Home რუბრიკები საზოგადოება ლუდის სმაში დამყარებული რეკორდი და ანდროპოვის ნაჩუქარი ოქროს საათი

ლუდის სმაში დამყარებული რეკორდი და ანდროპოვის ნაჩუქარი ოქროს საათი

2253

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის ყოფილი გამგე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო და ეროვნული აკადემიების აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი, ღირსების ორდენის კავალერი, მსოფლიო ჩემპიონი და რეკორდსმენი ლუდის სმაში და გინესის რეკორდების წიგნის ლაურეატი _ ეს რეგალიები ერთ კაცს _ დემურ დანელიას ეკუთვნის, რომელიც დღეს ჩვენი რესპონდენტია.


_ 1937 წელს 25 თებერვალს დავიბადე. მამა, კონსტანტინე დანელია, მათემატიკოსი იყო; დედა, ქეთევან ფარცხალაძე _ ფილოლოგი. სამი თვის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ტროცკისტობის ბრალდებით დააპატიმრეს. მამა 25 წლის იყო, დედა _ 23-ის. მამა დახვრიტეს. მე კი, როგორც “ხალხის მტრის შვილს”, საბავშვო ბაღშიც არ მიღებდნენ, ბებია და ბაბუა გაჭირვებაში მზრდიდნენ. “ტელეგრეიკაც” კი ნაჩუქარი მეცვა, რომელიც ჩემთან ერთად დიდდებოდა _ ვიზრდებოდი და ჩემს “ტელეგრეიკას” ბებია სახელოებსა და გვერდებში ნაჭრებს აკერებდა. პლეხანოვზე გავიზარდე, “სვოი” ბიჭი ვიყავი, მაგრამ ცუდი არასდროს გამიკეთებია. რომ გამეკეთებინა, ვინ იყო ჩემი პატრონი, მყისვე ციხეში მიკრავდნენ თავს. ისე, ჩხუბში ვისაც “დავაკერებდი”, ფეხზე ვეღარ დგებოდა. დოცენტი რომ გავხდი, ყველა მეზობელმა დაიბრალა, ჩემს სახლში გაიზარდაო. ერთხელაც ყველა შევკრიბე და ვკითხე, ბოლოს და ბოლოს, რომელმა გამზარდეთ, პატივი რომელს გცეთმეთქი?..

_ რომელ ინსტიტუტში ჩააბარეთ?

_ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამშენებლო ფაკულტეტზე. ოქროს მედალმა არც იქ გაჭრა და, ნაცვლად იმისა, რომ უგამოცდოდ მივეღე, ორ დღეში 11 გამოცდა ჩამაბარებინეს. 11 ხუთიანით ჩავირიცხე. ინსტიტუტი წარმატებით დავამთავრე და სწავლა ასპირანტურაში განვაგრძე.

_ ცნობილია, რომ ლუდის სმაში მსოფლიო რეკოდსმენი ხართ. გვიამბეთ ამის შესახებ

_ 1970 წელს მივლინებით მიუნხენში ვიმყოფებოდი. ერთ-ერთი ბარის შესასვლელში ცნობილი ამერიკელი ძალოსანის _ პოლ ანდერსონის სურათი დავინახე გამოკრული. 1968 წელს მას ლუდის სმაში მსოფლიო რეკორდი დაუმყარებია _ ერთ საათში 8 ლიტრი დაულევია. ეს ჩემპიონატი მიუნხენში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. მაშინვე ვიფიქრე რეკორდის მოხსნაზე, მაგრამ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის საჭირო თანხა არ მქონდა. 1974 წელს კვლავ მოვხვდი მიუნხენში, სადაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩავყევი ჩვენს დელეგაციას. ჩემთან ერთად იყვნენ: მიშა მესხი, ძმები ჯეჯელავები, ანზორ ჭკუასელი, ნესტორ ჩხატარაშვილი… როცა ლუდის სმის ჩემპიონატის შესახებ მიშა მესხს ვუამბე, აღარ მომეშვა, ფულს მე გიშოვი, ოღონდ არ შემარცხვინოო. დელეგაციის წევრებს ჯიბის ფულად 60 დოლარი ჰქონდათ. მათ მიშამ 50-50 დოლარი გამოართვა, შესატანი თანხის ნაწილი კი მიუნხენში მცხოვრებმა ჩემმა ნათესავებმა _ ცნობილმა მეცნიერებმა, ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეებმა, გაიღეს. ეს შეჯიბრება ოლიმპიურ სოფელში მდებარე ბარ “ამერიკანოში” 30 ივნისს გაიმართა. რეკორდის მოხსნის შემთხვევაში 2500 დოლარით გაჯილდოებდნენ. მიშა მესხი ამ დღისთვის საგანგებოდ მამზადებდა, მლაშე საჭმელს მაჭმევდა და თან უკან დამდევდა, _ ჩუმად რამე არ გადაყლურწოსო. იმდენი მარილიანი კერძი ვჭამე, ენა სასაზე მეწებებოდა. თანაც ვფიქრობდი, შეჯიბრებაში 15 კაცი მონაწილეობს და რეკორდი რომ ვერ მოვხსნა, რა მეშველება, მთელი დელეგაცია შიმშილით დაიხოცება-მეთქი. შეჯიბრებას 500 კაცი ესწრებოდა. ცნობილი რუსი სპორტსმენები _ ბობროვი, სიმონიანი და ნიკოლაევიც წამოვიდნენ. პირობები ისეთივე იყო, როგორც ჭადრაკში _ კათხას ხელს თუ მოჰკიდებდი, უკან აღარ უნდა დაგედგა, ლუდი უნდა დაგელია. ყველა მაგიდასთან პატარა მილით მოდიოდა ლუდი და ლიტრიანი კათხა ივსებოდა. ერთი საათის განმავლობაში ღილაკს რამდენჯერაც მიაჭერდი თითს, იმდენჯერ ივსებოდა კათხა. საჭმელ-სასმელით კი გადავსებული იყო მაგიდები. როგორც კი დავჯექი, ხუთი ლიტრი გადავყლურწე. ეს რომ დაინახეს, რამდენიმე მონაწილე მაშინვე წამოხტა და გაიქცა. არადა, ფული გადახდილი ჰქონდათ, ეჭამათ, ესვათ და მერე წასულიყვნენ, ვინ უშლიდათ?

28 წუთში 13 ლიტრი ლუდი დავლიე და მეტი აღარ ჩამომისხეს. ერთი ამბავი ავტეხე… ამ მომენტში მოვიდა მიშა მესხი და მეუბნება, ბარის მეპატრონეები ამბობენ, ოღონდ გაჩერდეს და ფულს დავუმატებთო. მეტი რომ დამელია, ჩემი რეკორდის მოხსნას ვინღა გაბედავდა? მოკლედ, ოღონდ თავი დაგვანებეო და 500 დოლარი დამიმატეს. ბარ “ამერიკანოში”, ანდერსონის ფოტოს ნაცვლად, ჩემი ფოტო გამოაკრეს. ნასესხები ფული დელეგაციის წევრებს დავუბრუნე, თანაც ყველა მათგანს მადლობის ნიშნად სტერეომაგნიტოფონები ვუყიდე.

იმ საღამოსვე სასტუმროში საელჩოს წარმომადგენელი მომადგა და მოგებული ფულის ჩაბარება მომთხოვა. არადა, სადღა მქონდა ის ფული და თანაც, საჩუქრების ამბავიც არ დაიჯერა… მოსკოვის აეროპორტში ტრაპთან 2 “კაგებეშნიკი” დამხვდა შავი “ჩაიკით”. უშიშროების იმჟამინდელ თავმჯდომარე იური ანდროპოვთან მიმიყვანეს. როგორც კი მის კაბინეტში შევედი, საყვედურებით ამავსო _ არცხვენ საბჭოთა მოქალაქის სახელს და უზნეო კაპიტალისტებს აჰყოლიხარ, ასეთი საქციელი საბჭოთა ადამიანისთვის შეუფერებელიაო. გავბედე და შევეპასუხე: ომის დროს პატარა ვიყავი, გერმანელებზე ჯავრის ამოყრა ვერ შევძელი, ახლა ეს შანსი ხელიდან რომ გამეშვა, თავი ცოცხალი რაღად მინდოდა, ამიტომ, როგორც შევძელი, ისე დავამარცხე-მეთქი. შევატყვე, ჩემი ნათქვამი ესიამოვნა… მერე ღილაკს თითი დააჭირა და ოთახში მაგიდა შემოსრიალდა. ზედ ხუთი კათხა ლუდი და ერთი სოსისი იდო. გერმანიაში ლუდს მხოლოდ ერთი სოსისი მივაყოლე და კა-გე-ბეს ეს გამოეპარებოდა?! _ მითხრა, აბა, თუ შეგიძლია, დალიეო. ვიფიქრე, მაინც მიჭერენ და ბარემ დავლევ-მეთქი. ოთხი კათხა მყისვე გავაქრე, მეხუთესაც რომ მოვკიდე ხელი, გამაჩერა, _ “ნე ნადაო”… სახეზე გაოცება ეხატა. ანდროპოვმა უცებ მაჯიდან ოქროს საათი მოიხსნა და ხელზე შემაბნია. შემდეგ განკარგულება გასცა, 203-ში წაიყვანეთო. დავიზაფრე, _ ახლა კი მართლა მიჭერენ-მეთქი, მაგრამ საპყრობილის ნაცვლად, სასტუმრო “უკრაინის” ლუქსში წამიყვანეს. 203-ე სამთავრობო ნომერი ყოფილა. იქ ერთი კვირა დავისვენე. თბილისში დაბრუნება რომ მოვისურვე, თვითმფრინავის ბილეთი მომიტანეს და გამომაცილეს. ანდროპოვმა კი თავის გენერლებს დაავალა, ჩემთვის მისი ტელეფონის ნომერი მოეცათ, საჭიროების დროს რომ დავკავშირებოდი.

თბილისში ჩამოსვლისთანავე საქართველოს უშიშროების იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა ალექსი ინაურმა დამიბარა და ანდროპოვის ნაჩუქარი საათი ჩამომართვა. სასწრაფოდ დავრეკე ანდროპოვის მოცემულ ნომერზე _ “ატაბრალი”-მეთქი. მეორე დღესვე დამიბარა ინაურმა, საათი დამიბრუნა… ვიფიქრე _ აუფ, ახლა კი გამქაჩავენ, სსრკ-დან ცხვირს აღარ გამაყოფინებენ-მეთქი, მაგრამ ამის შემდეგ აღარაფერი მომხდარა. მგონი, სახელმწიფო არ დარჩა, ნამყოფი  რომ არ ვიყო.

_ ანდროპოვის ნაჩუქარ საათს დღესაც ატარებთ?

_ რა თქმა უნდა. მაჯიდან არასდროს მომიხსნია.

_ მას შემდეგ კიდევ მოგიწიათ მასთან შეხვედრა?

_ არა, თუმცა იმ შეხვედრაზე მითხრა, კარგი ბიჭი ხარ, ჩვენიანი ხარ და ჩვენთან უნდა იყოო…

_ ანუ კაგებეს თანამშრომლობა შემოგთავაზათ?

_ ასეა. უარს როგორ ვიტყოდი, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მსოფლიოს შემოვლას როგორ მოვახერხებდი? _ ეს ხომ ძნელი მისახვედრი არ არის?! ანდროპოვი, მიუხედავად ამხელა თანამდებობისა, უშუალო პიროვნებად მომეჩვენა, ვიდრე ინაური. ინაური ცდილობდა, მკაცრი ყოფილიყო.

_ თქვენზე ამბობენ, კამბოჯაში ცხოვრობდაო

_ ასეა… 1983 წელს სამწლიანი მივლინებით გამგზავნეს. კამბოჯელები ტანად პატარები არიან და მათ შორის გულივერივით დავდიოდი. ქუჩაში გაოცებული მიყურებდნენ _ ტანმაღალი ვიყავი და 130 კილოს ვიწონიდი. იმხანად საბჭოთა კავშირის ელჩი კამბოჯაში გახლდათ ოლეგ ბასტორინი, კამბოჯის ხელმძღვანელი კი _ ხენგ სამრინი, რომელიც ნამცეცა კაცი იყო. ერთ დღესაც ბასტორინმა მითხრა, რამე ხომ არ დაგიშავებია, სამრინი გიბარებსო. კაბინეტში რომ შევედი, ქვეყნის პირველი პირი სკამზე ასული დამხვდა _ სიმაღლეში რომ გამთანაბრებოდა, ასეთი ხერხისთვის მიუმართავს. ბასტორინმა ხენგ სამრინის ნათქვამი მითარგმნა. მითხრა, თქვენთან სერიოზული სათხოვარი აქვს, სურს, რომ თქვენი მეშვეობით კამბოჯაში ხალხი მოჯიშდესო. გული კინაღამ გამისკდა, _ ვიფიქრე, 6-მილიონიან კამბოჯაში ნახევარი ხომ ქალი იქნება და სამ მილიონს რა აუვა-მეთქი, მაგრამ, როდესაც გავიგე, ჩემი მოვალეობა ფეხმძიმე ქალების მუცლებზე ხელის გადასმა უნდა ყოფილიყო, ხარხარი ამიტყდა. ხელის გადასმას კიდევ რა უჭირდა, კაცო, მაგრამ მაინც უარი ვუთხარი. სიცილისგან გადაბჟირებული ბასტორინი და გულდაწყვეტილი სამრინი კი კაბინეტში დავტოვე.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. კაცური კაცი ყოფილა, ღმერთმა გაუმარჯოს და კიდევ 1 ცისტერნა ლუდი დაელიოს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here