Home რუბრიკები პოლიტიკა ბესიკ ალადაშვილი: პრემიერი მართალია _ “ნაცებს” ნამდვილად აქვთ მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა...

ბესიკ ალადაშვილი: პრემიერი მართალია _ “ნაცებს” ნამდვილად აქვთ მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა და ძლიერი სპეცსამსახურიც ჰყავთ!

1099

2012 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებასთან ერთად ადამიანები ერთმანეთს იმასაც ულოცავდნენ, რომ თავისუფლად საუბარს შეძლებდნენ, აღარ დასჭირდებოდათ ტელეფონის აპარატიდან პინბარათის ამოღება და სხვა ოთახში გატანა, მაგრამ საზოგადოება დღეს კვლავ საუბრობს უკანონო მოსმენებზე, ამ პრობლემაზე საუბრობენ ადამიანის უფლებათა დამცველებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფილი და ახალი მთავრობის წევრებიც.

 

აი, რა განუცხადა უფლებათა დამცველმა ირმა ჭკადუამ “საქართველო და მსოფლიოს”:

“კატასტროფულად ბევრი ნომერი ისმინება, ეს თითქოს კანონიერად ხდება, მაგრამ როგორ შეიძლება, საქმეში, რომელშიც მხოლოდ ოთხი ბრალდებულია, 200 ნომერი ისმინებოდეს?! სასამართლოში პროკურატურიდან შედის მოთხოვნა მოსმენაზე და თითო საქმეზე, სულ ცოტა, 200 ნომერი მაინც ისმინება. თუ გავითვალისწინებთ, რამდენი სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ საქმეების რაოდენობას პროკურატურის მიერ მოთხოვნილი მოსმენების რაოდენობაზე გავამრავლებთ, კატასტროფულ რიცხვს მივიღებთ. თანაც, მოსმენების კანონიერება საეჭვოა, რადგან პროკურატურას სასამართლო შეცდომაში შეჰყავს და ბრძანება ყოველგვარი მოკვლევის გარეშე გაიცემა _ არ ინტერესდებიან, ვის ეკუთვნის ტელეფონის ნომერი, რა კავშირშია ამა თუ იმ საქმესთან. წინა ხელისუფლებას ნებართვა არ სჭირდებოდა, ისე უსმენდა ყველას, მაგრამ დღეს მოსმენას კანონიერი სახე მიეცა, სასამართლოები კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს არღვევენ”.

პრემიერ ღარიბაშვილის რამდენიმე დღის წინანდელმა განცხადებამ, რომ ყოფილი მთავრობის წევრები კვლავ გვისმენენ, ყველა შეაშფოთა, ხალხმა ვერ გაიგო, გაფრთხილება იყო ეს თუ მთავრობის უნიათობის დადასტურება. მოსმენებზე ლაპარაკობს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩემი “შოუმენობის” ამბავს ტელეფონით საუბრისას განვიხილავდი და მეორე დღეს სატელევიზიო ეთერში ითქვაო.

ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ აღმოჩნდა მოსმენების პრობლემის აღმოფხვრა ახალი ხელისუფლებისთვის შეუძლებელი და ამ საკითხზე სასაუბროდ სპეცსამსახურების საქმიანობზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის თავმჯდომარეს, პროფესორ ბესიკ ალადაშვილს მივმართეთ.

_ ბატონო ბესიკ, უკვე ორი წელიწადი გავიდა ხელისუფლების სათავეში “ქართული ოცნების” მოსვლიდან. ყველაფერი მათ ხელშია, პრემიერი კი კვლავ მოსმენებზე ლაპარაკობს. რეალურია, რასაც ის ამბობს?

_ დიახ, პრემიერის სიტყვები რეალურია. დღეს მსოფლიოში პორტატული მოსასმენი აპარატურა ხელმისაწვდომია. თუ გავითვალისწინებთ, რომ “ნაციონალების” მმართველობის პერიოდში სპეცსამსახურები საკმაოდ კარგად ფინანსდებოდნენ, გასაკვირი არაფერია. ნაცებითანხებს, ძირითადად, ორი მიმართულებით ხარჯავდნენ: პირველი _ ძალოვანების პრემიებსა და ხელფასებში. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, თუ კანონის ფარგლებში ჯდება და გვამების ყოლის აუცილებლობაში არ იხარჯება; და მეორე _ უდიდესი საბიუჯეტო თანხები მიდიოდა ოპერატიული ტექნიკის შესაძენად, ამაში შედიოდა ფარული სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა.

სამწუხაროდ, “ნაციონალების” მიერ შესყიდული მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურის რაოდენობისა და ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ამ აპარატურის შეძენა საბუღალტრო აღრიცხვის მიღმა ხდებოდა.

ასე რომ, პრემიერი მართალია _ “ნაცებს” ნამდვილად აქვთ მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა, “კუდები” ჰყავთ დატოვებული ძალოვან სტრუქტურებში, მათ ძლიერი სპეცსამსახურიც ჰყავთ.

_ ბატონო ბესიკ, რაც თქვით, მძიმე მოსასმენია, მაგრამ რა უნდა ქნას რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც, როგორც ამბობენ, ძველი მთავრობაც უსმენს და ახალიც?

_ 2004 წლიდან ამაზე ვმუშაობ, ეს რეალური საფრთხე იყო იმხანად და დამტკიცდა კიდეც, როდესაც სამალავებში ათასობით ფაილები აღმოაჩინეს. ნაცებსჰქონდათ უძლიერესი, უახლესი ტექნიკა და ახორციელებდნენ ტოტალურ მოსმენებს _ ისინი თავიანთ მომხრეებსაც უსმენდნენ და მოწინააღმდეგეებსაც. სწორედ მოპოვებული კომპომატებით ახერხებენ აქამდე თავის გადარჩენას.

დღეს იგივე ვითარება არ არის, ტოტალური მოსმენები ნამდვილად აღარ არსებობს და მოსახლეობა ამ მხრივ გაცილებით დაცულია, მაგრამ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვან თემებზე ტელეფონით არ უნდა ისაუბრო. საჯარო სამსახურის თანამშრომლებმა, სჯობს, თავი შეიკავონ სატელეფონო საუბრებისგან. მათ შეიძლება არა მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურები ან დაინტერესებული პირები უსმენდნენ, არამედ უცხო ქვეყნების, რადგან პორტატული მოსასმენი აპარატები ისეთი მობილურია, რომ შესაძლებელია, შორეული ქვეყნიდანაც კი მოგვისმინონ. მსგავსი აპარატებით 20-30 აბობენტის ერთდროული მოსმენაა შესაძლებელი.

_ პრემიერის განცხადება, ყოფილი მთავრობის წევრები კვლავ გვისმენენო, პრევენცია იყო თუ აღიარება, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება უძლურია?

_ რთულია მოსამსმენი აპარატურის აღმოჩენა. სამი წელიწადია, ამაზე მეც და ყველა ამ საქმის ექსპერტი ვსაუბრობთ. მოგეხსენებათ, როგორი მაღალი ტექნოლოგიებია გერმანიაში, მაგრამ ვერაფრით დაადგინეს, უსმენს თუ არა რომელიმე ქვეყანა მათ აბონენტებს. რთულია ამ ყველაფრის დადგენა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იყო პრევენცია. ეს ეხება საჯარო მოხელეებს, იმ ადამინებს, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე მიუწვდებათ ხელი და აქვთ საიდუმლო ინფორმაცია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here