Home რუბრიკები პოლიტიკა ევგენი პრიმაკოვი: ზუსტად ვიცი, რომ იყო განკარგულება, არავითარ შემთხვევაში არ დაეწყოთ შეტევა...

ევგენი პრიმაკოვი: ზუსტად ვიცი, რომ იყო განკარგულება, არავითარ შემთხვევაში არ დაეწყოთ შეტევა თბილისზე!

2261

პოპულარულმა ინტერნეტგამოცემა DELFI-მ (ავრცელებს ინფორმაციას ესტონურ, ლიტვურ, ლატვიურ, პოლონურ და რუსულ ენებზე) ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ პრემიერმინისტრს, ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ევგენი პრიმაკოვს, რომელიც მოგვითხრობს, როგორ გაუშვა ხელიდან აფხაზებთან მშვიდობიანი მოლაპარაკების შანსი საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, როცა მასთან პირისპირ შესახვედრად თბილისში აფხაზთა ლიდერი ვლადისლავ არძინბა ჩაიყვანა. ევგენი პრიმაკოვი, რომელმაც ბავშვობისა და სიჭაბუკის წლები (დაიბადა 1929 წელს კიევში) თბილისში გაატარა, ინტერვიუში საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომსა და ბიძინა ივანიშვილთან ერთადერთ შეხვედრაზეც ლაპარაკობს.  გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან.


_ როგორ შეაფასებთ რუსეთსაქართველოს ურთიერთობას? მასში დიდ როლს თამაშობს 1990-იან წლებში დაწყებული კონფლიქტები.

_ მოგითხრობთ რამდენიმე ეპიზოდს, რომლებიც ვითარების გაგებაში დაგეხმარებათ. მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი და სოჭში შვებულებას ვატარებდი, როდესაც ვლადისლავ არძინბამ დამირეკა. გამიკვირდა, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით _ თავის დროზე, როცა მე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს ვხელმძღვანელობდი, ის თანამშრომელი იყო _ თუმცა მასთან არცთუ კარგი ურთიერთობა მქონდა. მოგიყვებით, რატომაც. როდესაც აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტიდან გადავედი, დავიწყე ამ ინსტიტუტის წესების გადატანაც. ერთ-ერთი წესის თანახმად, ადამიანი, რომელსაც დაცული არ ჰქონდა დისერტაცია, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ უნდა წასულიყო და ინსტიტუტში საერთო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დაეწყო მუშაობა. ეს წესი შეეხო არძინბას მეუღლეს _ სვეტლანა ჯერგენიას. დაიწყო ზარები სოხუმიდან _ მთხოვდნენ, არძინბას მეუღლე მეცნიერ-თანამშრომლად მიმეღო. უარი განვაცხადე. ამას იმიტომ გიყვებით, რომ აგიხსნათ, _ ვლადისლავ არძინბასთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა. როდესაც დამირეკა, მივხვდი, ეს ექსტრაორდინალური შემთხვევა იყო. შეხვედრა მთხოვა. მე, რა თქმა უნდა, უარი არ ვუთხარი. ხანგრძლივი და რთული საუბარი გაიმართა. არძინბამ უარი განაცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. კომპრომისის ძიებისას შევთავაზე ასეთი ვარიანტი _ “აფხაზეთის თანხმობა, იცხოვროს საქართველოსთან საერთო სახელმწიფოში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში 1991 წლის 1 იანვრის მდგომარეობით”. ჩვენ დიდხანს და ცხარედ ვკამათობდით. მოგვიანებით ჩემმა ცოლმა მითხრა, შენგან ასეთი ყვირილი არასდროს მომისმენიაო.

დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელი არძინბას დარწმუნება, რომ ჩემი ფორმულირება მიეღო. ეს იყო კოლოსალური ნაბიჯი. მივხვდი, _ არძინბა თბილისში უნდა წამეყვანა. იმხანად 7 წელი სრულდებოდა, რაც მასზე საქართველოს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. მე შევძელი ვლადისლავ არძინბასა და ედუარდ შევარდნაძის შეხვედრის ორგანიზება. თბილისის აეროპორტში ჩვენს დასახვედრად მოსულებმა გაკვირვება ვერ დამალეს, როდესაც დაინახეს, როგორ ჩამოვდიოდით მე და არძინბა ტრაპიდან. სხვათა შორის, დამხვედრთა შორის იყო ზურაბ ჟვანიაც. არძინბა შევარდნაძესთან პირისპირ დავტოვე. მათ მრავალსაათიანი უმძიმესი საუბარი ჰქონდათ.

იმხანად ნათელი იყო, რომ ახალი ფორმულა უნდა გამხდარიყო ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ყველა დანარჩენი დოკუმენტი დაემორჩილებოდა, მაგრამ ის შევარდნაძემ არ მიიღო და წინადადება წამოაყენა ტერმინისაერთო სახელმწიფოშეეცვალათერთიანი სახელმწიფო”-თი _ არძინბა, რა თქმა უნდა, არ დათანხმდა. ეს იყო ჩავარდნა. კონფლიქტის თავიდან აცილების კოლოსალური შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. შემდეგ იყო ვახშამი. სუფრასთან ყველა ერთმანეთის ჯანმრთელობის სადღეგრძელოს სვამდა. ასე დასრულდა საკითხის მოგვარების მცდელობა. ეს იმიტომ მოგიყევით, რომ მეჩვენებინა, _ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობდა.

_ ახლა თუ არის კონფლიქტის მოგვარების შანსი?

_ გულწრფელად რომ გითხრათ, არა მგონია, რომ ახლა აფხაზეთმა უარი თქვას სუვერენიტეტზე. მომართული პროცესის შეჩერება რთულია.

თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მთავარი დაბრკოლებაა.

_ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთის გაყინული კონფლიქტი რაღაც დროის გასვლის შემდეგ კვლავ გალხვება?

_ საეჭვოა. არ მჯერა, ქართულ-აფხაზური ომის შესაძლებლობის, თუმცა ცალკეული აქციები შეიძლება ორივე მხრიდან იყოს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეკონომიკაზე, თუკი საქართველოსა და აფხაზეთს შორის განვითარდა ეკონომიკური ურთიერთობები, შემსუბუქდება ვითარება და ურთიერთდამოკიდებულების ფორმები.

_ თბილისმა, საეჭვოა, მოლაპარაკებები დაიწყოს სოხუმთან სახელმწიფო მეთაურების დონეზე, თუნდაც იმიტომ, რომ არ აღიარებს მას. როგორ უნდა დაიწყოს დიალოგი იმ პირობებში, როდესაც პოზიციები პრინციპულად განსხვავებულია?

_ ომის დროს უნდა შეთანხმებულიყვნენ. ომი კრიტიკულ ფორმაშიც კი მოლაპარაკებებით მთავრდება. ახლა, მადლობა ღმერთს, ომი არ მიმდინარეობს. ვფიქრობ, არ არსებობს ისეთი წინაღობები, რომლებსაც შეუძლია აბსოლუტურად გამორიცხოს მოლაპარაკების შესაძლებლობა.

_ ვისთან უნდა ჩაერთოს თბილისი დიალოგში _ მოსკოვთან თუ სოხუმთან?

_ სოხუმთან. ერთმნიშვნელოვნად. თუ ფიქრობთ, რომ რუსეთი ამჟამად ყველაფერს ხელმძღვანელობს აფხაზეთში, ცდებით. იქ მიმდინარე ზოგიერთი პროცესი რუსეთის კონტროლს არ ექვემდებარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლოს ვართ, ვეხმარებით, მაგრამ აფხაზეთი მაინც სახელმწიფო წარმონაქმნია და არა _ რუსეთის კოლონია.

_ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მოსკოვი ამბობდა, რომ იცავდა თავის სამშვიდობო ძალებს, მაგრამ რუსული სამხედრო შენაერთები გავიდნენ სამხრეთ ოსეთის საზღვრებიდან და თითქმის თბილისამდე მიაღწიეს. იყო კი ამის აუცილებლობა?

_ ომს თავისი კანონები აქვს, როდესაც მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები, საკითხები ხშირად ადგილზე წყდება. ასეთი რამ ისტორიაში იმდენია, რამდენიც გნებავთ, განსაკუთრებით _ იმ პერიოდში, როდესაც არ იყო ტელეგრაფი და მობილური ტელეფონები: ერთი მხრივ _ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მეორე მხრივ _ მოქმედებენ სამხედროები. ვფიქრობ, 2008 წელს თბილისამდე სამხედროების მოსვლა რაღაც ეიფორიით იყო გამოწვეული. მე, მაგალითად, ვიცი, რომ იყო განკარგულება, არავითარ შემთხვევაში არ დაეწყოთ შეტევა თბილისზე. იქ შესვლა კი მარტივად შეეძლოთ იმიტომ, რომ გზა თავისუფალი იყო, თბილისზე წასვლა უზრუნველყოფილი გახლდათ. ამის გაკეთება რამდენიმე საათში შეიძლებოდა, ასეთი ამოცანა რომ მდგარიყო, მაგრამ ასეთი ამოცანა არ ყოფილა.

_ ზოგი რუსი ანალიტიკოსის განცხადებებს თბილისში ნეგატიურად აღიქვამენ. როგორ შეაფასებთ, მაგალითად, დუგინის გამოხდომებს, რომელსაც არაერთხელ გამოუთქვამს მწვავე აზრი საქართველოს შესახებ?

_ ჩვენ კიდევ გვყავს ჟირინოვსკიც (იცინის). განდგომილებსა და ნახევრად შეშლილებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. მათ თვითონ ჩვენ არ ვუსმენთ. მათ ტელევიზიებში შოუს გასაცოცხლებლად იწვევენ, მეტი არაფრისთვის. დამნაშავენი არიან ჟურნალისტები, ჩემი და თქვენი კოლეგები, რომლებიც ასეთებს ეთერს უთმობენ.

_ ბიძინა ივანიშვილს თუ იცნობთ? თბილისში ბევრს მიაჩნია, რომ ქართველი ოლიგარქი რუსეთში თავისი აქტივების სწრაფად გაყიდვას მოსკოვის დაუხმარებლად ვერ შეძლებდა.

_ არ ვიცი, მას ვინ ეხმარებოდა. იმხანად სავაჭრო-სამრეწველო პალატას ვხელმძღვანელობდი, ეს დაწესებულება კი ასეთ საქმეებში არ მონაწილეობს. ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ერთხელ შევხვდი. მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ის კი ამ სამინისტროს გვერდით აშენებდა შენობას, რომელსაც მიწისქვეშა გარაჟი ჰქონდა. ჩვენ მოვილაპარაკეთ, ვის უნდა რგებოდა გარაჟი. ის მეტჯერ აღარ მინახავს.

_ თქვენი აზრით, რატომ მოვიდა ის პოლიტიკაში?

_ მტკიცედ შემიძლია განვაცხადო, რომ ის რუსეთს არ მოუყვანია, ზუსტად ასეა. ეს შიგა ქართული საკითხებია.

_ და რატომ წავიდა პოლიტიკიდან?

_ ჩემი აზრით, ის პოლიტიკიდან არ წასულა!

ესაუბრა

იანა ისრაელიანი

DELFI

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here