Home რუბრიკები პოლიტიკა ვილი ვიმერი: ოცნება საერთო ევროპულ სახლზე ნატომ დაამსხვრია!

ვილი ვიმერი: ოცნება საერთო ევროპულ სახლზე ნატომ დაამსხვრია!

716

“საერთო ევროპულ სახლზე” ოცნება მას შემდეგ დაიმსხვრა, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოსკოვსა და ევროპას შორის ჩადგა”, _ განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, გერმანელმა პოლიტიკოსმა ვილი ვიმერმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ნატოს სურს მხოლოდ ერთი რამ: რუსეთის დამორჩილება და მისი რესურსების ხელში ჩაგდება.


გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ვილი ვიმერმა გერმანული გამოცემა Freie Weldt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კაცობრიობა ახლა ცვლილებების წინაშეა, მაგრამ მთავარია, ეს ცვლილებები ურთიერთნდობისა და გაგების ატმოსფეროში მიმდინარეობდეს და არა ისე, როგორც ამას აკეთებენ ამერიკელები, რომლებიც “გლობალური პოლიტიკური ომის” გზას დაადგნენ.

აშშმა იუგოსლავიაში ომის დაწყებით ძირი გამოუთხარა საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს. ამ ომმა ეუთო ხერხემალში გადატეხა. ახლა კი ნატო გამუდმებით იტყუება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეუთომ არაერთხელ განაცხადა, უკრაინის კონფლიქტში რუსი სამხედროები არ მონაწილეობენო. გარდა ამისა, ამერიკელები ცდილობენ ახლო და შორეული აღმოსავლეთის რუკის გადაკეთებას. საითაც უნდა გაიხედო, ყველგან კონფლიქტი და ომია. იქ კი, სადაც ჯერ არ ისმის სროლების ხმა, ყოველი შემთხვევისთვის, ნაღმებია ჩადებული.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ ჩვენ და რუსები შევძლებდით “საერთო ევროპული სახლის” აშენებას, კანადა და აშშ კი ჩვენი პარტნიორები გახდებოდნენ, მაგრამ ეს ოცნება მაშინ დაიმსხვრა, როდესაც ნატო ევროპისა და რუსეთის საზღვარზე ჩადგა. ათწლეულობის განმავლობაში რუსეთს ხმის ამოღების უფლებას არ აძლევდნენ, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარად არის. ნატო ცდილობს რუსეთის იზოლირებას. ან დაგვმორჩილდით და მოგვეცით თქვენი სიმდიდრეები, ან ევროპიდან გაგაძევებთ _ ასეთია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გზავნილი. რუსეთს სანქციებს უწესებენ და მის ეკონომიკას ძირს უთხრიან ნავთობზე ფასების მანიპულირებით. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა სსრკ-ის დაშლის წინაც. და რადგან დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის სასარგებლო წიაღისეულზე კონტროლის დაწესება ისეთი ფირმების მეშვეობით, როგორიც არის “იუკოსი”, ახლა ამ მიზნის მიღწევას მრავალმხრივი ეკონომიკური ზემოქმედებით ცდილობს და რუსეთისგან “უპირობო კაპიტულაციას” მოითხოვს.

მართვის შესანიშნავი ინსტრუმენტია, აგრეთვე, ამერიკული დოლარი, თუმცა ეს აშშ-ის აქილევსის ქუსლიც არის. სადამ ჰუსეინი და მუამარ კადაფი სწორედ მსოფლიოს ფინანსურ ბაზარზე ამერიკული დოლარის ჰეგემონიის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების გამო გამოასალმეს სიცოცხლეს. თუმცა BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა _ რედ.) გაცილებით სერიოზული მოწინააღმდეგენი არიან, ვიდრე ლიბია და ერაყი.

ვაშინგტონი თავს ცივ ომში გამარჯვებულად თვლის და რუსეთს ქედმაღლურად დასცქერის. ამერიკელები აგრესიას ავლენენ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელსაც დამოუკიდებელი პოზიცია უკავია. ასეთივე დამოკიდებულება აქვთ თავიანთი მოკავშირეების მიმართაც, რომლებიც ანკესზე ჰყავთ წამოგებული.

ჰელმუტ კოლს არ მოსწონდა ასეთი ურთიერთობები, მით უმეტეს, ისეთ დიდ ქვეყანასთან, როგორიც რუსეთია. ის ხომ ჩვენი საერთო მეზობელია?! გერმანელი პოლიტიკოსების ძველი გვარდიის წარმომადგენლები, რომელთა რიგებშიც არიან ჰელმუტ შმიდტი, გერჰარდ შრიოდერი და ჰანს-დიტრიხ გენშერი, გმობენ გერმანიის ამჟამინდელ საგარეოპოლიტიკურ კურსს, თუმცა ამ პოლიტიკოსებს აკრიტიკებენ და დისკრედიტებასაც კი ცდილობენ ე. წ. მეინსტრიმული მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულნი არიან სიცოცხლისთვის სახიფათო ჯოგური ჟურნალისტიკით. ისინი არად დაგიდევენ ევროპულ კრედოს: Dubito, ergo, cogito; cogito ergo sum (“ვეჭვობ, ესე იგი, ვაზროვნებ; ვაზროვნებ, ესე იგი, ვარსებობ”)!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here