Home რუბრიკები ისტორია გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

991

სტალინის  გარდაცვალებისთანავე, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უმაღლესი ინსტანციების მიერ შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით, დაიწერა მოხსენება:  «სტალინის სიკვდილისა და სკკპ-ის  სათავეში მალენკოვის მისვლის შესაძლებელი  შედეგები». 


მოხსენება ქვეყნის ხელმძღვანელ პირთა ყველაზე ვიწრო წრისთვის იყო განკუთვნილი, რომელშიც სტალინის შესახებ შავით თეთრზე ეწერა: «სიკვდილმა საქმეებს, მოვალეობებს ჩამოაცილა ადამიანი, რომელიც ნახევრად ღმერთი გახდა, ბევრი ადამიანისთვის ის იყო ფოლადის კაცი, რომელმაც რუსეთი სამრეწველო და სამხედრო სახელმწიფოდ აქცია, რომელმაც მოიგერია გერმანელთა შემოსევა და რომელმაც სსრკის ხალხები რუსეთის ისტორიაში უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანა. წინდაუხედაობა იქნებოდა გამოთქმა ვარაუდისა, თითქოს ახალი საბჭოთა რუსეთი და მისი ხელმძღვანელობა ფლობდეს დიდი ომის თავიდან აცილების სტალინურ ხელოვნებას. გარკვეული ხნის განმავლობაში სტალინის ვერც ერთი მემკვიდრე ვერ შეძლებს საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობაში, თუნდაც სიმბოლურად, მისი ადგილის დაკავებას და მის შეცვლას».

1943 წელს თეირანის კონფერენციაზე ინგლისის პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა აშშ-ის პრეზიდენტ რუზველტთან შეთანხმებით წამოაყენა წინადადება, რომ ამიერიდან სტალინს ეწოდოს დიდი სტალინი. წინადადებას სტალინმა სარკაზმით უპასუხა _ ჩვენ ერთი «დიდიც» გვეყოფა (იგულისხმებოდა პეტრე დიდი) და მეტჯერ ეს საკითხი არც განხილულა.

დიდმა ინგლისელმა საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა როჟე გაროდიმ საქვეყნოდ განაცხადა: «მიმაჩნია, რომ ადამიანური თვალსაზრისით  სტალინიზმი ჩვენ ძალიან ძვირი დაგვიჯდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპა დღეს თავისუფალი თუა, ეს სტალინითა და სტალინგრადითაა თავისუფალი».

ყველა პოსტიდან მოხსნილი და შინაპატიმრობაში მხოლოდ თავის ძაღლთან დარჩენილი ნიკიტა ხრუშჩოვი კი უბადრუკ მოგონებებში წერს: «მიკვირს, ზოგიერთი დიდი მხედართმთავრისა, რომლებსაც უნდათ, თავიანთ მოგონებებში გაამართლონ სტალინი და ის ხალხის მამად წარმოადგინონ; დაამტკიცონ, რომ, თუ ის არ იქნებოდა, ჩვენ ომს ვერ მოვიგებდით და ფაშისტების უღელქვეშ მოვექვეოდით. ეს სულელური მსჯელობებია, მონური გაგება. რა, ახლა, როცა სტალინი აღარ არის, ჩვენ გერმანიის, ინგლისის ან ამერიკის გავლენის ქვეშ მოვექცევით? არა, არასოდეს!».

ისტორიამ სასაცილოდ აქცია ხრუშჩოვის «წინასწარმეტყველებანი». პარტიისა და მთავრობის ნგრევამ, რომელიც «კულტთან ბრძოლის»  ნიღბით დაიწყო, ქვეყანა საშინელ კატასტროფამდე მიიყვანა.

ცამდე მართალია ვ. ნილოვი, როდესაც წერს: საბჭოთა რეჟიმისა და სტალინის როლის ობიექტურად შეფასებას დაჟინებით გვკარნახობს საშინელი, შემაძრწუნებელი აწმყო _ მსოფლიოს მეორე ზესახელმწიფოს სტატუსის დაკარგვა, ათასწლიანი იმპერიის ნგრევა, ეკონომიკის რყევა, ბედის ანაბარად დარჩენილი მეცნიერება, მრავალი მილიონი ადამიანის უმუშევრობა, ხალხის გონებიდან ნაციონალური ცნობიერების ამოშლა…  მხოლოდ ახლა ხდება ნათელი, რა გააკეთა ქვეყანამ სტალინის მეთაურობით; მხოლოდ ახლა შეგვიძლია, მთელი სისავსით შევაფასოთ მის მიერ ჩადენილი გმირობა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებაში მოყვანილი, უცხოეთის დაზვერვის მიერ მოსყიდული ნიკიტა ხრუშჩოვი, მიზანმიმართულად ანგრევდა იმ ძირითად საყრდენებსა და ფასეულობებს, რომლებზეც იდგა მეორე ზესახელმწიფოს ძლიერება და ავტორიტეტი, მან შეგნებულად თუ შეუგნებლად გამოააშკარავა ქვეყნის საიდუმლო სამსახური, რომელიც შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს, ქაოსი შეიტანა შეიარაღებულ ძალებში და ნაცარტუტად აქცია, როგორც ქვეყნის ზემძლავრი მრეწველობა, ასევე ინდუსტრიალიზაციის გზაზე დამდგარი სოფლის მეურნეობა. ანეკდოტის დონეზე დაიყვანა საბჭოთა კულტურა, ხელოვნება, არქიტექტურა, მშენებლობა და სხვა მრავალი დარგი.

უფრო ნათელი რომ გავხადოთ, თუ ვინ მოვიდა სტალინის შემდეგ ხელისუფლებაში და ვინ გახდა სტალინის აშენებული ზესახელმწიფოს მეთაური, წარმოგიდგენთ რამდენიმე პასაჟს ხრუშჩოვის პორტრეტისთვის.

1961 წელს საქართველოს სტუმრად ეწვია წყეული ნიკიტა ხრუშჩოვი. მან თბილისში ჩამოსვლისთანავე მკაცრად გაკიცხა და გააკრიტიკა საქართველოს კომპარტიის ცკის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე სპორტის სასახლის, ფილარმონიის დარბაზის, მტკვრის სანაპიროების გაგრძელების, მეტროს მშენებლობის აღდგენის და სხვა უამრავი პროექტისთვის, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის გაკეთდა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, როგორ ემუქრებოდა საქართველოს ვაგონების ჩამოყენებით და ხალხის ციმბირში გადასახლებით.

ერთ-ერთი შეხვედრა საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში შედგა. მანავის ღვინის ქარხნიდან გამოსულ ხრუშჩოვს ორდენებით მკერდდამშვენებული გიგა სიმონიშვილი მიეგება და შინ შეიპატიჟა. სტუმარი დათანხმდა, ეზოდან პირდაპირ მარნისკენ აიღეს გეზი. გიგას მეუღლემ კი ქმარს უსაყვედურა, საპატიო სტუმარს მარანშირატომ ეპატიჟები, შინ შემოუძეხიო და ნიკიტაც სახლისკენ გაეშურა.

ვიდრე სტუმრები სუფრას შემოუსხდებოდნენ, ხრუშჩოვს პირადმა დიეტოლოგმა თერმოსით ბორშჩი და ალუბლის წვენი შეუტანა, მაგრამ ნიკიტამ დაუტატანა და უკანვე წააღებინა დიეტური საჭმელი. ნიკიტამ ცალი თვალი შინნახად ჭაჭის არაყს დაადგა:

_ ვიდრე ეს სულელი დაბრუნდება, დამისხით თქვენი ჭაჭა, _ უთხრა  მასპინძელს, 200-გრამიანი ჭიქა გაუწოდა და  ცეცხლივით არაყი სულმოუთქმელად გადაჰკრა, შემდეგ ხელი გულზე ჩამოისვა და ცერა თითი აჩვენა მასპინძელს აღტაცების ნიშნად.

მთელი დღის მოშიებული ნიკიტა გამგელებული ეცა გემრიელ კერძებს _ ღორის მწვადსა და ხაშლამას, ჩაქაფულსა და შემწვარ ვარიებს. კარგად რომ დანაყრდა, მასპინძელს გაუბა საუბარი.

_ რამდენ ცენტნერ სიმინდს იღებს თქვენი მეურნეობა?

_ საშუალოდ 40 ცენტერს, _ მიუგო მასპინძელმა.

_ ეს ძალიან ცოტაა. აი, ამ ვაკე ადგილას რომ ვენახი გაგიშენებიათ, ამოძირკვეთ, კარგი სიმინდი მოვა!

ეს ის ნაკვეთი იყო, რომელზეც ჯერ კიდევ თეიმურაზ მეორემ ზვარი გააშენა და ახლა საქვეყნოდ ცნობილი «მანავის მწვანე» მოჰყავთ. ბედის ირონიაც ეს არის _ 1889 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ ეს ადგილები რომ მოინახულა, აღტაცება ვერ დამალა, საბჭოთა კავშირის ჭკუანაღრძობმა საჭეთმპყრობელმა კი შვილივით ნაზარდი ვაზის ამოძირკვა ურჩია კახელებს.

შეზარხოშებულმა ნიკიტამ ბევრი აცინა თავისი თითლიბაზობითა და უკბილო ხუმრობით თანამეინახენი. გარეთ მას უამრავი «მნახველი» ელოდა. ყველას აინტერესებდა «რუსთხელმწიფის» ნახვა, რომელზეც არაერთი ანეკდოტი დადიოდა ხალხში. «რაც მთავარია, ეს ხალხი ნიკიტა ხრუშჩოვის ხსენებაზე «ფუი, ეშმაკს» დააყოლებდა და ცივ წყალს სვამდა «მალენკოვის სტაქნით», _ იგონებს თვითმხილველი ალექსანდრე ელერდაშვილი.

აი, როგორ აღწერს ევგენი ნოსოვი ხრუშჩოვის სახეს ნარკვევში «რას გარდავქმნით?»:

ნიკიტა ხრუშჩოვმა ბრძანება გასცა, მთლიანად შეესყიდათ კოლმეურნეებისგან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ამ გზით მან შეძლო სახელმწიფო მფლობელობაში გადაეყვანა რამდენიმე მილიონი სული პირუტყვი, მაგრამ აცივებისთანავე კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ _ პირუტყვის დასაბინავებლად და გამოსაკვებად მზად არ იყვნენ, ამიტომ გარკვეული ნაწილი დაკლეს. სოფლად კი აღარც ძროხა დარჩა და  აღარც ხბო

გავიხსენოთ საბედისწერო დადგენილება ცხენების შესახებ: ეს ცხოველები გამოაცხადეს მუქთამჭამელებად,  სხვისი საკვების მიმტაცებლებად, რომლებიც არცხვენდნენ სოციალისტურ რუსეთს უაზრო ჭიხვინითა და ურმის ჭრიალით,  მაგრამ აქ საქმე მარტო «ურმის ჭრიალში» როდი იყო. ვიღაცამ ჩააწვეთა ხრუშჩოვს ყურში, რომ, თუ დაკლავდნენ რამდენიმე მილიონ ცხენს, საკვების ეკონომიას გასწევდნენ და ამას დაემატებოდა დიდი რაოდენობით ტყავი _ ქამრებისა და ფეხსაცმლის ლანჩისთვის. და კოლმეურნეობები, სურდათ ეს თუ არა, იძულებულნი გახდნენ, ცხენები სასაკლაოზე გაესტუმრებინათ…

დღეისათვის რძე ფერმიდან სოფლის საბავშვო ბაღამდე მისაბმელიანი ტრაქტორით გადააქვთ, მაშინ, როდესაც თვით მოტორიზებულ ამერიკას ყოველდღიური სამუშაოებისთვის 10 მილიონი ცხენი ჰყავდა გამოყოფილი.

«ახლა დეკორატიული აგროქალაქები? ხდებოდა ხოლმე, რომ ასეთი თეატრალური ცხოვრებისათვის ადამიანებს ძალით, მილიციის დახმარებით მიერეკებოდნენ  ღობის ძირში მიდგმული საერთო ტუალეტიანი მრავალბინიანი სახლებისაკენ, ამასობაში კი მიტოვებული სოფლები არაპერსპექტიულად ცხადდებოდა; ეზოებს ძეძვი ედებოდა, რადიოს ბოძები ირყეოდა, ჭები იქცეოდა»…   ამ სურათებმა ჩემ თვალწინ გაიარა. 1961 წელს მარტო დაბა წყნეთში მოსახლეობას ჩამოერთვა 1200 სულზე მეტი ძროხა და საბჭოთა მეურნეობებს გადაეცა. აქედან 160 სული ჩვენ _ მარტყოფის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობას მოგვცეს, მაგრამ ფერმებისა და საკვების უქონლობის გამო იძულებული გავხდით, ძროხები ხორცკობინატში ჩაგვებარებინა. მახსოვს, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე როგორ გვართმევდნენ ცხენებსა და სახედრებს.

ვუყურებდით, როგორ ინგრეოდა და იშლებოდა ნალოლიავები და ნაკოწიწები ემ-ტე-ეს-ები და ნადგურდებოდა სარემონტო სახელოსნოების და კადრების გარეშე დარჩენილი კოლმეურნეობებზე გადაცემული სატრაქტორო პარკები, როგორ ნადგურდებოდა სასელექციო ნაკვეთები.

ახლა ვნახოთ, რა ხდებოდა მწერლობაში. მოვუსმინოთ საქვეყნოდ სახელგანთქმულ პოეტ ანდრეი ვოზნესენსკის, რომელიც თავის წიგნში «ისტორიის თვალები» ამბობს: «კრემლში გამართული გახმაურებული შეხვედრისას მან გამიხმო ტრიბუნაზე.

ხრუშჩოვი ჩვენი იმედი იყო, მე აღსარებასავით მინდოდა მეთქვა მისთვის ლიტერატურაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, რადგან ვფიქრობდირომ გამიგებდა. მაგრამ როგორც კი  ხმა ამოვიღე, ზურგს უკან ვიგრძენი, როგორ ცდილობდა ჩემს შეჩერებას ვიღაც. მე მაინც განვაგრძე ლაპარაკი. ზურგს უკან გავიგონე მიკროფონში: «ამხანაგო ვოზნესენსკი!».  მე ვთხოვდი არ გაეწყვეტინებინათ. «ბატონო ვოზნესენსკი! _ მიღრიალეს ისევ, _ გაეთრიეთ ჩვენი ქვეყნიდან, გაეთრიეთ

ჯერ _ დაბნეული, ხოლო შემდეგ გაბრწყინებული სახეების დანახვისას ვიგრძენი, რომ ჩემს ზურგს უკან რაღაც საშინელი ხდებოდა. მივტრიალდი. ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იღრინებოდა ბრაზისაგან სახემოქცეული ნიკიტა:  «ბატონო ვოზნესენსკი, გაეთრიეთ! ამხანაგი შელეპინი გამოგიწერთ პასპორტს!».  ამას მოჰყვა სრულიად გამაოგნებელი სიტყვათა ნიაღვარი.

   რისთვის? რა დავაშავე? ხომ არ გადაირია? «დამთავრდა,  ყველაფერი დამთავრდა», _ მივხვდი მე.  ჭკუაზე რომ არ გადავედი, ალბათ, იმან მიშველა, რომ ჩემი გამოსვლების დროს  ყველაფერს ვიყავი მიჩვეული.

დარბაზიდან, რომელიც ახლა უკვე ჩემს ზურგს უკან მოექცა, ისმოდა ხმაშეწყობილი შეძახილი: «გავაგდოთ!», «სირცხვილი მას!».

თანაგრძნობის ძებნაში პრეზიდიუმს მოვავლე თვალი და კოზლოვის ყინულიან მზერას გადავაწყდი. რანაირად გინდა, რომ შეაჩერო ეს საშინელება? ამ ღრიანცელში მაინც მივაწვდინე დარბაზს ხმა და ვთქვი, ლექსებს წავიკითხავ-მეთქი.

«არავითარი ლექსები! ვიცით! ჩამოდით! გაეთრიეთ!» _ მესმოდა უკნიდან. დარბაზს სისხლი სწყუროდა.

და აქ ხელმძღვანელის სიბრაზისგან შეშლილ სახეზე დავინახე,  თითქოს იგი უცბად რაღაცამ შეძრა, გონება გაუნათდა და თითქოს ამ აღტაცებულ ბრბოში თავისი მომავალი დამსამარებელი დაინახა; იგრძნო კონტროლიდან გამოსული ნომენკლატურის სტიქიური ძალა, რომელიც  ერთი წლის შემდეგ კისერს მოუგრეხდა მას. მან ბოღმით წარმოთქვა: «არა, წაიკითხოს!». კითხვისას,  ჩვეულებისამებრ, ხელი მაღლა მქონდა აწეული და ლექსის რითმას ვაყოლებდი, როდესაც  დავამთავრე, დარბაზში კანტიკუნტი ტაში გაისმა, შემდეგ _ «აგენტო! აგენტო!»»ახლა  ამიყვანენ!» _ გავიფიქრე. ის კი ისევ გაჰყვიროდა, მაგრამ უფრო დაბალ ხმაზე:  «რა ხელებსა სწევთ მაღლა? ვითომ რაო, გზა გინდათ გვიჩვენოთ? თქვენ რა, თავი ბელადი ხომ არ გგონიათ?». ნახევარსაათიანი ყვირილის შემდეგ ერთიანად გაოფლილმა ხელი დარბაზისკენ გაიშვირა.

_ ახლა კი, აგენტო, აქეთ მობრძანდი! თქვენ, სათვალიანო, წითელ პერანგში, იმპერიალიზმის აგენტო! _ კოტიტა თითს იშვერდა დარბაზის შუაგულისაკენ, სადაც ახალგაზრდა მხატვარი ილარიონ გოლიცინი იჯდა, თავადთა შთამომავალი, ფავორსკის მოწაფე, თურმე ის მიკრავდა ტაშს”…

ეს ყველაფერი კი იმას მოჰყვა, რომ ხრუშჩოვთან ვიღაცამ ვოზნესენსკი დაასმინა, თითქოს იგი დაუფარავად გამოთქვამდა კრიტიკულ შენიშვნებს.

შოლოხოვის თქმით კი, როდესაც ის ფადეევთან ერთად ესწრებოდა პოლიტბიუროს გაფართოებულ სხდომას, რომელიც სტალინს მიჰყავდა, ლაზარ კაგანოვიჩმა მკაცრად გააკრიტიკა რამდენიმე მწერლის მხატვრული ნაწარმოები, რასაც ფადეევის სწრაფი რეაქცია მოჰყვა: «ლაზარ მაისეევიჩ, ლიტერატურისა არაფერი გაგეგებათ და თქვენი აზრები კი გინდათ თავს მოგვახვიოთ». სხდომაზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, სტალინს გაეცინა, რაც სხდომის ყველა მონაწილეს გადაედო, ყველა იცინოდა, მათ შორის კიბორჩხალასავით გაწითლებული ლაზარ კაგანოვიჩიც.

იმაზე, რაც ხელოვნებაში ხდებოდა იმხანად, მიხაილ რომი წერს თავის მოგონებებში: «ოთხი შეხვედრა ნ. ხრუშჩოვთან».

«იგი თანდათან იგზნებოდა, შმაგდებოდა და თავდაპირველად ერნსტ ნეიზვესტნის დააცხრა. დიდი გასაჭირი ადგა. მე გამაკვირვა იმ თვითდაჯერებულობამ, რომლითაც იგი საუბრობდა ხელოვნებაზე ისე, რომ ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა. თანაც ცდილობდა, განემარტა, რა არის მშვენიერი და რა _ არა; რა არის გასაგები ხალხისთვის და რა _ გაუგებარი; რომელი მხატვრები ილტვიან კომუნიზმისაკენ და რომლები არ ეხმარებიან კომუნიზმს. და რა ცუდია ერნსტ ნეიზვესტნი. დიდხანს ეძებდა შედარებას, რათა რაც შეიძლება მარტივად აეხსნა, ვინ არის ერნსტ ნეიზვესტნი. ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო და ძალიან გაუხარდა: «თქვენი ხელოვნება, აი, რასა ჰგავს: მაგალითად, ადამიანი რომ შევიდეს ტუალეტში, დაჯდეს ორმოზე, იქიდან იყურებოდეს ზემოთ და ამ დროს იმ ორმოს თავზე ვინმე დაჯდეს. ორმოში მყოფი სხეულის მხოლოდ ერთ ნაწილს დაინახავს  ქვემოდან. აი, იმავეს ხედავთ თქვენც, ამხანაგო ნეიზვესტნი, აი, რა არის თქვენი ხელოვნება. ეს არის თქვენი პოზიცია, თქვენ ორმოში ზიხართ!»

ხრუშჩოვის ამ სიტყვებს მოჰყვა შემოქმედებითი ინტელიგენციის შედარებით ასაკოვანი წარმომადგენლების სიცილ-ხარხარი და მოწონების შეძახილები.

ის კი განაგრძობდა: «თანაც ეს რანაირი გვარია ნეიზვესტნი? საიდან აიღეთ ფსევდონიმი _ უცნობად გინდათ დარჩეთ? ჩვენ კი გვინდა, რომ თქვენ შესახებ ყველაფერი ვიცოდეთ!»

ნეიზვესტნი პასუხობს:

_ ნეიზვესტნი ჩემი გვარია…

და ასეთ რეპლიკებში, ზოგჯერ გამომწვევ შეპასუხებებში გავიდა ორი თუ სამი საათი. ყველა დაიღალა. ვხედავთ, რომ არც ევტუშენკოს, არც ერენბურგის, არც შჩიპაჩოვის გამოსვლები არავითარ შთაბეჭდილებას არ ახდენს, კედელზე ცერცვის შეყრაა და მეტი არაფერი. თავისი ხაზი აქვს აღებული და მიჰყვება იმას.

ბოლოს  შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა. რამდენიმე ფრაზა დამამახსოვრდა.

დაიწყო ისევ მშვიდად. აი, ჩვენ აქ, რა თქმა უნდა, მოგისმინეთ, ვისაუბრეთ, მაგრამ ვინ უნდა გადაწყვიტოს? ჩვენს ქვეყანაში ვინ უნდა გადაწყვიტოს? ხალხმა. ხალხი კი ვინ არის? _ ეს არის პარტია. პარტია ვინ არის? პარტია ჩვენ ვართ. ესე იგი, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ _ მე უნდა გადავწყვიტო. გასაგებია?

_ გასაგებია.

_ ახლა სხვანაირად აგიხსნით. მაგალითად, შეკამათდებიან პოლკოვნიკი და გენერალი. პოლოვნიკი დამაჯერებლად უმტკიცებს რაღაცას, გენერალი უსმენს, უსმენს და ბოლოს, პოლკოვნიკი თავს რომ მოაბეზრებს, ესეც ადგება და მიახლის: «იცი, რას გეტყვი? შენ პოლკოვნიკი ხარ, მე _ გენერალი. აბა, ნახევარბრუნით მარჯვნისაა-კენ, ნაბიჯით იარ! პოლკოვნიკიც დაემორჩილება ბრძანებას _ მიტრიალდება და წავა. ასე რომ, თქვენ პოლკოვნიკები ხართ, მე კი, უკაცრავად, _ გენერალი. ასე რომ, აბა, ნახევარბრუნით მარჯვნისაა-კენ, ნაბიჯით იარ!

აი  ასეთი იყო დასასრული.

ხელოვნებისადმი დამოკიდებულების ნათელ სურათს წარმოადგენს  სტალინის ურთიერთობა კარიკატურისტ ბორის ეფიმოვისადმი. ბორის ეფიმოვი ხშირად ხატავდა იაპონელი სამურაების კარიკატურებს, რომლებსაც დიდი კბილები და გადმოგდებული ენები ჰქონდათ, ისე, როგორც იმპერიალისტებს შეჰფეროდათ. ერთხელ სტალინმა ეფიმოვი გამოიძახა და უთხრა: _ მე მომწონს თქვენი კარიკატურები, ეს ფრიად საჭირო ხელოვნებაა, მაგრამ გთხოვთ, ეშვებიან სამურაებს ნუ დახატავთ, ეს ეროვნული ღირსების შელახვაა. ეფიმოვმა მეორე შენიშვნა სურათზე წარწერისთვის მიიღო. ამ სურათზე გამოსახული იყო კლასობანას მოთამაშე რუსი ბავშვები, რომლებსაც თავზე გერმანულმა «მესერშმიტებმა»  გადაუფრინა. ქვეშ კი წარწერა ჰქონდა: «გერმანელებმა გადაუფრინეს». სტალინმა სიტყვა გერმანელები გადაშალა და მის მაგიერ ფაშისტები მიაწერა _ «ფაშისტებმა გადაუფრინეს». შენიშვნაში კი მიაწერა: «გერმანელები ბავშვებს არ ხოცავენ».

 ფულტონში ჩერჩილის გამოსვლაზე ეფიმოვის მიერ შექმნილ ჩერჩილის კარიკატურას კი მინაწერი თვითონ სტალინმა გაუკეთა _ «ყბედი».

ძვირფასო მკითხველო, ალბათ, მიხვდით, ვინ როგორ მართავდა ქვეყანას.

გრიგოლ ონიანი

P.S. მომდევნო წერილების თემა იქნება: სტალინი და ბრეჟნევი, სტალინი და გორბაჩოვი, სტალინი და ელცინი, სტალინი და პუტინი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here