და ისტორიაში ამის გამოცდილება არის _ “პროლეტარტებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”. ნახევრად მშიერი ადამიანების მართვა და მანიპულირება ადვილია, მდგრადი საშუალო ფენის მართვა _ შეუძლებელი. პირიქით, ის თვითონ მართავს და აფინანსებს განვითარებული ქვეყნის ბიუჯეტს, ამიტომაც ეჭვი მაქვს, რომ საქართველოში შეგნებულად ხორციელდება საზოგადოებისა და მედიის მანიპულირება გაჭირვების, უსახსრობის მდგომარეობის გამოყენებით. მითქვამს და ვამბობ _  საქართველო არის ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მედიის ფინანსური დამოუკიდებლობისა და ხარისხის ზრდასთან ერთად მოახდინოს ეკონომიკური სასწაული. ამისათვის საჭიროა შესაბამისი რეფორმები და ეკონომიკური ნახტომების წინაპირობების შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ კოლაფსს. სოციალურ-ეკონომიკურ სტატისტიკაში ნათლად აისახა საზოგადოების პოლარიზაცია, მცირე ნაწილი უზომოდ მდიდრდება უმრავლესობის გაღარიბების ხარჯზე. ამას საზოგადოება არასტაბილურობამდე მიჰყავს და ხელს უშლის ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას.

_ მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტების მომზადების პროგრამა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც წარადგინა, თუმცა განუხორციელებელი დარჩა…

_ USAID-ი  სისტემურად უდგება პრობლემას და, როგორც ჩანს,  კარგადაა ინფორმირებული რეგიონებში არსებულ მედიაპრობლემებზე, უპირველეს ყოვლისა, ფინანსური და პროფესიული ხასიათის საკითხებზე და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, სთავაზობს სწავლებას, რაც მისასალმებელია ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის. ამასთანავე, მას აქვთ სერიოზული საერთაშორისო გამოცდილება და, რაც მთავარია, ჰყავს პარტნიორები, რომლებიც ადგილზე ხელს უწყობენ პროექტის პროპაგანდასა და რეალიზაციის საკითხებს, რაც, სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს” არ გააჩნდა.

მარტო ერთი პიროვნება, ბილ გეითსიც რომ იყოს, ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, თუ არ იქნა საზოგადოების აქტიურობაც. არ მაქვს სრული ინფორმაცია, მაგრამ ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ამ საკითხში არ შეიძლება იმის გამო, რომ ამ საქმიანობის მონოპოლია აღებული აქვთ უცხოეთის საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ფონდებს. ბატონი ბიძინას ინსტიტუტი “მოქალაქე” ამ შემთხვევაში “მიჯირყვნილი” აღმოჩნდა.

_ რას გვეტყვით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესახებ, მოგეხსენებათ, ეს ორგანიზაცია უწევს ამ პროექტს კოორდინირებას…

_ ქარტია წარმოადგენს გარკვეული მედიასაშუალებების წარმომადგენლობის ნებაყოფლობით გაერთიანებას საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს საკუთარი წესდებითა და ჟურნალისტური სტანდარტებით, მაგრამ, სამწუხაროდ, წარმოადგენს გარკვეულწილად კორპორატიულ ინტერესებს, ანუ იქ გაწევრიანებულ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტების ურთიერთშეთანხმების ფორმატს და არ წარმოადგენს საქართველოში არსებული მრავალრიცხოვანი მედიასაშუალებების სპექტრს; რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა,  საქართველოში შექმნილიყო წარმომადგენლობითი მედიასაბჭო, რომელიც ასახავდა საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების ნაირფეროვნებას და დაამკვიდრებდა თვითრეგულირების სისტემას პროფესიული ეთიკის საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. შეიქმნებოდა პრესომბუდსმენის ინსტიტუტი და ეყოლებოდა უმრავლესობით არჩეული პრესომბუდსმენი, რომელიც იქნებოდა მიუკერძოებელი და ჭეშმარიტად მედიის თავისუფლების დამცველი _ ლობისტი. ჩვენ ამის თაობაზე 1994-95 წლებში გვქონდა საუბარი. იმ პერიოდში ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხი სერიოზულ პრობლემა იყო. ჯერ კიდევ იმხანად დავაყენეთ საკითხი საზოგადოებასა და ჟურნალისტების წინაშე ჟურნალისტების უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე, რომელიც გაითვალისწინებდა ჟურნალისტის დაზღვევასაც და დაქსაქსული ჟურნალისტების, მედიასაშუალებების დაცვას სახელისუფლებო, პოლიტიკური თუ ფინანსური ძალებისგან. მიგვაჩნდა, რომ უნდა შექმნილიყო წარმომადგენლობითი მედიასაბჭო, რომელიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიმუშავებდა საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებულ ჟურნალისტთა პროფესიულ ეთიკას. ეს, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემდა, გამოგვეყენებინა მედიასაშუალებების თვითრეგულირების მექანიზმები და შევთანხმებულიყავით პრესომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედების აუცილებლობაზე. სწორედ ეს ინსტიტუტი განახორციელებდა ჟურნალისტთა ინტერესების დაცვას საზოგადოებრივ და საკანონმდებლო დონეზე. ვინაიდან არ იყო ნება იმჟამინდელი ხელისუფლებისა, რომელიც მოქმედებდა ფორმულით “გათიშე და იბატონე”, ეს საკითხიც შეჩერდა, თუმცა ამ პროექტის საფუძველზე უცხოეთის ორგანიზაციებმა გამოყვეს გრანტები, რომლებიც მიიღეს ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფმა ორგანიზაციებმა, მაგრამ საქმის გაკეთება ვერ შეძლეს და, შესაბამისად, ჟურნალისტებისათვის არანაირი შედეგი მას არ მოჰყოლია. შემდგომში ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია “პრესომბუდსმენი”, რომლის დამფუძნებლებიც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პროფესიონალი ჟურნალისტები იყვნენ.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საქართველოში ჟურნალისტები გაერთიანდებიან საერთაშორისო პროფესიული სოლიდარობის საფუძველზე, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში შეწყდება ჟურნალისტრების დევნა, შეურაცხყოფა, პატივისა და ღირსების შელახვა, მათი უსაფრთხოების უგულებელყოფა არა მხოლოდ მედიასივრცეში, არამედ სოციალურ ქსელშიც.

ამის რესურსი საქართველოს ნამდვილად აქვს.

ესაუბრა

დათო ქაქუთია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here