Home რუბრიკები საზოგადოება მსხვერპლშეწირვა ქართულად

მსხვერპლშეწირვა ქართულად

907

2011 წლის დეკემბერში გავხდი «ქართული ოცნების» წევრი ქართული სახელმწიფოს შექმნის იმედით და ვიყავი მისი აქტიური მხარდამჭერი. დღეს კი საჯაროდ ვაცხადებ, რომ საკუთარ თავს ამ პარტიის რიგებში აღარ განვიხილავ. არ შევჩერდები იმ მიზეზებზე, რომლებიც ყველა პატრიოტი ქართველისთვის ნათელია. ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტორზე, რომელსაც ეწირება საქართველო – ჩვენი სამშობლო.


«უპირველესად, ვაღმერთებ ქართველს და მერე _ ვისიც რამდენი მმართებს»… _ უთქვამს დიდ პოეტს. ეს თეზა ისე «გააცნობიერა» საქართველოს ხელისუფლებამ და ისე მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, რომ საკუთარი მოსახლეობისთვის ევროკავშირის წევრობაზე თანხმობა არც უკითხავს. თანაც თვალებში გვიყურებს და ნაცარს გვაყრის, _ ეს თქვენი ისტორიული არჩევანიაო(?!), დემოკრატობანას თამაშსაც კი თავი დაანებეს _ რეფერენდუმი არ ჩაატარეს და იმ უარყოფით შედეგებზეც არ გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც შეიძლება ამ ხელშეკრულებას მოჰყვეს. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საქართველოს არჩევანი კი არა, კუდმოქიცინე არსებად ქცეული ხელისუფლების არჩევანია, დიდი მეცენატისა და ქველმოქმედის მიერ ბეჭედდასმული, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმის ტოლფასია.

«საქართველო სხვას მივცე, ჩემი სამშობლო მივცე სხვას? _ ეს სურვილი მაქვს?» – იკითხა ქველმოქმედმა. აფხაზეთ-სამაჩაბლოს სამშობლოდ აღარ თვლის და ამერიკა-ევროპის მითითებებს, რომლებიც საქართველოსათვის დამანგრეველია, გულმოდგინედ ასრულებს. მეტიც _ ინვესტორებად მოხსენიებულ უცხოელებზე კვლავ დაიწყეს მიწების გასხვისება, მიუხედავად პატრიარქის მოწოდებისა, რომ არ უნდა გაიყიდოს ისეთი ფასეულობები, როგორიცაა მიწა და წყალი, თანაც ისეთ მცირემიწიან ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, რომლის მოსახლეობის მესამედი ქვეყნიდან გასულია.

ქართველებს არაფერი მართებთ არც ევროპის და არც ამერიკის, არც მათი წარმომადგენლების გაღმერთებას აპირებენ. აი, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები კი, რომლებიც ევროსტანდარტების შესაბამისად ფინანსდებიან, ხალხს უფრო დაშორდნენ. უპრიანი იქნება, თუ ბატონი ივანიშვილი მის მიერ არჩეულ პარლამენტს თვითონ დააფინანსებს და ისევე გადაუხდის ხელფასს, როგორც სააკაშვილის ხელისუფლებას უხდიდა, თუნდაც სოროსის სახელით. ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული კი ისევ ჩვენს ხალხს უნდა მოხმარდეს და არა ხელისუფლების იმ სიმაძღრისღიმილიან წარმომადგენლებს, რომელთა აზრითაც, ეს ის ფულია, რომლისთვისაც ღირს ემსახურო სამშობლოს(?!). სამარცხვინოა, როცა მინისტრი გვეუბნება, ნაკლები ანაზღაურებით ქვეყანას არ მოვემსახურებიო. არადა, ქართველი ოდითგან საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებოდა ქვეყნის მთლიანობას, ახლაც მოიძებნება უამრავი პატრიოტი ქართველი, რომელიც გაცილებით მცირე ანაზღაურებით მოემსახურება თავისი ქვეყნის ინტერესებს.

საზოგადოება მოტყუებულიც არის და ღირსებაშელახულიც, რისი შედეგიც იგემა ხელისუფლებამ ადგილობრივ არჩევნებზე, მაგრამ, სააკაშვილის მიერ 2008 წლის ომის შეფასებისა არ იყოს, «გამარჯვება» იზეიმა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც «ქართული ოცნება» ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ბიძინა ივანიშვილის ფინანსები გაორმაგდა. ამას მხოლოდ მივესალმები, ექსპრემიერმა იქნებ ინებოს და აშშ-ს ის თანხა გადაუხადოს, რომელიც საქართველოსთვის გაიღო და ამ ქვეყნის დიქტატისგან გაგვათავისუფლოს, მაგრამ ეს კი არა, წამგებიანიაო და, «ლაგუნა-ვერეც» კი დაუხურა თბილისის ახალგაზრდობას _ ერთადერთი კომპლექსი, რომლის ანალოგიც მხოლოდ მოსკოვშია.

ქვეყანაზე მზრუნველის ნიღაბაფარებულმა ხელისუფლებამ იქნებ იაპონური მოდელი აირჩიოს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების წარმომადგენლებს მინიმალური ანაზღაურების ხუთმაგი ოდენობა ენიშნებათ და მხოლოდ მინიმალური ხელფასის მატების პროპორციულად ხდება მათი შემოსავლების ზრდაც.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს საარსებო მინიმუმზე 42-ჯერ მაღალ ხელფასზეც კი პროტესტი უჩნდებათ და კიდევ ითხოვენ მომატებას. მათ თავიანთი უვიცობა თვითონვე აღიარეს, როცა გერმანელი სპეციალისტები მოიწვიეს ამ საკითხის გადასაწყვეტად და ფულიც გადაუხადეს.

დღეს საქართველოს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების სირბილი ამერიკასა და ბრიუსელში და იქაურთათვის საკუთარი სამსახურის შეთავაზება მოდურ ტენდენციად იქცა. ამერიკა და იქაური სენატორები საქართველოს კეთილდღეობით არასდროს დაინტერესდებიან და ისინი მოაზროვნე ქართველისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენენ.

 ყველა ქვეყანაში საქართველოს ინტერესი უნდა დავიცვათ _ ეს აქსიომაა და მტკიცებას არ საჭიროებს, მაგრამ ერთია, ქვეყნის მომავალზე ფიქრი, მეორე _ მისი მიღწევის გზები საიმედო და მისაღები თუ არის ქვეყნისათვის. მოვიყვან 2 თვალსაზრისს ბატონი თარხან-მოურავისა, რომელიც ტელეარხ «ობიექტივის» პირდაპირ ეთერში გამოსვლისას ტელემაყურებელმა ორმაგი სტანდარტის გამოყენებაში დაადანაშაულა:

«ნატო კარგია, მაგრამ არ გვიღებენ». არც ერთი ეროვნული ძალა არ ფიქრობს, რომ ნატო კარგია. ის არის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნების პოლიტიკურეკონომიკური კურსის შეცვლასა და მათ დაშლადანაწევრებას ემსახურება;

ნებისმიერი პარტია, რომელიც საგარეო პრიორიტეტად დასავლეთს აირჩევს, საქართველოს ნგრევას შეუწყობს ხელს, რაც უკვე ნათლად ჩანს. ბრიუსელსა და ამერიკის ნაცვლად იქნებ რუსეთში წაბრძანდნენ, იქ, სადაც ჩვენი სამშობლოს განმთლიანების ბედი წყდება.

სიბრძნითა და პატრიოტიზმით ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ შეედრება ჩვენს ეროვნულ გმირს _ მეფე ერეკლეს, რომელმაც მცირე ბოროტება აირჩია, რუსეთის სახით, და ამით გადაარჩინა ქართველი ერი სულიერ და ფიზიკურ განადგურებას. ამასვე ასაბუთებს სტალინი, რომ რუსეთი ორ მუსლიმანურ სახელმწიფოსთან შედარებით თავისი კულტურითა და რელიგიით უფრო ახლოს იყო საქართველოსთან.

ბატონი ივანიშვილის უარყოფითი დამოკიდებულება სტალინის მიმართ იმ შეფასებითაც გამოიხატა, სააკაშვილს რომ უძღვნა «კომპლიმენტად», _ პატარა სტალინიაო. არადა, სტალინს არც უცხო ქვეყნის მონობა უტვირთია ამ ხელისუფლების მსგავსად და არც ეკლესიის კარი შეულეწავთ მისი ბრძანებით, არც ტერიტორიები დაუკარგავს, პირიქით _ შემოიერთა, გააძლიერა ქვეყანა და მასონური ძალებისგან დაიცვა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა _ რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთისა და ამერიკის ურთიერთობის მწვავე შეფასება გააკეთა, რომელიც უსაფრთხოების ყალბ განცდას იწვევს და ეს ურთიერთობა ორალურ სექსს შეადარა. მსგავსი შედარება საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის დასახასიათებლადაც შეიძლება გამოვიყენოთ. დასავლეთისადმი განსაკუთრებული ლტოლვით კი პარლამენტის «დირიჟორი» გამოირჩევა თავისი პათეტიკით: «ნატოს გარეშე საქართველო რუკიდან გაქრება»; «ევროპა არის ყველაზე სამართლიანი, ყველაზე თავისუფალი»… ეს სამართლიანი ევროპა კრიმინალის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევით ცდილობს ყოფილი ხელისუფლების დაცვას. ევროპა ზნეობრივი ნორმებიდანაც თავისუფალია _ სწორედ მათი ძალისხმევით მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც «საბას» პრემიის ლაურეატ მწერლად წოდებული უზნეონი მიესალმებიან მხოლოდ.

არაეროვნულ პოლიტიკანებსა და უცხოელთა ინტერესებს ეწირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მოაზროვნე ქართველი საზოგადოების ინტერესებიც და ის საჯიშე ბიჭებიც, უცხოელთა გულის მოსაგებად რომ იგზავნებიან ავღანეთსა თუ აფრიკაში.

ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ახალგაზრდა პრემიერიც შეწირულია მავანთა ინტერესებს. არადა, გენეტიკურად ვგრძნობ, მას ქართული სული აქვს და ქართული საქმის კეთება უნდა.

დასასრულ, ისევ დიდი პოეტის შეგონებას მოვიშველიებ: «ლამაზი არ არის, სამშობლო ხელთ ეპყრას ბობოლას ათიოდეს?».

იზა თამაზაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here