Home რუბრიკები პოლიტიკა მილიონობით სექსუალური მონა _ სამხრეთ კორეაში აშშ-ის 60-წლიანი სამხედრო მონაგარი

მილიონობით სექსუალური მონა _ სამხრეთ კორეაში აშშ-ის 60-წლიანი სამხედრო მონაგარი

641

დასავლური და განსაკუთრებით ამერიკული მასმედია გამუდმებით იმეორებენ ამერიკის პირობას, იბრძოლოს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ამ დაპირების შედეგად ხდება რაიმე სამხედრო კონფლიქტი, რომლის შედეგადაც იხოცება ასობით და ათასობით ადამიანი, მაშინ ზოგან ჩნდება პუბლიკაციები, რომლებშიც ამა თუ იმ ქვეყანაზე აშშ-ის სამხედრო თავდასხმას აკრიტიკებენ.


ასევე, არაფერი ხმაურდება აშშის ომებისა და მისი სამხედროების მიერ ამა თუ იმ ქვეყნის ოკუპაციის შედეგების შესახებ. არადა, ამ აგრესიის შედეგებმა, შესაძლოა, კიდევ ძალიან დიდხანს გაგვახსენოს თავი. კერძოდ, არც ერთი პუბლიკაცია არ ასახავს, თუ რა გავლენა მოახდინა სამხრეთ კორეის თანამედროვე ისტორიაზე გასული საუკუნის 40-იან წლებში აშშის სამხედროების მიერ კორეის ოკუპაციამ და ამერიკელი სამხედროების ბანაკების მახლობლად მცხოვრებ კორეელ ქალთა შორის პროსტიტუციის გავრცელებამ.

სამხრეთკორეულ ქალაქ პხენტხეკის ანჯეუნგ-რის რაიონში მდებარე ერთ შეუხედავ შენობაში, რომელიც განთავსებულია ამერიკული სამხედრო ბაზის _ “კემპ ჰამფრისის” უკანა კარიბჭესა და ხუთ თუ ექვს დახურულ კაბარეს შორის, ახლა 70-ზე მეტი ხანდაზმული ქალი ცხოვრობს. იმავე ბაზის მთავარ კარიბჭესთან კედლებზე გამოფენილია იმ მშვენიერი სახლების ფოტოები, რომლებმაც ოდესმე ამჟამად არსებული ბარაკები უნდა ჩაანაცვლოს.

დასახლებაში, რომელიც სამხედრო ბაზის მახლობლად გაჩნდა, დიდი ხნის წინათ ყველა ზემოხსენებული ქალი მეძავად მუშაობდა და მათი მომსახურებით ამერიკელი სამხედროები სარგებლობდნენ. ისინი ამ დრომდეც განაგრძობენ იქ ცხოვრებას, რადგან წასასვლელი არსად აქვთ. ამასთან, შენობის მესაკუთრეებსა და მშენებლებს ამ, ჯერ კიდევ მზარდი, სამხედრო ბაზის მეზობლად ნამდვილი სახლების აშენება სურთ. ამის გამო ისინი ქალებს აიძულებენ, დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი.

70 წლის ჩუ მიუნგ-ჯა ერთ-ერთი მათგანია. ყოველთვიურად იგი სასამართლოდან იღებს უწყებას მოთხოვნით, გაათავისუფლოს დაკავებული საცხოვრებელი. იგი ამბობს: “სახლის პატრონს სურს, მაიძულოს, წავიდე აქედან, მაგრამ ფეხები მტკივა, სიარული არ შემიძლია. ამასთან, სამხრეთ კორეაში ბინები ძალიან ძვირია”. უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ფეხების ტკივილის გამო ჩუ სახლიდან იშვიათად გადის. ამ ქალთაგან ყველას რცხვენია საკუთარი წარსულის. ისინი ხშირად ავადმყოფობენ და სიღატაკეში ატარებენ სიცოცხლის უკანასკნელ წლებს, მაგრამ არც ხელისუფლებას და არც უბრალო ადამიანებს არ სურთ მათი დახმარება. მაგრამ მათი ამჟამინდელი მდგომარეობა იმის შედეგი არ არის, რომ ოდესღაც პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულნი. მათი ბედი პრინციპულად განსხვავდება სხვა კორეელი ქალების ბედისგან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის ჯარისკაცების სექსუალურ მონებად იქცნენ. ახლა ის უბედურები, სპეციალური კანონის შესაბამისად, სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ. ამასთან, კორეის მოსახლეობის დიდი ნაწილი იაპონიის მთავრობისგან ითხოვს, კომპენსაცია გადაუხადონ ამ ქალებს და ოფიციალურად ბოდიშიც მოუხადონ. მათი უფლებების დამცველები ყოველკვირეულად მართავენ მიტინგებს იაპონიის საელჩოს წინ.

პხენტხეკის საქალაქო მმართველობის წარმომადგენლები სიტუაციას შემდეგნაირად აღწერენ: არ არსებობს არანაირი კანონი საბიუჯეტო სახსრების გამოსაყოფად იმ ქალებისთვის, რომლებიც ანჯეუნგ-რის რაიონში ცხოვრობენ. სამხრეთ კორეაში მრავალმა ადამიანმა არც კი იცის ამ დასახლების არსებობის შესახებ. როგორც ჩანს, კორეელები მზად არ არიან, დახმარება აღმოუჩინონ ქალებს, რომლებიც ოდესღაც ამერიკელ სამხედროებს ემსახურებოდნენ ფულის სანაცვლოდ, მაგრამ მხარს უჭერენ მათ, ვინც იაპონელი სამხედროების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ორ კორეას შორის 1950-1953 წლებში მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კორეა ძლიერ დამოკიდებული აღმოჩნდა ამერიკის არმიაზე. ქვეყანაში დამყარდა დიქტატურა, მოსახლეობა კი კვლავაც სიღატაკეში ცხოვრობდა. მკვლევარების აზრით, სამხრეთკორეულმა მთავრობამ გარდაუვლად მიიჩნია კორეელი ქალების გამოყენება ქვეყნის სამხრეთ რაიონებში დისლოცირებული ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის ახირების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, მიღებული შემოსავალი უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოსთვის და ამის გამო არ ამბობდა ის უარს საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცების განლაგებაზე.

1962 წელს კორეის ხელისუფლებამ ამერიკის ბაზების მახლობლად ზემოხსენებულის ანალოგიურ დასახლებებსსპეციალური ტურიზმის რაიონებიუწოდა და მათში პროსტიტუცია დააკანონა. იმავე წელს ამ სამუშაოსთვის ოფიციალურად დაქირავებულ იქნა დაახლოებით 20 000 ქალი, კიდევ უფრო მეტი კი _ არაოფიციალურად.

პარკ კიუნგ-სუ კორეის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის ნაციონალური კომიტეტის გენერალური დირექტორია. ეს ორგანიზაცია მუშაობს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გახსნაზე და მათ შესახებ საზოგადოებას აცნობებს. პარკ კიუნგ-სუ ამბობს: “მრავალ ქალს, რომლებიც ამით იყვნენ დაკავებულნი, არსებობის სხვა საშუალება არ გააჩნდა. ამის გამო მათ საზოგადოებაში ცუდი სახელი აქვთ და აღარ შეუძლიათ სხვა სამსახურში მოწყობა”.

კიმი არის ერთ-ერთი ქალი, რომელიც ზემოხსენებულ დასახლებაში ცხოვრობს. მას ისე რცხვენია საკუთარი წარსულის, რომ ღამით დაძინებაც კი არ შეუძლია. სახლის მეპატრონემ ამ 75 წლის ქალს უთხრა, რომ ერთი თვის განმავლობაში უნდა დაცალოს ბინა. ქალი ყოველდღე ეძებს ახალ თავშესაფარს.

მსგავს დასახლებებში მდგომარეობა 2004 წლიდან გაუარესდა _ მაშინ ვაშინგტონი და სეული შეთანხმდნენ, რომ პხენტხეკის სამხედრო ბაზაზე გადაიტანდნენ სხვა ამერიკულ ბაზას _ ენსანს, რომელიც სამხრეთკორეული დედაქალაქის ერთერთ რაიონში 620 ჰექტარ ძვირად ღირებულ მიწას იკავებს და კემპ ხამფრისისგან 70 კილომეტრითაა დაშორებული. თავიდან ამის გაკეთება 2012 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ახლა აცხადებენ, რომ ვადამ 2016 წლამდე გადაიწია.

ამ პროექტის დასრულების შემდეგ კემპ ხამფრისის ამჟამინდელი ბაზა ლამის სამჯერ გაიზრდება. მასში განთავსდება 36 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, მათი ოჯახის წევრები და სამოქალაქო მუშაკები. ინვესტორები დაინტერესებულნი არიან, რომ ამ რაიონში კომერციული საწარმოებისთვის ააგონ შენობები, რათა გამდიდრდნენ ამერიკელი სამხედროების ოჯახების იქ გადასახლებისა და ქვეყნის სხვა რაიონებიდან მოქალაქეთა დიდი რაოდენობით მოდინების ხარჯზე.

ვუ სინ-დუკი არის ადგილობრივი ანჯეუნგ-რიში მცხოვრები ხანდაზმული ქალების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის “მზით გაბრწყინებული დები” დირექტორი. იგი ამბობს: “მიწათმესაკუთრეები იბრძვიან ამ რაიონში ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც მიწისა და იჯარის გადასახადს 50-დან 200-დოლარამდე გაზრდის. ამის გამო მათ სურთ, აიძულონ ხანდაზმული ქალები, რომელთაგან თითქმის ყველა მარტო ცხოვრობს, გაათავისუფლონ საკუთარი ბინები”.

ამ უბედურთაგან მრავალი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მეტ ძალისხმევას უნდა იჩენდეს მათი სოციალური უზრუნველყოფისთვის. მიმდინარე წლის 22 ივნისს ანჯეუნგ-რის რაიონში მცხოვრებმა 122-მა პირმა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას უჩივლა და 9800 დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ სარჩელის განხილვის ვადაც კი არ დააწესა ამ ადამიანებისთვის. აქტივისტები და საბრალო ქალების დამცველები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდობაში ხელისუფლება აიძულებდა მათ, ანალიზები ჩაებარებინათ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოსარიცხად. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში კი, უბრალოდ, აპატიმრებდა მათ. აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო ხელმძღვანელობა კი, თავის მხრივ, რეგულარულად ადევნებდა თვალს ამ ქალების საცხოვრებელ ტერიტორიაზე ინსპექტირების შედეგებს.

ამგვარი ინსპექციის ფარგლებში ჩატარდა ჩასახლებულების ცხოვრების პირობების შესწავლა და მათი ჩივილების განხილვაც, მაგრამ ამერიკული ჯარის სარდლობამ თავი შეიკავა არსებულ კითხვებზე რაიმე პასუხების გაცემისგან. ამის ნაცვლად თავის ერთ-ერთ განცხადებაში მან ბრძანა, რომ “მისთვის ცნობილია ამ ადამიანების მდგომარეობასთან დაკავშირებით და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევს საკუთარ შეხედულებებს” პროსტიტუციის საკითხთან დაკავშირებით. ამის გამო ქალთა უმრავლესობა გრძნობს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან არანაირი გამოსავალი არ აქვს.

ჯანგ იანგ-მი 67 წლისაა. იგი ბავშვობაში დაობლდა, შემდეგ კი 20 წელი იმუშავა ერთ-ერთ მსგავს დასახლებაში. ახლა იგი სამ ავადმყოფ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. ერთ-ერთის ნაკბენისგან ხელზე ნაიარევი ამჩნევია, მაგრამ ძაღლის გაგდება მაინც არ სურს. ახლა იგი ამბობს: “ალბათ, იმის გამო, რომ დიდხანს ვცხოვრობდი ამერიკელ ჯარისკაცებთან, ახლა კორეელებთან ცხოვრება აღარ შემიძლია”.

ამერიკის ჯარმა კორეის ოკუპირება 1945 წელს მოახდინა. მათ მოიპოვესგანსვენების ადგილი”, იქ მომუშავე ქალებმა კი მათი მომსახურება დაიწყეს. 1945-1953 წლებში სამხრეთ კორეაში 350 000 მეძავი იყო. 1950-დან 1960-წლამდე ამ ქვეყანაში უძველესი პროფესიის წარმომადგენელთა საერთო რაოდენობის 60% აშშის სამხედრო ბანაკების სიახლოვეს ცხოვრობდა. 1960-იან წლებში ამერიკელების ბაზების ირგვლივ აყვავებული პროსტიტუციიდან და მასთან დაკავშირებული ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი სამხრეთ კორეის საერთო შიდა პროდუქტის მთელი მოცულობის მეოთხედს შეადგენდა.

ამ ქვეყანაში ანალოგიურად არსებობდა “გაეროს განსასვენებელი ადგილებიც”. იქ მომუშავე ქალების უმეტესობა გათხოვილი იყო და ამ ხელობით იმიტომ დაკავდა, რომ როგორმე ოჯახი ერჩინა. ერთ-ერთი ქალი, რომელიც ერთ დროს მეძავი იყო და ამერიკელ სამხედროებს ემსახურებოდა, ამბობს: “როდესაც ვფიქრობ საკუთარ და ჩემნაირი ქალების ცხოვრებაზე, ვხვდები, რომ ჩვენ ამ ქვეყნისა და ამერიკის კავშირის ყველაზე დიდი მსხვერპლნი ვიყავით. ვიცი, რომ ჩემი სხეული მე არ მეკუთვნოდა, ის ეკუთვნოდა სამხრეთკორეულ ხელისუფლებას და ამერიკულ არმიას”.

70-იან წლებში საქმე იქამდე მიდიოდა, რომ სამხრეთ კორეის საშულო სკოლის ერთერთი მასწავლებელი თავის მოსწავლეებს ეუბნებოდა: “მეძავები, რომლებიც სხეულს ყიდიან ამერიკელ ჯარისკაცებზე, ნამდვილი პატრიოტები არიან. დოლარები, რომელთაც ისინი ამ გზით გამოიმუშავებენ, დიდ დახმარებას უწევს ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას”.

კორეელ მეძავებს, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს ემსახურებოდნენ კორეის ომის დროს, სხვადასხვაგვარად უწოდებდნენ. სამხრეთკორეულ კიჯიკანაში მდებარე “კემპ-ტაუნის” ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალებს “დასავლეთის პრინცესები” ერქვათ. ხანდახან მათ “დასავლელ მეძავებს”, “იანკების მეძავებს” ან “გაეროს ქალბატონებს” უწოდებდნენ. მათი ოფიციალური სახელწოდება კი იყო “განსასვენებლის ქალები”. იგივე ტერმინი გამოიყენებოდა იაპონიის იმპერიაში სამხედრო მეძავების მოსახსენიებლად.

1990-იანი წლების შუა პერიოდიდან სამხრეთ კორეაში მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა ქვეყნებიდან ამერიკელი ჯარისკაცების მომსახურებისთვის ჩასული მეძავების რაოდენობა. ისინი ახლაც საკმაოდ ბევრნი არიან. 90-იანების შუა პერიოდიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე სამხრეთ კორეაში უკანონოდ ჩავიდა დაახლოებით 5 000 რუსი და ფილიპინელი ქალი, რომლებიც შემდეგ ძალით აქციეს სექსუალურ მონებად და აიძულეს, ამერიკულ სამხედრო ბანაკებში ემუშავათ. 2010 წელს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ქალები, რომლებიც ამერიკის სამხედრო ბანაკების ირგვლივ მდებარე დაწესებულებებში ცხოვრობდნენ, დიდ შეშფოთებას იწვევენ სამხრეთ კორეაში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.

50-70-იან წლებში ამერიკის არმია ჩართული იყო კორეაში სექსუალური მონების კანონსაწინააღმდეგო მიგრაციაში. მოკავშირეების ჯარების მიერ ამ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ სამხედრო მეძავების რაოდენობამ იქ მილიონს მიაღწია. ამ ფონზე ძალზე საინტერესოა, რომ ნიუ იორკის შტატის კუნძულ ლონგ-აილენდზე არის პარკი და მემორიალი, რომელიც სამხრეთ კორეის კომუნიზმისგან “დამხსნელ” ამერიკელ ჯარისკაცებს ეძღვნებათ.

ამგვარი “დახსნის” შედეგი კარგად ჩანს გასული წლის სამხრეთკორეული სტატისტიკის მაგალითზე. ამ ქვეყანაში, პროსტიტუციის აკრძალვის მიუხედავად, ინტიმური მომსახურებების სფეროს შემოსავალი იმდენად მაღალია, რომ ხელისუფლების მონაცემებით საერთო შიდა პროდუქტის 4%-ს შეადგენს. ეს იგივეა, რაც სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის საერთო შემოსავალი.

ახლა სამხრეთ კორეაში მეძავები ყველგან არიან: კაფეში, მაღაზიაში, სასტუმროსა და საპარიკმახეროშიც კი. სამხრეთკორეული მთავრობის სქესობრივი თანასწორობის სამინისტრომ დაითვალა, რომ ამჟამად ქვეყანაში ნახევარი მილიონი მეძავია. ამასთან, კორეელი ფემინისტების ასოციაცია მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ამ ქალების რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ამ გათვლებით გამოდის, რომ კორეაში ყოველი 25 ქალიდან ერთი მეძავია. სხვა მონაცემების თანახმად, 15-დან 29-წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე ქალი გარკვეული დროით მაინც იყო დაკავებული უძველესი პროფესიით.

მიუხედავად პროსტიტუციისთვის დაწესებული მკაცრი სასჯელისა, ინტიმური მომსახურებების ინდუსტრია ამ ქვეყანაში ისეა განვითარებული, რომ პერიოდულად მეძავები დემონსტრაციებსაც კი ატარებენ და აღნიშნული სფეროს კანონმდებლობის შერბილებას მოითხოვენ. გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ამ ქალთაგან ზოგიერთი თავსაც კი იწვავს დასახული მიზნის მისაღწევად.

გარდა ახალგაზრდებისა, კორეაში პროსტიტუცია მოზარდებსა და ბავშვებს შორისაც ყვავის…

Mashregh

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here