Home რუბრიკები საზოგადოება იოსებ არჩვაძე: სამთავრობო მომსახურებაზე, ხელისუფალთა ხარჯებზე, მთლიანი შიგა პროდუქტის 8,5% მოდის. ეს...

იოსებ არჩვაძე: სამთავრობო მომსახურებაზე, ხელისუფალთა ხარჯებზე, მთლიანი შიგა პროდუქტის 8,5% მოდის. ეს 2,7 მილიარდ ლარზე მეტია!

547

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წინაშე მოხსენებით გამოსვლა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს. ამით ხალხს შესაძლებლობა მიეცა, გაეგო მთავრობის მიერ ორ წელიწადში გატარებული, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ცვლილებების თაობაზე, რომლებიც რატომღაც არავის უგრძვნია. პრემიერი თითქმის ყველა დარგს შეეხო, მაგრამ ხალხის განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურმა საკითხებმა მიიპყრო. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთლიანი შიგა პროდუქტი 6%-ით გაიზარდა. 


თუმცა ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ბიზნესის განვითარებამ 7%-ით იკლო. დაზარალებული და ქონებაწართმეული ბიზნესმენები წერილს წერილზე უგზავნიან პრემიერს, მაგრამ პასუხი არ ჩანსპროფესორმა და პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ასეთი რამ თქვა: “ეროვნული ეკონომიკა არ გვაქვს, იგი განადგურდა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ხოლო ნარჩენებს სააკაშვილმა მოუღო ბოლო. ყველა იმაზე შფოთავდა, რომ სააკაშვილმა ვიღაც გომბიო, რომელსაც მხოლოდ მამის თონის მართვის გამოცდილება ჰქონდა, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. როდესაც არ გაქვს ეკონომიკა და არც აღორძინების პერსპექტივა, ეკონომიკის მინისტრობას გაწვრთნილი მაიმუნიც შეძლებს. ეკონომიკა _ ეს არის მრეწველობა და სოფლის მეურნეობა განვითარებული შიგა ბაზრითა და კონკურენტუნარიანი პროდუქციით” (იხ. გაზ. “საქართველო და მსოფლიო”, 8-14 ოქტომბერი, #36). გვაქვს თუ არა სინამდვილეში ეკონომიკა? რა კრიტერიუმით საზღვრავენ მშპ ზრდას ქვეყნის ხელისუფლებაში და რა რეალობის წინაშე ვდგავართ?_ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსეკონომისტი იოსებ არჩვაძე ესაუბრა.

_ ბატონო სოსო, მეც მინდა ცხოვრება იმ ეკონომიკურად აყვავებულ საქართველოში, რომელზეც პრემიერმა ისაუბრამართლა ასე კარგად გვაქვს საქმე?

_ ამ შემთხვევაში ორ სხვადასხვა ინდიკატორთან გვაქვს საქმე: პრემიერი მთლიან შიგა პროდუქტზე საუბრობდა. გარკვეულწილად მთლიან შიგა პროდუქტში საქართველოს მმართველობა აისახება, უფრო გასაგები რომ იყოს, გეტყვით: პოლიციელს რაც მეტ ფულს გადავუხდით, მით მეტი იქნება ქვეყნის შიგა პროდუქტი, მაგრამ ამით ჩვენი დოვლათი არ გაიზრდება. 2007 წელს ლოჯიების მონგრევის კამპანია რომ მიმდინარეობდა, რაც მეტ ლოჯიას მოანგრევდნენ და მეტ პრემიას მისცემდნენ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს, მეტი მთლიანი შიგა პროდუქტი იქმნებოდა, ამით კი ჩვენი რეალური კეთილდღეობა მცირდებოდა.

მთლიან შიგა პროდუქტში ზის, აგრეთვე, კერძო სახლებში მცხოვრები ოჯახების რენტა, რომელიც, ჯამში, 800 მილიონ ლარზე მეტი გამოდის. მოკლედ, ბევრი პირობითობა, დაანგარიშება და სხვა ფაქტორები მონაწილეობს ეკონომიკაში ისეთი, რომელთა მსგავსი ბიზნესსფეროში არ არის.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რეალურ სექტორს, რომელშიც მატერიალური ფორმით იქმნება დოვლათი, მესამედზე ნაკლები უკავია _ დაახლოებით 32%; დანარჩენი მომსახურებაზე მოდის, მათ შორის, სამთავრობო მომსახურებაზე, ხელისუფალთა ხარჯებზე, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი თანხაა _ მთლიანი შიგა პროდუქტის 8,5%. ეს არის 2,7 მილიარდ ლარზე მეტი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა გაჭირვებულ მდგომარეობაშია, მაგრამ უკეთესობა შესამჩნევი გახდება, თუკი თანხები ჭკვიანურად იქნება გამოყენებული, თუკი ხელისუფლება უფრო მეტ ეკონომიას გააკეთებს თავისი ხარჯების გაღების მხრივ და მეტ ფინანსებს მოახმარს როგორც სოციალურ რესურსებს, ასევე ეკონომიკურსაც.

რეიტინგების მოტანა არაფერს ნიშნავს. ამ რეიტინგებით წლების განმავლობაში წინ მივდიოდით, ახლა კი უკან დავიხიეთ და არცთუ სახარბიელო ადგილზე ვართ. ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ჩვენზე გაცილებით წინ არის. იმის თქმა, რომ ეკონომიკა არ არის, მთლად მართებული არ იქნება, რადგან ბიუჯეტში სახსრების მობილიზება მაინც ხდება, მაგრამ სახსრები ძალიან მცირეა, ასეთ პირობებში წარმატებით ვერ გადავჭრით ამოცანებს.

მთავრობამ ნელ-ნელა გაზარდა ბიუჯეტში სოციალური ხარჯების მოცულობა. რომ ავიღოთ განათლება, ჯანდაცვა და საპენსიო დახმარებები, _ ეს არის ბიუჯეტის 45%, მაშინ, როდესაც ევროკავშირში ანალოგიური მაჩვენებელი 68%-ია. პრემიერმა თქვა, მილიარდი ლარით გავზარდეთ სოციალური ხარჯებიო და ეს მართლაც ასეა, თუმცა ესეც არის იმის ერთერთი და არა ერთდაერთი მიზეზი, რომ ზრდის მოკრძალებული ტემპი გვაქვს. თუ ეკონომიკაში დებ სახსრებს, გაქვს შანსი, რომ დღევანდელი ეკონომიის ხარჯზე ეკონომიკა განავითარო; თუ მიმდინარე მოხმარებაზე ჩადებ, მაშინ ამცირებ ხვალინდელი ზრდის პერსპექტივასა და შანსს, ამიტომ საამაყო არ არის, რომ 1 მილიარდი ლარით გაიზარდა სოციალური დახმარება, რადგან ეს უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. სხვა საქმეა ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის მორალური მხარდაჭერა, მაგრამ ასე წინ ვერ წავალთ.

ბიზნესისა და ეკონომიკის ზრდაზე საუბარს, სჯობს, იმაზე ვისაუბროთ, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი თუ არის ის ყველაფერი, რაზეც პრემიერმა ილაპარაკა.

ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი რგოლი სოფლის მეურნეობაა; ცდილობენ, ამ დარგის განვითარებას ხელი შეუწყონ, მაგრამ ისეთი მძიმე მდგომარეობა იყო, რომ წინსვლა ჯერ არ დასტყობია. 2010 წელთან შედარებით მოხნული ფართობის რაოდენობა გაორმაგდა, მაგრამ 1988 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია, 1988  წელს მოხნული იყო 748 ათასი ჰექტარი მიწა (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩაუთვლელად), ახლა კი 440 ათასი ჰექტარია დამუშავებული. შემცირებულია ღორებისა და ცხვრების რაოდენობაც. ხორცის 62%-ის იმპორტს ვახორციელებთ და გვიხარია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის შემდეგ 5 ათასი ტონა ხორცის უბაჟო გატანის საშუალება გვეძლევა, არადა, ცალკეული წლების მონაცემებით, 77 ათასი ტონა ხორცი და ხორცპროდუქტები გაგვქონდა. ასე რომ, ეს ერთერთი სუსტი სფეროა, რაც დაღს ასვამს დანარჩენ დარგებს.

_ რა უნდა ქნას მოსახლეობამ, მცირეოდენი სიკეთე მაინც რომ იგრძნოს?

_ ის 6%-იანი ზრდა, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა, არც ისე დიდია, მოსახლეობისთვის შესამჩნევი რომ იყოს. თანაც გააჩნია, ეს ზრდა რომელ დარგებზე ვრცელდება. მაგალითად, “ნაციონალების” პერიოდში ეკონომიკური ზრდა მოდიოდა მათზე, ვინც დასაქმებულთა 22%-ს შეადგენდნენ.

_ ეს რას ნიშნავს?

_ იმას, რომ მცირე რაოდენობა ქმნის მეტ დოვლათს, ისინი არიან იმ ნამატი დოვლათის მომხმარებლები და მხოლოდ ისინი გრძნობენ სიკეთეს, დანარჩენი 78% _ ვერა. ისევ დავუბრუნდები სოფლის მეურნეობას, რომელზეც ყველაზე მეტი უმუშევარი მოდის. რამდენ პროცენტ დოვლათსაც ქმნის სოფლის მეურნეობაში გლეხი, იმდენ აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტს ვახორციელებთ უცხოეთიდან. ყოველწლიურად მილიარდი დოლარი გაედინება საქართველოდან იმის გამო, რომ არ გვაქვს საკმარისი გამოცდილება, ტექნოლოგია, აღჭურვილობა, რათა შევძლოთ მეტი პროდუქციის წარმოება. საქართველოში ერთი ოჯახი სოფლად იმდენ დოვლათს ქმნის, რამდენიც 2 ადამიანის გამოსაკვებად არის საკმარისი, მაშინ, როდესაც ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 63-ის ტოლია, ამერიკაში _ 79-ის და ისრაელში _ 95-ის.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here