Home რუბრიკები საზოგადოება ღორიგარქიის ზეიმი საქართველოში

ღორიგარქიის ზეიმი საქართველოში

711

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას

რამდენიმე ხნის წინათ თქვენს გაზეთში გამოქვეყნდა ჩემი წერილი “ღორები”. მას შემდეგ იმდენი ღორობა მოხდა საქართველოში, რომ, ვფიქრობ, ეს მოვლენა ჩვენში პოლიტიკური მმართველობის ნიშნად იქცა. ამის დასტურია ბოლო მოვლენა: პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ოთხ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ბრალდება წაუყენა, თავდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა კი პროკურატურა უაპელაციოდ დაადანაშაულა პოლიტიკურ(?) დევნაში.


ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენში სრულიად აშკარაა მმართველობის ახალი, უპრეცენდენტო ფორმა _ ღორიგარქია.

პატივისცემით,

ზურაბ ცუცქირიძე,

პედაგოგიკის დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი

იმისათვის, რაც ახლა უნდა ვთქვა, ბოდიშს ვუხდი ბიოლოგიურ ღორებს. მათზე აუგი არ მაქვს სათქმელი. ამჯერად სოციალურ ღორებზე უნდა ვილაპარაკო. საწყალ, ნამდვილ, ანუ ბიოლოგიურ ღორებს სხვა ოთხფეხებზე ცოტა მეტი მადა აქვთ, თორემ სოციალურ, ანუ ორფეხა ღორებთან შედარებით უმადობა სჭირთ ნამდვილად.

რატომ დამჭირდა ამ მეტად სასარგებლო შინაური ცხოველის გახსენება და თანაც მათთვის ბოდიშის მოხდა? იმიტომ, რომ ახლახან ადამიანთა ისეთი საქციელის მოწმენი გავხდით, რომელიც ტრადიციული და არატრადიციული ზნეობის ყველა ნორმასა და წესს სცილდება…

ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნების კვირაძალზე თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ანუ ხალხის რჩეულებმა, მათი უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოასწრეს და ხელფასების სამმაგი(!) ოდენობის პრემიები გამოიწერეს!

ჩვენი ხელისუფლებისგან, ძველია ის თუ ახალი, ყველაფერს უნდა მოელოდე კაცი, მაგრამ ამგვარი ღორობა ნამეტანია! როცა მოსახლეობა სულს ღაფავს, პენსიონერებს შუქისა და გაზის გადასახადებისთვის ძლივს ჰყოფნით უბადრუკი 150 ლარი (თუ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელნი არიან და წამალი არ სჭირდებათ), მათ მიერ არჩეული დეპუტატები კი სამიათასიანი ხელფასების სამმაგი ოდენობის პრემიებს იწერენ, ღორობის გარდა, რა ეწოდება ამას?

არა, შეიძლება, უფრო უარესი სახელიც მოეძებნოს ამგვარ საქციელს, მაგრამ გაზეთში ამის დაწერა არ ივარგებს, ისინი თუ არა, ჩვენ ხომ მაინც ვართ ხალხი?!

ღორობა ღორობაა, მაგრამ თავიანთი ღორობის გამართლება როგორ სცადა საკრებულოს (ჰმ!) თავმჯდომარემ, თუ იცით? იცით, აბა, რა! ვის არ დაამახსოვრდებოდა მისი ღრმად ინტელექტუალური (ჰო, ნიჭიერი!) ახსნა: ამხელა პრემიები რომ დავირიგეთ, ჩვენთვის კი არ გვინდოდა, გაჭირვებულების დასახმარებლად ქველმოქმედებას ვაპირებდითო. ესეც არ იყოს, რა, არ გვეკუთვნის მაღალი პრემიები და ხელფასები, თუ რაო; რასაც ჩვენ თქვენს საკეთილდღეოდ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთო

არაფერს ვაჭარბებ და არც ვაშარჟებ. ზუსტად ასე თქვა იმ დედაგანათლებულმა და მამაცხონებულმა საღორის, უკაცრავად, საკრებულოს თავმჯდომარემ.

რას ეტყვი: დაამუნათებ და დატუქსავ თუ ვინმეს კარგ საქციელზე მიუთითებ?! რომ გვითხრას, ჩვენზე მაღლა მდგომმა მთავრობამ მოგვცა მაგალითიო? თავდაცვის მინისტრი პრემიას 80 ათას ლარს იღებს და ეს მისი ხელფასის რამდენი პროცენტიაო, რომ გვკითხოს, რას ვეტყვით მაშინ? ვეტყვით, რომ მომავალი დიდგორისა და ბასიანის ბრძოლებში გამარჯვებისა და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველოს საზღვრების გაფართოებისთვის მიიღო ავანსადო? იქნებ ვუთხრათ კიდეც, მაგრამ გვიპასუხებს, ბოლო სამ დღეში ჩვენც ვაპირებდით თბილისისა და თბილისელების აშენებასო. რატომ ვერ გვეტყვის, ჭკუა დაუშლის თუ კაცობა?!

…როგორც იქნა, ავირჩიეთ ახალი საკრებულო და ახალი ქალაქის მერი, რომლებიც დაგვპირდნენ, _ ამ უსაშველო პრემიებს ბოლოს მოვუღებთო; მეტიც, აწი პრემიას სულაც აღარ ავიღებთო. ქალაქის ხელისუფლების ამ საქციელს მაგალითის ძალა ექნება და ხელისუფლების უფრო მაღალ და დაბალ ეშელონებშიც უარს იტყვიან პრემიებზე, გამოთავისუფლებულ თანხებს კი ხალხზე ზრუნვას მოახმარენ-მეთქი, _ ვიფიქრე, მაგრამ ხალხი ფიქრობდა, მერია იცინოდაო, _ ასეა ჩვენი საქმე. პრემიებზე უარი კი თქვეს (ჯერჯერობით) მერიის მაღალჩინოსნებმა, მაგრამ არც თუ ისე ახალი მერის _ დავით ნარმანიას განკარგულებით, დედაქალაქის ვიცემერს _ 3540, მერის მოადგილეს _ 3360, მერიის ადმინისტრაციის უფროსს _ 3180, მის პირველ მოადგილეს _ 2000, “უბრალო” მოადგილეს 1800 ლარის ოდენობის ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაუნიშნეს…

ცნობისათვის: ექიმისა და პედაგოგის ხელფასი 400 ლარს არ აღემატება, საპენსიო ასაკის ხალხს პენსია საერთოდ არ აქვს. ის საცოდავი 150 ლარი ყოველთვიური შემწეობაა, მათხოვრებს რომ უწყალობებენ ხოლმე, ისე!

ახლა საჯაროდ ვსვამ კითხვას: ასე გაღორებული ხალხი რომ არის ხელისუფლებაში, რა ეწოდება მმართველობის ამ ფორმას, დღემდე არსებულ არც ერთ ფორმას რომ არ ჰგავს? ეს არც მონარქიაა, არც დიქტატურა, არც ოლიგარქია და, ღმერთო, მაპატიე, არც დემოკრატია. აბა, რა არის? _ რა არის და ღორიგარქია! დიახ, საქართველოში დღეს ღორიგარქია ზეიმობს!

ჩვენი ხელისუფლების ქმედებებს კი მოვუძებნე, მგონი, ზუსტი სახელი, მაგრამ ჩვენ თვითონ ვინ ვართ, რა ჯიშისა და ჯილაგისანი, ვინ მეტყვის ამას? ხალხი ვართ, ვითომ? კი გვითხრა დიდმა ილიამ საუკუნე-ნახევრის წინათ, ვინც ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ დიდად შევიცვალეთ? ღირსება გაგვიქრა და განათლებასა და განსწავლულობას ვუწოდებთ იმას, რაც ჩვენი ლიბერალური უბადრუკობითა და დემოკრატიული კრეტინიზმით გამოიხატება.

ილიას პერიოდში თუ ქართველთა 80%-მა წერა-კითხვა არ იცოდა, ტელევიზორი და რადიო არავის ჰქონდა, მაგრამ ახლა ხომ ამდენივე პროცენტი ინტერნეტშია ჩართული და ნუთუ მაინც ისეთივე ყრუები და ბნელები ვართ, როგორც საუკუნე-ნახევრის წინათ იყვნენ ჩვენი წინაპრები? სამი ქართველი, ერთად თავი რომ მოიყაროს, ოთხ პარტიას შექმნის. ვერ ვხედავთ ამას ათკაციანი და 1%-იანი რეიტინგის მქონე პარტიათა ბოსებს 20-30- ათასლარიანი ხელფასები რომ აქვთ, იმათ აქციებზე სიარულითა და ტაშისკვრით ვიკლავთ თავს?

ვინ არიან ეს მაწაკი გოგოები და შაშუ-ბეშა ბიჭები, რომლებმაც პოლიტიკოსები დაირქვეს და ჩვენს წინამძღოლობას იჩემებენ? რატომ არ ვკითხულობთ, ვისი ფულით დადიან უცხოეთში და რას ლაპარაკობენ ჩვენი სახელით? არ ვკითხულობთ და, ამ “პოლიტიკოსებმა” რაც დაგვმართეს 1990-1992 წლებში, 2008-ში და შემდგომ, ის დაგვემართება ახლაც! ვიდრე არ მივხვდებით, რომ ჩვენი მშველელი არც ედიკაა და არც მიშა, არც შალიკო და არც ბიძო, მანამდე არაფერი გვეშველება!

ღირსეულმა ხალხმა როგორ უნდა დაუშვას, რომ მისი წინამძღოლობის მოწადინე იყოს მაიმახი, ცალტვინა და ბრიყვი? მარტო მოწადინე კი არა, კიდევაც ისრულებდეს წადილს!

ჭკვიანი კაცი სხვათა შეცდომებზე სწავლობსო, _ ნათქვამია. ჩვენ, სხვის შეცდომებზე კი არა, საკუთარზეც ვერაფერს ვსწავლობთ. ასეთი მასობრივი გამოთაყვანება, ჩვენ რომ გვჭირს, სხვაგან არ შეიმჩნევა.

ჩვენი ღორები მარტონი არ არიან. მათ უკან დგანან ძლიერი მტაცებლები, რომლებიც ანგელოზის ნიღბებით ეჩვენებიან ჩვენს ბრიყვ საზოგადოებას და ბრძენის მანტიამოსხმულები გვმოძღვრავენ: თქვენს ხელისუფალთ, მართალია, ღორული სიფათები და საქციელი აქვთ, მაგრამ, სინამდვილეში, დემოკრატიის შუქურები არიან, რომლებიც წარგიძღვებიან ბედნიერი მომავლისკენ, ანუ ნატოსკენო.

იმ მტაცებელთა შორის ზოგჯერ სხვებზე გულწრფელიც გამოერევა ხოლმე და პირდაპირ გვეუბნება: მართალია, თქვენი ხელისუფალნი ნამდვილი ღორიშვილები არიან, მაგრამ, იცოდეთ, ისინი ჩვენი ღორიშვილები არიან და პატივისცემით მოექეცითო.

ჩვენს ხალხსაც მეტი რა უნდა?! საკუთარ კაციშვილებს ძლიერი უცხოელის ღორიშვილები ურჩევნია!

ლეგენდა თუ მითი, ჩვენი ხალხის გამორჩეული თავმოყვარეობისა და სიამაყის შესახებ, ჩვენ თვალწინ გაქარწყლდა. რა ითვლებოდა ყველაზე უღირს საქციელად წარსულში (და ახლაც)? _ მათხოვრობა! ჩვენში მათხოვარს გლახა ერქვა, უფრო ზუსტად, _ ღვთის გლახა, თუმცა გლახა გლახაა, ღვთის არის თუ ანგელოზის. გაიარეთ ქალაქში და ნახავთ, სავსეა ქუჩები ქართველი მათხოვრებით. აბა, ვინმეს თუ უნახავს ქურთი მათხოვარი ჩვენს ქალაქში? ვერ ნახავდა. გამოდის, თბილისში ყველაზე ღირსეული ხალხი ქურთები ყოფილან. ქართველებს კი გვეგონა, რადგან ისინი ქუჩებსა და ეზოებს გვიდნენ, რაღაცით ჩვენზე ნაკლებები იყვნენ!

ვაი შენ, ბრიყვულო უმეცრებავ და უმეცრებაზე დამყნილო ქედმაღლობავ!

რა ვქნათ, ვის მივაკითხოთ რჩევისთვის? იქნებ, ისევ იმ პოლიტიკურიპარტიებისიმედად ვიყოთ, რომელთა ლიდერები უცხოური ძღვენით (გრანტით!) ივსებენ გაღორებულ მუცლებს! ხომ ვცადეთ ბევრჯერ და არ გამოვიდა ამისგან არაფერი. არც გამოვა, ვიდრე ჩვენს ფესვებთან არ დავბრუნდებით, ვიდრე ჩვენს დიდ წინაპრებს არ დავუგდებთ ყურს და ვიდრე ეშტონი თუ რასმუსენი იქნებიან ჩვენი საქმის გამრიგენი. შოთა რუსთაველსა და ილია ჭავჭავაძეს, დავით გურამიშვილსა და ვაჟაფშაველას მივაკითხოთ და იქნებ მივხვდეთ, რომ ჩვენი თავიჩვენ უნდა გვეყუდნოდეს”, იქნებ ვირწმუნოთ, რომ, “ვინც არ არის კახაბერი”, მას ნუ ვიტყვით კახაბერად; იქნებ დავიჯეროთ ბოლოს და ბოლოს, რომსჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, რომთავია სიცრუე, ყოვლისა უბადობისადა ჭიტლაყი ამოვკრათ იმ ღორებსა და ძაღლიშვილებს, ამდენი წლის განმავლობაში რომ გვატყუებდნენ, თვითონ და მათი ნაშიერნი კი სრასასახლეებს იდგამდნენ აქ თუ სხვაგან!

ვინც სრულ ჭკუაზეა და კაცობაც არ დაუკარგავს, ალბათ,  დაინახავს, რომ ჩვენი ხელისუფალნი (და, საერთოდ, ხელისუფლება) არა მხოლოდ გაღორდნენ, არამედ გაგიჟდნენ კიდეც ან ჩვენ გვთვლიან გიჟებად. აი, მაგალითად, “ოცნების” ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი, თითქმის მთლად ლიდერი ვაჟბატონის ცოლი და დეპუტატი დღეში ცხრაჯერ, კაპასი ბიცოლაჩემის მსგავსად, გაჰყვირის ტელეეთერში: არჩევნებმა აჩვენა, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ჩვენი ოპოზიცია, გაქრა პოლიტიკური სივრციდანო. ფა-ფუ, გაქრაო! სააკაშვილის ყოფილი ნოტარიუსი ვაჟბატონი, ანუ პარლამენტის ყოფილი სპიკერი დასცინის ამ იურისტ ქალბატონს, _ 27  მეტიაო 6-ზე. დასცინებს, აბა, რა! “ნაციონალებმა” მეორე ადგილი აიღეს არჩევნებზე _ ხმების 27%-ით; მესამე ადგილზე გასულმა, მგონი, 7% მოაგროვა (თბილისის მერის არჩევნებს ვგულისხმობ)და 27 მართლაც მეტია 7-ზე, რაც, არა მგონია, იმ ბიცოლაჩემის მსგავსმა კაპასმა ქალმა არ იცოდეს, მაგრამ ეჭვი მაქვს (ძალიანაც გონივრული), რომ ჩვენ გვაბითურებს ორივე _კაპასი ბიცოლაჩემის მსგავსი, ოღონდ მისგან განსხვავებით, უზარმაზარი ხელფასით გაღორებული ქალბატონი და ასევე გვარიანად გაღორებული ყოფილი ვაჟბატონი სპიკერი.

კი, გვაბითურებენ ნამდვილად! ვითომ ჩხუბობენ, ჩვენ დასანახად, ცხადია, ისე კი ერთმანეთთან ჩახუჭუჭებული არიან!

ანდა ეს რად ღირს: ქვეყანა თავზე გვემხობა და ვითომ ქართული ტელევიზიები დღედაღამ იმაზე მსჯელობენ, სიყვარულით ესალმებიან თუ არა ერთმანეთს პრეზიდენტი (მეტი არაა ჩვენი მტერი, ის პრეზიდენტი არ იყოს!) და პრემიერმინისტრი (ანუ, როგორც ვასიკო ოდიშვილი ამბობს, პრემიეროვიჩი)!

ასე აღარ შეიძლება! უკან დასახევი გზა, ანუ მოსაცდელი დრო უკვე აღარ გვაქვს! როგორც 1941 წლის დეკემბრის ერთ სუსხიან დღეს ლეგენდარულმა სამხედრომ მოსკოვის მისადგომებთან სანგარში მყოფ 28 ჯარისკაცს მიმართა: “რუსეთი დიდია, მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. არც ერთი ნაბიჯით უკან! ჩვენ უკან მოსკოვია!”, ანუ სამშობლოაო და არც დაუხევიათ: 28 ჯარისკაცმა 25 ტანკი ააფეთქა, თვითონაც დაიღუპნენ, მაგრამ სამშობლო გადარჩა!

ასე თუ არ მოვიქცევით, ჩვენც ისეთივე ღორები ვიქნებით, როგორიც ჩვენი ახალი თუ ძველი ხელისუფლებაა!

ასეა ჩვენი საქმე ახლა!

ზურაბ ცუცქირიძე

 

1 COMMENT

  1. მართალი ხარ ბატონო ზურაბ მართალი მაგრამ რადგინდა გისმენსვინმე,რო.ერთი ანდაზისა არიყოს ,,ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის".

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here