Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ალასანიას გათავისუფლება რაღაც ფორმით ვაშინგტონთან შეთანხმებული იყო

ანზორ მაისურაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ალასანიას გათავისუფლება რაღაც ფორმით ვაშინგტონთან შეთანხმებული იყო

740

უშიშროების გენერალ-მაიორ ანზორ მაისურაძესთან ინტერვიუ, რომელსაც “საქართველო და მსოფლიო” დღეს აქვეყნებს, 7 ნოემბერს ჩაიწერა, მაშინ, როცა მოვლენები კალეიდოსკოპურად იცვლებოდა: დეპუტატები ფრაქციიდან ფრაქციაში გადადიოდნენ ან არ გადადიოდნენ, მინისტრები თანამდებობებს ტოვებდნენ ან არ ტოვებდნენ, პარტიების ლიდერები ერთმანეთს რადიკალურად უპირისპირდებოდნენ, შემდეგ ხვდებოდნენ და მეგობრობას ეფიცებოდნენ, ამერიკის ელჩი ნორლანდი თავდაცვის ყოფილ მინისტრს უწყებიდან აცილებდა და ახალი მინისტრის მიწვევაზე უარს არ ამბობდა, იმასთანაც მიდიოდა.


თავისუფალი დემოკრატებიყველა მსურველს თავიანთ ყრილობაზე იწვევდნენ, “ნაცებისიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტდნენ და 15 ნოემბრისთვის დაანონსებული აქციით ხელისუფლებას მუშტს უღერებდნენ. ირაკლი მინუს ირაკლი გაუგებარ ფორმულად ყალიბდებოდა. ერთი სიტყვით, იყო რაღაც, პოლიტიკური კრიზისის მსგავსი და დესტაბილიზაციის აჩრდილი ისე ამოიწვერა დასავლეთიდან, როგორც თავის დროზეამოვიდა მზე ჩრდილოეთიდან “.

ასეთი ვითარება ჩამოყალიბდა იმ დღისთვის და რესპონდენტიც და ამ სტრიქონების ავტორიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ მასალის პუბლიკაციის დროისთვის, ანუ 12 ნოემბრისთვის, ბევრი რამ შეიცვლებოდა, დალაგდებოდა. სხვა თუ არაფერი, გაგვიმხელდნენ იმ სიურპრიზებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა მიგვანიშნა.

და, რაც მთავარია, შაბათ საღამოს პირველ არხზე გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილი…

_ ბატონო ანზორ, როგორ შეაფასებთ შექმნილ ვითარებას?

_ სიტუაცია ფრიად დაძაბული მეჩვენება. სანამ დღეს შექმნილ ვითარებაზე სიტყვას გავაგრძელებ, მოდით, ცოტა უკან გავიხედოთ.

ერთმა ხელისუფლებამ წინა, მოძალადე ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნებით გადააყენა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გაესამართლებინა, განაცხადა: ჩვენი მოვალეობაა, გადავარჩინოთ “ნაციონალური მოძრაობა”.

შემდეგ გვითხრეს, რომ კოაბიტაცია ხალხის მოთხოვნა იყო.

ვთქვათ, ასეა.

მაშინ აგვიხსნან, როგორ შეიძლება, რომ ორი წლის განმავლობაში ერთმანეთის გინებაში იყვნენ და პრაქტიკულად არაფერი გააკეთონ?!

ამიხსენით ეს, გეთაყვა; ან ეს რა კოაბიტაციაა, ან რისთვის მოვიდა ახალი ხელისუფლება? ასეთი ვითარება ქვეყანას არ წაადგება: არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად, არც სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად, არც კულტურის განსავითარებლად და ა.შ.

ე. ი. ქვეყანაში ვითარება საერთოდ მძიმე იყო, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ხოლო ის, რაც ამ დღეებში ხდება, ერთი მწვავე გამოვლენაა, რომლისკენაც ლოგიკურად მივდიოდით.

იმ სახელმწიფოში, რომელშიც არ არის მკვეთრად გამოხატული ერთიანი პოლიტიკა, არ არის დისციპლინა, კონსპირაცია, ხელისუფლების ყველა დონეზე არ არიან პროფესიონალები და ყბედობა სიტყვის თავისუფლებადაა მიჩნეული, წინსვლა გამორიცხულია.

ქვეყანას სჭირდება გონიერი მმართველობა და მაგარი ხელი. მაგარ ხელში დიქტატურას კი არ ვგულისხმობ და ხალხის დამთრგუნავი მექანიზმების გაძლიერებას, არამედ _ მტკიცე ორგანიზატორობას. თორემ, რა გამოდის: ერთი ალთასაა, მეორე _ ბალთას. პრემიერ-მინისტრი ერთს ამბობდეს, თავდაცვის მინისტრი კი, რომელსაც უთხრეს, პარიზში შეთანხმებას ხელი არ მოაწეროო, მაინც თავისას აკეთებდეს, ეს საქმეა?

_ ვარაუდობენ, საქმე შეეხებოდა საჰაერო თავდაცვის იარაღის შეძენაზე გარიგებას

_ თავდაცვის მინისტრი მთავრობის მითითებას რომ არ ასრულებს, ეს სახელმწიფო დისციპლის უხეში დარღვევა და თავნებობაა.

აქეთ _ ეს ფაქტი, იქით _ გაფლანგული მილიონები. ოუ რადა, სივარადა!

_ ამ ვითარებას კიევის მაიდნამდე ხომ არ მივყავართ? კიევში ევროატლანტიკური მიმართულების არქონის ბრალდებით მოაწყვეს მაიდნის აქცია, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა. აქაც ხელისუფლებას იმავეს აბრალებენ. მას დაუპირისპირდა ამ მიმართულებისერთგული” “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ხვალზეგ, კერძოდ, 15 ნოემბერს, რუსთაველის პროსპექტზე გამართავს აქციას და დაიწყება თბილისური მაიდანი.

_ ჩემი აზრით, ეს არის ყურით მოთრეული ვარაუდი. ასეთი განწყობა საქართველოში არ არის. ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი არჩეული კურის საწინააღმდეგოდ.

_ მაშ, რას ნიშნავს 15 ნოემბრისთვის დაანონსებულიგრანდიოზულიაქცია, რომლითაც წინასწარ თავს იწონებენ და გამარჯვებად მიიჩნევენნაცები”?

_ ნიშნავს იმას, რისი საშუალებაც “ქართული ოცნების” კოალიციამ მისცა: გადაარჩინა, პოლიტიკურ არენაზე დააბრუნა, ხელისუფლების აღვირახსნილი კრიტიკის უფლება მისცა და თავიანთი დანაშაულებრივი ქმედების დასავიწყებელი გზა გაუხსნა.

აქცია, რომელიც ახსენეთ, ამ ყველაფრის შედეგია.

მაგრამ ხალხი ამათ დემაგოგიას რომ აჰყვეს, გამორიცხულია.

_ ხომ არ ჩანს აქ გარე ძალების ხელი?

_ შეიძლება. შეიძლება იყოს სურვილი, უფრო დამყოლი მთავრობა დასვან ქვეყნის სათავეში, მაგრამ ეს ღია კარის მტვრევას დაემსგავსება. ამერიკელები პრაგმატულები არიან, მათი სპეცსამსახცურები არც ძალისხმევას, არც სახსრებს ამაოდ არ დახარჯავენ. ამაში დარწმუნებული ვარ.

მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ალასანიას გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან რაღაც ფორმით ვაშინგტონთან იყო შეთანხმებული.

_ თვითონ ალასანიას განცხადებები?

_ ალასანიას განცხადებები იყო მცდარი.

_ მაგრამ ხომ უჭერს მხარს სახელმწიფო დეპარტამენტი, შეერთებული შტატები?

_ შეერთებული შტატები _ არა, ელჩი ნორლანდი უჭერ მხარს.

_ რით ახსნით ირაკლი ალასანიას იმ ქმედებას, რომელმაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გართულება გამოიწვია?

_ მის ოჯახს კარგად ვიცნობ. მამამისი ჩემი თანამშრომელი იყო. ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა გვქონდა. 1973 წელს ირაკლის დაბადება ბათუმში, “ინტურისტის” რესტორანში ერთად აღვნიშნეთ, საზღვარგარეთიდან შვებულებით ვიყავი ჩამოსული.

ირაკლის ქორწილშიც გახლდით მე და ჩემი მეუღლე, ვიწრო წრეში აღნიშნეს მაშინ შვილის გაბედნიერების დღე.

გასაგებია, მგონი, რა ურთიერთობაც გვქონდა.

_ დიახ.

_ მაგრამ, როცა მინისტრი გახდა, ორჯერ დავურეკე, არც ერთხელ არ მიპასუხა.

_ იქნებ, არ ეცალა?

_ შეიძლება, მაგრამ არც მაშინ დამირეკა, როცა გააგებინეს, ანზორი ბიძია გირეკავს და დაუკავშირდიო.

არ დამკავშირებია.

ესე იგი, ამბიციური გახდა. გადიდკაცდა. გამიგეთ?

_ გაგიგეთ.

_ ამბიცია რომ თავში აგივარდება, უეჭველად შეცდომებს დაუშვებ კაცი. ალასანიამ ახლაც დიდი შეცდომა დაუშვა, აჩქარდა ძალიან. როგორც ჩანს, ეგონა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა. არ უნდა აგერიოს საკუთარი თავი ქვეყანაში.

_ პრემიერმინისტრის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებად აფასებენთავისუფალი დემოკრატების პარტიისწევრი მინისტრების დემონსტრაციულად გადადგომას.

_ ალალად გეტყვით, უმადურობა ყველაზე ცუდი თვისებაა. კაცი კოალიციის სიით პარლამენტში რომ შეგიყვანს, მაშინ, როცა პერსონალურად შენ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზუგდიდში არჩევნებს წააგებ, თბილისის მერობასაც ვერ შეწვდები, მადლიერების გრძნობით უნდა იყო გამსჭვალული ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თავდაცვის მინისტრიც მისი წყალობით რომ გახდები, შე მამაცხონებულო, მადლობა მაინც უთხარი. უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილის იქ ყოფნის გამო რომ არ დაესწრები _ იმასთან სასაუბრო არაფერი მაქვსო, სირცხვილია, ძალიან ცუდად ახასიათებს ამ ახალგაზრდა კაცს.

ერთხელ გენერალ ინაურს ერთ-ერთ საქმეზე რომ მოვახსენე, ეჭვი შეეპარა ჩემი არგუმენტების სისწორეში და მითხრა:

_ ღმერთმა ქნას, ჩვენმა თხამ მგელი შეჭამოსო.

თხის უსაფუძვლო პრეტენზიაზეა ეს ანდაზა, თხის ამბიციურობაზე.

_ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოხელეებზე საქმე რომ აღძრა, ეტყობა, ამან წონასწორობა დააკარგვინა თავდაცვის მინისტრს.

_ არა მგონია, პროკურატურას მილიონობით ლარის გაფლანგვის საქმე საგანგებოდ “შეეკერა” ალასანიას წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ. თუ ასეა, მაშინ იმ პროკურატურაში არავინ გასაჩერებელი არ არის, თვითონ ის პროკურორებია დასაჭერი, მაგრამ ასეთ უკანონობას დღეს ვერავინ გაბედავს. ამაში, შვილებს გეფიცები, დარწმუნებული ვარ.

ვიცნობ ამგვარი საქმეების აღძვრისა და გამოძიების ტექნოლოგიას.

სადაც ჯერ არს, მიიღეს ინფორმაცია, რომ ის ექვსი მილიონი, რომელიც კაბელების გასაყვანად წაიღეს, არასწორად დაიხარჯა, ან დაიხარჯა არა მთლიანად, არამედ _ ნაწილი.

დაიწყეს ამ ინფორმაციის შემოწმება, შექმნეს ოპერატიული შემოწმების საქმე (ასე ჰქვია). შემოწმებამ დაადასტურა მიღებული ინფორმაცია. როცა საბოლოოდ დარწმუნდნენ ფაქტების უტყუარობაში, საქმე პროკურატურას გადასცეს. პროკურატურა, როგორც თქვეს, ორი თვის განმავლობაში იძიებდა ამ საქმეს და საგამოძიებო დასკვნა სასამართლოს წარუდგინა.

სასამართლომ ბრალწაყენებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

_ ამ ყველაფერს ევროატლანტიკურ კურსთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს?

_ არავითარი! ფული თუ მოიპარე, დანაშაული ჩაიდინე, ეს ხომ ელემენტარულია. როცა დასავლეთ ევროპაში დარწმუნდებიან, რომ ფული მითვისებულია, გაფლანგულია, სახეში შეგაფურთხებენ.

რა დროს ამბიციურობაა და ისეთი განცხადებებია, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს?!

სხვათა შორის, მე არც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მომეწონა, რომელიც მან ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ გააკეთა _ ავანტიურისტიაო და ა. შ. ასეთი რამ პრემიერ-მინისტრმა არ უნდა თქვას. ასეთი შეფასება სხვისი პრეროგატივა უფროა _ პოლიტიკოსის, პოლიტოლოგის, ექსპერტის, საზოგადო მოღვაწის და ა. შ.

პრემიერი თავდაცვის მინისტრს ასე რომ დაახასიათებს, ეს მისი შეურაცხყოფაც არის, რადგან ეს მინისტრი შენი თანამებრძოლი იყო და დანაშაული (ვთქვათ, სავარაუდო დანაშაული) მაშინ მოხდა, როცა შენ ხელმძღვანელობდი მთავრობას, შენი მინუსიცაა.

_ დავაბრალოთ ეს ახალგაზრდა კაცის ემოციურობას.

_ მაგრამ სიტყვა ხომ ჩიტივითაა, გაფრინდება და ვერ დაიჭერ. ასე არ არის?

_ რა თქმა უნდა, ასეა. რით დამთავრდება, თქვენი აზრით, ეს კრიზისი, კრიზისული მოვლენა თუ კრიზისის ნიშნების მქონე ვითარება? დაასწრო ღარიბაშვილმა ალასანიას, როცა მთავრობიდან მოიცილა?

_ მაინც წავიდოდა… ხოლო ვითარება, რომელიც დღეს ასე გამწვავებულია, თანდათან დამშვიდდება.

აი, ყველა ისე რომ მოქცეულიყო, როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი (თუ ის მართლა იმ პოზიციაზე დგას, რომელიც ბრიფინგზე წაიკითხა), მაშინ ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდებოდა. მაგრამ ორმა მინისტრმა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ალასანიასთან მეგობრული ურთიერთობა და მოყვრობა დააყენა. არადა, მათ სახელმწიფოს ბედ-იღბალი ებარათ.

კარგია, რომ წავიდნენ.

_ ბოლო შეკითხვა, ბატონო ანზორ: ამ პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობის უკან უცხოეთის სპეცსამსახურები ხომ არ დგას?

_ (პაუზა) არა მგონია.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here