Home რუბრიკები პოლიტიკა მერაბ ბლადაძე: უახლოეს პერიოდში აჭარაში ვაჰაბიზმი იფეთქებს!

მერაბ ბლადაძე: უახლოეს პერიოდში აჭარაში ვაჰაბიზმი იფეთქებს!

802

უფლებათადამცველი მერაბ ბლადაძე და ქობულეთის მკვიდრი დავით ზოიძე აჭარაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე საუბრობენ და ხელისუფლებას ადეკვატური ქმედებისკენ მოუწოდებენ:

_ აჭარაში დღესაც გრძელდება რელიგიური დაპირისპირება მუსლიმან და მართლმადიდებელ ქართველებს შორის. მოგეხსენებათ, ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე შენობის კარზე მიაჭედეს ღორის თავი. ეს ის შენობაა, რომელშიც უნდა გახსნილიყო მუსლიმანური სასწავლებელი, ე. წ. მედრესე. რეალურად, ეს მესამე ძალის მიერ ინსპირირებული პროვოკაციაა და ამ საქმეში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლები გარეულნი არ არიან. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ იმ დღეებში საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-ში მიემგზავრებოდა და ხელს აძლევდათ, მსოფლიოს დაენახა, საქართველოში რელიგიური დაპირისპირებაა ქართველებს შორისო.

_ მესამე ძალაში ვის გულისხმობთ?

_ თურქეთის მიერ მართულ რამდენიმე ადამიანს, რომელთა გამოააშკარავება, სამწუხაროდ, ჩემი კომპეტენცია არ არის. ეს სპეცსამსახურების საქმეა. როდესაც მდგომარეობა გამწვავდა, აჭარის მაღალჩინოსნებს შევხვდი და ვესაუბრე. მათ საკმაოდ მისაღები აზრი გამოთქვეს ქართველი მუსლიმანებისთვის, კერძოდ ის, რომ ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე შენობის ნაცვლად, გადასცემენ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მოქმედ მედრესეს, რომელიც ბანკის მიერაა დაყადაღებული, მაგრამ ამ წინადადებაზე კატეგორიული უარი მიიღეს.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ლერმონტივის ქუჩის მოსახლეობა მართლმადიდებელი მრევლითაა დასახლებული. ელემენტარული პატივისცემაა, რომ, სადაც მართლმადიდებელი ხალხი ცხოვრობს, იქ მუსლიმანური სკოლა არ უნდა გაიხსნას. ასეა ევროპაში მიღებული. მედრესე უნდა გაიხსნას იქ, სადაც რიცხობრივად მეტი მუსლიმანი ცხოვრობს. არადა, ქობულეთში მუსლიმანი თითქმის არ ცხოვრობს და არც  მედრესეს გახსნის აუცილებლობაა რომელიმე უბანში. ადგილობრივი ხელისუფლება მაინც წავიდა დათმობაზე და ლერონტივის ქუჩის ნაცვლად სხვა ადგილი შესთავაზა, რათა ორი აღმსარებლობის წარმომადგენელთა  შორის დაპირისპირება აეცილებინა.

რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების საკითხი დადგა დღის წესრგში, მუსლიმანური მრევლის რამდენიმე ლიდერი ხმამაღლა ამბობდა, რომ არ სურდათ თურქული ფულით ამ მეჩეთის აშენება, მაგრამ დღეს ეს ადამიანები უკვე დაშინებულები არიან და დუმან. აჭარაში ცხადად ჩანს პროთურქული ძალების დიდი გავლენა! მესამე ძალა  პროთურქულად განწყობილი ქართველი მუსლიმანები არიან, რომლებმაც განათლება თურქეთში მიიღეს. მოგეხსენებათ, დღესაც მასობრივად მიჰყავთ აჭარელი ახალგაზრდები თურქეთში სასწავლებლად, საიდანაც მართლმადიდებელი ქართველებისადმი აგრესიულად განწყობილი ბრუნდებიან.

_ მაინც რატომ არ მიდიან დათმობაზე და რატომ არ ყაბულდებიან ალტერნატიულ ფართობს?

_ მათ სურთ, ისარგებლონ ამ დაპირისპირებით, არეულობით და მიაღწიონ იმას, რომ ბათუმში აშენდეს აზიზიეს მეჩეთი. როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად ამბობს, რომ ბათუმი თურქეთის ტერიტორიაა, როდესაც თურქეთის სკოლების სახელმძღვანელოებში წერია, რომ ბათუმი ისტორიულად თურქეთის მიწაა და საქართველოს აქვს დროებით ოკუპირებული, ეს საყურადღებო და ძალიან საშიში ტენდენციაა. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, რომ არ არსებობს კანონი სასწავლო ობიექტის გახსნის თაობაზე; ჩვენი კანონმდებლობით, ნებისმიერს, ვისაც სურვილი გაუჩნდება, შეუძლია გახსნას მედრესე.

დღეს აჭარაში პარპაშებენ პროთურქულად განწყობილი ადამიანები. და ის, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მეჩეთის, მედრესეს, მინარეთის გახსნა აჭარაში, რადგან აბსოლუტრად უკონტროლოა ეს სფერო, დიდი საშიშროებაა, ის ბავშვები, რომლებიც თურქეთში იღებენ განათლებას, ვაჰაბიზმის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. ამის აშკარა ნიშნებს ვხედავ. დიახ, ასე თუ გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში აჭარაში ვაჰაბიზმი იფეთქებს.

საქართველოში დღეს 300-მდე მეჩეთი მოქმედებს, ხოლო თურქეთში _ არც ერთი ქართული ეკლესია….

_ ცნობილია, რომ აჭარაში 60-მდე მედრესე ფუნქციობს. საინტერესოა, კანონი თუ არეგულირებს, რამდენი მედრესეა საჭირო საქართველოს ამ კუთხეში

_ სამწუხაროდ, კანონი არ არეგულირებს მეჩეთებისა და მედრესების რაოდენობას. მაგალითად, ლერმონტოვის ქუჩაზე რომ სურთ მედრესეს გახსნა, ამისთვის ლიცენზიაც კი არ აქვთ. მედრესის გახსნის მესვეურებმა მიპასუხეს, ამისათვის არანაირი ლიცენზია არ გვჭირდებაო. სხვათა შორის, ეს შენობა არის შპს-ის ბალანსზე, რომელიც ანგარიშვალდებულია საგადასახადო სამსახურის მიმართ, და აუცილებელია ლიცენზია. კარგი, დავუშვათ, ლიცენზიის გარეშე მაინც გახსნეს და ასწავლეს ბავშვებს, რომ დაამთავრებენ ამ სკოლას, ატესტატი ხომ უნდა მისცენ? წესით და რიგით, ამ ყველაფერს განათლების სამინისტრო უნდა არეგულირებდეს, აგრეთვე, უნდა აბალანსებდეს, თუ რა საგნები უნდა ისწავლებოდეს და ა. შ.

 გარდა ამისა, ქობულეთი კიდევ ერთი საფრთხის წინაშე დგას. ეს არის ჩინური კომპანიასინო ჰიდრო”, რომელიც დაკავებულია გზის მშენებლობით. ქობულეთში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც აუცილებელია, მაგრამ ამ მშენებლობაზე არსებობს მთელი რიგი დარღვევებისა. ხელთ მაქვს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 16 ივნისის ბრძანება, რომელშიც წერია, რომ სოფელ ხუცუბანში “სინო ჰიდრომ” უნდა განახორციელოს მინერალური მასალების მოპოვება. მაგრამ ეს კომპანია არღვევს კანონს და 5 მეტრის ნაცვლად, მიწაში ჩადის 10-12 მეტრის სიღრმეზე. კანონში ისიც წერია, რომ მასალების ამოღების შემდეგ ორმოები უნდა ამოავსონ. რაც მთავარია, ეს სამუშაოები ქობულეთის წყალსადენთან ახლოს ჩატარდა და ორმოები არათუ ამოავსეს, არამედ მათში ჩაღვრილია ნავთობი და, რადგან ამხელა ორმოები დაინახეს, მოიტანეს  და ათეულობით ტონა ქიმიურად გადამუშავებული მანდარინის ნარჩენებიც ჩაყარეს. გარდა ამისა, ამ ორმოებში რამდენიმე ძროხაც დაიხრჩო და კვალის დაფარვის მიზნით ზემოდან  მიწა მიაყარეს. ხელთა მაქვს ამის ამსახველი ვიდეომასალა და ვაპირებ პრემიერმინისტრს გავუგზავნო, რათა ეს საქმე გამოიძიონ. ამ ყველაფრის გამო ქობულეთი დგას მოწამვლის საშიშროების წინაშე.

_ მურმან დუმბაძის ფრაქციიდან გარიცხვის ამბავს როგორ აფასებთ?

_ ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ ვთქვი, რომ დუმბაძე ძირითადად დაკავებული იყო თავისი სანათესაოსა და სამეგობროს დასაქმებით. აჭარა გადააქცია თავისი და ახლობლების ჯიბედ. როდესაც ამ მარაზმს შეეწინააღმდეგა ადგილობრივი ხელისუფლება და დაიწყო დუმბაძის კადრების ჩამოშორება, დუმბაძე ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდა. დუმბაძე დღეს არის პოლიტიკური გვამი, რომელსაც ძალაუფლება აღარ აქვს. ვიცი, რომ ეს ადამიანი დადის ზემო აჭარაში, კერძოდ, ხულოს რაიონში და  იქაურ მუსლიმანებს აქეზებს საპროტესტო გამოსვლებისთვის. ეს კაცი ცდილობს, სიტუაცია თავისი პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის გამოიყენოს. დიახ, ის ფარულად მოქმედებს და აქეზებს მუსლიმან ქართველებს, რათა დაიწყოს  გამოსვლები აჭარაში ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ.

დავით ზოიძე, ქობულეთის მკვიდრი:

_ ხალხი დაიღალა ქობულეთში არსებული სიტუაციით. თავდაპირველად, ლერმონტოვის 13-ში ბინა რომ იყიდეს, თქვეს, ორმა ოჯახმა უნდა ვიცხოვროთო. მაგრამ მალე დაიწყეს რამდენიმე საპირფარეშოს გაკეთება, ამან დაგვაეჭვა. სიტუაციაში გასარკვევად მისულებს “ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობების” თავმჯდომარე შამილ კაკალაძე დაგვხვდა და გვითხრა, თქვენ ვინ გკითხავთ, აქ რას გავაკეთებ _ მედრესეს თუ ჯამეს, ეს სახლი ვიყიდეთ და ნება ჩემიაო. არადა, როგორც შევიტყვეთ, ეს სახლი ვიღაც თურქ მუსტაფა ბუიუქის უყიდია. შემდეგ კი ამათთვის გადაუცია მედრესეს გასახსნელად. თუმცა ჩუქების დამადასტურებელი საბუთი არ აქვთ და არც ვიცით, რას აპირებენ. ამიტომ ქობულეთელები დღე და ღამე დგანან ამ სახლთან და შიგ არავის უშვებენ.

_ მედრესეში სწავლის მსურველები თუ არიან?

_ ქობულეთში _ არა. აპირებენ, სოფლებიდან ჩამოიყვანონ. ქობულეთში ერთი მუსლიმანიც არ ცხოვრობს, მხოლოდ პროვოკაციის მიზნით სურთ სასწავლებლის გახსნა.

ამ საქმეში თურქული ფული დევს. თურქები ამბობენ, აჭარა დაკარგულია და უნდა დავიბრუნოთო.

რაც მთავარია, მართლმადიდებლურ ზონაში იმიტომ ცდილობენ მედრესეს გახსნას, რომ ერთმანეთს დაუპირისპირონ მართლმადიდებელი და მუსლიმანი ქართველები.

რატომ უნდა დავთმოთ, არ ვიცი. ჩვენ რა, თურქები გვაძლევენ უფლებას, მათ მიწაზე ქართულმა ეკლესიამ იარსებოს? ყველა თავს შევაკლავთ და არ ვაბატონებთ თურქებს აჭარაში, მაგრამ საქმე რთულად არის _ შველა გვჭირდება. ჩვენი მამები და ბაბუები ხმლის ქვეშ გაამუსლიმანეს და ისევ შეეცდებიან ამის გაკეთებას. უკვე ცდილობენ, მაგრამ ხმლის ნაცვალად ფულს იყენებენ. აზიზიეს მეჩეთის აშენება რას ნიშნავს იცით? რომელ მიწასაც იპყრობს, იქ აშენებს თურქი მეჩეთს და ამით ცდილობს, დაგვანახოს, რომ ბათუმი თურქეთისაა. ამიტომ აჭარის მოსახლეობა უნდა დავდგეთ ერთად, რათა მთელმა ქვეყანამ დაინახოს, რომ აჭარა არ მიისწრაფვის გათათრებისკენ. აი, მერე კი სრულიად საქართველო ჩაერევა ამ პროცესში. ისედაც გაწამებულია აჭარელი ხალხი, ყოველ მეორე ოჯახს ბინა იპოთეკით აქვს დატვირთული და ახლა ორ ცეცხლს შუაა _ არსებობისთვის იბრძოლოს თუ თურქს ეომოს!

ესაუბრა ნინო მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here