Home რუბრიკები საზოგადოება ჰამლეტ გეგია: ჩვენი კანონმდებლობა ხელს უშლის პროფესიონალი ჟურნალისტის ჩამოყალიბებას

ჰამლეტ გეგია: ჩვენი კანონმდებლობა ხელს უშლის პროფესიონალი ჟურნალისტის ჩამოყალიბებას

637

ყოფილმა პრემიერმა, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინათ მწვავედ გააკრიტიკა თანამედროვე ქართულ ჟურნალისტიკა და განაცხადა: “შეეგუონ ჟურნალისტები, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებული ხალხი”. იყო თუ არა სამართლიანი ყოფილი პრემიერის შეფასება და პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს ასე ხშირად რატომ შეაქვთ ეჭვი ქართველი ჟურნალისტების პროფესიონალიზმში, გვესაუბრება საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი ჰამლეტ გეგია.


_ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მედის პრობლემების გათვალიწინებით, დასვა მთავარი კითხვები, რომლებითაც ნებისმიერი მსჯელობა და ანალიზი უნდა იწყებოდეს: რა არის მედია? ვინ არის მეპატრონე? ვინ არის ჟურნალისტი? და, თუ ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი არ გაეცემა, ანალიზიც და მსჯელობაც ზედაპირული იქნება.

_ დავიწყოთ იმით, თუ რაში მდგომარეობს ჟურნალისტის პრივილეგია. არსებული კანონმდებლობით, ჟურნალისტი, როგორც პროფესია, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტსაც იგივე პრივილეგია აქვს, როგორიც რიგით მოქალაქეს. ყოფილი მთავრობა იძულებული შეიქნა, გაეთვალისწინებინა საერთაშორისო პრაქტიკა და ნაწილობრივ მაინც ეღიარებინა ჟურნალისტის პრივილეგიები მოქალაქე ჟურნალისტის სტატუსის მიმართ, რაც ასახულია კანონმდებლობაში:

1. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით; 2. სასამართლოში ჟურნალისტს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, არ დაასახელოს ინფორმაციის წყარო; 3. ჟურნალისტი გამიჯნულია მანიფესტანტებისგან პროფესიული საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე. ეს ცვლილება 2011 წლის ივლისში, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ინიციატივით, წინა მოწვევის პარლამენტმა შეიტანა კანონში “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ”.

ჟურნალისტი თავისი საქმიანობით რეალურად პრივილეგირებულია, განსხვავებით სხვა რიგითი მოქალაქეებისგან (დავუშვათ, მიტინგზე ჟურნალისტი თავისთავად გამიჯნულია მონაწილეებისგან), მაგრამ დღეს, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მედიასივრცეში ვაკუუმია შექმნილი _ ჟურნალისტს პროფესია წაართვეს, ფაკულტეტიც კი გააუქმეს უმაღლეს სასწავლებლებში და ყოფილმა მთავრობამ ეს შეგნებულად გააკეთა, რათა ადვილად ემართა მედიასაშუალებები. შრომის კანონმდებლობით, როდესაც მედიამფლობელს სამუშაოზე აჰყავს თანამშრომელი, აჰყავს, როგორც მოქალაქე-ჟურნალისტი და არა _ როგორც პროფესიით ჟურნალისტი, რადგან ჟურნალისტის პროფესიონალიზმი უშუალოდ დაკავშირებულია მის პასუხისმგებლობასთან, პროფესიულ ეთიკასთან, ინფორმაციის ობიექტურად გავრცელებასა და იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რომლებიც მედიამ თავისი განვითარების გზაზე შეიმუშავა.

_ ანუ მედიის შესახებ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს?

_ სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა ხელს უშლის პროფესიონალი ჟურნალისტის ჩამოყალიბებას. ჟურნალისტის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში (რა თქმა უნდა, იგულისხმება პროფესიული დანაშაული, მაგალითად, ცილისწამება ან მოქალაქის პატივისა და ღირსების შელახვა), სასამართლოში მოპასუხეა მესაკუთრე, რა მდგომარეობაშიც უნდა იმყოფებოდეს ის (მაგალითად, რეანიმაციაში, ან არ ჰქონდეს გამოქვეყნებულ მასალასთან შეხება და ა. შ.). ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, რაც მას უხსნის პროფესიულ ვალდებულებას, რის გარეშეც ჟურნალისტიკა არ არსებობს. კანონი ჟურნალისტს არ ავალდებულებს სასამართლოს წინაშე წარდგომას, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. კანონმდებლობით, მედიამესაკუთრე არ უნდა ერეოდეს ჟურნალისტის საქმიანობის თავისებურებებში და, როცა კანონი არ ითვალისწინებს ჟურნალისტის პროფესიულ დამოუკიდებლობას, სად არის სიტყვის თავისუფლება? სწორედ ეს არის კიდევ ერთი სამართლებრივი შეუსაბამობა.

პროფესიით ჟურნალისტი სამართლებრივი ნორმით უნდა განსხვავდებოდეს რიგითი მოქალაქე-ჟურნალისტისგან. მთავრობის წევრებმაც, მოსამართლეებმაც და მედიამესაკუთრეებმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ, ვინ არის ჟურნალისტი, შეძლონ ამ პროფესიის განსაზღვრა და ფორმულირება. იურიდიულად უნდა იყოს გარანტირებული, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ჟურნალისტის, როგორც პროფესიონალის, დაკნინება და უგულებელყოფა. იმედია, ამ საკითხით დაინტერესდება მთავრობაც, პარლამენტიც, საზოგადოებაც და ეს პრობლემა საკანონმდებლო დონეზე მოგვარდება.

_ შეძლებს კი ჟურნალისტი, რომელსაც გამუდმებით აკრიტიკებენ, პროფესიული დონის ამაღლებას ამ ვითარებაში?

_ ჟურნალისტის პროფესიული ზრდა უშუალოდ დაკავშირებულია მის დაინტერესებასა და ინფორმაციული ბაზრის თავისებურებებთან. დღეს არსებული კანონმდებლობით, ჟურნალისტიკა, სამწუხაროდ, როგორც დარგი, ვერ განვითარდება, თუ არ იქნება გათვალისწინებული მხარეებისა და საზოგადოების ინტერესები. საზოგადოება ითხოვს ობიექტურ, პროფესიულ დონეზე შექმნილ ინფორმაციულ პროდუქტს, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულ ცოდნასა და შრომას მოითხოვს პროფესიონალი ჟურნალისტისგან. ცოდნა ძვირად ღირებული პროდუქტია, შესაბამისად, ხარისხიანი ინფორმაციული პროდუქტიც ძვირად ფასობს. საზოგადოებას, რომლის მყიდველუნარიანობაც დაბალია, არც აქვს პროფესიული დონის მოთხოვნა. მედიაწარმოება ბიზნესია და ისევე იბეგრება, როგორც, მაგალითად, ხაჭაპურის გამოცხობა, ხოლო თუ ბიზნესი წამგებიანია, მაშინ ის შეუძლებელია, არსებობდეს. და თუ არსებობს, მაშინ ფინანსდება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური და ფინანსური მიზნების ლობირება სურთ.

_ დაინტერესებულია თუ არა მედიასაშუალების მესაკუთრე პროფესიონალი ჟურნალისტების დასაქმებით?

_ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰყავს დამფინანსებელი ან მომხმარებლის ის ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს მის ფინანსურ დამოუკიდებლობას, ფუნქციონირებასა და ხარისხს. ასეთი მედიასაშუალება საქართველოში ძალზე ცოტაა. ამიტომაც ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, “რუსთავი-2”, საზოგადოებრივი მაუწყებელი) ბიუჯეტიდან, ანუ გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება “ჰუმანური” ფორმულირებით: ვალების ჩამოწერა “მედიის მხარდაჭერის მიზნით” (ანუ მათი დახმარების მიზნით).

მოქმედი კანონმდებლობით, მედია არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომლის შედეგი არის მედიაპროდუქტი. ამ პროდუქტს აქვს თვითღირებულება, საქონლისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი და ექვემდებარება საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობის კანონებს.

და თუ განვიხილავთ მედიას, როგორც ბიზნესსა და მეწარმეობას, მაშინ ის მომგებიანი უნდა იყოს, რადგან წამგებიანი ბიზნესი არ არის ბიზნესი. თუ საქართველოში მედიაწარმოება წამგებიანია, მაშინ რატომ და როგორ არსებობს?! მედიის პრობლემების მთავარი კვანძი არის ის, რომ არ არსებობს ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული ინფორმაციული ბაზარი, დაბალია მოსახლეობის მყიდველობითი უნარი და მედიამეწარმეებს არ ძალუძთ, დაფარონ თუნდაც პროდუქციის თვითღირებულება. გარდა ამისა, მწირია სარეკლამო ბაზარი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ბიზნესის სარეკლამო რესურსებსა და ინფორმაციის მომხმარებლის ფინანსურ შესაძლებლობებთან _ მოსახლეობის მყიდველობით უნართან. ყოველივე ეს აიძულებს მედიამესაკუთრეებს, იბრძოლონ თვითგადარჩენისთვის.

მედია, რომლის პროდუქტიც განსაკუთრებულია, არის საზოგადოებრივი კონტროლის, მართვისა და მთავრობის მონიტორინგის ერთ-ერთი აუცილებელი სამოქალაქო ინსტიტუტი. შესაბამისად, მედიაბიზნესის დაფინანსება დაკავშირებულია იმ ძალებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი, საზოგადოება, ინფორმაციის მომხმარებელი, ჰყავდეთ გავლენის ქვეშ. ამიტომ მედია ხშირად გვევლინება სხვადასხვა პოლიტიკური ფინანსური და სამთავრობო ძალის ლობისტად. ამას ხელს უწყობდა ყოფილი მთავრობა და ახალი მთავრობაც უცვლელად ტოვებს მედიასივრცის მართვის იმ სამართლებრივ და სოციალურ მექანიზმებს, რომლებიც ყოფილი მთავრობის მიერ არის აპრობირებული. არსებული კანონმდებლობა კი იცავს დამფუძნებლის ინტერესებს და უგულებელყოფს ჟურნალისტის პროფესიულ და შემოქმედებით ინტერესებს.

მოქმედ შრომის კანონმდებლობაში ჟურნალისტი წარმოჩენილი არ არის, როგორც შემოქმედებითი სუბიექტი, და არანაირი განსხვავება რიგით მოქალაქესა და დაქირავებულ ჟურნალისტს შორის არ არსებობს. მესაკუთრესა და მოქალაქე-ჟურნალისტს შორის საქმიანი ურთიერთობა განისაზღვრება კონტრაქტის ან სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით. ეს მიუთითებს, რომ საქართველოში მედიამესაკუთრე ყველაფერზე პასუხს აგებს და იგი ანგარიშს არ გაუწევს ჟურნალისტის პროფესიულ და შემოქმედებით დამოუკიდებლობას, ანუ კანონი ხელს უწყობს მეპატრონეს ე. წ. ცენზურის განხორციელებაში.

რაც შეეხება მედიასაშუალებების მფლობელთა ვინაობას, ეს კანონით უნდა განისაზღვროს ისევე, როგორც მათი საქმიანობის გამჭვირვალობა და შემოსავლების ლეგიტიმურობა. ამასთანავე, ბიზნესის ინტერესებიც კანონით უნდა იყოს დაცული, მით უმეტეს, რომ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ზოგი ინფორმაციის გასაჯაროება ბიზნესისთვის მიზანშეუწონელია. მედიის ყველა პრობლემა გამომდინარეობს ფინანსური დამოუკიდებლობის უქონლობით, მოსახლეობის დაბალი მყიდველობითი უნარით, არაჯანსაღი, დემოკრატიაზე არაორიენტირებული კანონით, მესაკუთრის მცდელობით, რადაც უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს მედიაგამოცემა. ასეთ ვითარებაში მედიის კრიტიკა უშედეგოა. ჟურნალიტებისთვის აუცილებელია პროფესიული პასუხისმგებლობისა და საქმიანობის მიბმა შესაბამის ანაზღაურებაზე. ყოველივე ეს მოითხოვს სისტემურ გარდაქმნას, რეფორმებს, რომლებიც კრიტიკით, სჯა-ბაასით, ჭკუის დარიგებით ძნელად განსახორციელებელია.

_ და მაინც, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა მედიაბიზნესი საქართველოში?

_ კლასიკური გაგებით, საქართველოში მედიაბიზნესი არ არსებობს. პირადად მე ბატონი ბიძინას გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება და მჯერა, რომ მას სურს, გვყავდეს პროფესიონალი ჟურნალისტები, რომ მედიაპროდუქტი აკმაყოფილებდეს რეალურ მოთხოვნებს, იყოს კონსტრუქციული შუამავალი საზოგადოებასა და მთავრობას შორის, მაგრამ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მოქალაქეების გააქტიურება და მედიასივრცეში არსებული იმ პრობლემების გაანალიზება, რომლებიც ქართულ მედიასაშუალებებს ხელს უშლის, იყოს ობიექტური და მაღალხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელი.

ვიდრე არ მოხდება დაბალანსება მესაკუთრეთა ინსტიტუტსა და რედაქციას შორის, როცა პასუხისმგებლობა ორმხრივია და ორიენტირებულია მედიის განვითარებისკენ, ქართული მედიის პრობლემები არ მოგვარდება. ყოველივე ეს კი კანონით უნდა დარეგულირდეს.

ესაუბრა

დათო ქაქუთია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here