Home რუბრიკები პოლიტიკა დუბეში

დუბეში

774

ამბობენ, რომ მაია ფანჯიკიძეს თავის ყოფილ უწყებაში ზურგს უკან “ფანჯიიაქეს” ეძახდნენ. სიყვარულით.

რამდენად მოქნეულ-მოსწრებული იყო ეს მეტსახელი, თქვენი განსასჯელია, ისიც, ამასთან ერთად, შაქარ-ყინულის რა დოზით იყო იგი დათაფლული.


ხოლოფანჯიიაქესკოდური სახელის გამშიფრავი გასაღები, სპეციალისტების აზრით, ამ სახელმწიფო სტრუქტურაში დაფიქსირებული ფაქტია, კერძოდ ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში მდგარი ხელმძღვანელობა ხუთ (ფანჯი) პერსონას ითვლიდა; მათგან ერთი (იაქე) მინისტრი გახლდათ; ოთხი დანარჩენი _ მისი მოადგილეები: ზანკალიანი, ბერუჩაშვილი, ჯალაღანია, გურგენიძე.

ფანჯი იაქე ნარდში გინდა გაგიგორებია, გინდა არა. ხელის გაცდენაა.

როგორც კი სიძე თავდაცვის მინისტრობიდან მოუხსნეს, გააგორა მაია ფანჯიკიძემ კამათელი:

_ ქესტუუმ!

გადადგა. და მოადგილეებთან ერთად ტელეკამერების წინ პატარა დემარში მოაწყო, რომელიც უფრო უღიმღამო გამოვიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო: ჩვენ მივდივართ!

დუბეში დაჯდა ნარდის პოლიტდაფაზე, ორი ხუთიანი: ერთი _ “ნაცების” სიმბოლო ხუთიანი, მეორე ფანჯი _ ფანჯიკიძისა, რომელმაც თავისი “ნაცური” შინაგანი არსი და ბუნება სრულიად გამოამჟღავნა ნოემბრის “სადღესასწაულო” მოვლენების კვირაძალს: გადაუდგა “ნაციონალების” დამმარცხებელ ხელისუფლებას იმ მოტივით, რომ მან (ხელისუფლებამ) უღალატა ევროატლანტიკურ კურსს.

“ნაცების” “საფირმო” ბრალდება გაითავისა.

ისინიც არ დარჩნენ ვალში და დასცხეს ტაში: დაიწყოო კოალიციის დაშლა!

მიშამ აიტაცა და მარგალიტების მორიგ დოზად დაუგო  და დაუფინა 15 ნოემბრის მიტინგის მონაწილეებს (გადავჩვეულვართ თურმე, რადგან ყურს მოხვდა მისი “ძველბიჭური” სლენგი):

“_ ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძული, ჩვენი საქართველო კი არის ის, რაც ყოველთვის იყო _ ამაყი, ღირსეული, განსაკუთრებული ქვეყანა”.

საქართველო შენი არასოდეს ყოფილა, მიხეილ, არც _ ივანიშვილის. შენი რაც არის, ცალკე გაგიმარტავენ.

საქართველო ვისია, ამის ცოდნა ღმერთს თუ აქამდე არ მოუცია, აწი ვერ ისწავლი.

მიშას დაუკრეს ტაშიმიშა! მიშა!” მიშისტებმა.

ლუსტრაცია ესაა.

გაგრძელება იმისა, რაც თავიანთ თავს დამართეს “თავისუფალმა დემოკრატებმა” და რაც პრინციპულად მოსალოდნელი იყო, რადგან “ნაცბოლებთან” მათი სულიერი ნათესაობა არც არასოდეს იყო დაფარულ-დამალული.

მაია ფანჯიკიძე სააკაშვილის ზეობის ხანაში (2004 წლიდან 2010 წლამდე) იყო: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში.

არც ალექსი პეტრიაშვილი გრძნობდა თავს ცუდად: 2004 წლამდე აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს მთავარ მრჩევლად მუშაობდა, ამ დროიდან 2009 წლამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.

ირაკლი ალასანიას კარიერული ბიოგრაფია იმდენჯერ გაიხსენეს, რომ გამეორებად არ ღირს.

მოკლედ, გალაღებულები იყვნენ და ბოლოს იმდენად მოსუქდნენ, რომ ერთი თხაკიკინასი არ იყოს, გამიშვით, მგელი უნდა ვიხმაროო.

ალასანიას ჯგუფის ჩანაფიქრით (შეგიძლიათ, შეთქმულებიც უწოდოთ იმას, რაც გაითამაშეს), ირაკლი ღარიბაშვილი ფანჯიკიძეპეტრიაშვილის კვალზე უნდა გადამდგარიყო. მას უკან მიჰყვებოდა კაბინეტის სრული შემადგენლობა; პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც ნაცპარტიიდან უმრავლესობაში, ან უმრავლესობის თანამოაზრედამოუკიდებელთაფრაქციაში იყვნენ გაერთიანებულნი, მშობლიურ წიაღს დაუბრუნდებოდნენ, კოალიციის ნახევარი (მინიმუმ) უმცირესობაში გადაბარგდებოდა და მას უმრავლესობად აქცევდა.

ეს უმრავლესობა ქვეყნის მთავრობაში თავის ხალხს დასვამდა და მკვდრეთით აღმდგარი “ნაცები” თავზე დაგვასხდებოდნენ, რასაც მიჩვეულები ვიყავით ყველანი “ჩარეცხილთა” კასტიდან.

ამიტომ დასცხეს ტაში ნაცებმა: “ამფერ, ჩვენო მაიაო!”.

თქვე კარგი დედ-მამის შვილებო, ამ ღალატის გასაშიფრად მაინც და მაინც მინისტრების გადადგომა იყო საჭირო? ქვეყანა ხედავდა, მთავრობის რა საოცნებო წევრებიც გყავდათ და თქვენ ვერ ამჩნევდით? თუ ხელს გაძლევდათ, რადგან კოაბიტაციაზე გქონდათ პირობა მიცემული?

ჰოდა, მოიმკეთ, რაც არ გინდოდათ.

თუ გინდოდათ?

ჯერ შიდა ამბოხი მოგიწყვეს მთავრობაში, შემდეგ აქცია რუსთაველზე.

კიდევ კარგი, არ გაუმართლათ. რადგან სხვა განწყობილებაა დღევანდელ საქართველოში ჯერ კიდევ.

“ეს ადამიანები არ იყვნენ მოწოდებულები, რომ სახელმწიფოსთვის ემსახურათ”, დავეთანხმოთ პრემიერს, მაგრამ უფლებაც დავიტოვოთ, პირში ვუთხრათ ჩვენი ეჭვი და სათქმელი, მინიშნებით მაინც.

ფრანგები ჰყვებიან: მუსიე პოლი საღამოობით სამსახურიდან შინ რომ ბრუნდება, კოსტუმს იხდის და კაბას იცვამს. დღისით ბანკში მუშაობს, საღამოთი _ ლგბტელების კლუბში.

ბანკშიც და კლუბშიც ერთსა და იმავე კლიენტებს ემსახურებაო.

ვის ემსახურები, ესაა მთავარი და არა ტანსაცმლით ფერიცვალება.

ფანჯიკიძე გადადგა, მაგრამ მისი მოადგილეებიდან ერთიღა გაჰყვა მხოლოდ _ ზანკალიანი.

ერთი _ იაქე.

ხოლო ერთჯერ ერთი ერთია, რამდენიც გინდა გაიმეორო.

მოკლედ, ჩაეშალა “ამბოხი გემზე” ქალბატონ მაიას, არ დაირღვა და არ  დაიშალა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეგ იყო მხოლოდ, რომ ამ უწყების 11 ვაკანტურ ადგილს, რომელთა დასაკავებლად ორი თვის წინათ კონკურსი იყო გამოცხადებული, ორი ვაკანსია დაემატა.

არც მის სიძეს _ ირაკლი ალასანიას გამოუვიდა “ჯანყი გურიაში”. მოხსნეს თავდაცვის მინისტრობიდან. გულდათუთქულმა თანამშრომლებმა ტაშით გააცილეს ამაყად მიმავალი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი, მარტოსულად თავი რომ არ ეგრძნო აწ უკვე ყოფილს, მოადგილეებიც გაუშვა “თავისუფალ ცურვაში”, ხოლო საკუთრივ მას მთავრობას ჩამოშორებული “ავანტიურისტის, უჭკუო და ამბიციური მინისტრის” ტიტული უბოძა.

სამწუხაროა, რომ ასე უსახელოდ დაამთავრეს სახელმწიფო მოღვაწეობის  კარიერა სახელოვანი მამების შვილებმა _ ფანჯიკიძემ და ალასანიამ.

ბუნებამ ამჯერადაც შვილებზე დაისვენა.

თუ სიტუაცია დაავადდა თავად?!

ამით დავამთავრებდით ჩვენს ლინგვისტურ-მათემატიკურ ძიებებს ნარდის სამღერალ სივრცეში, რომ არა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც დატოვა პოსტი _ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უწყების ხელმძღვანელის და ააელვარა პაროდისტისა და მოყვარულთა დასის მსახიობის საკუთარი ნიჭიერების აქამდე დაფარული მრავალფეროვნება.

ჯერ შევარდნაძეს მიბაძა _ “დიქტატურა მოდის, დემოკრატიას საშიშროება ემუქრება, მე მივდივარ!” საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომას გაუსწორა მხარი, შემდეგ ოტელოს ცნობილი მონოლოგიდან წინადადების ნაგლეჯით გაგვამხიარულა: “მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა”.

ათქმევინეს.

წავიდა.

კიდევ ერთმა ვიღაცამ თქვა უარი რომელიღაც დიპლომატიურ თანამდებობაზე.

ეგ იყო და ეგ.

მოკლედ, ბუზი ხარს რქაზე დააჯდა _ თუ გამძიმებ, ავფრინდებიო. _ ვერც შენი დაფრენა გავიგე, ვერც აფრენას გავიგებო, _ უპასუხა ლომა ხარმა.

იყვნენ _ არ იყვნენ? _ საკითხავი ესეც არ იქნებოდა, რომ არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელმაც  შეშფოთების შემცველი ორი განცხადებით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო გეოგრაფიის (და საერთოდაც) სანიმუშო უცოდინარობით გამორჩეულმა ფსაკიმ დამწყები პოლიჰტიკოსების “ლიკბეზის” სახელმძღვანელოდან პრიმიტიული დებულებები წაგვიკითხა.

აშშ-ს თავისი გასჭირვებია: მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა და ამ პრობლემით დაკავებულმა სახელმწიფო დეპარტამენტმა ფსაკის მიანდო ჩვენი დამოძღვრა, რომელმაც კარგა ხნის წინათ გაცვეთილი მოწოდებით დაგვამუნათა: “ჩვენს ინტერესებში” ყოფილა თურმე სტაბილურობის, ერთიანობის დემონსტრირება და შენარჩუნება, რომელიც ქვეტექსტით ყბადაღებულ კოაბიტაციას გულისხმობს.

მაგრამ ეს გაკვეთილი ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს.

სხვა გაკვეთილებიც გაგვივლია, მაგრამ ვაი, რომ არც დაგვიხსომებია, არც დასკვნები გამოგვიტანია.

თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ საბურთალოს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სააკაშვილის წარდგენისას ამომრჩევლებს უთხრა _ ეს ახალგაზრდა კაცი თქვენი მომავალი პრეზიდენტიაო.

რით დამთავრდა ეს წარდგენა, რით გადაუხადა მადლობა გაპრეზიდენტებულმა მიშამ შევარდნაძეს, ცნობილია.

2012 წლის 15 ოქტომბერს ირაკლი ალასანია ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რომ წარადგენდა, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს უთხრა:

“მეგრელ ხალხს(!) არ შერცხვება, თუ მას დაუდგება გვერდით”, რომ მას (ბიძინა ივანიშვილს) აქვს საფუძველი, ენდოს ალასანიას, რადგან “ის თავისუფლად შეძლებს ქვეყნის მმართველობასაც. სწორედ ასეთმა კაცმა უნდა მართოს ქვეყანა”.

რით დამთავრდა ეს წარდგენა, ვნახეთ და მოვესწარით.

დავით გიორგაძე

P.S. კი არის ნარდი აზარტული თამაში, მაგრამ აჩქარება არ უხდება.

მოვლენების განვითარება პიკს გადასცდა. ვის დაუჯდება დუშაში, სულ მალე ვნახავთ, თუ კვლავ დუბეშის _ ორი ხუთიანის გავლენით მონუსხულებმა უნდა ვიაროთ ევროატლანტიკური კომპასის მიერ ნაჩვენები შაშუბეშა კურსით?

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here