Home რუბრიკები პოლიტიკა მურაზ ნაგიევი: ყოფილი ხელისუფლების დავალებით, თურქეთში რუსული გემი უნდა ამეფეთქებინა!

მურაზ ნაგიევი: ყოფილი ხელისუფლების დავალებით, თურქეთში რუსული გემი უნდა ამეფეთქებინა!

1366

“მსოფლიო ხალხთა ქრისტიანულ-მუსლიმანური მეგობრობის” ხელმძღვანელი მურაზ ნაგიევი  “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველს იმ სკანდალურ ისტორიაზე მოუთხრობს, რომელიც თავს გადახდა. მურაზ ნაგიევი საქართველოს ხელისუფლებას უსამართლო მოპყრობაში ადანაშაულებს, სასამართლო დავის დასრულების შემდეგ კი ქვეყნის დატოვებას აპირებს…

_ ამ ზაფხულს მოვიდნენ მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის პოლიციის განყოფილებიდან და სახლი გამიჩხრიკეს,_ ინფორმაცია გვაქვს, იარაღსა და ნარკოტიკებს ინახავო. ეს ჩემთვის დიდი შეურაცხყოფა იყო, რადგან მთელი ცხოვრება საქართველოსთვის ვიბრძოდი და უცებ ვიღაც ახალდანიშნული პოლიციის თანამშრომლები ასე მომექცნენ. სახლიდან უკანონოდ გამიტაცეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს. წინა ხელისუფლების პერიოდში სპეცსამსახურები უფრო პროფესიონალურად მუშაობდნენ და უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი, რა ხდებობდა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაში. დღეს კი არაფრის აზრზე არ არიან და მხოლოდ ის აინტერესებთ, ვის აქვს იარაღი. საკუთარი მოქალაქეების დასაჭერად დარბიან, მაგრამ მთავარი _ ვის შემოაქვს ეს იარაღი და სად ინახება _ არ აინტერესებთ. თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რამდენიმეჯერ იყო გადაბირების მცდელობა.

_ დღეს თუ შემოდის უკანონო იარაღი საქართველოში?

_ რა თქმა უნდა. იარაღიც და ასაფეთქებელი საშუალებებიც შემოაქვთ. ადრე ნარკოტიკების თემაზეც ვმუშაობდი და ვიცი, რომ 2009 წელს ნარკოტიკი ტრაილერებით გაჰქონდათ ქვეყნიდან _ საპატრულო მანქანები აცილებდნენ. გადიოდა თურქეთში, იქიდან _ ევროპაში.

ამ ზაფხულს საქართველოდან სამასკაციანი ბატალიონი წავიდა სირიაში საბრძოლველად. ეს ადამიანები, ძირითადად, ქვემო ქართლის რეგიონიდან იყვნენ. ჩემთან მოვიდნენ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები და მითხრეს, ვიცით, აქტიურად მუშაობდი ამ მიმართულებით და გვჭირდება კაცი, რომელსაც ამ დაჯგუფებებში ჩავნერგავთ და ინფორმაციას მოგვაწვდისო. იმხანად მარნეულის მუნიციპალიტეტში კულტურის საკითხებზე ვმუშაობდი და ეს თემა ჩემთვის აღარ იყო საინტერესო, მაგრამ ვიფიქრე, ხელისუფლება შეიცვალა, ნორმალური ხალხი მოვიდა-მეთქი და დახმარებას დავპირდი. ჩემი სახსრებით მოვამზადე ჩანერგვის კანდიდატი, ვუყიდე სპეციალური აპარატურა და ყველა საჭირო ნივთით აღვჭურვე, მაგრამ აღარ დამიკავშირდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან სირიაში საბრძოლველად წასული სამასი კაციდან სამის სახელიც კი არ იცოდა ხელისუფლებამ. მეტიც, მქონდა ინფორმაცია, რომ შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელიც იყო ამ დაჯგუფების მხარეს გადასული. მინდოდა, დავხმარებოდი ხელისუფლებას, მაგრამ ვერ დავინახე პროფესიონალი ხალხი, რომელთანაც მუშაობაც შესაძლებელი იქნებოდა.

_ სირიაში საბრძოლველად წასულთაგან ხელისუფლება საფრთხეს ელოდა?

_ რა თქმა უნდა. ამ ადამიანების საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ხელისუფლება საფრთხეს ელოდებოდა. მაგალითად, ვინც აზერბაიჯანიდან იყო წასული სირიაში, დაბრუნებისთანავე დახოცეს, ვინაიდან, ისინი არიან რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ყველანაირ სისასტიკეზე მოაწერენ ხელს. 

მე ვთანამშრომლობდი გაეროსთან. სხვადასხვა ეროვნების ადამიანები _ ფრანგები, ინგლისელები, გერმანელები, ამერიკელები _ თვეში რამდენჯერმე ვხვდებოდით. მაგალითად, შეიძლება, ახლა ეს ვიღაცისთვის დაუჯერებლი და ზღაპარი იყოს, მაგრამ 2008 წელს, 8-თვიანი მუშაობის შემდეგ, უსამა ბენ ლადენის კვალსაც კი მივაგენით პაკისტანში. ინფორმაცია და კონტაქტები გადავეცი გაეროს და შემდეგ უკვე მისი საქმე იყო, როგორ მოიქცეოდა. ამის შემდეგ საქართველოში ომი დაიწყო, ქვეყანაში ვითარება აირია და ჩვენი თანამშრომლობაც შეწყდა.

_ გაეროსთან რა საკითხებზე თანამშრომლობდით?

_ დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო ხალხთა ქრისტიანულ-მუსლიმანური თანამეგობრობა”, შემეძლო ნებისმიერი ეროვნების, რელიგიისა და სექტის წარმომადგენელთან დამემყარებინა მეგობრული ურთიერთობა და მათ შესახებ ყველაფერი გამეგო.

თავის დროზე გაეროც ხომ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა?! გაერო ვითომ ანტიტერორისტული ორგანიზაციაა და ხალხის უფლებებს იცავს, არადა, სინამდვილეში, ეს ორგანიზაცია ინფორმაციიის შესაგროვებლად შეიქმნა. გაეროს ნებისმიერ ქვეყანაში შესვლის უფლება აქვს და აგენტურულ საქმიანობასაც ეწევიან.

ამ საკითხებზე მუშაობა 2007 წლიდან დავიწყე, მაგრამ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ფაქტობრივად, ქუჩიდან გამიტაცეს. სტუდენტი ვიყავი, თბილისის პოლიტიკურ აკადემიაში ვსწავლობდი, უბრალოდ, მაინტერესებდა ეს საკითხები, ვხვდებოდი ვაჰაბისტებს, ჩეჩნებს, დაღესტნელებს, პაკისტანელებს და ა.შ. ასევე ვესწრებოდი სხვადასხვა სექტის_ იეღოველების, 50-იანელების შეკრებებს. მათ კი ეგონათ, რომ ჩემ უკან სერიოზული ძალა იდგა, რომელიც მმართავდა. არადა, მართლა არაფერი ვიცოდი. იმხანად ანტიტერორისტულ ცენტრში მუშაობდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შემდეგ საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში გადავიდა. ერთ დღესაც დამიკავშირდა და მითხრა, შენნაირი ხალხი გვჭირდებაო. შევხვდით კეკელიძის ქუჩაზე, მათ ოფისში. 2007 წელი იყო. მეუბნებოდნენ, შენ პატრიოტი ხარ, ქვეყანას რაც სჭირდება უნდა შეასრულოო. იმხანად ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, ასე რომ მესაუბრებოდნენ.

პირველი დავალებით თურქეთის რესპუბლიკაში, ტრაბზონში გამგზავნეს. მუშაობა უნდა დამეწყო პორტში. აქცენტი იყო ნახშირზე, რომელიც შედიოდა აფხაზეთიდან და ეს იყო კონტრაბანდული ტვირთი. პორტში მუშაობა რიგით მუშად დავიწყე… სპეცსამსახურიდან დავალებული მქონდა გემების გადაღება, მათი ეკიპაჟის შესახებ ინფორმაციისა და ფოტოების მიწოდება. ერთმანეთს სპეციალური კოდირებული ტექსტებით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ვეკონტაქტებოდით. მაგალითად, პორტი იყო სტადიონი,  ეკიპაჟი _ გუნდი და ა.შ. ძირითადად აინტერესებდათ ინფორმაცია იქ მომუშავე ქართველებისა და რუსების შესახებ. ეს პირველი სერიოზული დავალება იყო. სამი თვის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში.

შემდეგ მომცეს მეორე დავალება. დამიბარეს და მკითხეს, მზად ვიყავი თუ არა გემის ასაფეთქებლად. თავდაპირველად ეს ხუმრობად ჩავთვალე,_ რომელი ტერორისტი მე ვარმეთქი?! მაგრამ მითხრეს, არ გეხუმრებით, ეს საქმე ქვეყნის პირველ პირთან, ანუ სააკაშვილთანაც არის შეთანხმებულიო.

_ რომელი გემის აფეთქება დაგავალეს?

_ არ ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარი იყო, ნახშირით დატვირთული რუსული გემი ყოფილიყო. ყოფილი ხელისუფლების დავალებით, თურქეთში, ტრაბზონის პორტში რუსულ გემი უნდა ამეფეთქებინა. დავთანხმდი, მაგრამ იმ პირობით, რომ  აფეთქების მომენტში გემზე არავინ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან, დაახლოებით 8-15 კაციანი ეკიპაჟი მუშაობდა გემზე, ადამიანს ვერ მოვკლავდი.

_ რისთვის სჭირდებოდათ ეს ყველაფერი?

_ როცა  თანხმობა განვაცხადე, ვკითხე _ რისთვის გვჭირდება რუსული გემის აფეთქება-მეთქი? მითხრეს, რუსული გემიაო, რუსული დროშით, კონტრაბანდული ნახშირით დატვირთული, ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით, მაგრამ მსოფლიომ არ იცის და უნდა გავაგებინოთო, ანუ ამ გემის აფეთქების შემდეგ მსოფლიო შეიტყობდა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის კონტრაბანდული ვაჭრობა მიმდინარეობდა. თუმცა, ოდნავ მოგვიანებით მივხვდი, რომ სიმართლე არ მითხრეს და მათი მიზანი სხვა იყო. თურქეთი, ამერიკა, რუსეთი, ინგლისი, ისრაელი _ ეს ქვეყნები ქმნიან დღეს მსოფლიოში პოლიტიკურ ამინდს და წარმართავენ ყველაფერს. მათ შორის გამუდმებით მიმდინარეობს ჩუმი და ცივი ომი. ზოგჯერ ერთმანეთს თავის ტერიტორიაზე არ ებრძვიან, მიდიან სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ერაყში, ავღანეთში, სირიაში და იქ ებრძვიან ერთმანეთს… ასე იყო საქართველოშიც. 2008 წლის აგვისტოს ომი _ ეს იყო რუსეთ-ამერიკის ომი საქართველოს ტერიტორიაზე…

სააკაშვილს ეგონა, რომ რუსული გემის აფეთქების შემდეგ რუსეთს შეექმნებოდა პრობლემა თურქეთთან, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იქნებოდა თურქეთისკენ და ამ მომენტში აიღებდა ცხინვალსა და აფხაზეთს, შემდეგ კი გაწევრდებოდა ნატოში. ვფიქრობ, ეს იყო მიზანი, რომელიც აუცილებლად რომელიღაც დიდ ქვეყანასთან იყო შეთანხმებული, ვინაიდან ამ დიდ ქვეყნებს ყოველთვის აქვთ განსაკუთრებული ინტერესი პატარა საქართველოს მიმართ. რა გგონიათ, დღეს საქართველო დამოუკიდებელია? დაპყრობილი და ოკუპირებულია არა მხოლოდ ცხინვალი, არამედ სრულიად საქართველო გარედან იმართება.

ისევ გავემგზავრე ტრაბზონში. ყველა დეტალს ვაზუსტებდი. გავარკვიე, რომ გემბანზე 4 კაცი ყოველთვის რჩებოდა. აი, ეს იყო მიზეზი, რომელმაც ამ ოპერაციის შესრულებაზე უარი მათქმევინა. ამას გარდა, გავარკვიე, რომ იქვე იყო საიდუმლო ბაზაც, რომლიდანაც თურქეთის წყალქვეშა ნავები გადიოდა. აქედან გამომდინარე, შეიტყობდნენ, ვინ ვიყავი, რადგან რომელიმე ვიდეოთვალი დამაფიქსირებდა. როდესაც ყველაფერი გავთვალე, აღმოჩნდა, რომ არამხოლოდ ერთი რუსული გემი, არამედ, ფაქტობრივად, მთელი პორტი აფეთქდებოდა, ამას საერთაშორისო სკანდალი მოჰყვებოდა. სპეცოპერაციის შესრულების შემდეგ კი აუცილებლად მომკლავდნენ. ნახევარი მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ ამ საქმეში, მაგრამ უარი ვთქვი და საქართველოში ჩუმად დავბრუნდი.

_ ასე ადვილად დაგანება თავი ხელისუფლებამ?

_ საქართველოს სპეცსამსახურებს ვემალებოდი. მეგობრებთან მეძინა. ტელეფონიც გავთიშე, მაგრამ მაინც მომაგნეს. ინტერნეტკაფეში შევედი, ელექტრონული ფოსტის შესამოწმებლად, მაგრამ ორ წუთში თავზე დამადგნენ და წამიყვანეს.

_ ვის შეხვდით?

_ იმხანად საგარეო დაზვერვის უფროსი ბეჟუაშვილი იყო. პირადად მას და მის მოადგილეებსაც შევხვდი. თუმცა, ვიცი, ამ ყველაფრის შესახებ სააკაშვილიც საქმის კურსში იყო. ძალიან უკმაყოფილო იყვნენ. გადავეცი ინფორმაცია და ვთხოვე, სხვისთვის დაევალებინათ ამ დავალების შესრულება. მოტივი ის იყო, რომ ხალხს ვერ დავხოცავდი.

_ ორგანიზაციის დაარსება როდის და რა მიზნით გადაწყვიტეთ?

_ ორგანიზაცია 2008 წელს დავაფუძნე. გაეროს ოფისში დავტოვე პროექტი და დაინტერესდნენ. ისევ ანტიტერორისტული ცენტრიდან დამიკავშირდნენ და გაეროს წარმომადგენლებს შემახვედრეს. მითხრეს, გვინდა თანამშრომლობა, მაგრამ გვაჩვენეთ, რა შეგიძლიათო და მთხოვეს, წავსულიყავი ქალაქ ზაჰედანში, რომელიც ირანს და პაკისტანსა და ავღანეთს შორის მდებარეობს. იქ ინფორმაცია უნდა შემეგროვებინა შეიხ აბდულხამიდის შესახებ, რომელიც ყოველ პარასკევს მეჩეთ ალმაქში ქადაგებდა. სწორედ აქ იკრიბებოდნენ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები და ტერორისტები.

ქალაქი ოფიციალურად ირანს ეკუთვნის და, ძირითადად, ქურთები, ტერორისტები, შეიხები, კრიმინალები, ნარკობარონები ცხოვრობენ. ძალიან ქაოსური ქალაქია, რომელშიც ბოლო ოცი წელია, ერთი ტურისტიც არ შესულა. ირანშიც მირჩიეს, ამ ქალაქში არ შევსულიყავი, თუმცა, მაინც გავრისკე და მეჩეთთან ახლოს დავბინავდი. მეორე დღეს სასტუმროში პოლიციელები და კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები დამადგნენ თავზე და დაკითხვაზე წამიყვანეს. მეშინოდა, რომ მომკლავდნენ, მაგრამ შეიხთან მიმიყვანეს. ავუხსენი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ დავდიოდი.

_ დაგიჯერეს?

_ თავდაპირველად არ დამიჯერეს. მაგრამ შემდეგ მაინც მოვახერხე მათი დარწმუნება. 6 თვეში გასაკეთებელი საქმე სამ დღეში გავაკეთე. მათი ჟურნალი, “ისლამის ხმა”, რომელიც მხოლოდ მათ წევრებს შორს ვრცელდება, მოვიპოვე და ჩამოვიტანე. ასევე შევაგროვე ტელეფონის ნომრები, ელექტრონული მისამართები. ვინაიდან ეს საქმე ხუთიანზე შევასრულე, მივიღე დაფინანსება. თუმცა შევამჩნიე, რომ ჩვენს ანტიტერორისტულ ცენტრს არ სურდა, პირდაპირი კონტაქტი მქონოდა გაეროსთან.

ამის შემდეგ ჟურნალის გამოცემასა და დოკუმენტური ფილმების გადაღებას ვგეგმავდით. უკვე გადაწყვეტილი იყო ყველაფერი, მაგრამ ომი დაიწყო. ცოტა ხანში ანტიტერორისტული ცენტრიდან მოვიდნენ, დაარბიეს ჩვენი ოფისი და ყველაფერი წაიღეს, მაგიდები, სკამები, გამათბობელიც კი მოხსნეს. ასევე წაიღეს გადაღებული დოკუმენტური ვიდეომასალა. როგორც აღმოჩნდა, მათი უკმაყოფილება ცხინვალში ჩემმა უნებართვოდ ჩასვლამ გამოიწვია.

მქონდა ცხინვალში გადაღებული კადრები, ფაქტები, რომლებიც ადასტურებდა,რომ  ომი სააკაშვილმა დაიწყო, ამიტომაც დაგვარბიეს. მათი აზრით, კონტროლიდან გავედი და ეს არ მოეწონათ.

სააკაშვილის ხელისუფლება ჩქარობდა, რაც შეიძლება სწრაფად დაებრუნებინა ცხინვალი, აღედგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რათა ნატოში გაწევრებულიყო, თუმცა პირიქით მოხდა _ უფრო მეტი დაკარგეს და რუსეთთანაც გაიფუჭეს ურთიერთობა.

_ თქვენ ურთიერთობა გქონდათ სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლებთან. დღესაც გაქვთ, ალბათ, გარკვეული კავშირები. მათგან რაიმე საფრთხე თუ ელის საქართველოს?

_ რა თქმა უნდა. საქართველო დღეს ბევრი საფრთხის წინაშეა. როდესაც ქვეყანაში სიტუაცია ირევა, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახური აქტიურდება. არსებობს ტერორისტული აქტის განხორციელების რამდენიმე საშუალება: პირველი _ ომის, დაპირისპირების მეშვეობით; მეორე _ პოლიტიკური ორგანიზაციების დაპირისპირებითა და ქვეყანაში ქაოსის შექმნით; მესამე_ ადამიანების სულიერი განადგურებით. როდესაც სულიერად გაანადგურებ ადამიანს, მისი კონტროლი მარტივია. ამ საფრთხის წინაშე არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი კავკასიაა. ეს სურთ გლობალისტებს, რომლებსაც არ უნდათ რელიგია, რადგან მორწმუნე კაცი ღმერთს ემორჩილება და არა მათ.

_ ბოლო ხანს რელიგიურ ნიადაგზე არაერთი დაპირისპირების მომსწრენი გავხდით, ეს პროცესებიც იმართება?

_ დიახ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის პრობლემა მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალი არ არის. დღეს სერიოზულად დგას აჭარის პრობლემაც. ბათუმი ფორმალურად არის ჩვენი, თორემ რეალურად საქართველოს აღარ ეკუთვნის.

თურქები აშენებენ სასტუმროებს, იღებენ მოქალაქეობას. აჭარაში მუშაობს ტარიელ ნაკაიძე, რომელიც დაკავშირებულია თურქეთის საგარეო დაზვერვასთან (ეჭვი მაქვს, სხვა ქვეყნებთანაც). მას დავალებული აქვს, საქართველოში ისეთი რელიგიური თემის აგორება, რომელიც მართლმადიდებლებს არ მოეწონებათ. ნაკაიძესთან კონფლიქტი მქონდა, მაბრალებდა, შენ ხარ შემოგზავნილი საქართველოშიო. რიგით მოქალაქეებს, ქრისტიანებსა თუ მუსლიმანებს შორის პრობლემები არ არის, თუ პოლიტიკოსები არ ჩაერევიან და არ არევენ სიტუაციას. პოლიტიკოსები პიარს იკეთებენ ამ თემებით, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია. მეც შემომთავაზეს ბრიფინგის გამართვა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან პიარი არ მჭირდება, ამ ინტერვიუსაც იმიტომ გაძლევთ, რომ ყველაფერს თავს ვანებებ, მხოლოდ ჩემი ოჯახისა და მეგობრების უსაფრთხოება მაინტერესებს. ეროვნებით არაბი ვარ, რელიგიით _ მუსლიმანი, მაგრამ _ საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი კაცი, ამ ქვეყნის შვილი ვარ. ყოველთვის ამ რწმენით ვიბრძოდი, მაგრამ დღეს საქართველოს მოქალაქეობა აღარ მინდა. როგორც კი სასამართლო დასრულდება, ქვეყნიდან წავალ და სახელსა და გვარსაც შევიცვლი. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ვღალატობ, რომელი ქვეყნის მოქალაქეც უნდა ვიყო, საქართველო და ეს ხალხი ყოველთვის მეყვარება, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ დამიტოვეს. 

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. ძალიან ალოგიკური მონათხრობია მაგრამ ღმერთმა დაგიფაროს. ამ სათამაშოების თამაში ძალიან სახიფათოა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here