Home რუბრიკები საზოგადოება ჰამლეტ გეგია: რას ნიშნავს პრეზიდენტის განცხადება, _ დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები ან როგორ...

ჰამლეტ გეგია: რას ნიშნავს პრეზიდენტის განცხადება, _ დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები ან როგორ დაიცავს? ერთადერთი, რაც შეუძლია და მის მოვალეობაშიც შედის, კონსტიტუციის დაცვაა

547

არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” მიერ რამდენიმე დღის წინათ წარმოდგენილ ორ პროექტს  _ “სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას” და სტუდენტური კონკურსს “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” _ როგორც მედიის, ასევე საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჟურნალისტთა გადამზადებას შეეხებოდა, როგორც “მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ჟურნალისტების დაუინტერესებლობის გამო ჩაიშალა. ორგანიზაცია ”მოქალაქის” ახალ პროექტებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება  საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი ჰამლეტ გეგია.


_ ბატონო ჰამლეტ, ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პირველად გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება მედიის მიმართ, ერთერთ ინტერვიუში თქვით: “სასურველია, ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკაში ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაღრმავებას, ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციას, საზოგადოებრივ სტაბილურობას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და საქართველოს ნატოში გაწევრებას”. დღესაც ასე ფიქრობთ?

_ რაც შეეეხება ბიძინა ივანიშვილს, მასზე აზრი ზემოხსენებული ინტერვიუს შემდგომაც არ შემიცვლია. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი გამოცდილება შეიძინა, როდესაც გაეცნო ქართული პოლიტიკის უმსგავსობასა და კეთილშობილებას. ვფიქრობ, ეს მისთვის არის და იქნება უდიდესი გამოცდილება, რომელსაც მოახმარს ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მთლიანად ქართველი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებების აღმოფხვრას, ამიტომაც მისი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია შეიძლება გახდეს ჩვენი საზოგადოების სრულყოფისა და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის კატალიზატორი. ბიძინა ივანიშვილმა პასუხისმგებლობა დაიკისრა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომ ხელს შეუწყობს ღია დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების შექმნას საქართველოში. იმხანად ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს თანამდებობა არ სჭირდება, მას უფრო დიდი თანამდებობა აქვს, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსს, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს მილიარდერები მართავენ.

_ რას გვეტყვით არასამთავრობო ორგანიზაციამოქალაქისმიერ წარმოდგენილ პროექტებზე?

_ ჩემი აზრით, ივანიშვილის აქტიურობა, რომელიც მან განსაკუთრებით მოსწავლეებსა და სტუდენტების მიმართ გამოიჩინა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თანამედროვე სამოქალაქო სექტორის პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. არ გამოვრიცხავ, რომ ქვეყანაში მოქმედი ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის უცხოელ დამფინანსებლებს ხელს არ აძლევთ და არ სურთ, ჩვენი ქვეყნის არასამთავრობო სივრცეში შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო, რომელშიც ჯანსაღი საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ მოქმედების არეალი. არის მეორე ვარიანტიც: ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა ინსტიტუტი, კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციამოქალაქე”, არ არის მზად, გაუძღვეს ღია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ურთულეს პროცესს, რომელიც, უპირველესად, მოიცავს მედიის ფინანსურ დამოუკიდებლობას, ჟურნალისტთა პროფესიონალიზმს, დემოკრატიულსამართლებრივი სივრცის რეგულირებას, საზოგადოების კულტურის დონის ამაღლებას _ იყოს მაღალხარისხიანი ინფორმაციული პროდუქტის მომხმარებელი.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეროვნული ბიზნესის აქტიური ლობირებით უნდა ხდებოდეს საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარება, ანუ: “მე _ მოქალაქე, პასუხს ვაგებ ჩემს არჩევანზე”.

_ “მოქალაქისპირველი პროექტი, ვგულისხმობ ჟურნალისტების მომზადებაგადამზადებას, ჟურნალისტთა დაუინტერესებლობის გამო არ შედგა, თქვენი აზრით, რამ განაპირობა პროექტის წარუმატებლობა?

_ მიუხედავად იმისა, რომ წარვადგინეთ ათამდე ჟურნალისტი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მათ შორის, სტუდენტებიც, მაშინაც და ახლაც მიმაჩნია, რომ თვითონ ჟურნალისტების მომზადება-გადამზადება, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მარტო სემინარული სწავლებით არ ხდება, თუმცა თეორიული სწავლება მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მედიის მესაკუთრეთა დაინტერესება და ჟურნალისტის პროფესიული ზრდა პრაქტიკული ცოდნის მიღებით, ეს მიბმული უნდა იყოს მისი დასაქმების გარანტიებთან და სათანადო ანაზღაურებასთან. რაც შეეხება ჟურნალისტთა პროფესიონალიზმს, იგი მოიცავს პროფესიულ ეთიკასაც. ბუნებაში არ არსებობს პროფესიონალი ჟურნალისტი პროფესიული ეთიკის გარეშე, რომლის საფუძველიც არის საერთაშორისო პროფესიული ეთიკა და თვითცენზურა _ მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, პროფესიული დაზღვევა, სიტყვის თავისუფლება, უსაფრთხოება და ა. შ. სხვა საკითხია, აძლევთ თუ არა ხელს მსგავსი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ჟურნალისტთან გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება არამომგებიანი მედიაბიზნესის მესაკუთრეებს. ჩემი აზრით, დაბალი აქტიურობა, ძირითადად, განპირობებული იყო ამ დასაქმებული ჟურნალიტების პასიურობით. სასურველი და გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა, თუ მედიამესაკუთრეებს მიეცემოდათ შეღავათები, მიზნობრივი სუბსიდიები (რაც ევროპაში აპრობირებულია), რაც მისცემდათ საშუალებას, გადაეხედათ თავიანთი საკადრო რესურსისთვის და ჟურნალისტები კონტრაქტის საფუძველზე გაეგზავნათ “მოქალაქის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სასწავლო ცენტრებში. ამით ჟურნალისტები პროფესიულადაც გაიზრდებოდნენ და შეუნარჩუნდებოდათ როგორც დაკავებული თანამდებობა, ასევე ხელფასიც.

რაც შეეხება სტუდენტებსა და დაუსაქმებელ ჟურნალისტებს, მათი საკითხი მაინც მიბმული არის მედიამესაკუთრეთა ინსტიტუტებთან. აქედან გამომდინარე, სწავლის დროის ფაქტორის გათვალისწინებით, დასაქმების გარანტიების გარეშე, მოტივაცია ნაკლები ექნებოდათ, რაც პრაქტიკამაც გვიჩვენა. მთლიანობაში კი, თუ განვიხილავთ ხარისხიანი მედიაპროდუქტის წარმოებას, ეს საკმაოდ რთული საკითხია და მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს, სახელმწიფო შეღავათებს, სრულყოფილ კანონმდებლობას, მედიის ფინანსურ დამოუკიდებლობას, მედიაბიზნესის ხელშეწყობას საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან.

_ ამას წინათ პრეზიდენტი მარგველაშვილი შეხვდა ტელეჟურნალისტებს და მათ თანადგომა და, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერაც შესთავაზა

_ რას ნიშნავს პრეზიდენტის განცხადება, _ დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები ან როგორ დაიცავს? ერთადერთი, რაც შეუძლია და მის მოვალეობაშიც შედის, კონსტიტუციის დაცვაა.

პრეზიდენტს და ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს შეუძლია მედიის ინტერესების დაცვა მხოლოდ კანონის ფარგლებში, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაბამისი კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი. ჟურნალისტის პროფესიული და შემოქმედებითი ინტერესების დაცვა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ იქნება პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობისა და მედიაინსტიტუტების პოლიტიკური ნება, განახორციელონ მედიასივრცეში სამართლებრივი, ეკონომიკური და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშემწყობი რეფორმები, რა თქმა უნდა, საზოგადოების აქტიური მხარდაჭერითა და მოთხოვნით. მედია მოსახლეობის გემოვნებისა და მოთხოვნების შესაბამისად უნდა განვითარდეს.

მედიაბიზნესი აუცილებლად უნდა გახდეს მომგებიანი, თუ არა _ თვითდაფინანსების, თვითგადარჩენის საშუალება მაინც უნდა მიეცეს და ამისათვის, როგორც ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშია, უნდა შეიქმნას სპეციალიზებული, წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი ფონდები, რომელთა მართვა დაევალებათ საზოგადოებისა და მედიის ნდობით აღჭურვილ პირებს მათ მიერ შემუშავებული დებულებისა და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტის, პარლამენტის, პრემიერის, მთავრობის წევრების განცხადებები მედიის მხარდაჭერისა და წახალისების თაობაზე, თუ მას არ ამყარებს შესაბამისი სამართლებრივი და ეკონომიკური მექანიზმები, მხოლოდ კეთილი სურვილებია, რადგან საქართველოში არ გვაქვს სამართლებრივი, სოციალურეკონომიკური დაცვის მექანიზმები, რომ ჟურნალისტური მოღვაწეობა იყოს უსაფრთხო, შესაბამისი ანაზღაურებით, პროფესიული დაზღვევით, პროფესიონალიზმის ამაღლების თვალსაზრისით. იმედია, პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი არ გაუცრუებენ იმედს ჟურნალისტებსა და მედიამესაკუთრეებს და აქტიურად ჩაებმებიან მედიასივრცის სამართლებრივ რეგულირებაში.

_ ბატონო ჰამლეტ, რა შემთხვევაში აქვთ პრეზიდენტს ან მთავრობის წარმომადგენლებს ჟურნალისტების წახალისების უფლება?

_ წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წლის იანვარში, იუსტიციის სამინისტრომ დააჯილდოვა 35 ჟურნალისტი, მათ შორის, ბევრი წარმატებულიც. საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა პირველმა გამოხატა პროტესტი ამ ფაქტის მიმართ _ ყოვლად დაუშვებელია, სახელმწიფო სტრუქტურები და მოხელეები აჯილდოებდნენ ჟურნალისტებს პროფესიული ნიშნით, რადგან ეს გაიგივდება მოსყიდვის მცდელობასთან. დაჯილდოება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჟურნალისტი ასრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალდებულებას, საფრთხეში აგდებს საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს პრეზიდენტსა და პრემიერს დაჯილდოების უფლება, თანაც არა პროფესიული ნიშნით, არამედ მოქალაქეობრივი ღირსების გამოჩენისთვის, როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული. რაც შეეხება ჟურნალისტის დაჯილდოებას პროფესიული ნიშნით, მათ ჯილდოს დამსახურების მიხედვით უნდა ანიჭებდნენ დამოუკიდებელი ფონდები, ჟურნალისტთა უფლებების დამცველი სპეციალიზებული საერთაშორისო ორგანიზაციები ან ისინი შუამდგომლობით უნდა მიმართავდნენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ჟურნალიტისთვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების თაობაზე.

ესაუბრა

დათო ქაქუთია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here