Home რუბრიკები პოლიტიკა მაიდნის წლისთავი _ Ще не вмерла Украина?

მაიდნის წლისთავი _ Ще не вмерла Украина?

531

21 ნოემბერს კიევში მაიდნის დაწყების წლისთავი აღნიშნეს. წლისთავი _ ისე, როგორც მგლოვიარე ჭირისუფალს ეკადრება. ჭეშმარიტ მაიდნელებზეა ლაპარაკი და არა ცეცხლმოკიდებული საბურავების შავი კვამლით სახეწაშლილ ექსტრემისტებზე, რომლებიც “რევოლუციაში” ჩართულობის ყოველი საათისთვის რამდენიმე ათეულ გრივნას იღებდნენ. და სიამოვნებით მიირთმევდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის _ ვიქტორია ნულანდის ჩამორიგებულ ღვეზელებს.


მისის ვიქტორია 21-ში კვლავ გამოჩნდა კიევში, ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჩამოჰყვა _ მესირ ვოლანდს, თავისი აზაზელოებისა და კოროვიევების ამალის თანხლებით ბულგაკოვის მისტიკური რომანიდან “ოსტატი და მარგარიტა”.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს ამჯერად დაკისრებული ჰქონდა საპატიო მისია (ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს _ მადლენ ოლბრაიტს დავესესხოთ) ამერიკული “მილიტარისტული დემოკრატიის” გასამყარებლად გახლეჩილ-დანაწევრებულ ქვეყანაში.

ამაზე _ ქვემოთ.

ახლა კი უკრაინის მოქალაქის პოზიციიდან დანახული “მაიდნის” წლისთავის შესახებ, რომელიც მიხეილ ოპანასენკომ წარმოგვიდგინა თავის სტატიაში _ “წელიწადი მაიდნის შემდეგ. Ще не вмерла Украина

ჯერ არ მომკვდარაო უკრაინა? _ კითხულობს დაეჭვებული ავტორი საპირისპიროდ  პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ტრადიციული დევიზისა თუ მოწოდების: Ще не вмерла Украина! _ ჯერ არ მომკვდარა უკრაინა!

რეალობა აიძულებს _ კატასტროფული ვითარება, რომელიც მის ქვეყანაში ჩამოყალიბდა:

ტანსაცმელშემოძარცვული. შიშველი. მშიერი. გაავებული. ავადმყოფი, _ წერს ოპანასენკო, _ გაორებული თვითშეგნებით. სასიკვდილოდ დაავადებული ნაციზმის განგრენით. გამოჯანმრთელების ყოველგვარი შანსი დაკარგული რომ აქვს. ეს არის უკრაინა დღეს. მაიდნის წლისთავზე.

არადა, რა “კარგად” და მხიარულად იწყებოდა ყველაფერი _ სიმღერებით, ცეკვებით, მაქმანიან ტრუსებზე მეოცნებე ქალიშვილებით, კარგი ბიჭების  ხტუნვითა და კოკაინის კოქტეილებით.

დამთავრდა დამწვარი ადამიანებით, პირისაგან მიწისა აღგვილი ქალაქებითა და სოფლებით, ათი ათასობით დახოცილითა და დაჭრილით, მშობლიური ქვეყნიდან გაძევებული, საკუთარ კერადაკარგული მოქალაქეებით”.

“ეს მწარე და შხამიანი ნაყოფები, _ წერს ჟურნალისტი, _ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს”.

ცოტა ღრმად თუ ჩავიხედავთ ამ შხამიანი ნაყოფის ბაღში, დავინახავთ, რომ “იანუკოვიჩის ქურდბაცაცურმა რეჟიმმა, რომელიც რუსეთის დოტაციებისა და რუსეთის ბაზარზე უკრაინული სასაქონლო მასის გასაღებაზე იყო დაფუძნებული, შეწყვიტა არსებობა და გაქრა ქვეყანასთან ერთად”.

სისხლში გასვრილი ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ იგივე ქურდები, რომლებიც უწინაც ასეთები იყვნენ… დღეს კი მმართველები გახდნენ.

ქვეყანა აფეთქებულია სამოქალაქო ომით. “სამოქალაქო თავისუფლებათა ნანგრევებზე დამყარდა კვაზინაცისტური რეჟიმი, რომელიც ტოტალურად დევნის თავის მოქალაქეებს სიტყვის თავისუფლების გამო (აიკრძალა მთელი რიგი ბეჭდური მედიისა, ტელე და რადიოგადაცემებისა და საიტებისა; რეჟიმის დამქაშების დასმენების საფუძველზე დაპატიმრებული არიან მოქალაქეები, ათი ათასობით ადამიანი იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა სამშობლო იმიტომ, რომ თავი აერიდებინა დევნისთვის “მაიდნის ხელისუფლების” იდეოლოგიისგან განსხვავებული შეხედულებებისა და რწმენის გამო; აკრძალვის პირზეა ბევრი პარტია და მოძრაობა, უფრო მეტი უკვე ლიკვიდირებულია; “დაბომბილი და განადგურებულია მართლმადიდებლური ეკლესიები და იუდეველთა და მუსლიმთა კონფესიური სალოცავები”.

ნაწილობრივი სუვერენიტეტიდან აღარაფერი დარჩა, _ ხაზგასმით აღნიშნავს ავტორი, _ ქვეყანას, უფრო ზუსტად, იმას, რაც მისგან დარჩა, მართავენ აშშ-ის ელჩი უკრაინაში და ამერიკის სპეცსამსახურების კადრის თანამშრომლები, რომლებმაც შეაღწიეს არა მარტო უკრაინის სპეცსამსახურებში, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების აპარატებში და ხელმძღვანელობენ ამ სტრუქტურებს”.

რაც, სხვათა შორის, არაერთხელ აღუნიშნავთ “საქართველო და მსოფლიოს” რესპონდენტებსაც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე.

ლუსტრაცია სანაგვე ყუთებით, პოლიტიკური დისკუსიების ნაცვლად ოპონენტებზე ნადირობა. “ათასობით ადამიანი პოლიტპატიმარი გახდა და მათ შესახებ არაფერია ცნობილი. “თოფიან კაცს” დღეს უკრაინაში უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე სახელმწიფო სამართალდამცავ ორგანოებს.

“ადამიანებით ვაჭრობა _ ბითუმად და ცალობით _ კონვეირის პრინციპით მოქმედებს. უკრაინის ცეცხლმოდებული ნარჩენები სულ უფრო ეხვევა ნარკოტიკულ ბურანში”.

ქვეყანა იძირება შუასაუკუნეების ობსკურანტიზმში, რომელიც, უწინარესად, განათლებისა და კულტურის სფეროებზე აისახება.

ნაცნობი სურათებია საქართველოს უახლესი ისტორიიდან _ უფსკრულის პირას დგომის.

იგივე სიტუაციაა ეკონომიკაში.

უკრაინა დაიშალა, როგორც ერთიანი საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზმი. აშკარად დეფოლტი ემუქრება. ერთი წლის განმავლობაში უკრაინის ოქროსა და ვალუტის მარაგი თითქმის ორჯერ შემცირდა. ასეთია ოფიციალური მონაცემები. უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ვალერია გონტარევამ კი ეს-ესაა განაცხადა, რომ სავალუტო მარაგი, რვაჯერ ნაკლებია იანუკოვიჩის პერიოდის მარაგთან შედარებით.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება თავს ვერ იმართლებს ასეთი შემთხვევების დროს გამოყენებული არგუმენტით: ყველაფერი ჩვენ მოსვლამდე იყო მოპარული.

საქმე ის არის, რომ კორუფციონერ იანუკოვიჩის პერიოდში სავალუტო მარაგი, როგორც წესი, მატულობდა.

რა ხდება?

*ქალბატონმა გონტარევამ ვერ ახსნა, სად გაქრა ოქროს მარაგი _ 20 ტონა ოქრო! ექსპერტების მტკიცებით, თუ მიმდინარე თვის დასაწყისისთვის ოქროს ოდენობა სავალუტო მარაგის 8 პროცენტს შეადგენდა (ერთი მილიარდი დოლარის ეკვივალენტური იყო), ამჟამად ერთ პროცენტამდე დაეცა.

*გრივნას ღირებულება ორჯერ შემცირდა.

*ხელფასებიც ორჯერ შეიკვეცა.

*მთლიანი ეროვნული პროდუქტი მიმდინარე წელიწადს 10 პროცენტით ნაკლებია. ინფლაციამ ჯერ კიდევ სექტემბერში 3 პროცენტი შეადგინა, წლიურად _ 16 პროცენტს გადააჭარბებს. მრეწველობის მოცულობა 9 თვის განმავლობაში 8,6 პროცენტით ნაკლებია. წამგებიანი გახდა ეკონომიკის მთელი რიგი სექტორებისა.

* მაისში უკრაინელებს გაზის ტარიფი 56 პროცენტით გაეზარდათ. პრემიერმინისტრ იაცენიუკის განცხადებით, ტარიფები ოთხი წლის განმავლობაში კვლავაც გაიზრდება: 2015 წლის 1 მაისისთვის _ დამატებით 40 პროცენტით, მომდევნო ორი წლის შესაბამისი პერიოდისთვის _ 20-20 პროცენტით. ხოლო მინიმალური ხელფასი, საარსებო მინიმუმისა და პენსიების ოდენობა უცვლელი დარჩება.

* უმუშევრობის პროცენტი 2013 წელს 7,7 იყო, წლევანდელ მეორე კვარტალში 9 პროცენტს გადააჭარბა.

მოკლედ, როგორც უკრაინის ანალიტიკური ცენტრის პრეზიდენტმა ალექსანდრ ოხრიმენკომ განაცხადა, “ეკონომიკური სასწაული უკრაინაში არ მოხდა”.

არადა, ჰპირდებოდნენ, ლამის ხატზე იფიცებდნენ ადგილობრივი და ევროკავშირის ლიდერები, რომ ასეთი სასწაული მოხდებოდა დაუყოვნებლივ, როგორც კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდებოდა.

უფრო მკაცრი იყო თავის შეფასებაში პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი მუხინი: “უკრაინა სათარეშო ველად იქცა, რაც 1917 წლის მდგომარეობამდე დაბრუნებას ნიშნავს”.

*სატრანსპორტო გადაზიდვები კლებულობს _ არავინ და არაფერი გადასაზიდ-გადასაყვანი აღარ არის.

*უკრაინის ბაზარზე იმპორტის მაჩვენებელი შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით კატასტროფულად შემცირდა და 2014 წლის ბოლომდე კიდევ 10 პროცენტით დაეცემა. ამის ძირითად მიზეზთა შორის ექსპერტები ასახელებენ მიმდინარე სამოქალაქო ომს, ვალუტის გაუფასურებასა და კორუფციას. “არავითარი წინაპირობა არ არსებობს არათუ ამ ტენდენციის დასაძლევად, არამედ ოდნავ შესანელებლადაც კი”, _ ამტკიცებენ ეკონომისტები.

ქვეყანაში ბანდიტიზმი ბობოქრობს და კორუფციაა გამეფებული.

უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირმა, რომელსაც ანატოლი კიხანი ხელმძღვანელობს, მთავრობა გაუაზრებელ ეკონომიკურ პოლიტიკაში დაადანაშაულა: “ეროვნული ვალუტის გაუფასურება და, შესაბამისად, მოსახლეობის ხელფასებისა და გადახდისუნარიანობის შემცირება, სამრეწველო სექტორის სტაგნაცია, საბაზრო ურთიერთობების უგულებელყოფა, ინვესტიციების კრიტიკული გადინება (მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მათი რაოდენობა 50 პროცენტით შემცირდა შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით) ეკონომიკის მართვისა და ბაზრის რეგულირების სფეროებში გონივრული სახელმწიფო პოლიტიკის არქონის შედეგია”. სწორი კრიტიკაა, მართალი. “მაგრამ ვის სჭირდება ეს ბავშვური “გულახდილობა” იმ ქვეყანაში, რომელშიც სამოქალაქო ომი მძვინვარებს და ნაცისტი კუდიანების შაბათობა პიკს აღწევს?!”

ექსპერტების თვალსაწიერი ყველაფერს სწვდება: რესურსების მობილიზაციის ნაცვლად მათი გაფანტვა მიმდინარეობს; ყველაზე უფრო მომგებიანი დარგების  საწარმოებს ოლიგარქებს ურიგებენ; არ არის ქვანახშირი სახლების გასათბობად და ა. შ.

რა ვიცი, კი ჰყავდათ მიწვეული მთავრობის ეკონომიკურ მრჩევლად აწ გარდაცვლილი (ღმერთო, მაპატიე!) ქართველი ოლიგარქი, რომელმაც თავის ქვეყანაში ყველაფერი გაყიდა სინდისთან ერთად.

ასეთია მაიდნის ერთი წლის, მხოლოდ ერთი წლის შედეგები.

უკრაინელი ფანატიკოსები, რომლებსაც დასავლეთი უჭერდა მხარს, ხელისუფლების სათავეში მოექცნენ. მიიღეს, რაც უნდოდათ, მაგრამ “მოწმენი ვართ, რომ შენება არ შეუძლიათ, _ ასკვნის ოპანასენკო, _ მხოლოდ ნგრევა, ძარცვა და მკვლელობა ხელეწიფებათ… ისინი კლავენ უკრაინელობის იმ პროექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დროიდან, შემდეგ ნაცისტური გერმანიისა და ბოლოს უკანასკნელ სამოცზე მეტი წლის განმავლობაში თვითონ ქმნიდნენ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წიაღში.

დაე, ასეც მოხდეს _ დაიწვას ის, რაც დასაწვავია”.

ერთი წლისწინანდელი მაიდნის ლიდერები, _ გვარწმუნებენ ანალიტიკოსები, _ ვერ ჩამოყალიბდნენ ერთიან მოძრაობად, ერთიან პოლიტიკურ სტრუქტურად, რომელიც მოქალაქეთა ინტერესებს დაიცავდა.

მხოლოდ ორიოდე დღის წინათ გაერთიანდა პარლამენტში წარმოდგენილი ხუთი პარტია ერთ ბლოკად, შექმნეს ახალი მთავრობა ძველი პრემიერმინისტრით. და ეს ღირსსახსოვარი მოვლენა “მაიდნის” წლისთავზე ჩამოსულ ჯო ბაიდენს მიუძღვნეს.

იქნებ, სულაც ამერიკელი ემისრის ნებართვით მოხდა დაპირისპირებულთა შერიგება-გაერთიანება? ხომ ფაქტია, რომ კიევში მისი მოვლინების შემდეგ რამდენიმე საათში გაფორმდა შეთანხმება, რომელსაც არჩევნების შემდეგ განვლილი საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერა და ვერ მიაღწიეს?

პრესაში გამოჩნდა ცნობა, რომ შეთანხმების ტექსტი, რომელიც მანამდე არ არსებობდა, რადგან არავის წარუდგენია, გამზადებულ-გასალაშინებული, ინგლისურ ენაზე დაწერილი მაგიდაზე დაუდეს ხუთივე პარტიის ხელმძღვანელებს.

ბაიდენმა დამოძღვრა პოროშენკო-იაცენიუკი: გააგრძელეთ რეფორმები, რომლებიც შეთანხმებული იყო.

შეთანხმებულიო.

ვისთან?

იმ “პოლიტბიუროსთან” ხომ არა, რომელმაც დამოუკიდებელი უკრაინისთვის კრემლიდან თეთრ სახლში გადაინაცვლა?!

არც პროტოკოლით გათვალისწინებულ მაღალი რანგის შეხვედრებისას, არც “მაიდანზე” გამართულ ღონისძიებებში ვიქტორია ნულანდისთვის თვალი არავის მოუკრავს.

გამოელია ამერიკას ხალხისთვის დასარიგებელი ღვეზელები თუ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ არ მოისურვა, საკუთარ თავზე მიეღო ხალხის შეძახილი, რომლითაც “მაიდანზე” შეკრებილები პრეზიდენტ პოროშენკოს შეხვდნენ?

_ “განბა!” _ უყვიროდა ხალხი, რაც ქართულად ნათარგმანები სირცხვილსა და თავის მოჭრას ნიშნავს.

უსტვენდა ხალხი თავის პრეზიდენტს…

ხალხი, რომელიც აღშფოთებას არ მალავს არა ოჯახური “სამზარეულოების მყუდროებაში”, არამედ ინტერნეტსივრცეში. მკაცრი და შეუვალია შეფასება რიგითი მოქალაქეების:

“მაიდანი 21-ე საუკუნის უდიდესი აფერაა… შედეგები სავალალოა, სამწუხარო და ტრაგიკული. ქვეყანა, რომელსაც უკრაინა ჰქვია, დე ფაქტო აღარ არსებობს. აღარ არსებობს ეკონომიკა, აღარც ხელისუფლება არსებობს. წესრიგი არსადაა. საჭესთან კვლავ ოლიგარქები დგანან. ძარცვა და ქურდობა გრძელდება. ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა ეს ტერიტორია, რომელიც ოდესღაც ერთიანი ქვეყანა იყო. იმედი გადაწურულია. იხტუნავეთ მაიდანელებო!”

ორ-სამ წელიწადში, როცა საღი აზრი გაიმარჯვებს, ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება, დაიწყება სასამართლო პროცესები და მაშინ ყველა ამ “გამათავისუფლებელმა”, რომლებიც კი ცოცხალი იქნებიან, პასუხი უნდა აგოს “მაიდანში აქტიური მონაწილეობისთვის” და “აღმოსავლეთ უკრაინაში წარმოებულ საომარ ოპერაციაში მონაწილეობის გამო”. გულწრფელად მჯერა, რომ უკრაინის ნამდვილი მტრები ხელისუფლებაში არიან, სწორედ ისინი უპირისპირებენ ერთმანეთს ჩვენს მოქალაქეებს”.

“ის, რაც უკრაინაში მოხდა, რევოლუცია კი არ არის, წმინდა წყლის გადატრიალებაა, ძალაუფლების კრიმინალური უზურპაციაა. ერთი ბანდა ჩაენაცვლა მეორეს. “თავისუფალ” უკრაინელ ფიურერებთან ჩამოდის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი და თავისი ქცევით მსოფლიოს აჩვენებს, ვინ არის  უკრაინის პატრონი _ “ხოზიაინი”.

“ყველაფერზე შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ. წელიწადია, რაც უკრაინაში შავი ჭირი მძვინვარებს. ამ დაავადების გამავრცელებლები კი ხარობენ. მე კარგად მახსოვს, როგორ კისკისებდნენ და როკავდნენ ისინი 3 მაისს, როცა გაიგეს, რომ ნაცისტებმა ოდესაში ორმოცდაათი ადამიანი ცეცხლში ამობუგეს. მაიდნის აქტივისტი უკვე დიაგნოზია”.

P.S. კიევის მაიდნის სავალალო შედეგები, რომლებზეც უკრაინელი ექსპერტები საუბრობენ, თითქოს არ უნდა იყოს საქართველოსთვის რაღაც განსაკუთრებული თავში სახლელი და საწუხარი.

მაიდანი ბრიუსელისა და ვაშინგტონის გეოპოლიტიკური პროექტია და კიევმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს თუ უარყოს იგი.

ჩვენ საკუთარი პრობლემებიც გვყოფნის, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ პრობლემებს შორის დაინტერესებული ძალების მიერ თბილისური მაიდნის პერსპექტივაც არის ნაგულისხმევი, რომლის უღიმღამო მცდელობა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იყო რუსთაველის პროსპექტზე ნოემბრის თხუთმეტში.

მაიდნის წლისთავზე შეჯამებული განვლილი პერიოდის შედეგები, როგორც ჩანს, ერთგვარი ინიექცია უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნებისა და განწყობილების პროფილაქტიკისთვის.

კი მიდის ყველა გზა კიევისკენ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც მაიდანი იყოს ჩვენი მარშრუტის გზაგასაყარი.

ჭკუით, ქართველებო!” _ ანდერძად დაგვიტოვა დიდმა ჭაბუა ამირეჯიბმა. ხომ არ დაგვავიწყდა?

უცხოეთის მედიაში გამოქვეყნებული მასალები მომოიხილა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here