Home რუბრიკები საზოგადოება ვასილ ჭიჭინაძე: ახალმა მთავრობამ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, უმარტივესი პრობლემაც კი ვერ...

ვასილ ჭიჭინაძე: ახალმა მთავრობამ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, უმარტივესი პრობლემაც კი ვერ გადაჭრა, მხოლოდ ლაპარაკობენ

478

რამდენიმე დღის წინათ პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორზე, რამაც ამ სფეროს წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. ახალი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ჟურნალისტების, ექსპერტებისა და არასამთავრობოების ლანძღვა ჩვევად მას შემდეგ იქცა, როცა ეს ყოფილმა პრემიერმა, ამჟამად «მოქალაქემ» და მომავალში შოუმენმა ბიძინა ივანიშვილმა დანერგა.


შესაძლოა, მთავრობის მეთაურები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ზოგიერთ ტელევიზიასა და არასამთავრობოზე განაწყენებული ხალხის გულის მოგებას ცდილობენ, მაგრამ, თუ «რუსთავი 2»-ის დისკრედიტაცია სურთ, მაშინ წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამისთვის დიდძალი ფული იქ რატომ მიიტანეს? ხოლო თუ «საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა» და მსგავს არასამთავრობოებზე არიან გაბრაზებულნი, მაშინ მათ მიერ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების უმრავლესობა კანონად რატომ იქცევა? რა თამაშს თამაშობს მთავრობის მეთაური? _ ამ თემაზე «საქართველო და მსოფლიო» დიპლომატ ვასილ ჭიჭინაძეს ესაუბრა.

_ ბევრ რამეს ვერ ვხვდები და ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ან ძალიან ჭკვიანები არიან, ან ძალიან სულელები. ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს აკეთებენ _ ლანძღავენ და იწუნებენ ჟურნალისტებს, არასამთავრობოებს, რომლებიც მართლაც არასანდო და საეჭვო რეპუტაციის მქონენი არიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს. სარეკლამოდ ყველაზე დიდი თანხა «რუსთავი 2»-ში მიიტანეს. ასე, ალბათ, იმიტომ მოიქცნენ, რომ იციან, «რუსთავი 2»-ს ბევრი უყურებს, უნდათ თუ არა. და რადგან ბევრი უყურებს, ეს ტელევიზია საჭიროა, თანაც უნდა გალანძღონ, რადგან «ნაციონალებთან» ასოცირდება. ისინი ამ საქციელით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ.

_ ბატონო ვასილ, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ბევრი მე-5 კოლონას უწოდებს. ახლა ამ მე-5 კოლონაზე ვისაუბროთ, რომელიც, როგორც ჩანს, არც პრემიერს მოსწონს, თუმცა მის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს, მაგალითად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხვალ პარლამენტში კანონპროექტი რომ შეიტანოს, დეპუტატები მყისვე კანონად აქცევენ. სახალხოდ კი ღარიბაშვილი ასეთ არასამთავრობოებს ლანძღავს, რა თამაშს თამაშობს პრემიერი?

_ ხალხს ეს ადამიანები, ტელევიზიები აღიზიანებს, თანაც, ახალი მთავრობის წევრებს ჰგონიათ, რომ დიპლომატიაა, რაც უფრო გაუგებრად, დამაბნევლად ილაპარაკებენ და იმოქმედებენ. მათ ასეთი გზა აირჩიეს. ამას ორმაგი თამაში ჰქვია.

საია და ასეთი ტიპის არასამთავრობოების უკან დიდი ფინანსებია, ეს არავისთვის ახალი და დაფარული ამბავი არ არის. როგორც კი ღარიბაშვილი მათ შეეხება, პასუხს მოსთხოვენ. მას აუცილებლად ჰკითხავენ _ რა არ მოგწონს, რას ამბობენ არასწორს? თავიდან რატომ იცილებ? ამიტომ ის იძულებულია, ხალხის გასაგონად სხვა რამ ილაპარაკოს და, თუ უცხოელები პასუხს მოსთხოვენ, ეტყვის _ რა გინდათ, მე ხომ მათი ყველა პროექტი კანონად ვაქციე! შინაურების გასაგონად ლანძღვა თვალის ახვევის კარგი საშუალებაა. ამ ხელისუფლებას ხომ არც ერთ საკითხზე არ აქვს გარკვეული პოზიცია.

_ ხელისუფლებას არც ერთ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია რომ არ აქვს, ბევრი ლაპარაკობს და თქვენგანაც არა ერთხელ მსმენია. რატომ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია? თავდაპირველად ჰქონდათ, რეალობამ სხვა რამ აჩვენა და დაიბნენ?

_ არა, მათ ჩამოყალიბებული პოზიცია არასოდეს ჰქონიათ. თუ სიმართლე გინდათ, «ოცნება» ხელისუფლებაში მოსვლას არ ელოდა. ზუსტად ვიცი, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა უცხოელებთან. მიშას საქმე დამთავრებული იყო, მაგრამ «ნაციონალებს» ხმების 60% მაინც უნდა აეღოთ, 40% კი _ «ოცნებას». ასეთი მოლაპარაკებები ნამდვილად იყო. სააკაშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. მას სურდა, პარლამენტში სხვა პარტიებიც შესულიყვნენ, მაგრამ 60% მისი უნდა ყოფილიყო. რადგან ასეთი დავა მიდიოდა, «ოცნებას» არჩევნებში გამარჯვების იმედი არ ჰქონდა, ეს საკითხი არც განიხილებოდა, მაგრამ ციხის კადრებმა ყველაფერი შეცვალა, ისინი იძულებული შეიქნენ, ყველაფერი შეეცვალათ და ხმების პროცენტული შეფარდება 60/40-ზე საპირისპირო მხარეს დამჯდარიყო.

დღეს ახალი მთავრობა გზადაგზა სწავლობს. ხომ ნახეთ, რა მოხდა? შვიდი მინისტრი შეცვალეს, თანაც ისე, რომ ყველას მადლობა გადაუხადეს. თუ მადლობის ღირსნი იყვნენ, მაშინ რაღატომ შეცვალეს? ეს იმიტომ ხდება, რომ დაიბნენ, დაიბნენ ჟურნალისტებთან ურთიერთობაშიც, არასამთავრობოებთანაც და ექსპერტებთანაც. ყველაფერს ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

ახალმა მთავრობამ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, უმარტივესი პრობლემაც კი ვერ გადაჭრა, მხოლოდ ლაპარაკობენ.

ხალხი ბევრს საუბრობს, დანაპირები არ შეასრულესო. ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლას არ ელოდნენ. დაპირებაზე ადვილი რა არის, როცა იცი, პასუხი არ მოგეთხოვება. მაგრამ ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, აღმოჩნდაყველაფერი არც ისე მარტივია, თუნდაც ის, რომ ხალხისთვის საძულველი ტელევიზიები და არასამთავრობოები გააქრო. ისღა დარჩენიათ, მხოლოდ ლანძღონ და ამით ხალხს გული მოულბონ.

სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე «რა თამაშს თამაშობს პრემიერი?». არ ელოდნენ ხელისუფლებაში მოსვლას და ახლა დაბნეულობისგან რას აკეთებენ, აღარ იციან, ვის რა დააბრალონ, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გადაფარონ თავიანთი არაკომპეტენტურობა.

_ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ორმაგი თამაში? ასეთი გაურკვეველი პოზიციით როდემდე შეძლებენ ხელისუფლებაში ყოფნას?

_ 2012 წლის ოქტომბრის არჩევების შემდეგ ინერციით მოდიან. ხალხს ჯერ კიდევ აქვს რაღაცის იმედი, მაგრამ ხელისუფლებამ განგაშის ზარი უნდა დაარისხოს, რადგან წელიწადნახევრის შემდეგ არჩევნებზე მოსახლეობის 65% არ მივიდა. არ მივიდა, ესე იგი, არ ენდობა.

დასავლეთი ამათთან ბევრ რამეზე თვალს არ დახუჭავს, ამიტომ უნდა შეეცადონ, შეცდომები არ დაუშვან. ღარიბაშვილი ახალგაზრდა კაცია და ბიძინას ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს. პრემიერს თავისი გუნდი არ ჰყავს, ის ბიძინას დანიშნულ ხალხს ხელმძღვანელობს, მინისტრთა კაბინეტშიც ისეთი ადამიანები შეცვალა, რომლებიც პოლიტიკაში ბევრს ვერაფერს წყვეტდნენ. საკვანძო სამინისტროებში ისევ ბიძინას ხალხია. ღარიბაშვილმა ახალი, კარგი გუნდი უნდა ჩამოაყალიბოს და ძირეულად შეცვალოს ყველაფერი. თუ ასე არ მოიქცევა, ძალიან ცუდად დაასრულებს. დღეს ქვეყანას რესპუბლიკელები მართავენ, ისინი ყველგან არიან.

ამერიკაში არჩევნები ახლოვდება. იქ თუ რესპუბლიკელები მოვლენ ხელისუფლებაში, ღარიბაშვილს ძალიან გაუჭირდება, ამიტომ უმოკლეს დროში ყველაფერი უნდა მოაგვაროს.

მთავრობამ წინა ხელისუფლების შეცდომები უნდა გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი უკან დაუბრუნდებათ, ყველანი ვხედავთ, «ნაცები» რა დღეშიც არიან, რა დღეშია ნინო ბურჯანაძე თავისი წარსულის გამო. პოლიტიკოსს მკაცრად ჩამოყალიბებული პრინციპები უნდა ჰქონდეს. რესპუბლიკელები თავიანთ საქმეს აკეთებენ, ირაკლი ალასანიას გუნდი _ თავისას, არ გამორიცხოთ, რომ ესენი ერთმანეთს შეეკვრებიან და ღარიბაშვილს «შეჭამენ». ეს ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ესმოდეს. თუმცა შეიძლება ესმის კიდეც, რადგან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაარტყა, ისინი ხომ რესპუბლიკელების შვილობილები არიან.

«ოცნების» პრობლემა არის ისიც, რომ უმნიშვნელო საკითხებზე აკეთებენ აქცენტს, მნიშვნელოვანი კი უყურადღებოდ რჩებათ.

ქვეყანაში გამართულად არ მუშაობს არც ერთი ინსტიტუტი, ძალიან დიდი პრობლემაა ელჩების მხრივაც, ბევრი მათგანი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here