Home რუბრიკები პოლიტიკა ვანო კომპიუტერს ითხოვს, გიგი _ მაცივარს, პოლკოვნიკ თეთრაძეს კი, როცა ცუდად გახდა…...

ვანო კომპიუტერს ითხოვს, გიგი _ მაცივარს, პოლკოვნიკ თეთრაძეს კი, როცა ცუდად გახდა… წყალიც არ დაალევინეს

702

6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას საქმის განსახილველი მორიგი სხდომა, რომელზეც მეგობრების მეტად გულისამაჩუყებელი შეხვედრის მომსწრენი გავხდით. «თვალზე ცრემლი» არ გვქონდა შემშრალი, რომ მრავალ სასტიკ დანაშაულში ეჭვმიტანილმა ყოფილმა შს მინისტრმა და თბილისის ყოფილმა მერმა ციხეში არსებული პირობების გაპროტესტება დაიწყეს. ვანო მერაბიშვილმა თქვა, _ კომპიუტერი ჩამომართვეს და აღარ მიბრუნებენო, არც ტელევიზორი მაქვსო; უგულავამ კი მაცივარი და ცხელი შხაპი მოითხოვა. მათი მოთხოვნების მოსმენის შემდეგ, რატომღაც პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გამახსენდა… სერგო თეთრაძე მეგობრის, დავით ლონდარიძის, დედის მიწის გამო სასიკვდილოდ გაიმეტეს. ლონდარიძის დედას რუსთავში, საპატრულო პოლიციის შენობის გვერდით მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელიც ვანო მერაბიშვილს შენობის ეზოს გასაფართოებლად დასჭირდა, მაგრამ მოხუცმა ქალბატონმა მიწა არ დათმო. ვანომ ბაჩანა ახალაიას უთხრა, რომ მიწა ძალიან სჭირდებოდა. ჰოდა, ადგა ბაჩანა და ერთ დღეს, ვინც ლონდარიძის ტელეფონზე დარეკა, ყველა დააპატიმრა. ამით მან ლონდარიძის შანტაჟირება გადაწყვიტა. დაპატიმრებულთა შორის იყო სერგო თეთრაძე და სერგეი ჩაპლიგინი. მათი ამბავი როგორც დასრულდა, ყველასთვის ცნობილია. თეთრაძეს, ტელევიზორის ყურება, მაცივრის გამოყენება და ცხელი შხაპის მიღება კი არა, გული ცუდად რომ გაუხდა, წყლის დალევის საშუალებაც არ მისცეს…

პატიმართა უფლებებზე მე-8 საპყრობილის ყოფილი ზედამხედველი აკაკი ნადირაძე გვესაუბრება:

_ ბატონო აკაკი, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ციხეში არსებულ პირობებს აპროტესტებენ

_ დიახ, ვიცი. მათი მოთხოვნა, ერთი შეხედვით, კანონის შესაბამისია, უბრალოდ,  მაცივრის მოთხოვნით გიგის მეტისმეტი მოუვიდა. წესით, მაცივარი საერთოა, მაგრამ რა ქნას, ალბათ, სურს, ჩაციებული ხილი მიირთვას.

_ არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პრივილეგიური პატიმარი?

_ პრივილეგიური პატიმრები არ არსებობენ, უბრალოდ, პოლიციის თანამშრომლებისთვის სხვა სისტემა მუშაობს. მე-9 საპყრობილე სწორედ ასეთია. გახსოვთ, ალბათ, გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრები როგორ ცხოვრობდნენ «მატროსოვზე», რაც სხვა საპყრობილეებში ნამდვილად არ ხდებოდა.

_ ვანო მერაბიშვილმა ზედამხედველი ფიზიკურად შეურაცხყო. რა ხდება ჩვეულებრივი პატიმრისთვის ასეთ შემთხვევში?

_ ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი პატიმარი არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში ციხის ხელმძღვანელობა უნდა ჩააყენო საქმის კურსში და პატიმარს ჩამოერთმევა უფლებები, როგორიც არის პაემანი, გასეირნება…

_ როგორ ისჯებოდა პატიმარი «ნაცების» ხელისუფლების პერიოდში?

_ «ნაციონალური მოძრაობის»  მმართველობის პერიოდში, ზედამხედველისთვის ხელის დარტყმაზე რომ არაფერი ვთქვათ, უბრალო დარღვევაზეც კი, გარდა იმისა, რომ ყველაფერს აუკრძალავდნენ, პატიმარს აუცილებლად «კარცერში» ჩასვამდნენ და სასჯელიც დაემატებოდა, ეს კანონითაც ასეა. ზედამხედველის შეურაცხყოფა მძიმე დანაშაულია. თუ რომელიმე პატიმარი ზედამხედველს შეეხებოდა, მას ჯერ სასტიკად სცემდნენ, შემდეგ აუკრძალავდნენ თითქმის ყველაფერს და სასჯელიც დაემატებოდა.

_ გქონიათ შეთხვევა, პატიმარს, ყოფილ პოლიციელს რაღაც დაეშავებინოს?

_ რამდენიც გნებავთ. ყველასთვის ცნობილ პიროვნებაზე გეტყვით. პოლიციის მაღალჩინოსანი, შს ყოფილი მინისტრის _ რომან გვენცაძის დისშვილი რეზო ლალიაშვილი ჩვენი პატიმარი იყო. მან ზედამხედველი შეურაცხყო და იმდენი სასჯელი დაემატა, დღესაც ციხეში ზის. მისი შველა ვერავინ შეძლო. ისე, მაშინვე ამბობდნენ, ხელი არ დაურტყამს, უბრალოდ, მისთვის სასჯელის დამატება უნდოდათო.

_ ვანო მერაბიშვილს თქვენთვის რომ დაერტყა, როგორ მოიქცეოდით?

_ მერაბიშვილს ჩემთვის რომ დაერტყა ხელი, ოქმი შედგებოდა, აეკრძალებოდა ამანათის მიღება, პაემანი, წაართმევდნენ ტელევიზორსა და ყველანაირ საინფორმაციო საშუალებას, აეკრძალებოდა ტელეფონით სარგებლობა და «კარცერში» ჩაჯდებოდა, სულ ცოტა, ათი დღით. სასჯელი დაემატებოდა ორ წლამდე ვადით. ყველა პროცესი, რომლებიც პატიმრის დასჯას ეხება, საბოლოოდ ციხის ადმინისტრაციის, უფრო ზუსტად, ციხის უფროსის ნებაზეა დამოკიდებული, ყოველ შემთხვევაში, ისეთი პატიმრების მიმართ, როგორიც ვანო მერაბიშვილია.

_ ვინ არის მე-9 საპყრობილის უფროსი?

_ შოთა თუთარაშვილი, ოღონდ არ ვიცი, მანამდე ვინ იყო. მისი სახელი და გვარი პირველად მაშინ გავიგე, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლების მიერ აღებული პრემიების თანხა დაასახელეს. შოთა თუთარაშვილს 30 ათას 386 ლარი აუღია.

_ მერაბიშვილმა კომპიუტერის წართმევა გააპროტესტა და დაუბრუნეს. ასეთი რამ ორი წლის წინათ თუ მოხდებოდა?

_ არა, რას ამბობთ?! ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. იმხანად ციხეში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სტრასბურგის სასამართლოში ჰქონდათ პროცესები მოგებული და ვერაფერს აღწევდნენ. როგორ ფიქრობთ, ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა ზედამხედველისთვის ხელის დარტყმა, რას უზამდნენ? «ნაცმოძრაობის» მმართველობის პერიოდში კომპიუტერის მოთხოვნას ვინ გაბედავდა? ის თანამშრომელი, რომელსაც მერაბიშვილმა ხელი დაარტყა, სამსახურიდან უნდა წავიდეს, რადგან ეს დიდი შეურაცხოფაა. ალბათ, ასეც მოიქცა.

_ გიგი უგულავას რა სასჯელი ეკუთვის? მას ჯერ მისჯილი არ აქვს.

_ გიგი უგულავა ჩაკეტილ სისტემაში უნდა იჯდეს; წესით, მე-8 საპყრობილეში მას არ აქვს პაემნითა და ტელეფონით სარგებლობის უფლება. მაცივარს რომ ითხოვს, უკვე სასაცილოა. ამანათში მას მხოლოდ სუფთა ტანსაცმელი უნდა ედოს, მაცივარი არაფერში სჭირდება. ახლა ციხეში საკვებს აღარავის უგზავნიან.

მსჯავრდაუდებელ პატიმრებს 2010 წლამდე არაფრის უფლება არ ჰქონდათ, საინფორმაციო საშუალებებითაც კი ვერ სარგებლობდნენ, მაგრამ 2010 წელს პატიმრების რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ მსჯავრდადებულიც და  გაუსამართლებელიც ერთად ჰყავდათ, ამიტომ იძულებულნი იყვნენ, განურჩევლად ყველასთვის მიეცათ საშუალება, ეყურებინათ ტელევიზორისთვის, მოესმინათ რადიოგადაცემები და . .

_ ვიცი, რომ რაღაც პერიოდში ინფორმაციის მიღების ყველანაირი საშუალება აკრძალული ჰქონდათ პატიმრებს

_ ეს მოხდა მაშინ, როდესაც პოლიტიკურ არენაზე «ქართული ოცნება» გამოჩნდა _ ციხეებში ინფორმაციის შეღწევა სასტიკად აიკრძალა.

_ პატიმარს კანონით გათვალისწინებული ტექნიკა რომ მოეთხოვა, მისცემდნენ?

_ არა.

_ რამდენიმეჯერ რომ მოეთხოვა?

_ სასტიკად სცემდნენ და საერთოდ დაავიწყებდნენ, რას ითხოვდა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

P.S. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ პრივილეგიურ პატიმრად ითვლება, რადგან ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, თუმცა უმძიმეს დანაშაულებში ედება ბრალი.

 

რისი უფლება აქვთ მსჯავრდადებულ და მსჯავრდაუდებელ პატიმრებს?

საქართველოს კანონი. პატიმრობის კოდექსი.

მუხლი 20.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები

1. ბრალდებულს/მსჯავრდადებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. პატიმრობის/თავისუფლების აღვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია, ასევე შესაძლებელია ინტერნეტით სარგებლობა.

მუხლი 21.
ბრალდებულის/მსჯავრდადებულის პირადი ჰიგიენა

1. ბრალდებულს/მსჯავრდადებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here