Home რუბრიკები ისტორია როგორ დაუბრუნდა საქართველოს სტალინის ნივთები

როგორ დაუბრუნდა საქართველოს სტალინის ნივთები

1096

1970-იანი წლების ბოლოს, კრემლის ყრილობათა სასახლეში, ერთ-ერთ პარტიულ ფორუმზე შესვენებისას, კერძო საუბარში საბჭოთა კავშირის სარკინიგზო ტრანსპორტის იმჟამინდელმა მინისტრმა, ლეგენდარულმა ბორის ბეშევმა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ედუარდ შევარდნაძეს გაანდო, რომ გადამალული აქვს სტალინის პირადი ჯავშნიანი სალონ-ვაგონი, რომელიც საბჭოეთის ხელმძღვანელს მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა და არ იქნებოდა ცუდი, თუ იგი ამ ვაგონს საქართველოში ჩაიყვანდა. 


ედუარდ შევარდნაძემ, როგორც სჩვეოდა, ეს ინფორმაცია ყოველგვარი აღფრთოვანების გარეშე მიიღო, მაგრამ თბილისში ჩამოსვლისთანავე სასწრაფოდ გამოიძახა საქართველოს რკინიგზის უფროსი და ვაგონის საქართველოში ჩამოტანა დაავალა. იქნებ ბევრმა სხვამაც, მაგრამ მე კარგად ვიცი, რაოდენ პატივს სცემდა შევარდნაძე სტალინს და როგორ მავალებდა, გამეკეთებინა ყველაფერი სტალინის სახელის პატივსაცემად. “საქართველოს რკინიგზამსტალინის ვაგონის ჩამოყვანის საკითხის მოგვარება ამ უწყების უფროსის მოადგილეს _ ვლადიმერ ჯაფარაშვილს დაავალა.

საქართველოში სტალინის პიროვნება ყველაზე მეტად დაფასებული და ამაღლებული ხაშურის რაიონშია და, ალბათ, სიმბოლურიც იყო, რომ სტალინის ამ უძვირფასესი მემორიალური ნივთის საქართველოში ჩამოტანა სწორედ ხაშურელ კაცს _ ვლადიმერ ჯაფარაშვილს დაევალა. ის აქტიურად ჩაება საკითხის მოგვარებაში და დაადგინა ვაგონის ზუსტი ადგილმდებარეობა. სტალინის ვაგონი აღმოჩნდა როსტოვის რკინიგზის ერთ-ერთ ჩიხში. ვაგონზე ზედამხედველობა ჰქონდა დაწესებული როსტოვის რკინიგზის უფროსის მოადგილეს, წარმოშობით სომეხ რობერტ ალექსანიანს.

ვლადიმერ ჯაფარაშვილმა თავისთან მიიწვია რკინიგზის სავაგონო უბნის უფროსი, ღრმად განათლებული, პრინციპული და ჭარმაგი რკინიგზელი ნოდარ კოპალეიშვილი და ახალგაზრდა, ბეჯითი და საქმის ზედმიწევნით პუნქტუალურად შემსრულებელი ავთანდილ ოქრომჭედლიშვილი.

დავალება მეტად მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით _ ავთანდილ ოქრომჭედლიშვილისთვის. მისი დედა გორიდან იყო წარმოშობით და ამიტომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედულეთთან. ავთანდილ ოქრომჭედლიშვილის მამა იყო აქტიური კომკავშირელი, რომელიც 1950-იან წლებში მაღალ პროფკავშირულ თანამდებოჰბებზე მუშაობდა, მაგრამ 1956 წლის ცნობილი მოვლენების გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა როგორც თანამდებობა, ასევე დედაქალაქიც და სამუშაოდ მშობლიურ საგარეჯოში წავიდა.

ავთანდილი სწორედ მამის იდეებითა და მიზნებით ცხოვრობდა და იკვლევდა მომავლის გზას, ამიტომ ახალმიღებული დავალების შესრულება მისთვის ოცნების ასრულება უფრო იყო.

როსტოვში ჩასულ ნოდარ კოპალეიშვილსა და ავთანდილ ოქრომჭედლიშვილს არცთუ სასიხარულო ვითარება დახვდათ: რკინიგზის სამმართველოს აქტივი და პირადად რობერტ ალექსანიანი ვაგონის გადაცემის სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ (სწორედ აქ გამახსენდა ანეკდოტი, სომეხმა, რომ ქართველს ქუდი მოჰპარა _ ქართველს სინდისნამუსიც დაეკარგებაო), რა თქმა უნდა, სტალინის სახელს ვაგონის დაკარგვა ბევრს ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ მისი დღეს გორში დგომა ბევრ რამეს მატებს მნახველის გულსა და სულს.

როსტოველები ვაგონის გადაცემის სასტიკი წინააღმდეგნი კი იყვნენ, მაგრამ მაინც ცდილობდნენ ვაგონიდან გაეტანათ მცირე ზომის სამუზეუმო ნივთები. ქართველებიც ფრთხილობდნენ და ვაგონთან სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს, თბილისში კი გადმოსცეს მეტად სამწუხარო ამბავი, _ ვაგონს არ გვაძლევენო.

თბილისიდან კვლავ დარეკეს მაღალი სიხშირის ტელეფონზე და ითხოვეს დახმარება. ბეშევის განკარგულებით, მოსკოვიდან როსტოვში რკინიგზის უწყების მაღალჩინოსანი ჩავიდა. მეორე დღეს იმ ვაგონის სალონში, სადაც ზოგჯერ სტალინს პოლიტბიუროს სხდომაც კი ჩაუტარებია, მიღებ-ჩაბარების ოქმი დაიწერა. აღურიცხავი და გადამალული ქონება კანონიერ მფლობელთან გადავიდა, ვიღაც კეთილისმსურველმა უხილავი ხელით კეთილი საქმე გააკეთა და სამართლიანობა აღდგა.

ნოდარ კოპალეიშვილი და ავთანდილ ოქრომჭედლიშვილი ვაგონის ტექნიკურ დათვალიერებას შეუდგნენ. საჭირო იყო ყველა დეტალისა და მექანიზმის შემოწმება, ვაგონს შორეული მგზავრობისთვის რომ გაეძლო. მოსკოვის ფარული დავალებით, ვაგონის გასამგზავრებლად მოსამზადებლ სამუშაოებში აქტიურად ჩაებნენ მასპინძლებიც. გაიწმინდა ელექტრო და სამუხრუჭე სისტემები, ყველა დეტალი შემოწმდა და ვაგონი სრულ წესრიგში იქნა მოყვანილი.

ქართველი რკინიგზელების აზრით, ვაგონი ჩქაროსნულ მატარებელს არ უნდა ჩაბმოდა, რადგან შეიძლებოდა, ძარას დეფორმაცია მიეღო. ამიტომ ზემდგომს მოახსენეს, რომ საჭირო იყო ვაგონის ჩართვა საფოსტო მატარებლის შემადგენლობაში. წინადადება მიღებული იქნა და გაიცა შესაბამისი განკარგულებაც. ქართველ რკინიგზელებს გაუჩნდათ სხვა საზრუნავიც _ დაელუქათ ვაგონი და ისე გამოეშვათ საქართველოში თუ მას თვითონ გამოჰყოლოდნენ. ნოდარ კოპალეიშვილმა გადაწყვიტა, თვითონ გამოყოლოდა ვაგონს, რათა გზადაგზა პერიოდულად შეემოწმებინა მისი სავალი ნაწილების მდგომარეობა. ამის საშუალებას კი იძლეოდა საფოსტო მატარებელი, რომელიც ხშირად ჩერდებოდა სადგურებზე. ავთანდილ ოქრომჭედლიშვილი კი უნდა გამოფრენილიყო თვითმფრინავით, რათა გორში უზრუნველეყო ვაგონის მიღება.

თბილისში ჩამოსულმა ავთანდილ ოქრომჭედლიშვილმა მიმართა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს, რომელსაც შეეძლო, დახმარება აღმოეჩინა ლიანდაგიდან ვაგონის გადმოტვირთვასა და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებაში.

ჯავშნიანი სპეცვაგონი რუსეთის იმპერატორმა 1915 წელს დაუკვეთა კანადაში. ამ ვაგონის საერთო წონა _ 90 ტონას, ხოლო სიგრძე 25 მეტრს შეადგენდა. ასეთი მასის მქონე საგნის ქალაქში გადაადგილება იმ პერიოდში ერთობ დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. აღმდგენი მატარებელი, რომელიც რკინიგზას ჰქონდა, უძლური იყო ქალაქის პირობებში აღნიშნული სამუშაოს შესარულებლად. გადაწყდა, ვაგონისთვის მოეხსნათ ძარა და ორ ნაწილად გაყოფილი ვაგონი ცალცალკე გადაეტანათ დანიშნულების ადგილზე.

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის ბრძანებით, გორში ჩაიტანეს ამიერკავკასიაში არსებული ორი ერთეული ზემძლავრი ამწიდან ერთ-ერთი, რომლის დახმარებითაც სამხედრო სპეცსაზიდარზე მოათავსეს 25-მეტრიანი ვაგონის სავალი ნაწილი და წამოიღეს გორში სტალინის სახლ-მუზეუმისკენ. სირთულე იქვე 100 მეტრის გავლის შემდეგ შეექმნა მექანიზმებს, რადგან მოსახვევი არ იძლეოდა მობრუნების საშუალებას. გორის მოსახლეობა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გამოსული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ქალაქში თვითონ სტალინი შემოდიოდა. მოსახლეობა არაფრად აგდებდა კაპიტალური ღობეებისა და დამხმარე ნაგებობების ნგრევას, ოღონდ ტვირთი ადგილამდე მისულიყო. თოვლ-ჭყაპი ხელს ვერ უშლიდა მოსახლეობას, გზა გაეხსნა არასტანდარტული ტვირთისთვის.

სტალინის სახლ-მუზეუმის გვერდით, წინასწარ დაგებულ რკინის ლიანდაგების პარალელურად, სამხედრო სპეცსაზიდარი ჩააყენეს, გვერდით კი _ უზარმაზარი სპეცამწე. არნახული სიმძიმისა და სიდიდის ტვირთი ნელ-ნელა იწეოდა მაღლა და რელსების მიმართულებით მოძრაობდა. ნოდარი და ავთანდილი სწრაფად მოძრაობდნენ და სწორ მიმართულებას აძლევდნენ ტვირთს, რათა რკინის ბორბლები ზუსტად ჩამჯდარიყო ლიანდაგებში. არაჩვეულებრივი სიზუსტით მუშაობდა ამწის მემანქანეც, რომელმაც შეუცდომლად დაუშვა ტვირთი ლიანდაგებზე. იქუხა ტაშმა, გაისმა შეძახილები. მთავარი საქმე გაკეთებული იყო. მეორე გზა უფრო იოლი, მაგრამ ვაგონის გაბარიტების გამო მეტად სახიფათო იყო. რამდენიმე ადგილზე ელექტრიკოსებმა ელექტროსადენები ჩამოხსნეს. ქალაქი პარალიზირებული იყო, მოძრაობდა მხოლოდ სპეცსაზიდარი და გიგანტური ამწე და კვლავ ჰაერში დაკიდებული, ყველასათვის ესოდენ საინტერესო და სანატრელი სტალინის ვაგონი. მემანქანე ნელ-ნელა უშვებდა უზარმაზარ დაჯავშნილ ყუთს თავის ჩვეულ და ძველ ადგილზე, ხალხი კი მოუთმენლად ელოდა უძვირფასესი ნივთის ხილვას. და აი, ვაგონი ზუსტად დაჯდა თავის ადგილზე და კვლავ იქუხა ტაშმა და შეძახილებმა: “სტალინი ჩვენთანაა!”

ნოდარი და ავთანდილი თავიანთ მეგობრებთან ერთად სწრაფად აწარმოებდნენ ძარის სავალ ნაწილზე დამაგრების სამუშაოებს, რათა მსურველებს ვაგონი დაეთვალიერებინათ, მაგრამ ამის საშუალება ავდრით შეწუხებულ და დასველებულ ხალხს სახლ-მუზეუმში შექმნილმა ტექნიკურმა სირთულეებმა არ მისცა. ნოდარმა და ავთანდილმა ის ღამე ვაგონში გაათიეს. მეორე დილით კი მოხდა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა და ხელმოწერა, რის შედეგად სტალინის პირადი სალონ-ვაგონი, რომელშიც ბელადმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, მისივე სახელობის სახლ-მუზეუმს ჩაბარდა. ასე დაასრულა სამმა სახელოვანმა ქართველმა რკინიგზელმა: ვლადიმერ ჯაფარაშვილმა, ნოდარ კოპალეიშვილმა და ავთანდილ ოქრომჭედლიშვილმა დიდი საქმე, რომელიც ეამაყება ქართველ კაცს, როდესაც ის გორში სტალინის სახლ-მუზეუმის ყველაზე დიდ, ღირებულ და საინტერესო ექსპონატს ათვალიერებს.

ზემოხსენებული ადამიანებიდან ამ დიდი საქმის სულისჩამდგმელი ედუარდ შევარდნაძე და მისი დავალების ბრწყინვალედ შემსრულებლები _ ვლადიმერ ჯაფარაშვილი და ნოდარ კოპალეიშვილი ცოცხლები აღარ არიან. საუკუნო ხსოვნა და სიყვარული მათ. ხოლო ავთანდილ ოქრომჭედლიშვილს წარმატებები ვუსურვოთ ოჯახში და ხალხისათვის მეტად საჭირო სამსახურში.

შავიზღვისპირეთის შემდეგ სტალინის ნატერფალი ყველაზე კარგად შემოგვინახა ლიკანის სამთავრობო აგარაკჰმა, სადაც სტალინმა ორჯერ დაისვენა _ 1927 და 1951 წლებში. 1927 წელს სტალინის სურვილისამებრ რამდენადმე შეიცვალა ლიკანის სასახლის პირველი სართული _ დაიდგა ავეჯი და გაკეთდა საწოლი, ოთახის მიმდებარე აბაზანა. გორიდან ჩაიტანეს ძველი ქართული ნახევრად რბილი ტახტი, რომელზეც ხშირად წამოწვებოდა ხოლმე მუშაობით დაღლილი. იქ, სადაც ბილიარდის სათამაშო ოთახი იყო და არის დღესაც, რომანოვების მიერ აშენებული უძვირფასესი ბუხარია, რომლის შუბლზედაც ნატიფად არის გამოსახული ბორჯომის ნაკრძალის ცხოველთა სამყარო. ბუხრის თავზე კი გამორჩეულად ბუს ფიგურაა გამოსახული. ამ ფიგურაზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, რომ არა ერთი შემთხვევა:

ერთხელ კიბეზე შემდგარმა სასახლის დამლაგებელმა, რომელიც ბილიარდის ოთახში ბუხარს ასუფთავებდა, არასწორი მოძრაობის გამო თავი ვერ შეიმაგრა და კიბიდან ჩამოვარდებოდა, ინსტიქტურად ბუს ფაიფურის ქანდაკებისთვის რომ არ გამოედო ხელი. რის გამოც ბუ ბუხრის თავიდან გადმოვარდა და იატაკზე დაიფშვნა. მომსახურე პერსონალმა, იცოდა რა ბილიარდის ოთახისადმი სტალინის სიყვარული, ყველა ღონე იხმარა დანაკლისის ასანაზღაურებლად. უამრავ სახელოსნოს და ცაკლკეულ მოქანდაკეს დაუკვეთეს სამუშაო, მაგრამ ყველა ექსპონატი ბუხარზე განლაგებულ ცხოველთა სამყაროსთან თითქოს შეუთავსებადი ხდებოდა, ბოლოს და ბოლოს, ბუ ლენინგრადში ჩამოასხეს და დიდი რუდუნებით, ისევ ბუხრის თავზე მოათავსეს, როგორც თავდაპირველად იყო.

თუ ამ ამბავს გიდი არ მოგიყვებათ, ვერაფრით მიხვდებით, რომ ბუხარზე სხვადასხვა ხელით შექმნილი ბარელიეფები და ქანდაკებებია.

1951 წელს სტალინის მოგზაურობა საქართველოში სხვადასხვა საინტერესო მოვლენებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ცალკე წერილს მივუძღვნი, მაგრამ ერთი ფაქტი აქაც უნდა გავიხსენო.

ლიკანის სასახლეში შესული სტალინი პირდაპირ ბილიარდის სათამაშო ოთახში გაემართა, ერთ ადგილზე გაჩერდა და ოთახის დათვალიერება დაიწყო. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თავისთვის ჩაილაპარაკა _ “ბუ ადგილზეა.” თანმხლებ პირთაგან ცოტამ თუ გაიგო, რას ნიშნავდა სტალინის სიტყვები: “ბუ ადგილზეა”, რომელიც მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი.

ბილიარდის ოთახიდან გამოსვლისთანავე სტალინმა იკითხა, სად უნდა დაესვენა მას. ბელადს წინ გაუძღვნენ და მიიყვანეს მისი მითითებით გაკეთებულ პატარა საძინებელ ოთახში, რომელიც კარით სამუშაო ოთახს უკავშირდებოდა.

_ ესე იგი, მე აქ, ამ ოთახში უნდა ვიმუშაო და იქ დავიძინო, არა? _ იკითხა ბელადმა, რაზეც თანხმობა მიიღო.

შუა ოთახში მდგომმა ლაბადამოსხმულმა სტალინმა მცველს უბრძანა, მისიჩემოდანიშემოეტანათ. მალევე მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდაზე გაიხსნა ხის ყუთი, რომელშიც ჩალაგებული იყო ყველა სადურგლო თუ საოჯახო იარაღი _ ჩაქუჩი, ხერხი, შალაშინი, გაზი, სასხლავი დანა, ნაჯახი, სხვადასხვა სიდიდისატვიორტკადასატეხი”, ხის დასაკეცი საზომი და სამკუთხედი. ყუთში ასევე იყო სხვადასხვა ზომის ლურსმანი.

სტალინმა ყუთიდან საშუალო ზომის ლურსმანი შეარჩია, აიღო ჩაქუჩი, ოთახში შემოსასვლელი კარისაკენ მიბრუნდა და გვერდით კუთხეში ლურსმანი ნახევრამდე ჩააჭედა. ჩაქუჩი ყუთზე დადო, ლაბადა გაიხადა და თავის მიჭედებულ ლურსმანზე დაკიდა. შემდეგ ისევ ჩაქუჩს მიუბრუნდა, ისევ იმ ზომის ლურსმანი შეარჩია და თავისი სამუშაო მაგიდის მარჯვენა მხარის გვერდს მიაჭედა. ქუდი მოიხადა და მიჭედებულ ლურსმანზე ჩამოკიდა. ეს მოძრაობები სრულ სიჩუმესა და გარშემო მყოფთა უძრაობაში ჩაატარა. მცველმა ჩაქუჩი ყუთში ჩადო და ყუთთან ერთად გაუჩინარდა.

ათასობით ადამიანს ძალაუნებურად სწორედ ამ ლურსმნისაკენ მიუწევს ხელი და თვალი, ვისაც კი მისი დათვალიერების ბედნიერი წუთები დადგომია.

ახლა კი ამ ყუთზე მოგითხრობთ:

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლიკანის აგარაკის ისტორია პეტრე იოსელიანის სახელთან არის დაკავშირებული. ვის არ განუცდია ბორჯომის ხეობის მარგალიტის, ლიკანისა და ლეგენდარული პეტრე იოსელიანის სითბო და მომხიბვლელობა?!

ერთ ზაფხულს ლიკანის აგარაკზე ვისვენებდი. სამკურნალო კორპუსიდან სასახლისაკენ მივდიოდი, როცა შევამჩნიე, რომ ბატონი პეტრე თავისი სამუშაო კორპუსის წინ იდგა და მეგობრებს ესაუბრებოდა. მოკრძალებული მისალმების შემდეგ ხელი გამომიწოდა და გადამკოცნა. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ცოტა ხნის შემდეგ ბატონი პეტრე ჯგუფს გამოეყო, ხელკავი გამიკეთა და თავისი კაბინეტისაკენ წამიძღვა.

კაბინეტში თბილი საუბარი გაიმართა. რატომაც სურვილი გაუჩნდა, ესაუბრა სტალინზე და ლიკანზე. მე უბრალო მოძრაობასაც არ ვაკეთებდი, რომ საუბარი არ შემეჩერებია. მეშინოდა, კაბინეტში ვინმე არ შემოსულიყო, ან ტელეფონს არ დაერეკა. საუბრის ბოლოს ბატონი პეტრე თავის მოსასვენებელ ოთახში შევიდა, იქიდან ხისგან დამზადებული მოზრდილი ჩემოდანი გამოიტანა, საწერ მაგიდაზე დადგა და მომმართა:

_ გრიშა, ეს ყველაზე ძვირფასი ნივთია ჩემთვის, რაც კი გამაჩნია, მას თან ვატარებ ყველგან, სადაც წავალ. სხვას ვერ ვენდობი. მინდოდა, გორში სტალინის სახლმუზეუმისათვის ჩამებარებინა, მაგრამ ვიფიქრე, ჩაიკარგება ამდენ ექსპონატებშიმეთქი და გადავწყვიტე, მე მქონოდა. მაგრამ უკვე ასაკში ვარ, კაცი ხომ იცი, გაბერილი გუდაა, არ ვიცი, რა მოხდება, ამიტომ ამას შენ გაძლევ და შენ იცი, როგორ მოუვლი.

ბატონ პეტრეს თვალზე თითქოს ცრემლი მოადგა, მაგრამ მის სახეს ღიმილი არ შორდებოდა. სიხარულისაგან ენა დამება, პასუხს ვერ ვცემდი, ვერც მადლობას ვეუბნებოდი. მოუთმენლად ველი, როდის გადმომცემს საჩუქარს, რომ ვნახო, შიგ რა არის. ბატონი პეტრე არ ჩქარობდა, ბოლოს კი მითხრა:

_ ეს არ არის ის ნივთი, რომელსაც მე ჩუმად გადმოგცემ. როდესაც აქედან წახვალ, ალბათ, მეც მალე მომიწევს თბილისში ჩამოსვლა, სახლში ჩემს მეგობრებს დავუძახებ, შენც ორი მეგობარი წამოიყვანე და მათ წინაშე, საზეიმო სუფრაზე, ამ საჩუქარსაც გადმოგცემ. ოღონდ იცოდე, ეს საჩუქარი კი არა ეროვნული საგანძურია, რომელსაც შესანახად გაბარებ.

ამ სიტყვების შემდეგ “ჩემოდანი” გახსნა და დავინახე უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული სტალინის პირადი სახელოსნო იარაღები, რომელიც, ბატონი პეტრეს თქმით, ყველგან დაჰქონდა, სადაც კი დასასვენებლად მიდიოდა.

მოუთმენლად ველოდი ბატონ პეტრეს ზარს, რათა მივსულიყავი მასთან უძვირფასესი ნივთის მისაღებად.

ერთ დღეს რესტორან “არაგვში” ერთი ჩემი უფროსი მეგობრის დაბადების მრგვალ თარიღს აღვნიშნავდით. ვხედავ, მაგიდას სადაც უნდა დავმსხდარიყავით, ბატონი პეტრე უახლოვდება. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, განაკუთრებული სიხარულით შემხვდა თვითონაც. შუა სუფრაზე გვერდით გამიხმო და მითხრა:

_ ზეგ, ხუთშაბათს, საღამოს 7 საათზე, ჩემთან უნდა მოხვიდე შენი ორი მეგობრით, საჩუქარი უნდა გადმოგცე.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სულმოუთქმელად ველოდი ზეგ-ის დადგომას. მეორე დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. თანამესუფრემ დამირეკა, _ წუხელ ბატონი პეტრე გარდაიცვალაო. ჩემ თვალწინ ელვის სისწრაფით გაირბინა მოგონებებმა ბატონ პეტრეზე. ნუთუ, ეს მართალია, ნუთუ ეს სიზმარი არ არის,_ ვუმეორებდი ჩემს თავს ისე, როგორც ვუმეორებდი მაშინ, როცა ჩემი შვილი დათუნა დავკარგე.

იმ ტრაგიკული დღეების მოგონებით, ძვირფასო მკითხველო, არ გადაღლით, მაგრამ ერთს კი გეტყვით: ბატონ პეტრეს ცხედართან ერთად დავტიროდი იმ დაკარგულ განძს, რომლის თვალისმოკვრის შანსიც არ მრჩებოდა.

მეორე წელს ლიკანში ჩავედი. პეტრეს გარეშე ლიკანი რაღა ლიკანი იქნებოდა?! მისი სამუშაო კორპუსისაკენ გახედვაც კი არ მინდოდა. სამკურნალო კორპუსში მესამე სართულზე ყოველთვის კარგაღებულ კაბინეტში მჯდომი ქალბატონი თამარი მენატრებოდა. მივედი და ვნახე. ვუყურებდი, როგორ ღვრიდა ცრემლს შავებში გამოწყობილი ულამაზესი ქალბატონი და როგორ ელაპარაკებოდა, როგორც ცოცხალს, თავის ლეგენდარულ ქმარს, ბატონ პეტრე იოსელიანს.

საუბრის ბოლოს ქალბატონმა თამარმა მითხრა:

_ შენთვის საჩუქარი წამოვიღე თბილისიდან, ვიცოდი, რომ ჩამოხვიდოდი და მინდოდა, პეტრეს დავალება შემესრულებინა. საღამოს აუცილებლად გადმოგცემთ. არ ვიცოდი, მეტირა თუ მეცინა, გამხარებოდა თუ გული ჩამწყვეტოდა, როდესაც ამ უკეთილშობილესი კაცის ანდერძს ასე ასრულებდა მისი ცხოვრების ულამაზესი თანამგზავრი _ ქალბატონი თამარი.

_ საღამოს გეახლებით, _ შევბედე ქალბატონ თამარს.

_ არა, მან დამიბარა, რომ საჩუქარი მე მომეტანა თქვენთვის.

საღამოს სასახლის ღია აივანზე, სადაც მე და ბატონ პეტრეს ხშირად გვისაუბრია ამ სასახლის ყველაზე დიდ ბინადარ სტალინზე, შემობრძანდა ქალბატონი თამარი ახალგაზრდა გოგონასთან ერთად. გოგონას ხელში ეკავა სწორედ ის ჩემოდანი, რომელიც ერთი წლის წინათ ბატონმა პეტრემ სიტყვიერად მაჩუქა. ასე გადმომცეს სტალინის ნაქონი ნივთი, რომელზეც არასოდეს მიფიქრია, რომ ის ჩემია. ეს ნივთი საქართველოს სამუზეუმო ექსპონატია, რომელიც ქართველ ხალხს პეტრე იოსელიანმა შემოუნახა და დროებით ჩემს პატარა საოჯახო მუზეუმშია ინახება.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here