Home რუბრიკები საზოგადოება ქართული მიწებით უცხოელების დაინტერესებას მხოლოდ ფასი განაპირობებს

ქართული მიწებით უცხოელების დაინტერესებას მხოლოდ ფასი განაპირობებს

580

რამდენიმე თვის წინათ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენის აკრძალვა გააუქმა, ფაქტობრივად, ერთნაირ რეგულირებაში მოექცნენ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. 


ისეთ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქეები მასობრივად არაკონკურენტუნარიანნი არიან საქართველოში სასოფლოსამეურნეო მიწის შეძენის მსურველთა მასასთან, ახალი კანონპროექტის მიზანია, უცხოელისთვის შექმნას განსაკუთრებული რეგულირება სასოფლოსამეურნეო მიწის საკუთრებაში ქონასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ უცხოელები, ძირითადად, ინდოელები და არაბები, საქართველოში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწებს მასობრივად ყიდულობენ. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის თანამშრომლებმა არსებულ კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. რა საშიშროებას ხედავენ ეკონომისტები? ამ თემაზესაქართველო და მსოფლიოსეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ერთერთი ხელმძღვანელი ქეთი კრიალაშვილი ესაუბრა.

_ ახლახან დამტკიცდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი მიწის შესახებ, მაგრამ ეკონომისტებსა და ამ დარგის სპეციალისტებს კანონთან დაკავშირებით პრეტენზიები გაქვთ. აღკვეთს თუ არა აღნიშნული კანონი უცხოელებზე მიწების მიყიდვას?

_ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომ მიწა უცხოელებს არ მიეყიდოს, აღნიშნული კანონის თანახმად, შედეგს არ მოიტანს, რადგან პრობლემა არ მდგომარეობს იმაში, აიკრძალება თუ არა მიწების მიყიდვა უცხოელებზე. პრობლემის მთავარი არსი ისაა, თუ რატომ აინტერესებს და რატომ უნდათ უცხოელებს ქართული მიწის ყიდვა, ამაზე მოგვიანებით გეტყვით.

საქართველოში, კარგა ხანია, უცხოელები მიწების ყიდვით არიან დაინტერესებულნი. კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ არის ინიცირებული, უცხოელებს აიძულებს, გამონახონ შემოვლითი გზები, რათა დაეპატრონონ ქართულ მიწებს, ანუ მათ შეუძლიათ, ნახონ საქართველოში ნდობით აღჭურვილი პირები და მათი საშუალებით იყიდონ მიწები. ქართველებს არ აქვთ მიწის საყიდელი ფული, ამიტომ ეს კანონი გამოიწვევს არაფორმალურ გარიგებებს ქართველებსა და უცხოელებს შორის. სწორედ ამის  ეშინია მთავრობას, რომ უცხოელები მიწებს ქართველების დახმარებით  ჩაიგდებენ ხელში.

_ მაინც რა იწვევს ჩვენი მიწებისადმი უცხოელების ასეთ დიდ ინტერესს?

_ 2011-2012 წლებში ქართული მიწა ბაზარზე 1კვ , დაახლოებით, 5-7 თეთრი ღირდა. დიდი ხანია, ამ საკითხს ვიკვლევთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უცხოელების ასეთ დაინტერესებას ქართული მიწით მხოლოდ ფასი განაპირობებს. მსგავსი ნაყოფიერი მიწის შეძენა ხომ სხვაგანაც შეუძლიათ, მაგრამ იქ ძვირია. 2011-2012 წლებში პრივატიზება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით მიმდინარეობდა. ახალმა ხელისუფლებამ მიწების პრივატიზება სწორედ ამიტომ შეაჩერა. 2011-2012 წლების განმავლობაში სახელმწიფომ აუქციონების შედეგად 21 მილიონი ლარი მიიღო.

_ ასე კაპიკებად ჩაიგდეს ხელში მიწები? არსად გამიგია, რომ მიწა 5-7 თეთრი ღირდეს.

_ იყო დიდფასიანი მიწებიც, ძირითადად, სიღნაღსა და ზღვისპირა ზოლში. იქ  ძალიან დიდი ფართობები გასხვისდამიწების 80%- სახელმწიფო ფლობს, მიზეზიც იმისა, რომ ბაზარზე მიწის ჭარბი მიწოდებაა, სწორედ ეს არის. თუ ასე გაგრძელდა, 20 წელიწადში მიწების პრივატიზება დასრულდება. საჭიროა, კერძო საკუთრების ფორმირება, ამიტომ პრივატიზება ყველანაირად უნდა მოვახერხოთ და დავაჩქაროთ, მაგრამ როგორ? მიწები წინა წლებში სახელმწიფოს გამოჰქონდა გასაყიდად; მართალია, 5-7 თეთრი ღირდა, მაგრამ გამოჰქონდა საკმაოდ დიდი ლოტებით, დიდი ფართობებით და შესაბამისადგლეხს, რომელსაც ეს მიწა უნდა ეყიდა, საკმარისი თანხა არ ჰქონდა. ბევრმა არც ის იცოდა, როგორ მოეხერხებინა პრივატიზება ელექტრონული აუქციონით. მოკლედ, მივიღეთ ის, რომ სხვადასხვა დაინტერესებული პირის ხელში აღმოჩნდა მიწები. ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია, დაჩქარდეს პრივატიზების პროცესი და ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესს. პირველი და უმთავრესია, რომ მიწები თანაბრად, უფასოდ გადაეცეს ყველა მოქალაქეს. ვამბობთ, უფასოდ, მაგრამ სახელმწიფოს ამით წელიწადში დაახლოებით 49 მილიონი ლარის მიღება შეუძლია.

_ როგორ?

_ რეესტრში გადაფორმებით, მიწის გადასახადიდან, შემდეგ შემოსავლიდან. არ მინდა, მკითხველი დავაბნიოთ: როდესაც მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ სახნავ-სათესი მიწები იგულისხმება. არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს საუბარი სტრატეგიულ ობიექტებზე: ტყეებზე, კულტურულ ბაღებზე და ა. შ.

ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინება პრიორიტეტულია. იმისათვის, რომ გავზარდოთ წარმოება, აუცილებელი პირობაა, დამუშავებული მიწის ფართობების რაოდენობა გაიზარდოს. მიწები კი სახელმწიფოს ხელშია და მის დამუშავებას ვერ ახერხებს, ამიტომ ამ მიწების გადაცემა მოსახლეობაზე უსასყიდლოდ უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე სახელმწიფო მიწის ფართობების 20%-ზე ახდენს  სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას და ამ 20%-ით ცდილობს ჩვენი მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებას.

როდესაც გლეხის საკუთრებაში არსებული მიწის გვერდით არის სახელმწიფო მიწა, რომელიც 5 თეთრი ღირს, .. გლეხის ქონებაც 5 თეთრი ეღირება, გამოდის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ღარიბი გლეხი. აქედან გამომდინარე, ამ 5-თეთრიანი მიწის გამო გლეხს არც ერთი ბანკი კრედიტს არ მისცემს და ეს ასეც არის.

შეიძლება  დღეს მიწის გაყიდვა შეჩერებულია, მაგრამ ქართველი არსებული პირობებით მიწის ყიდვას კარგა ხანს ვერ მოახერხებს; სამაგიეროდ, მოახერხებს უცხოელი ქართველის ხელით _ უცხოელს გაღატაკებული ქართველი გლეხის მომადლიერებაც შეუძლია და თავადაც კმაყოფილი დარჩენა.

_ რატომ არის საშიში უცხოელებზე მიყიდვა? ოღონდ მიწა დამუშავდესგადასახადებს ბიუჯეტში ისინიც ხომ შეიტანენ?

_ სამხრეთ ოსეთში ქართველებს მიწები პრივატიზებული არ ჰქონდათ და ტერიტორიების დაკარგვის ერთერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ ეს გახდა _ კერძო საკუთრებაში მიწების არ არსებობა. იმ მიწების 90% საქართველოს მოქალაქეების ხელში რომ ყოფილიყო, ოკუპირება იქნებოდა დროებითი პროცესი, რომელიც გაცილებით ადვილად მოგვარდებოდა. მიწებს პატრონი რომ ჰყოლოდა, მხოლოდ გზების ოკუპირება მოხდებოდა, რადგან კერძო საკუთრება ფასდაუდებელი ღირებულებაა, ფუნდამენტი და უდიდესი მიზეზი იმისა, რომ მოხდეს მისი დაცვა.

თუ სახელმწიფო შიშობს, მიწები უცხოელებმა არ იყიდონ, თუ აჭარაში თურქეთიზაციის საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაშინ გადავცეთ სახნავ-სათესი მიწები საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ და მივცეთ საშუალება გლეხებს,  დაამუშავონ. ასე უცხოელებისთვის მისაყიდი მიწა აღარ დაგვრჩება.

ბერლინის კედელი როდესაც დაინგრა, გერმანელებმა საკუთარ მოქალაქეებს მიწები უსასყიდლოდ გადასცეს, ამით ფული არ უკეთებიათ, მაგრამ ფულმა თავად დაიწყო ბრუნვა და დიდი შემოსავალიც მოიტანა. ამუშავდა მთელი რიგი მექანიზმებსა, მიწები ჰქონდა ფონდს და ის აბრუნებდა ამ ფულს ეკონომიკაში. ხალხს ფული არ დაუხარჯავს, მაგრამ ფული მიმოქცევაში იყო და მიწებიც ნელ-ნელა გადადიოდა კერძო საკუთრებაში.

გლეხებს უნდა მივცეთ მიწა, მივცეთ საშუალება, თვითონ გადაწყვიტონ, რა დათესონ. თუ ახლა საქართველოში მიწა 5 თეთრი ღირს, გლეხის ხელში გადასულ მიწას ფასი მოემატება, გასასხვისებელი მიწებიც აღარ დარჩება, ბანკები დაინტერესდებიან, კრედიტების გაცემას დაიწყებენ, გლეხი შეძლებს საუკეთესო ჯიშის კულტურების დათესვას, რაც მომავალში უკეთესად გაიყიდება ბაზარზე.

აი, ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, თუ მართლა უნდა, რომ საუკეთესო მიწის ნაკვეთები უცხოელთა ხელში არ აღმოჩნდეს და ქვეყანა საფრთხის წინაშე არ დადგეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here