Home რუბრიკები პოლიტიკა უპილოტო საფრენი ალასანია

უპილოტო საფრენი ალასანია

634

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებამ ახალი ბიძგი მისცა დისკუსიას ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ამბიციებსა და შესაძლო კრიზისზე მმართველ კოალიციაში. ეს საუბრები დიდი ხნის წინათ დაიწყო, მაგრამ ადრე, როგორც წესი, კონსპიროლოგიური მკითხაობის ხასიათი ჰქონდათ, ამჯერად კი საუბარი გაცილებით კონკრეტული და დეტალიზებული გახდა.

28 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააკავა, მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. ამ საქმის ნიუანსებს ამჯერად არ ჩავუღრმავდებით, უბრალოდ, აღვნიშნავთ, რომ იმ მრავლრიცხოვან განცხადებებში, რომლებიც თავდაცვის მინისტრმა ხელქვეითების დაკავების შემდეგ გააკეთა, იყო ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფრაზა: დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების, ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, იმიტომ, რომ მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესს და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა”. ამ განცხადებით ალასანიამ უკან დასახევი გზა მოიჭრა _ თუ სასამართლო პროკურატურის არგუმენტებს გაიზიარებს და ამ პირებს დამნაშავედ ცნობს, მას თანამდებობის დატოვება მოუწევს.

დღეს თავდაცვის მინისტრის გულშემატკივრები აკეთებენ ზუსტად იმავეს, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაშინაციონალებიაკეთებდნენ და ცდილობენ, ეს საქმე ალასანიას წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური ბრძოლის ნაწილად წარმოაჩინონ. მართალია, ისინი ჯერ არ მისულანნაციონალებისსაკრალურ ფორმულამდეეს პოლიტიკური დევნაა”, მაგრამ ხმამაღლა მოითხოვენ პოლიტიკურ დისკუსიას ამ კორუფციულ საქმეზე და ამით ხელს უწყობენ პროკურატურის დისკრედიტაციას, მის წარმოჩენას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. მათი ძირითადი არგუმენტი დაახლოებით ასე ჟღერს: “ისინი დაიჭირეს იმიტომ, რომ ალასანიას დაარტყან”.

ინციდენტის დაწყებისთანავე ამოქმედდა მძიმე არტილერია და აშშ-ის ელჩმა ამ ეპიზოდზე საუბრისას ალასანიასა და მისი გუნდის მიმართ შეერთებული შტატების ნდობა დაადასტურა. შემდეგ ანალოგიური შინაარსის განცხადება შვეიცარიის საელჩომ გაავრცელა და კაციშვილმა ვერ გაიგო, რა შუაში იყო შვეიცარია საერთოდ (მხატვრულ ფილმ “მიმინოში” რომ იტყოდნენ: “კტო ონ ტაკოი, ეტოტ პოტერპევში?! კუდა ონ პოშელ?!”). ამ მხარდაჭერამ ალასანიას ბანაკი ფრიად ოპტიმისტურად განაწყო. ქართველი კომენტატორების უმრავლესობამ კი რიჩარდ ნორლანდის მთავარი გზავნილი შემდეგნაირად გაიგო: “ალასანიას ხელი არ ახლოთ!”.

ზოგადად, ძია სემის ნდობაზე შეიძლება ბევრი რამ ითქვას _ იყო დრო, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ენდობოდა, უფრო ადრე კი _ ანასტასიო სომოსას (უფროსსაც და უმცროსსაც). იყო დრო, როდესაც პრეზიდენტი რუზველტი ამბობდა: “მუსოლინი აღტაცებას იმსახურებს”. მოკლედ, საოცრად მიმნდობნი არიან ეს ამერიკელები, მაგრამ (ალასანიას ძველ რეპლიკას თუ გავიხსენებთ): “ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!”. კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ: “კანონზე მაღლა არავინ დგას თვინიერ ძია სემისა” თუ აშშ-ის ელჩი მთავარ პროკურორად დავნიშნოთ (მთავარი ადვოკატი ის უკვე გახდა)? უცხოელი დიპლომატების რეაქციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ საქმის განხილვას პოლიტიკური თამაშის კონტექსტში. შესაბამისად, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ნორმალური სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საპირისპირო მიმართულებით, კერძოდ კი _ ბანანის რესპუბლიკის მიმართულებით, სადაც ყოველივე, მართლმსაჯულების ჩათვლით, პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარება.

ამერიკელებს ძალიან უყვართ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება და იმედია, თავდაცვის მინისტრს არ ეწყინება, თუ სწორედ ასეთ აპარატს შევადარებთ. საქართველოში ძნელი მოსაძებნია პოლიტიკოსი, რომელიც ამერიკელების რჩევებს (ნუ გამოვიყებთ ამ მოსაწყენ სიტყვას “ინსტრუქციები”) ასე გულდასმით ითვალისწინებს. ამერიკელებს, სავარაუდოდ, შეუძლიათ, ის ისევე უპრობლემოდ მართონ, როგორც თავისი უპილოტოები სადღაც იქ, ავღანეთ-პაკისტანში. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. მას არასოდეს შეუქმნია ძია სემისთვის თუნდაც მცირე პრობლემა, პირიქით _ ყოველთვის ცდილობდა, მისი სურვილები წინასწარ ამოეცნო. ამასთანავე, ის ეყრდნობა გლობალური პოლიტიკური ლანდშაფტის აღქმის შავ-თეთრ, ბიპოლარულ მოდელს, რომელიც სავსებით მიესადაგება “ახალი ცივი ომის” რეალიებს. პრინციპში, სააკაშვილიც ასეთივე იყო, მაგრამ ის, ამავე მეტაფორის ჩარჩოებში თუ დავრჩებით, ძველი თაობის უპილოტო საფრენი აპარატი გახლდათ, ექსპერიმენტული ძრავით, რომელმაც, არ გაამართლა. ალასანია კიგაუმჯობესებული მიშაა”, ახალი მოდელი, რომელსაც არ ახასიათებს მენტალური არასტაბილურობა, პათოლოგიური სადიზმი, უცნაური ფობიები, მოკლედ, ყოველივე ის, რაც ხელს უშლის უპილოტო საფრენი პოლიტიკოსების ეფექტურ გამოყენებას “მესამე სამყაროს” ქვეყნებში.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვაშინგტონი მოწონებით შეხვდება საქართველოს ხელისუფლების სათავეში ირაკლი ალასანიას მოსვლას, რომელიც . . პროდასავლურ ბლოკს დაეყდნობა (საკუთრივ ალასანის პარტია, რესპუბლიკელები, ძველი რეჟიმის “პროგრესული ნარჩენები”, საკვანძო არასამთავრობოებში მიმოფანტული რადიკალი ატლანტისტები და ა. შ.). როდესაც კომენტატორები ამ ჰიპოთეტურ კონსტრუქციაზე საუბრობენ, ცუდად შენიღბულ ქვეტექსტში ხშირად იგულისხმება, რომ არმატურისროლს მისთვის ძალოვანები შეასრულებენ, კერძოდ _ “ნაციონალებისკადრები შსსში, რომელთა ნაწილი კვლავინდებურად რჩება საკვანძო თანამდებობებზე და ახალგაზრდა, მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის მქონე ოფიცრები თავდაცვის სამინისტროში, აგრეთვე, ის კადრები, რომელთა კარიერული წინსვლა ბოლო 2 წლის განმავლობაში ალასანიას მხარდაჭერას დაუკავშირდა.

მაგრამ, ერთ ცნობილ ფილმში რომ იტყოდნენ, “არ შეიძლება, ასე უბრალოდ…”. არ შეიძლება, ასე უბრალოდ აიღო თავდაცვის მინისტრი და ხელისუფლების სათავეში მოიყვანო _ ჩვენ გასული საუკუნის ლათინურ ამერიკაში არ ვცხოვრობთ. კლასიკური სამხედრო გადატრიალება ბინძური ტექნოლოგიაა, რომელიც სულ უფრო იშვიათად გამოიყენება. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამისთვის მზად არ არიან და (თუნდაც ნიგერიელი კოლეგებისგან განსხვავებით) შესაბამისი გამოცდილება და რესურსები არ აქვთ. ოფიცერთა კორპუსის საუკეთესო ნაწილი ამაზე ხელს არავითარ შემთხვევაში არ მოაწერს. რაც მთავარია, ასეთი სცენარის ამოქმედება ქვეყნის ყოვლისმომცველი დესტაბილიზაციის მაღალ რისკს უკავშირდება. ეს კი, მწვავე გეოპოლიტიკური კონკურენციის ზონაში, გადატრიალების უცხოელ სპონსორებს შეიძლება პოზიციების სრული ჩამოშლის ფასად დაუჯდეს. ასე რომ, მსჯელობა პრიმიტიულ სამხედრო გადატრიალებაზე დღევანდელ საქართველოში, ალბათ, მაინც ბოდვაა, ხოლო ხელისუფლების სათავეში ალასანიას მოყვანის ძირითად სცენარებად (თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს ამას ხელი აქტიურად შეუწყოს), სავარაუდოდ, უნდა განვიხილოთ არჩევნები, აგრეთვე, ისეთი კრიზისული სიტუაცია (მაგალითად, მაიდანი და თანმდევი ქაოსი), როდესაც თავდაცვის მინისტრი, სამხედროებთან ერთად, შეიძლება დაპირისპირებულ მხარეებს “გამშველებლად”, ხოლო შეშინებულ ქვეყანას “მხსნელად” მოევლინოს.

ამერიკული “ენ-დი-აი”, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე “ნაციონალებს” რაღაც კოსმოსურ, სრულიად შიზოფრენულ რეიტინგებს უხატავდა, ახლა დაახლოებით იმავეს ალასანიასთან დაკავშირებით აკეთებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ადგილობრივი კომენტატორების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერსპექტივაში ე. წ. პროდასავლური ბლოკი (ზემოთ ჩამოთვლილი შემადგენლობით), მმართველი კოალიციიდან გამოყოფის შემთხვევაში, 2016 წლის არჩევნებში გამარჯებას ვერ მოახერხებს. სოციოლოგიური მონაცემების შეჯერებამ მართლაც შეიძლება ამ მოსაზრებისკენ გვიბიძგოს (საერთოდ, მათთვის ნეგატიური ფაქტორი ბევრია _ ნაკლებად პოპულარულები არიან, ჯერჯერობით შედარებით ცოტა ფული აქვთ და ა. შ.); მაგრამ შეუძლებელია იმის ამოცნობა, რა ფორმებს მიიღებს კრიზისი, რომელიც კოალიციის რღევის პროცესს დაუკავშირდება. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას, ისაა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებამ ალასანიას მისცა შესაძლებლობა, ოპოზიციაში მაქსიმალურად ეფექტურად, ყველა შესაძლო პიარეფექტის გამოყენებით გადაბარგდეს. თუ მის, წერილის დასაწყისში ციტირებულ, რეპლიკას დავეყრდნობით, მან კი არ უარყო ეს შესაძლებლობა, არამედ ჩაებღაუჭა მას.

ის, რომ გარკვეულ ძალებს არჩევნების მოგება არ ძალუძთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ არჩევნების შემდეგ (ან არჩევნებისგან დამოუკიდებლად, როგორც ეს უკრაინაში მოხდა) მაიდანი მოაწყონ. 2016 წლის ოქტომბერი ამისთვის ფრიად მოსახერხებელია, რადგან ამ დროს საქართველო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ წარმოვიდგინოთ ევროდელეგატები, რომლებიც “ქართულ მაიდანს” გადაეფარებიან, და სხვა მსგავსი ნიუანსები, ალბათ, აჯობებს, ყურადღება უკრაინული მაიდნის ერთ მნიშვნელოვან თავისებურებაზე გავამახვილოთ.

თითოეული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მაიდანზე გამოვიდა, ცალკე აღებული, საკმაოდ სუსტი გახლდათ. იქ იყო ბევრი ურეიტინგო პოლიტიკოსი და მარგინალური ელემენტი და მათი გაერთიანება გარკვეული ლოზუნგის გარშემო არსებითად არაფერს ცვლიდა, მაგრამ მათ უკან იდგნენ ძალიან გამოცდილი მრჩევლები, რომლებიც მძლავრ უცხო სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. არც ეს იქნებოდა საკმარისი მაიდნის წარმატებისთვის, რომ არა “მეხუთე კოლონა” ხელისუფლების შიგნით, რომლის წარმომადგენლებმა ღია თუ ფარული საბოტაჟით სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზება ან არასათანადო გამოყენება უზრუნველყვეს. ალბათ, ამ შემთხვევაში უფრო მართებულია საუბარი არა “კოლონაზე”, არამედ “ქსელზე”, რომლის თითოეული ელემენტი (ცალკე აღებული) ძალზე სუსტი, თითქმის უძლურია, მაგრამ მათ ერთობლივ ამოქმედებას ძალზე შთამბეჭდავი შედეგი მოაქვს. ის ქართველი კომენტატორები, რომელნიც საუბრობენ, რომ საქართველოში მაიდანი გამორიცხულია, უშვებენ შეცდომას, როდესაც ამ ჰიპოთეტური ქსელის ცალკე აღებული ელემენტების ფარდობით სიძლიერეს (უფრო სწორად, სისუტეს) აფასებენ. ცალკე აღებულინაციონალებიმაიდანს ვერ მოაწყობენ, ვერც ცალკე აღებული რესპუბლიკელები ანალასანისტები”, ან ყველა ერთად უცხოელი დიპლომატების მხარდაჭერით, მაგრამ, თუ კრიტიკულ მომენტში საქმეში სახელისუფლო სტრუქტურებში საკვანძო თანამდებობებზე მყოფი პირებიც ჩაერთვებიან, ვითარება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, ხოლო ხელისუფლება რამდენიმე ასეული ძალოვანისა და რამდენიმე ათასი (კი, ბატონო, ათეული ათასი, თუმცა ეს არაფერს ცვლის) სამოქალაქო მხარდამჭერის ამარა დარჩეს.

ამერიკელები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას საქართველოს ახალი ხელისუფლებით, უპირველესად, სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივი დევნის გამო, ახლა კი ამას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების თემაც დაემატა. ისინი, როგორც ჩანს, აპირებენ, ნათლად მიანიშნონ საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ალასანია, ასე ვთქვათ, მათი უპილოტო საფრენი აპარატია. ქვეტექსტში, ალბათ, იგულისხმება, რომ მისი მართვის პულტზე წითელი ღილაკიც არის. ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურადაა და ყველა ერთმანეთს უღიმის, თუმცა სინამდვილეში კრიზისი უკვე დაწყებულია და მისი შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მტკიცე პოზიციას დაიკავებს ივანიშვილი (ან ღარიბაშვილი ივანიშვილის მხარდაჭერით) და შეეცდება თუ არა, ირაკლი ალასანიას ამბიციები შეზღუდოს, რაც, ფიგურანტის “უპილოტო როლის” გათვალისწინებით, საქართველოში აშშ-ის ამბიციების შეზღუდვის ტოლფასია.

დიმიტრი მონიავა

P.S. გაზეთის ეს ნომერი უკვე დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დათხოვნის შესახებ. მოსალოდნელზე სწრაფად განვითარებული მოვლენები კი სწორედ წინამდებარე მასალის შინაარსის დასტურია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here