Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: ღარიბაშვილს, უბრალოდ, შეჭამენ, ჩაძირავენ… ივანიშვილმა, ფაქტობრივად, გაწირა ეს ახალგაზრდა კაცი

ვასილ ჭიჭინაძე: ღარიბაშვილს, უბრალოდ, შეჭამენ, ჩაძირავენ… ივანიშვილმა, ფაქტობრივად, გაწირა ეს ახალგაზრდა კაცი

706

ბოლო ხანს ქვეყანაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე ესაუბრება.


_ ბატონო ვასილ, ექსპერტები თუ ცალკეული პოლიტიკოსები დღითიდღე  მეტს საუბრობენ იმაზე, რომერთიანი ნაციონალური მოძრაობაუახლოესი ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ემზადება. ლაპარაკია კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც შესაძლოა, დესტაბილიზაციასაც გულისხმობდეს და არჩევნების გზით მოსვლასაც. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა რეალურად ეს საფრთხე და თუ არსებობს, თქვენი აზრით, რამ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე?

_ საფრთხე ახლა ყველაფრის არსებობს, იმიტომ, რომ ამათგან გამორიცხული არაფერია. განსაკუთრებით ამ პერიოდში პროცესები ისე მიდის, შეიძლება ნებისმიერი სცენარი განვითარდეს.

რაც შეეხება “ნაციონალების” დაბრუნებას,  არა მგონია, ხალხმა ეს დაუშვას, მაგრამ ამ ხალხისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი. საერთოდ, ჩვენი საზოგადოება ხომ შორსაა ყოველგვარი რაციონალიზმისგან. ამიტომ, თუ გაიზრდება უკმაყოფილება მმართველი გუნდის მიმართ (და ვხედავთ, რომ იზრდება), ამით შეიძლება ვიღაცებმა ისარგებლონ. კიდევ ვიმეორებ: ნაციონალებსდაბრუნების შანსი პრაქტიკულად არ აქვთ, მაგრამ ეს არ იქნება პირდაპირნაცმოძრაობა”, შესაძლოა, რაღაც კოალიცია შეიქმნას ან რაღაც გაერთიანება, ბლოკი და ამ გაერთიანებაში შევიდნენ უმცირესობის წარმომადგენლები. ლაპარაკია ერთგვარ პოლიტიკურ რებრენდინგზე, რაც მათ შენიღბავს და საშუალებას მისცემს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, შეცდომაში შეყვანის გზით, თავიანთ ელექტორატად აქციონ.

_ დესტაბილიზაციის სცენარზე რას ფიქრობთ?

_ კიდევ ვიმეორებ: “ნაციონალური მოძრაობა” დესტაბილიზაციაზე კი არა, აპოკალიფსზე მოაწერს ხელს, მათი ნება რომ იყოს, მაგრამ ვინ დაუჭერს მხარს, თუ კი ამ სცენარით იმოქმედებენ? ჩემი აზრით, მათთვის ეს იქნება პოლიტიკური და, გნებავთ, სამართლებრივი აღსასრულიც და სააკაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის.

_ მხარდაჭერას რაც შეეხება, სააკაშვილი და მთლიანადნაცნოძრაობადღემდე სარგებლობს ვაშინგტონის მხარდაჭერით. აგერ სენატი დასკვნებს დასკვნებზე აქვეყნებს, რომ თურმე საქართველოში გამძვინვარებული პოლიტიკური რეპრესიებია. ცალკე საკითხია კიდევ უკრაინაში სირიასა და ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რომელთაც საერთაშორისო ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე აფასებსთეთრი სახლისმიერ ინსპირირებულ პროცესად. მოკლედ, ჩვენ გარშემო მართვადი ქაოსის კერები დღითიდღე იზრდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ  შესაძლოა, მალე საქართველოც აღმოჩნდეს ამ ქვეყნების ნუსხაში და სწორედ ეს გახდეს ხელისუფლებაშინაცრეჟიმისდაბრუნების საწინდარი?

_ ერთადერთი რეალური გზა, რომლითაც სააკაშვილს შეიძლება დაბრუნების შანსი მიეცეს, ზუსტად ეს სცენარია და ხელისუფლება ყველაზე მეტად ამ საფრთხეს უნდა განიხილავდეს. სააკაშვილი ამაზე ისე წავა, არც კი დაფიქრდება. ასე რომ, რეალურია კი არა, მოსალოდნელია.

რაც შეეხება მართვად ქაოსს, რად უნდა ამას ექსპერტები და ანალიტიკოსები?! ის, რაც უკრაინაში ხდება და ახლო აღმოსავლეთში, ამერიკის მიერ მართული პროცესებია, თორემ, ეს რომ ვაშინგტონის ინტერესებში არ იყოს, ერთ თვეში დამთავრდებოდა ყველაფერი.

_ საქართველოში კონკრეტულად რა მექანიზმებით შეიძლება სიტუაციის არევა, რა წინაპირობა არსებობს ამისთვის?

_ ეს უკვე წმინდა პოლიტიკური ტექნოლოგიებისა და პროპაგანდის საკითხია, რომელიც ამერიკელებმა ყველაზე კარგად იციან. როცა ეს მათ ინტერესებშია, მიზანს ყოველთვის აღწევენ. ასე რომ, ღმერთმა ნუ ქნას, დასჭირდეთ, თორემ, სიტუაციას ისე აგირევენ, ჩვენ ვერც კი მივხვდებით, როგორ და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. საერთოდ, მიმაჩნია, რომ უმთავრესი პრობლემა ის კი არაა, რომ უცხო სახელმწიფოზე ხარ მთლიანად დამოკიდებული, პრობლემაა, როცა შენმა ხელისუფალმა არ იცის, რა პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას; რა სტრატეგიით უნდა მართოს მან სახელმწიფო,  უფსკრულში რომ არ გადაჩეხოს. აი, მაშინ ჩნდება ყველანაირი დაბრკოლება და უმნიშვნელო საკითხიც კი დიდ ბარიერად იქცევა ქვეყნის წინაშე.

_ ეს დღევანდელ ხელისუფლებასაც ეხება?

_ მე ვისაუბრებ მოცემულობაზე და ეხება თუ არა, მკითხველმა განსაჯოს. წინა ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა იყო, რომ ნატო _ ეს არის ჩვენი ხსნა და, იქ თუ შევედით, რუსეთი საქართველოსკენ ვერც კი გამოიხედავს (თურმე ჩვენი დასავლელი მეგობრები თუ ძმადნაფიცები მზად არიან, მოსკოვს შუბლით შეასკდნენ). ასევე, გაცხადებული პოლიტიკა იყო ევროკავშირისკენ სწრაფვა. ამ პოლიტიკამ სანამდეც მიგვიყვანა, 2008 წელს კარგად ვნახეთ. ახლა ვსვამ შეკითხვას: დღევანდელი ხელისუფლების მიდგომები, საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უცვლელი რომ დარჩა, რას უნდა ველოდოთ? რა, ის, რაც სააკაშვილის დროს ცუდი იყო, ამათ ხელში კარგი გახდა?

_ რის თქმა გინდათ, რუსეთთან სიტუაციის გამწვავება მომავალშიც მოსალოდნელია?

_ იცით რა, სააკაშვილი რომ იძახდა, პუტინი ვერ მიტანსო, მართლა სააკაშვილზე კი არ ჰქონდა პიროვნულად გართულება და ამიტომ კი არ მოხდა ომი, აქ არის ინტერესთა კონფლიქტი, ანუ კონფრონტაცია ხდება ინტერესების დაპირისპირებით, პოლიტიკით, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებას შეეხება, და რა მნიშვნელობა აქვს, ამ პოლიტიკას სააკაშვილი გაატარებს, ღარიბაშვილი თუ სხვა ვინმე…

სხვათა შორის, ამას წინათ თქვენს გაზეთში წავიკითხე ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ. მასში ზუსტადაა დღევანდელი ვითარება შეფასებული. მეც სწორედ იმ აზრზე ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკა უნდა იყოს ბალანსზე აგებული, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს არავინ ფიქრობს ნეიტრალიტეტზე; აქ მარტო ნატოზე ფიქრობენ და ევროკავშირზე, ამ დროს ერთიც და მეორეც მირაჟია, რომელთანაც ვერასოდეს მიხვალ.

_ რა აზრის ხართ ნატოს ბაზების განთავსებაზე საქართველოში? ალასანიამ განაცხადა, რომ ეს შეაკავებს რუსეთის აგრესიას.

_ ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამათ ელემენტარული განათლება არ აქვთ და საერთოდ, არც კი იციან, რუსეთი სად მდებარეობს. დახედონ ერთი რუკას და მერვე კლასის მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელო წაიკითხონ, თუ ასე ძალიან აინტერესებთ, რა სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. სხვა რა უნდა ვთქვა ამ განცხადებაზე, სასაცილოა. მე, უბრალოდ, მრცხვენია, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფალი ასეთ განცხადებებს აკეთებს.

_ არა მგონია, ალასანიას იმდენი განათლება არ ჰქონდეს, რომ არ იცოდეს, რა რესურსი აქვს ჩრდილოელ მეზობელს. იქნებ აქ სხვა ინტერესებია? საუბარია იმაზე, რომ მომავალი არჩევნებისთვის ალასანიამ, შესაძლოა, საკუთარი კოალიცია შექმნას და ამერიკელების დახმარებით უმრავლესობა მოიპოვოს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს?

_ ვიდრე შეკითხვაზე გიპასუხებთ, ჯავახეთზე მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, ამათმა ასე მარტივად რომ გადაწყვიტეს ამ ბაზების განთავსება, მე არ ვიცი, რა ბაზებზეა საუბარი, მაგრამ, ხალხს არ ეკითხებიან არაფერს? ყველას კარგად გვახსოვს, თავის დროზე რამხელა უკმაყოფილება გამოიწვია ჯავახეთის სომხურ მოსახლეობაში, როცა რუსული ბაზები გავიდნენ იქიდან და ახლა ნატოს ბაზებს რომ დაუყენებ, ვინმე ფოქრობს, რა უბედურება შეიძლება დატრიალდეს?

_ რას გულისხმობთ?

_ რას და ესენი იმდენს იზამენ, რომ ეგ რეგიონი ერთ მშვენიერ დღეს აფეთქდება და მერე იძახოს ალასანიამ, რუსეთის აგრესიას შევაჩერებთო.

ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ახალ კოალიციასთან დაკავშირებით, ერთი რამ ცხადია, ამერიკელები არ ენდობიან არც ღარიბაშვილს და არც ივანიშვილს, მიზეზი კი ძალიან მარტივია _ უბრალოდ, ისინი მათი “გაზრდილიები” არ არიან. ცხადია, ასეთი ხელისუფლება არავის აძლევს ხელს, ამიტომ რომელ პოლიტიკურ ძალაშიც ჩადეს ენერგია და ფული, იმის მოყვანა უნდათ. სწორედ ასეთი ძალაა ალასანია და ცხადია, მას დაუჭერენ მხარს.

_ და როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება გაერთიანდეს მის გარშემო?

_ მთელი ეს ე. წ. ნეოლიბერალური ფრთა, რომელიც პარლამენტშია და  მთავრობაში. ესენია: პირველ რიგში, რესპუბლიკელები და “ნაციონალების” გარკვეული ნაწილი. აი, ეს სამი სუბიექტი, _ ალასანია, რესპუბლიკური პარტია და “ნაცმოძრაობა” შექმნის კოალიციას ან რამე სხვა სახის გაერთიანებას და დიდი შანსია, რომ მათ უმრავლესობა მოიპოვონ. თუ ეს მოხდა, მათი ნომერ პირველი სამიზნე, სავარაუდოდ, იქნება ღარიბაშვილი, ამიტომ კიდევ გავიმეორებ, რომ ივანიშვილს ძალიან ადრე მოუვიდა წასვლა. მას არ უნდა დაეტოვებინა ღარიბაშვილი.

_ გინდათ, თქვათ, რომ ღარიბაშვილი მარტო ვერ უმკლავდება არსებულ პრობლემებს, რომლებიც გუნდშია ან მომავალში შეიძლება გაჩნდეს?

_ უმკლავდება-ვერ უმკლავდებაზე არაა საქმე. ჯერ ერთი, პრობლემაა ის, რომ მას საკუთარი ფრთა, ფაქტობრივად, არ ჰყავს და მეორეც, ძალიან ახალგაზრდაა,  40 წლისაც არაა, როგორც ვიცი. არ შეიძლემა, ასეთ გამოუცდელ ადამიანს შეატოვო ყველაფერი, მან ელემენტარულად მართვა არ იცის.

_ და გამორიცხავთ, რომ ღარიბაშვილმაც ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი?

_ ასეც უნდა მოიქცეს, მას სხვა გზა არ ექნება, მაგრამ ვის შეიყვანს ამ გუნდში? ბესელიას? კობახიძეს? ეს ხომ არასერიოზულია… ღარიბაშვილს, უბრალოდ, შეჭამენ, ჩაძირავენ… ამიტომ ვამბობ, რომ ბიძინას არ უნდა დაეტოვებინა ის. ივანიშვილმა, ფაქტობრივად, გაწირა ეს ახალგაზრდა კაცი; შეგნებულად გააკეთა ეს თუ ასე გამოუვიდა, რა მნიშვნელობა აქვს.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გამოსავალს რაში ხედავთ, რა გზა რჩება ღარიბაშვილს?

_ ვფიქრობ, ახლა ერთადერთი გამოსავალი  შეიძლება ისაა, რომ მან სასწრაფოდ უნდა შემოიკრიბის ჭეშმარიტად ეროვნული ძალები. ეს იქნება რეალურად სწორი გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება “ნაციონალების” ან მათთან კოალიციაში მყოფი სუბიექტების დაბრუნების თავიდან აცილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღარიბაშვილს არ აქვს არანაირი რესურსი მარტო სამოქმედოდ და მას ძალიან მარტივად, უპრობლემოდ გააძევებენ პოლიტიკური ასპარეზიდან.

ესაუბრა  ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ხალხი არ მისცემს უფლებას უცხო ჯარები რომ შემოყვანონ ჩვენს ტერიტორიაზე. ეს იქნება მეორე 8 აგვისტოს განმეორება!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here