Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი არაპროფესიონალიზმი არასდროს ყოფილა

საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი არაპროფესიონალიზმი არასდროს ყოფილა

515

დაპირისპირება პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის ვეღარ იმალება. მთავარი წვლილი კი ამაში, სამწუხაროდ, ისევ იმას მიუძღვის, ვისი  დამსახურებაცაა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ოლიმპიდან ჩამოცოცება, რადგან კოალიციის შემადგენლობაც ერთი კაცის გემოვნებით შეიქმნა, პრეზიდენტიც მან “დაგვინიშნა” და მთავრობაც მან შეაკოწიწა. დღევანდელი სახელისუფლო ვერტიკალი ისეა აწყობილი,  ეს ეხება საგარეო-პოლიტიკურ თუ ქვეყნის შიგა ეკონომიკურ სიტუაციას, ადმინისტრაციულ მენეჯმენტს თუ სოციალურ მდგომარეობას, რომ პასუხისმგებლობა მაინც შუშის სასახლის ბინადარს ეკისრება.


ჩამოყალიბებული დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის აზრთა სხვადასხვაობა სახელისუფლო გუნდის შიგნით ნორმალური მოვლენაა, სასარგებლოც, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ეს შიგა კოალიციური დაპირისპირება, შესაძლოა, ქვეყნისთვის საშიში გახდეს. მას აუცილებლად გამოიყენებს ის გარეშე ძალა, რომლისთვისაც საბოლოო მიზანი ღარიბაშვილის (იგულისხმება ივანიშვილის) ჩანაცვლებაა დასავლეთის გარკვეული წრეებისთვის უფრო მისაღები, მათგან უფრო მართული პიროვნებით. საქართველოს მიერ ამ ბოლო პერიოდში გატარებულმა ნაწილობრივ დამოუკიდებელმა საგარეო პოლიტიკამ, როგორც ჩანს, ბევრი გააღიზიანა. ეს ძალები მიჩვეულნი იყვნენ, რომ საქართველოს სათავეში უცილობლად კონტროლირებადი მმართველი ჰყოლოდათ.

ივანიშვილი კი მეტ-ნაკლებად ცდილობს, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში აწარმოოს, კაპიტალის სხვადასხვა კალათში გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე. ესაა მთავარი ფაქტორი, რომლის გამოც ის ბევრს არ მოსწონს. არ მოსწონთ, პირველ რიგში, იმ წრეებს, რომლებიც მართავდნენ წინა პრეზიდენტს.

სააკაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილი არ არის რომელიმე ერთ საგარეო ცენტრზე მთლიანად დამოკიდებული ფიგურა. რაც უნდა პიარდებოდეს მისი კავშირები რუსეთთან, მისი პოლიტიკური სვლები იმის მანიშნებელია, რომ იგი გარკვეულ პოლიტიკურ ავტონომიას მაინც ინაჩუნებს. რასაკვირველია, გამორიცხულია, არ ჰქონდეს კავშირები რუსეთთან (და ეს, ჩემი აზრით, კარგიცაა), მაგრამ იმგვარად დამოკიდებული რუსეთის ვექტორზე, როგორც სააკაშვილი იყო დამოკიდებული ამერიკის ვექტორზე, ნამდვილად არ იგრძნობა.

ამიტომ საქართველოში დაიწყეს იმ ფიგურების ძიება და მიზიდულობის ცენტრების ფორმირება, რომელთაც შეუძლიათ ჩაანაცვლონ ივანიშვილის ფიგურა. ამ წრეებს ძალიან კარგად ესმით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ კუთხით არარეაბილიტირებადია. “ნაციონალები” გამოუსადეგარნი არიან უმრავლესობის მოპოვების საქმეში და მათაც შეარჩიეს ახალი ლიდერი, სააკაშვილივით იმ წრეებზე მთლიანად დამოკიდებული ფიგურა ბატონი ალასანიას სახით.

ქრონომეტრი ჩართულია, მესიჯები გაგზავნილი: მის გარშემო უნდა გაერთიანდეს საქართველოს ყველა “ხარისხიანი” მოქალაქე.

ეს წრეები ამ დაპირისპირების გასაღვივებლად იყენებენ ყველაფერს, როგორც ხელისუფლების შეცდომებს, ისე ყველა კონტროლირებად ძალას კონცენტრირებული პიარშეტევებით.

ოცნების”, იმავე ივანიშვილის, შეცდომებიდან, რასაკვირველია, ყველაზე დიდი შეცდომა მარგველაშვილია. ადამიანი, რომლის დამოუკიდებელი პოლიტიკური რეიტინგი სულ რამდენიმე პროცენტი იყო, ივანიშვილმა ის ხალხს შანტაჟის გზით აარჩევინა პრეზიდენტად. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ პირველი მოქალაქის ავტოკრატიულობის გამო. არ შეიძლება, მდიდარი ბიზნესმენი არ იყოს ავტოკრატი. მდიდარი ადამიანისთვის, როგორც წესი, ავტოკრატიზმი ხასიათის თანმდევი თვისებაა და მისი ხასიათის ამ მხარემ წარმოშვა ის მოცემულობაც, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით. მან პრეზიდენტის პოსტზე თავისთვის ყველაზე მისაღები, კომფორტული კანდიდატი შეარჩია (ასე ეგონა). შეარჩია ქარიზმას მოკლებული, ყველაზე არაამბიციური, ყველაზე “პლასტელინი” პიროვნება. იდეაში ასეთი ადამიანები პრობლემებს არ ქმნიან. შესაძლოა, ეგრეც ყოფილიყო, მაგრამ ბატონი მარგველაშვილიც ხომ ჩვეულებრივი ქართველია, ანუ ჩვენებურია. და როდესაც ამხელა ლეგიტიმაციას იღებ ხალხისგან, როგორი “პლასტელინიც” არ უნდა იყო, ამბიცია გაგიჩნდება… განსაკუთრებით ქართველს, აუცილებლად მოგაწვება ყელთან “ქართული ბურთულა”.

რაც შეეხება მავანთა პიარ დარტყმებს, ის ემსახურება იმ მიზანს, რომ ეს დაპირისპირება კოალიციის შიგნით რაც შეიძლება მეტად გაღვივდეს, გამოვიდეს გარეთ, შეუქცევადი გახდეს და პარალელურად მომზადდეს იდეოლოგიური ფონი, რათა დისკრედიტებული ივანიშვილის მაგიერ ქვეყნის სათავეში მოვიდეს მათი ნდობით აღჭურვილი პიროვნება.

ეს კეთდება როგორც შიდა რესურსებით _ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებსაც ეს წრეები უკვე, მინიმუმ, 20 წელი აფინანსებენ და რომლებიც მეტ-ნაკლებად ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, ასევე გარე მოთამაშეების მეშვეობით. ამის თვალსაჩინო მაგალითია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვა, რომლითაც მათთვის სასურველი ფიგურების წინ წამოწევა და მიუღებლების უკან ჩაჩოჩება მოხდა.

დღევანდელ სიტუაციაში ვინ შეიძლება იყოს ალასანიას მოკავშირე, სანამ მისი მოწინააღმდეგე კოალიციაქართული ოცნებისღარიბაშვილის პოლიტიკური ფრთაა? პირველი მოკავშირე, რასაკვირველია, შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო პოლიტიკური პარტიებიდან მას მხარს, ალბათ, რესპუბლიკური პარტია დაუჭერს. ღარიბაშვილის გარშემო წრე შეიკვრება. ღარიბაშვილის გუნდი დაკარგავს უბრალო უმრავლესობას პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტი მოწინააღმდეგეთა ბანაკში იქნება დადანარჩენი ტექნიკის საქმეა.

რასაკვირველია, ეს ახალი პოლიტიკური ცენტრი “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურად არ გაიკარებს, მაგრამ თვით “ნაციონალებს” თვითგადარჩენის ინსტინქტი უცილობლად უკარნახებთ, მხარში ამოუდგნენ ახალ ალიანსს; მით უფრო, რომ მათ იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი ერთობა და ორივე ჯგუფის საერთო საკურატორო ცენტრი აკავშირებთ. მაგრამ, სანამ ალასანია ოპოზიციურ ასპარეზზე ლიდერის მანტიას მოირგებს, ასეთი ლიდერი ზუსტად პრეზიდენტი შეიძლება იყოს. “გაიჩალიჩა ცარიელ ადგილზე” “ოცნებამ” მარგველაშვილი. ის ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე ხდება. მას აქვს უდიდესი ლეგიტიმაცია. მას რეალურად ვერ მოხსნი. საქართველოში კი “სკამს” ძალიან დიდი წონა და მომხიბვლელობა აქვს, პიროვნებაზე მეტი მომხიბლელობა. ამდენად, პოლიტიკური მოთამაშეების წონიდან გამომდინარე, ძალიან ძლიერი ოპოზიციური ცენტრი ყალიბდება, რომელსაც ექნება დასავლეთის ზემოთ ნახსენები ძალების აბსოლუტური მხარდაჭერა.

თუმცა ამ დაჯგუფებისთვის აქ ერთი სირთულე შეიძლება წარმოიშვას: მათთვის მიზნის განხორციელებაში ყველაზე დიდი ბარიერი შეიძლება იყოს არა დაღმავალ მარგინალიზაციის ტრენდზე მყოფიოცნება”, არამედ ქართული ეკლესია.

“ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის მსგავსი ძალა რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და დაამარცხოს “ოცნება”, საჭიროა ქართული ეკლესიის ინსტიტუტის მთლიანი დისკრედიტაცია, გადამწყვეტ მომენტში განეიტრალებული რომ იყოს და საზოგადოებაჰზე ზემოქმედების ბერკეტი დაკარგული ჰქონდეს.

გრძნობენ რა სხეულის ყველა უჯრედით, რომ ქართული ნაციონალური ტრადიციონალიზმისთვის ამ ორ ძალას შორის ეკლესიის სიმპათია ღარიბაშვილისკენ გადაიხრება, პატრიარქი, რომელიც ამ ტრადიციონალიზმის ყველაზე ძლიერი გამოხატულებაა, ხელისშემშლელი, მიუღებელი ფაქტორი ხდება ამ გზაზე.

ამიტომაც ცდილობენ პატრიარქის პიროვნულ დისკრედიტაციას. აბსოლუტურად ზღვარგადასულია მათი თავდასხმები. ადრე დარტყმები თუ მხოლოდ ეკლესიის ცალკეულ, შესაძლოა, მართლაც უღირს წევრებზე კეთდებოდა, რომლებისთვისაც ეკლესია ისეთივე საშუალებაა მიწიერი სიკეთის მოსახვეჭად, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის პოლიტიკაში მოსვლა, ამჟამად პირდაპირი შეტევა დაიწყეს უშუალოდ ყველაზე მაღალ ავტორიტეტზე. თუ პატრიარქის ავტორიტეტი შეილახა, ეს ავტომატურად ეკლესიის ავტორიტეტს შეარყევს და პატრიარქის ხმა გადამწყვეტ მომენტში აღარ იქნება წონადი.

აბა, გადავხედოთ, რა წერია ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის ბოლოგამოკითხვაში”, რაზეც რატომღაც ფსევდოკორექტულობის გამო არავინ ამახვილებს ყურადღებას.

“გამოკითხვის” მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 5-პროცენტიანი სარეიტინგო ვარდნა საქართველოს პატრიარქს აქვს. რასაკვირველია, ეს სიგნალი გზავნილი იყო გარკვეული წრეებისთვის და მათ სწორადაც გაიგეს ის.

ორიოდ სიტყვით შევეხოთ იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს.

 ცუდი ვერაფერი მოხდება, თუ დანიის სამეფოში წესრიგი იქნა. ხალხი დაიღალა, დაიღალა ამ გაუსაძლისი ყოფით, როდესაც ხედავს, რომ ფიგურების გადანაცვლებით მათთვის არაფერი იცვლება ან, თუ იცვლება, მხოლოდ უარესობისკენ. უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზები მრავალია, მაგრამ მთავარი მაინც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. ამაზე კი მრავალი ფაქტორი მოქმედებს: ქვეყანაში არნახული არაკომპეტენტურობაა. საქართველოს ბოლო 23 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ასეთი არაპროფესიონალიზმი არასდროს ყოფილა. მისი გამომწვევი მიზეზი კი გაუგონარი ნეპოტიზმია, არნახული ტრაიბალიზმი. ამ არაკომპეტენტურობასთან ერთად, ქვეყანაში ფეხს იკიდებს მცოცავი კორუფციის ნიშნები არა მარტო ელიტურ, არამედ უკვე საშუალო რგოლებშიც. ქვეყანაში არნახული ჩინოვნიკური ფუფუნების ერა დაიწყო. ხელისუფლებაში არაინოვაციური აზროვნებაა. ჩინოვნიკთა უმრავლესობა ძალაუფლებით ტკბობის ნირვანაშია. ქვეყანა სტაგნაციაშია. ეს ყველაფერს ემჩნევა: ქუჩებს, ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, სახელმწიფო მომსახურების სერვისებს, კრიმინალურ სიტუაციას, კომუნალურ მეურნეობას და ა. შ.

ამ მოცემულობით, სხვანაირად რომ იყოს ქვეყანაში მდგომარეობა, გასაკვირი იქნებოდა.

სიტუაციას დროზე უნდა შველა და, სანამ გვიან არ არის, საჭიროა, საქართველოში გადაწყვეტილებების მიმღებებმა (თუ მიმღებმა) სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოავლინონ და ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს მიხედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას წინ პოლიტიკური ქაოსი და, აქედან გამომდინარე, დიდი ეკონომიკური კრიზისი ელის.

 ჯერ კიდევ არ არის გვიან.

მამუკა ჩხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here