Home რუბრიკები პოლიტიკა თბილისშიც მზადდება ევრომაიდანი, ანუ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაცია

თბილისშიც მზადდება ევრომაიდანი, ანუ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაცია

522

ახალი ხელისუფლება საზოგადოების დაბოლებას განაგრძობს. თუმცა «ქოცებმა» ამ მხრივ, რომ იტყვიან, აშკარად მოუჯოკრეს «ნაცებს»! თავად განსაჯეთ _ თუ «ნაცების» ხელში აგვისტოს ომის შემდეგ მაპზე უკეთესს _ ნატოს ასპირანტობას _ გამოვკარით ხელი, ახლა კი ნატოს უელსის სამიტზე, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს თუ დავუჯერებთ, «ოქროს ბარათით» დაგვაჯილდოვეს იორდანიასთან, შვედეთთან, ავსტრალიასა  და ფინეთთან ერთად. არც ეს გვაკმარეს სასიხარულოდ და ირაკლი ალასანიამ, _ ნატოს «ახალ ლიგაში» გადავედითო!


მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, გივი ბერიკაშვილის კინოგმირივით ხელები გავშალოთ და ამოვთქვათ: «ვაა, კაცოო, რა საინტერესოა პირდაპირ, როგორ მაიფიქრებენ ხოლმე ეგეთ რამესა»…

და ეს ყველაფერი ხდება ყალყზე შემდგარი რუსული დათვის გამძვინვარების ფონზე, რომელსაც ყირიმის «ანშლუზის» შემდეგ «ზადნი» აღარ აქვს, თუმცა ამაზე ქვემოთ…

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, უელსის სამიტზე თვალნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაპირისპირებაა.

 ამ ფარულ დაპირისპირებაში (რომელსაც პირობითად პრემიერისა და პრეზიდენტის გუნდების დაპირისპირება შეიძლება ვუწოდოთ) თუ აქამდე, როგორც წესი, ირაკლი ღარიბაშვილი იმარჯვებდა, ნიუპორტში პირველი გამარჯვება აშშის ერთგული მონების, გნებავთ, აშშის გავლენის აგენტების გუნდმა იზეიმა პრეზიდენტ მარგველაშვილის თამადობით _ საქართველოს დელეგაციაში არ იყო არც ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილის მხარდამჭერად შეიძლებოდა განგვეხილა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ კრიმინოგენური ვითარების «გამწვავების» გამო თინა ხიდაშელიც შეუერთდა «ნაცებს» და შს მინისტრ ჭიკაიძეს (წაიკითხე _ ღარიბაშვილს) დაარტყა.

ამ ყველაფრის გათვალიწინებით ჩვენი გაზეთის 32-ე ნომერში გამოთქმული ვარაუდი, რომელიც გავრცელებულ ხმებს ეფუძნებოდა, რომ «ნაციონალ»-რესპუბლიკელების ძალისხმევით თბილისშიც მზადდება ევრომაიდანი, ანუ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაცია, არცთუ უსაფუძვლოდ მოგეჩვენებათ.

თუ მოვლენები ასე განვითარდა, შედეგის განჭვრეტა რთული არ არის _ თბილისში დაწყებული დესტაბილიზაცია უმალ მოედება საქართველოს, არეულობით ისარგებლებენ ჩვენი მეზობლები და ერთნი ჯავახეთს მიიტაცებენ, მეორენი _ ქვემო ქართლის მნიშვნელოვან ნაწილს, მესამენი _ აჭარაბათუმს, აფხაზები (ანუ რუსეთი) _ სამეგრელოზემო სვანეთს. შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები აღარავისთან ექნება, ნატოში შესვლას ხომ თავისთავად გვახარებს ბუკა და ევროკავშირის «ცოლობასაც» შეიძლება გამოვკრათ ხელი

უელსის სამიტის ერთადერთი ხელშესახები შედეგი არის ის, რომ  უკრაინაში საომარი მოქმედებები დროებით შეწყდა. თუმცა დღემდე მიმდინარე კანტიკუნტი სროლებიც მოწმობს, დაზავება მყიფე რომ არის და ნებისმიერ დროს შეიძლება დაირღვეს.

ისიც ცხადია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მთავარმა სცენარისტმა და სპონსორმა _ აშშმა, ჰუმანური მოსაზრებების გამო კი არ დართო ნება უკრაინის მარიონეტ პრეზიდენტ პოროშენკოს, პუტინის სამშვიდობო გეგმას დათანხმებოდა, არამედ იმიტომ, რომ უკრაინას ჯარი უბრალოდ «გაუთავდა» _ ივლისის შემდეგ, როდესაც საომარ მოქმედებებში უპირატესობას პრორუსი მებრძოლები დაეუფლნენ, დღეს უკრაინის ე. წ. ნაციონალური გვარდია პრაქტიკულად განადგურებულია. თორემ მანამდე კარგად გვახსოვს, როგორი ფართოდ «დახუჭული თვალებით» უყურებდა «დემოკრატიული»  დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას, როგორ აგულიანებდნენ სამთავრობო ძალებს ოკეანის გაღმიდან, _ რაც უკრაინაში ხდება, მისი საშინაო საქმეა და კიევს ძალის (ტანკების, ავიაციისა თუ კასეტურ-ფოსფორული ბომბების) გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს.

დღეს დიამეტრულად საწინააღმდეგო ვითარება შეიქმნა _ დონბას-ლუგანსკის ე. წ. ოპოლჩენიე თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდა და უკრაინას არმია პრაქტიკულად აღარ ჰყავს. ამბოხებულთა წარმატების მიზეზი, რა თქმა უნდა, რუსეთის დახმარებაც არის, რაც, ალბათ, სამხედრო ტექნიკის მიწოდებას არ სცილდება, რადგან ჯერჯერობით ვერავინ დაადასტურა დოკუმენტურად რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინაში. იქ, ძირითადად, რუსი მოხალისეები იბრძვიან და ამბოხებულებს თუ მათ დასახმარებლად მისულ მოხალისეებს თავგანწირვის, ბრძოლის იდეური მოტივაცია აქვთ, რომლისგანაც დაცლილნი არიან მხოლოდ დოლარების მოტივაციის მქონე უკრაინის სამთავრობო ძალები, ამიტომაც ბარდებოდნენ «სეპარატისტებს» ტყვედ «პაჩკაპაჩკა».

თუმცა უკრაინაში ამერიკელების მარცხის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათ ცუდად იციან ისტორია ან, თუ იციან, არ ითვალისწინებენ მის გაკვეთილებს, თორემ…

უკრაინა არც ბალტიისპირეთია და არც პოლონეთი, სადაც გავლენის დაკარგვას ასე თუ ისე შეეგუა რუსეთი. რამდენიც უნდა ამტკიცონ საპირისპირო უკრაინელმა ნაცისტებმა და მათმა დასავლელმა მფარველებმა, უკრაინელები და რუსები, პრაქტიკულად, ერთი ერია რელიგიით, კულტურითა და ისტორიით. ამიტომ უკრაინაში დღეს სამოქალაქო ომია და არა სამამულო, როგორც ამას გაჰყვირის დასავლეთის პროპაგანდისტული მედია.

რუსეთი ვერ შეურიგდებოდა დასავლეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ექსპანსიას უკრაინაში და აკი, არც შეურიგდა _ კლასიკური «ანშლუზით» დაიბრუნა ძირძველი რუსული ტერიტორია _ ყირიმი და, როგორც ჩანს, სამუდამოდაც.

და კიდევ _ ამერიკელებს დაავიწყდათ, რომ რუსეთი თავის მოკავშირეებს არასოდეს ღალატობს და, თუ საჭიროა, ნატოსგან განსხვავებით, სამხედრო ძალითაც იცავს მათ. მით უმეტეს ვერ მიატოვებდა მილიონობით ეთნიკურ რუსს თუ პრორუსულად განწყობილ უკრაინელს დონბას-ლუგანსკში!

ერთადერთი, ვინც ვერ დაიცვა რუსეთმა, ბალკანეთში მისი ისტორიული მოკავშირე, ერთმორწმუნე სერბეთია. ვერ დაიცვა იმიტომ, რომ იმხანად თვითონ იყო მუხლებჰზე დაჩოქილი, თორემ ამერიკელები სერბეთის დაბომბვასა და იუგოსლავიის დაშლას ვერ გაბედავდნენ…

 და ყველაზე მთავარი, რაც არ გაითვალისწინეს დასავლელმა «დემოკრატებმა» _ რუსეთი ომს არასოდეს იწყებს, რუსეთი ომს ამთავრებს!

ამ ფრთიან ფრაზას  ძველ პლეხანოველსა და XX საუკუნის მიწურულის რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორს, რუსეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელ მინისტრ ევგენი პრიმაკოვს მიაწერენ. პრიმაკოვმა სერბეთის დაბომბვა ასე გააპროტესტა: თვითმფრინავი, რომლითაც აშშ-ში მიფრინავდა, ატლანტიკის თავზე უკან, რუსეთისკენ შემოაბრუნა!

ნაპოლეონს ომი რუსეთმა პარიზში დაუმთავრა, ჰიტლერს _ ბერლინში, ხოლო ამერიკელებს კიევის ავანტიურას, ვაშინგტონში თუ ვერა, დონბას-ლუგანსკში დაუმთავრებს.

დღეს რუსეთს მართავს არა უხერხემლო ელცინი, რომლის პრეზიდენტობის პერიოდშიც რუსეთი ცირკის არენაზე თათებზე შემდგარ დათვად გადაიქცა, არამედ ვლადიმერ პუტინი, კაცი, რომელმაც კორუფციაში ჩაფლული ელცინისგან ხადარკოვსკების, აბრამოვიჩებისა და ბერეზოვსკების მიერ გაძარცვული, დასავლეთის ნასუფრალის მოლოდინში მუხლებზე დაჩოქილი რუსეთი ჩაიბარა. დღეს კი ფეხზე წამომდგარმა რუსეთმა საფუძვლიანი პრეტენზიები განაცხადა დაკარგული გავლენის დასაბრუნებლად _ აი, ეს აგიჟებს, პირველ რიგში, ამერიკას, რომ მის 25-წლიან დაუსჯელ პარპაშს მსოფლიოში ბოლო მოეღო!

დავით მხეიძე

P.S. ერაყში ამერიკელების მიერ დამყარებულმა «დემოკრატიამ» ისლამური სახელმწიფო შვა, რომლის წარმომადგენლებმა ამერიკელებს მათი ჟურნალისტების მოკვეთილი თავები უკვე გაუგზავნეს და ახლა კავკასიაზე ლაშქრობით იმუქრებიან.

ჰოდა, იქნებ ახლა მაინც გაგრილდნენ ნატოს «ახალი ლიგითა» და «ოქროს ბარათებით» გაცხელებული თავები? იმ  . . სწრაფი რეაგირების ძალების აღმოსავლეთ ევროპაში განლაგება კი რუსეთს ფეხებზე ჰკიდია და ერაყიდან ისლამისტების აგრესიის შემთხვევაში ისევ რუსეთი თუ დაგვიცავს, თუნდაც იმიტომ, რომ თავისი ტერიტორიის _ ჩრდილოეთ კავკასიის _ დაცვა მოუწევს.

ხოლო სწრაფი რეაგირების ძალები, ჩვეულებისამებრ, სწრაფად მოგვაწვდიან პამპერსებსა და გამოხდილ წყალს!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here