Home რუბრიკები პოლიტიკა პოლიტიკოსი ბურჯანაძე და მისი რანგი, ანუ რატომ არ ინტერესდება პროკურატურა ექსსპიკერით?

პოლიტიკოსი ბურჯანაძე და მისი რანგი, ანუ რატომ არ ინტერესდება პროკურატურა ექსსპიკერით?

547

2014 წლის 5 ნოემბერს ეკა ხოფერიას თოქშოუში ქალბატონი ბურჯანაძე ვიხილე. მჭევრმეტყველების ნიაღვრიდან, რომელიც ახასიათებს ქალბატონი ნინოს ყოველ საჯარო გამოსვლას, ყურში მომხვდა (და დამიზიანა კიდეც) მისი მოსაზრება: “დღეს საქართველოში ჩემი რანგის პოლიტიკოსი ნამდვილად არ არის!” და, ვინაიდან ამ გადაცემის ნაწილი მიეძღვნა 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მიტინგის უმოწყალო დარბევის მეშვიდე წლისთავს, როდესაც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა მხუთავი მომწამლავი ნივთიერებები, ყურადღება გამიათმაგდა! მეც ხომ სრულიად შემთხვევით მოვყევი ამ ისტორიული ცემა-ტყეპა-მოწამვლის ეპიცენტრში.

აი, რა გაიხსენა ქალბატონმა ნინომ (სტილი დაცულია): “აქციებს მე ველოდი. ძალიან შეეშინდათ და მერე მიიღეს არაადეკვატური გადაწყვეტილებები, რომელიც ჩემთვის იყო ისეთივე სიურპრიზი, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისათვის. არანაირი აუცილებლობა აქციის დარბევისა არ არსებობდა! ეს იყო სააკაშვილის გარემოცვის დაჟინება, როგორც მე გავიგე, რომ ხალხს ჭკუა უნდა ვასწავლოთ, რომ მეორედ იგივე არ გაკეთდესო”.

“მისი პოლიტიკური რანგის უდიდებულესობას”, ეტყობა, დაკარგული აქვს დროისა და სივრცის შეგრძნება. ქალბატონ ნინოს ავიწყდება, რომ 21-ე საუკუნეში ცხოვრობს და არსებობს ინტერნეტი, კერძოდ, კეთილი “დეიდა გუგული”, იგივე, “გუგლი”, რომელშიც ყველაფერს მოძებნი, რაც სულსა და გულს მოესურვება. ამიტომ სამჯერ ზედიზედ, თანაც ყურადღებით მოვუსმინე მის გამოსვლას პარლამენტში 2007 წლის 9 ნოემბერს. მკითხველს უნდა გამოვუტყდე, რომ ასეთი გულწრფელი, როგორიც იყო იმ დღეს ქალბატონი ექსსპიკერი, არ მინახავს არც მანამდე და არც, სამწუხაროდ, შემდგომ.

მაშ, არსებობდა თუ არა მიტინგის დარბევის აუცილებლობა? აი, რას ამბობს “2007 წლის 9 ნოემბრის” ნინო ბურჯანაძე (სტილი დაცულია): ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული საზოგადოება შედგა და ქართული სახელმწიფო შედგაკარგად დაუფიქრდით, რა საფრთხე ელოდა ჩვენს ქვეყანასეს იყო მცდელობა ულტიმატუმისა, ეს იყო მცდელობა ცალკეული პოლიტიკური ძალების ხელისუფლების და ქვეყნის დაშანტაჟებისა. ნებით თუ უნებლიეთ, ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ჩართული იმ პროცესებში, რომელსაც ძალიან კონკრეტული გვარი და სახელი მართავდაძალიან კონკრეტული ქვეყნის ინტერესში შედიოდა ეს და ძალიან კონკრეტული ძალის ინტერესებში შედიოდა ის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო არასტაბილურობა და ქვეყანაში ყოფილიყო სერიოზული საფრთხე მომავალი განვითარებისა”…

ნუ იტყვით, თურმე, უდანაშაულო ხალხის ეკზეკუცია სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბების დადასტურებაა! აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებული “კონკრეტული გვარი და სახელი” ბადრი პატარკაციშვილია, ხოლო “ძალიან კონკრეტული ქვეყანა” _ რუსეთი.

პოლიტიკოსი რომ ვალდებულია, იყოს დიპლომატი და ქვეყნის ინტერესების დასაცავად თვით ეშმაკთანაც გამართოს მოლაპარაკება, დღევანდელმა უკიდურესად პოლიტიზებულმა ბავშვმაც კი იცის, მაგრამ დიპლომატიის ანბანი არ იცის “ისეთი რანგის არარსებულმა პოლიტიკოსმა”, როგორიც ქალბატონი ბურჯანაძეა (სტილი დაცულია): მე იშვიათად ვამბობ ადამიანებთან დიალოგზე უარს, მაგრამ არიან ადამიანები და არიან პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც მე და ჩემი კოლეგები დიალოგს არ გავმართავთ. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც მხილებულნი არიან და ვინც ეჭვმიტანილნი არიან კონკრეტულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ამ ადამიანებთან ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს (ტაში დარბაზში _ ავტ.). ყველა დანარჩენ ადამიანებთან დიალოგთან ჩვენ მზად ვართ და მზადა ვართ გონივრული კომპრომისისათვის, რომელიც ქვეყნის ინტერესების შესაბამისობაში იქნება…”

თუ არ ვცდები, ქალბატონი ნინო პროფესიით იურისტია და, აქედან გამომდინარე, მის მიმართ მიჩნდება კითხვა: ეჭვმიტანილი არ არის ბრალდებული, მაშასადამე, ამ ადამიანთან დიალოგის გამართვას ხელს არაფერი უშლის. მერე, “მხილებულნი და ეჭვმიტანილნი კონკრეტულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში”, იმდროინდელი ხელისუფლების აზრით, იყო გაერთიანებული ოპოზიციის უკლებლივ ყველა ლიდერი, “თვითბოკერიას აღმზრდელის _ ლევან ბერძენიშვილის ჩათვლითაც კი. საინტერესოა, ვინ ბრძანდებოდა ისყველა დანარჩენი ადამიანები”, რომლებთანაც ქალბატონი ბურჯანაძე და მისი კოლეგები, ანუნაცებიაპირებდნენ დიალოგის გამართვას? მათ მიერ ნაცემ-ნაბეგვ-მოწამლული საზოგადოება?! მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება _ 2007 წლის ნოემბერში სააკაშვილბურჯანაძის ხელისუფლებას კატეგორიულად არ სურდა ოპოზიციასთან დიალოგი ერთი მიზეზის გამო _ ამ პოლიტიკურ ბანდას ხალხის დაბეჩავება სწყუროდა!

განვაგრძობ ქალბატონი ნინოს შვიდი წლისწინანდელი გამოსვლის ციტირებას (სტილი დაცულია): მე მინდა, გითხრათ და შეგახსენოთ, რომ იმ ავბედით 7 ნოემბერს 1917 წლისა, დღეს უკვე წმინდანად შერაცხულ ნიკოლოზ მეორეს რომ მეტი პოლიტიკური სიმტკიცე გამოეჩინა და იმ წუთში ნაკლები ადამიანური კეთილშობილება, რა აჯობებდა რუსეთისათვის და არა მარტო რუსეთისათვის? ნიკოლოზ მეორის მაშინდელ ადამიანურ სისუსტეს, როგორც პოლიტიკოსის სისუსტეს, მოჰყვა სისხლის მდინარეები კი არა, სისხლის ოკეანეები! ამიტომ არის პოლიტიკოსის და პოლიტიკოსების ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, საკუთარი ნერვების, საკუჰთარი განცდების და ყველაფრის ფასად, რომ არ დაუშვა სისხლის მდინარეების დენა შენს ქვეყანაში, არ დაუშვა ის, რომ შენი ქვეყანა დადგეს ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ”.

ჰმ… დავიწყოთ იმით, რომ ნიკოლოზ მეორემ “ადამიანური და პოლიტიკური სისუსტე” გამოავლინა არა 1917 წლის “ავბედით” 7 ნოემბერს (ძველი სტილით 25 ოქტომბერს), არამედ 9 თვით ადრე _ თებერვალში, როდესაც ტახტიდან გადადგა; შემდეგ, არ მესმის, რატომ თვლის ქალბატონი ნინო ამ დღეს “ავბედითად”?! რომ არა 1917 წლის 7 ნოემბერი, ღარიბი გლეხის ბიჭი და ზესტაფონის ღვინის ქარხნის კასრების მრეცხავი _ პატივცემული ანზორ ბურჯანაძე არათუ რაიკომის მდივანი ვერ გახდებოდა, არამედ დარჩებოდა წერაკითხვის უცოდინარი, ხოლო თვითონ ქალბატონი ნინო, ამ ობიექტური მიზეზის გამო, უტკბილეს სიზმარშიც კი ვერ იხილავდა ბრწყინვალე პოლიტიკურ კარიერას

წმინდა მამების მოსაზრებით, ადამიანში ღმერთმა ჩადო მასთან ერთადერთი პირდაპირი დამაკავშირებელი თვისება _ სინდისი, ანუ ე.წ. შინაგანი ხმა, რომელსაც ძალიანაც რომ ეცადო, ბოლომდე ვერ ჩაახშობ და, მითუმეტეს, ვერაფრით მოისყიდი. პარლამენტის იმჟამინდელ თავმჯდომარეს შემთხვევით არ გახსენებია ნიკოლოზ მეორე. ადამიანს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული და ამაზე, თუნდაც, თითქმის გაგუდული შინაგანი ხმაც ჯიუტად მიუთითებს, დანაშაულის გასამართლებლად მიმართავს წარსულს და გამოჩენილი ისტორიული პიროვნებების შეცდომებზე სპეკულირებს

ვისაც ქალბატონი ნინოს ეს გამოსვლა უნახავს, შეამჩნევდა, რომ a La მარგარეტ ტეტჩერის კოსტიუმში გამოწყობილი თავმჯდომარე თავისი სიმტკიცით მართლაც ტოვებდარკინის თუ ფოლადის ლედისშთაბეჭდილებას. სინანულის არავითარი ნასახიც კი! არავითარი მერყეობა! მხოლოდ და მხოლოდ ცინიზმში გადასული უაპელაციობა! ამიტომ მეტად უცნაურად, ალოგიკურად ისმის “2014 წლის 5 ნოემბრის” ნინო ბურჯანაძის უკვე მოყვანილი სიტყვები (სტილი დაცულია): “…აქციებს მე ველოდი. ძალიან შეეშინდათ და მერე მიიღეს არაადეკვატური გადაწყვეტილებები, რომელიც ჩემთვისაც იყო ისეთივე სიურპრიზი, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისათვის. არანაირი აუცილებლობა აქციის დარბევისა არ არსებობდა”.

ქალბატონ ნინოს ახასიათებს თავის გამართლების ძალზე არაორიგინალური მეთოდი: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის დაქცევის ფაქტებს, ნინო ბურჯანაძეს გამზადებული აქვს ფრაზები: “მე არაფერი ვიცოდი”, “არავინ არაფერს მეკითხებოდა”, “ეს ჩემთვის იყო სიურპრიზიდა . ., ხოლო, როცა საქმე ეხება ქვეყნის გადარჩენის საქმეს, აქ ექსსპიკერი პირველია და მისი გავლენა მოვლენებზე და პირადად სააკაშვილზე უზარმაზარი იყო. მაგალითი? რამდენიც გნებავთ! თუმცა, ერთით შემოვიფარგლები. თეა სიჭინავას 2014 წლის 4 თებერვლის “პოლიტიკის დროში” გავიგე, რომ 2008 წლის აპრილში სააკაშვილი და მისი დამქაშები, ბოკერიას “თამადობით”, გეგმავდნენ აფხაზეთში ომის გაჩაღებას. ჟურნალისტის კითხვას _ რამ გადააფიქრებინა სააკაშვილს აპრილში ომის დაწყება, “2014 წლის 4 თებერვლის” ნინო ბურჯანაძემ ასეთი პასუხი გასცა (სტილი დაცულია): “…სატელეფონო საუბარი სააკაშვილსა და პუტინს შორის, ჩემი თანდასწრებით, ჩემი ინიციატივით შედგა ეს საუბარი. მაშინ პუტინმა უთხრა, რომ, თუ შენ ომს დაიწყებ, იქ დგას ჩემი სამშვიდობო ძალები, მე დავამარცხებ შენს ჯარს, ვცნობ აფხაზეთს და ოსეთს და, პრაქტიკულად, დაგიშლი ქვეყანასოჩემი კატეგორიული რჩევა იყო, რომ მას პუტინისთვის დაერეკა, რომ თავიდან აგვერიდებინა ომი. და მან ეს რჩევა გაიზიარა. ვფიქრობ, რომ ამ სატელეფონო ზარმა განაპირობა, რომ მან ვერ გაბედა ომის დაწყება”.

მადლობის მეტი რა უნდა ვუთხრათ ქალბატონ ნინოს, მაგრამ ისევ რჩება კითხვები: თუ არავინ არაფერს არ გეკითხებოდათ”, “ამაზე არაფერი იცოდითდა . . მაშ, რატომ გაგაგებინეს ისეთი ზესაიდუმლო ამბავი, რომელიც 2008 წლის აპრილში აფხაზეთში ომის დაწყება იყო? ამასთან შედარებითუწყინარიამბავი _ 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევა, მისთვის რატომ აღმოჩნდასიურპრიზი”? 2007 წლის 7 ნოემბერს ქალბატონმა ბურჯანაძემ რატომ არ დაიკავაკატეგორიული პოზიცია”, რატომ არ მოუყვანა, მისივე აღიარებით, “ბრიყვ სააკაშვილს” “სერიოზული არგუმენტებიმიტინგის დარბევის დაუშვებლობაზე?.. აქ მახსენდება ერთი ქართული გამონათქვამი: “აბა, ჩემო მანასე, ხან ისე და ხან ასე”… ესაა უტიფრობა და არა პოლიტიკის მაღალი ხელოვნება!

თუმცა განვაგრძოთ “2007 წლის 9 ნოემბრის” ნინო ბურჯანაძის გამოსვლის გახსენება (სტილი დაცულია): “…მე მინდა, თქვენ იცოდეთ, არ იყო ჩვენთვის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, არც პრეზიდენტისათვის, არც ჩემთვის, არც ამ დარბაზში მყოფი ნებისმიერი ადამიანისათვის, არც სამართალდამცავი ორგანოებისათვის. მე მინდა, თქვენ იცოდეთ და, ალბათ, იფიქროთ ჩემთან ერთად და წარმოიდგინოთ, რამხელა ტკივილი დუღდა, ვიტყვი ამ სიტყვებს, თუნდაც იმ სპეცრაზმელების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გულში, რომლებიც იძულებულები იყვნენ, თავისი მეზობლის, თავისი ნაცნობის, თავისი თანამოქალაქის, თავისი… (აქ ნი ბურჯანაძე აკეთებს საკმაოდ ხანგრძლივ პაუზას _ ავტ.) თუნდაც, შესაძლოა, ნათესავის წინაშეც კი მდგარიყვნენ. მაგრამ, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, ამ ადამიანებმა შეძლეს საკუთარი ტკივილის და საკუთარი სიმძიმის განცდაზე მაღლა დაეყენათ ქვეყნის ინტერესი. ამ ადამიანებმა შეძლეს წარმოდგენა, რა მოჰყვებოდა მათ ამ წუთიერ სისუსტეს. ამ ადამიანებმა შეძლეს თავის თავზე მაღლა დამდგარიყვნენ. …ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე: ან უნდა გადაგვერჩინა ეს ქვეყანა უმძიმესი საფრთხისაგან, სახელმწიფო გადატრიალებისგან ან უნდა გვეთქვა, რომ ჩვენ არ ვართ იმ პასუხისმგებლობის ღირსნი, იმ ნდობის ღირსნი, რაც ხალხმა გამოგვიცხადა”…

, ძნელი მოსაძებნია სიცრუის, ფარისევლობისა და ცინიზმის შერწყმის ამაზე უარესი მაგალითი! “კლასიკაადა მეტი არაფერი!.. ცნობილია: თუ გსურს, საიმედოდ დამალო საგანი, ის უნდა დადო ყველაზე გამოსაჩენ ადგილას. მართალია!

2007 წლის 7 ნოემბრის სასტიკი დარბევის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა _ ვინ გასცა დარბევის ბრძანება? პასუხზე თავს ვიტეხდით და, ბოლოს, მომხდარში ივანე მერაბიშვილი დავადანაშაულეთ. არადა, ამ თავსატეხზე უზუსტესი პასუხი მივიღეთ სულ რაღაც ორ დღეში თვითონ ნინო ბურჯანაძისგან. აბა, გავიხსენოთ: მე მინდა თქვენ იცოდეთ, არ იყო ჩვენთვის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება. არც პრეზიდენტისათვის, არც ჩემთვის, არც ამ დარბაზში მყოფი ნებისმიერი ადამიანისათვის, არც სამართალდამცავი ორგანოებისათვისო.

რომელ “გადაწყვეტილებას” გულისხმობს ქალბატონო ნინო? უეჭველად, დარბევას! პროკურატურა, ალო! გძინავს?! ეს ხომ ჯგუფური დანაშაულის აღიარებაა! რა თქმა უნდა, ივანე მერაბიშვილი ამ საქმეში დამნაშავეა, მაგრამ არა ერთადერთი და არა მთავარი. ამ უნებლიე აღიარებაში დამნაშავეებად დასახელებულია ქვეყნის იმჟამინდელი პირველი პირი _ პრეზიდენტი და მეორე პირი _ პარლამენტის თავმჯდომარე!

ორიოდე მოსაზრება სპეცნაზელების “გულში მდუღარე ტკივილზე”. 2007 წლის 9 ნოემბერს ქალბატონმა ბურჯანაძემ დაარღვია ზნეობრივი კანონი, რომლის შედეგის აღსრულება, ფიზიკური კანონებისგან განსხვავებით, დროშია გაჭიმული. და ეს დრო დადგა 2011 წლის 26 მაისს, როდესაც ქალბატონმა ნინომ, თავისი პოლიტიკური კარიერის გახანგრძლივების მიზნით, “სოროებიდან გამომძვრალიხალხი სასაკლაოზე წაიყვანა რუსთაველის გამზირზე. საიდან იცის “ასეთი რანგის პოლიტიკოსის არარსებობამ”, რომ ცემით მოკლულ ჩემი ბავშვობის მეგობრის _ ნიკა კვინტრაძის სხეული “მდუღარე ცრემლებით” არ “დანამეს” მისმა მკვლელებმა? ან საიდან იცის ორი შვილის დედამ, რომ ჩემი ნაცნობი ჟურნალისტის _ ბექა სივსივაძის ზურგის პლასტიკური ტყვიებით “ამჭრელებელმა” ზონდერმა ცოდვების მოსანანიებლად არ დატოვა სარფიანი სამსახური, არ გადაიხვეწა უდაბნოში და, მარიამ ეგვიპტელის მსგავსად, თავს არ იმარხავს მის გავარვარებულ ქვიშაში? ეგებ, ქალბატონო ნინო, ამ გარეგნულად უმოწყალო, სასტიკ ზონდერებსაც ტკივილისგან გულები უსკდებოდათ, მაგრამ, უკვე მეორედ ამ ქვეყნის ისტორიაში, ამ ადამიანებმა შეძლეს საკუთარ ტკივილსა და საკუთარ განცდაზე მაღლა დაეყენებინათ ქვეყნის ინტერესი? რა იცით, ქალბატონო ნინო, რომ 2011 წლის 26 მაისსამ ადამიანებმა შეძლეს წარმოდგენა, რა მოჰყვებოდა მათ იმ წუთიერ სისუსტეს”. იქნებ, იმ ღამეს ამ  ზონდერებმაც მოახერხესსაკუთარ თავზე ამაღლება”? თუმცა, საერთოდ, რა იცით თქვენ, ქალბატონო ნინო? აღარაფერს ვამბობ იმ გაუგონარ სიცრუეზე, რომელიც თავის გამოსვლაში “მოიშველია” იმჟამინდელმა სპიკერმა (სტილი დაცულია): დღეს საქართველოს პატრიარქმა ჩემთან დილით შეხვედრისას ბრძანა ერთი ძალიან, ჩემთვის და თქვენთვის, ალბათ, მნიშვნელოვანი ფრაზა. მან თქვა, რომ ქვეყანამ გაიმარჯვაქვეყანამ გაიმარჯვა, ქვეყანამ გაუძლო დიდ გამოცდას და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მოკლე ვადაში გადავა აბსოლუტურად ნორმალურ რეჟიმში და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ამაყად ვიტყვით, რომ ქვეყანა შედგა!”

პატრიარქი დარბევის ფაქტს “ქვეყნის გამარჯვებად” ვერ სცნობდა. ძალიან კარგად მახსოვს, ეკლესიის არაორაზროვანი დამოკიდებულება მიტინგის დარბევის მიმართ. სწორედ ეკლესიამ დაგმო ხელისუფლების დანაშაული! და კიდევ ერთი კითხვა ქალბატონ ბურჯანაძეს _ ქვეყანა შედგა ძალიან მოკლე ვადებში? 2007 წლის 9 ნოემბერს თქვენ ხომ ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდით

ან რომელ პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია ქალბატონ ნინოს, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ხელიდან გაუშვა ძალაუფლების მოპოვების უნიკალური შესაძლებლობა?! ბურჯანაძის ადგილას მართლა მაღალი რანგის, ანუ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი მოუწოდებდა ხალხს, დაემხოთ გაქცეული ხელისუფლება, ხოლო შიშით პარალიზებული, დეზერტირიმთავარსარდალიდაეპატიმრებინათ და სასწრაფოდ გაესამართლებინათ. მაღალი რანგის პოლიტიკოსი სააკაშვილსა და მის ხროვას გამოაცხადებდა ქვეყნის მოღალატეებად და სახელმწიფოებრივ ბოროტმოქმედებად, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული საკუთარი მოსახლეობის, კერძოდ, ქართველებისა და ოსების წინაშე. შემდეგ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გადაფრინდებოდა მოსკოვში და ყველაფერს გააკეთებდა, რათა რუსეთს არ ეცნო დამოუკიდებლობა საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისა _ აფხაზეთისა და შიდა ქართლის! როგორ მოიქცა ნინო ბურჯანაძე სახელმწიფოსთვის იმ საბედისწერო დღეებში? აი, რას იხსენებს ის: როცა რუსები თბილისისაკენ დაიძრნენ, მე დავურეკე მიშას და ვუთხარი, რომ შევკრიბავდი ქალებს და გადავეღობებოდი რუსების ტანკებს. შევეკითხე: ოღონდ მითხარი, როგორ მოვკვდე _ დროშით თუ ავტომატით ხელში”…

როგორც ხედავთ, ქალბატონი ნინო მზად იყო, გაეწყვიტა ქართველი მდედრი, ოღონდაც მის მიშიკოს ხელისუფლება შეენარჩუნებინა. ეს სიტყვები ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ეს მან ერთერთი ცნობილი გაზეთის ფურცლებზე განაცხადა

და ამის მერე ამ ქალბატონს ჰყოფნის თავხედობა ამნაირი სიყალბის გავრცელებისთვის: დღეს საქართველოში ჩემი რანგის პოლიტიკოსი ნამდვილად არ არის”…

ღმერთმა აცილოს ჩვენს ქვეყანას ბურჯანაძის მსგავსი პოლიტიკოსები!

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here