Home რუბრიკები საზოგადოება ჭიტლაყი

ჭიტლაყი

802

ერთ კარგ კაცს არ დაზარებია და მარტივი მათემატიკური გამოთვლით დაუდგენია, რომ თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში დავით ნარმანიასთვის მხარი დაუჭერია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 19,78%-ს, ნიკა მელიასთვის _ დაახლოებით 11,61%-ს. მეორე ტურში ნარმანიასთვის მიუცია ხმა 24,48%-ს, მელიასთვის _ 9,18%-ს. ამრიგად, გამარჯვებულმა «ოცნების» კანდიდატმა თბილისელ ამომრჩეველთა მეოთხედზე ნაკლები მხარდაჭერა მოიპოვა, დამარცხებული «ნაციონალების» ფავორიტს კი ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მეათედზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი.


ნამეტანი «ნდობის» მანდატი მიუღია წარმატებულს, დამარცხებულს ხომ «ოპტიმიზმის» საოცრად მყარი საფუძველი  ჰქონია! ჰმ!

მეტი არაა ჩვენი მტერი, ან ერთს ჰქონდეს საზეიმოდ საქმე, ან მეორეს თავის ამაყად აწევის მიზეზი, თუ, რა  თქმა უნდა, ჭკუა ან სინდის-ნამუსი შერჩენიათ მაინც.

კაცი რომ ნაცნობმეგობრებს პურმარილზე დაპატიჟებს და ვინმე დაპატიჟებულთაგანი დემონსტრაციულად არ მივა მის სუფრაზე, პურმარილზე წიხლი უკრაო, იტყვიან ხოლმე, მაგრამ, ათასკაციან სუფრას რომ გაშლის მავანი, რა გარეწარი და საძულველი კაცი უნდა იყოს მასპინძელი, რომ ექვსასზე მეტი სკამი ცარიელი დარჩეს ხორაგით ავსებულ მაგიდასთან! ამას რაღა ჰქვია, ნეტავი?

დაახლოებით ასე იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. იმის ნაცვლად, რომ ამომრჩევლებს ათასნაირ სასიამოვნო სატყუარას დაჰპირდნენ, არჩევნებზე ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი არ მივიდა, არც პირველ ტურში და არც მეორეში!

გამარჯვებული ხელისუფლება, ანუ «ქართული ოცნება» ტრიუმფალურ წარმატებას ზეიმობს, მეორე ადგილზე გასული «ნაციონალები» კი დიდ გულზე არიან: ჩვენ ყოველმა მესამე ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარიო.

ან «ქოცებს» რა უხარიათ, ან «ნაცებს» რა აქვთ საამაყო? «ქოცებს» ამომრჩეველთა მეოთხედზე ნაკლებმა გამოუცხადა ნდობა; «ნაცებს», მართალია, სამში ერთი უჭერს მხარს, მაგრამ ეს «სამში ერთი» ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მეათედიც კი არ არის. რა არის ეს? პურმარილზე წიხლის კვრა? არა, ეს არის პანღური, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ ხელისუფლებასა და მთავარ ოპოზიციას ამოჰკრა და ეს სრულიად ლოგიკურია!

«ნაცები» რატომაც დააპანღურეს, ძნელი ასახსნელი არ არის. მათ მიმართ ნამდვილ ქართველებს პათოლოგიური სიძულვილი აქვთ იმ ანტიქართული ცხრაწლედისთვის, რომლის შემოქმედიც სწორედ «ნაცბანდაა». აი, «ქოცებისთვის» ნათავაზებმა «პანღურმა» კი სერიოზულად უნდა დააფიქროს მმართველი კოალიციაც და მათი მხარდამჭერი ის მეოთხედიც, რომელმაც არჩევნებზე მისვლა არ დაიზარა.

ორიოდე წლის წინათ ხელისუფლებაში ტრიუმფით მოსულმა «ქართულმა ოცნებამ», რომლის გამარჯვებისთვისაც უანგაროდ გადადეს თავი უბრალო ამომრჩევლებმა, როგორ მოახერხა ამ მოკლე დროში ასე კატასტროფულად  ხალხის ნდობის დაკარგვა და «ქოცებად» ქცევა? ხალხმა ნუთუ ისე, უბრალოდ აიღო ხელი თავის სანუკვარ ქართულ ოცნებაზე?

არა, უბრალოდ და უმიზეზოდ ეს არ მომხდარა. მართალია, ხალხის მოტყუება, როგორც ათადან და ბაბადან ცნობილია, ძნელი არ არის, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ  დაპირებებით მოტყუებული ხალხი მალევე ხვდება, როგორ გააბრიყვეს და გამბრიყვებლების მიმართ სამართლიანი რისხვაც ეუფლება. სამწუხაროდ, ხალხის გამბრიყვებლებმა არც ორასი წლის წინათ იცოდნენ ეს და არც ახლა იციან. როგორც კი სავარძლებში მოკალათდებიან, მართლა ხალხის რჩეულები ჰგონიათ თავი, ჩვენ მიერ გამოხატული ნდობა კი _ სამარადჟამო.

საქართველოს მოსახლეობა, ამომრჩეველი, ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიციის ლიდერების თვალების სილამაზეს არ მოუხიბლავს, არც  «ქართული ოცნების» ლიდერის მილიარდებს (მერაბ კოსტავას ხანდახან ერთი მანეთიც კი არ ედო ჯიბეში, არც სახლში, მაგრამ მის დაძახილზე მთელი საქართველო გამოდიოდა ქუჩაში!), ხალხის აქტივობა იმ დაპირებებმა განსაზღვრა, სამართლიანობის აღდგენას, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების სრულიად აშკარა ღალატისა და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ორგანიზატორების დასჯას რომ ითვალისწინებდა.

რა მოხდა არჩევნების შემდეგ?

ჯერ იყო და კოალიცია «ქართული ოცნების» ორგანიზატორმა და პოსტნაციონალური საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: «ნაცმოძრაობას» ისე კი არ მოვექცევით, როგორც იმსახურებს, არამედ ისე, როგორც ჩვენ გვეკადრებაო. ისე არ მოვექცევით როგორც იმსახურებენო, კაცოო!

მერე პარლამენტის სპიკერმა, «გამოჩენილმა» რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა მთლად გააოგნა გამარჯვებით აღტკინებული ამომრჩევლები: ჩვენი ამოცანაა, გადავარჩინოთ «ნაციონალური მოძრაობაო»!

ჩვენმა ხალხმა იმიტომ იომა ხელისუფლებაში «ქართული ოცნების» მოსაყვანად, რომ «ნაცების» გადარჩენა უნდოდა თუ «ნაციონალური მოძრაობის», როგორც საქართველოს გადაგვარება-გადაჯიშების მოწადინე ბანდის დასამარება სურდა?!

ვაი ჩვენს, თქვენს და იმათ პატრონებს, ვინც თქვენ ეგ აზრი ჩაგაგონათ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებო!

მერე ის იყო, ამ გაბითურებულ ხალხს «ქოცებმა» ახალი ტერმინი «კოაბიტაცია” შემოგვაჩეჩეს, რაც ჩვენს ენაზე თურმე ჩახუტებას ნიშნავს, გუშინ რომ ქვეყანას ანადგურებდნენ, ციხეებში რომ ჩაჰყარეს ნახევარი საქართველო, სადაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და სადისტურად კლავდნენ ცალობით თუ ბითუმად, ქუჩაში თუ საკნებში, იმათ თურმე წარსულის ცოდვები არ უნდა მოეკითხოთ, უნდა ჩავეხუტოთ, რათა პოლიტიკაში მათ დარჩენას ხელი არ შეეშალოს. გამწარებული ხალხი დიდი სიხარულით მიიღებდა კოჰაბიტაციას, განსაკუთრებით წამებით მოკლულთა დედები, ცოლები და შვილები, სამსახურიდან გამოყრილი არანაცურად მოაზროვნენი, «ნაცების» ზეობის პერიოდში სასაცილოდ აგდებული პატრიოტები, «ჩარეცხილი» პროფესიონალი სპეციალისტები?.. კი, აბა! ამის იმედი ჰქონდა ხალხს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ, როგორც უხსოვარი დროიდან ამბობენ (მცირე შესწორებით), _ ხალხი ბჭობდა, ძია სემი იცინოდა. აი, ასე გამოვიდა! უამრავ ხალხს ვიცნობ, უამრავ ადამიანთან ვურთიერთობ, მაგრამ არც ჩემს ნაცნობებში, არც ჩემი ნაცნობების ნაცნობებში ერთი კაციც კი არ მეგულებოდა ისეთი, «ნაცებისთვის» ხმის მიცემას რომ აპირებდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, მაგრამ რად გინდა მერე? «ნაცებს» 40% დაუწერეს მაინც და ისინი, ვინც ხალხს სახელმწიფო და ერის წინაშე დამნაშავედ მიაჩნდა, პარლამენტში დასვეს, იმ პარლამენტში, რომელიც ერთი «უუნაგირო ცხენის» ახირების გამო ქუთაისშია გადატანილი (ჩვენში დარჩეს და, რომ დასცლოდა იმ ცხენს, მთავრობასაც გააძევებდა თბილისიდან და მოგვჭამდა ჭირს თბილისის დედაქალაქობაც მაშინ!)

იმდენი ეფერენ და ეკეკლუცენ «ქოცები»  «ნაცებს», იმდენჯერ უჩვენეს, რომ «ძალა არ შესწევთ ქადილისა», რომ «ნაცებმა» ხალხის შიშით ჩაღუნული თავები ასწიეს, წელში გაიმართნენ და, თავიანთი უცხოელი ძიების იმედით, დიდ გულზეც არიან, იმუქრებიან, მალე მოვალთ ხელისუფლებაშიო.

ხალხს, მართალია, ცხვრის ფარად მიიჩნევენ ხელისუფლებაში მოსული «ლომები» (ყოფილი ცხვრები), მაგრამ «ცხვარი ცხვარია, თუ გაცხარდა, ცხარიაო», _ ნათქვამია. ჰოდა, ყოველივე ამის შემხედვარე «ცხვრები» რომ გაცხარდნენ, განა არ მოელოდა ხელისუფლება ან დანიშნული ოპოზიცია? ეს გაცხარება ჯერჯერობით არჩევნებზე მიუსვლელობით გამოიხატა, რომელიც, მართალია, უკონტაქტო, მაგრამ მაინც პანღურია.

ქართველმა საზოგადოებამ «ქოცებსა» და «ნაცებს» ამოჰკრა პანღური, თუმცა არათანაბარი სიმკაცრით. «ნაცებს», წესით, კუკუზნაკი უნდა ეწვოდეთ და სიმწრის ცრემლები სცვიოდეთ, «ქოცებს» კი საჯდომზე ორივე ხელი უნდა ჰქონდეთ აფარებული, მაგრამ, აჰა! თავი ყინჩად უჭირავთ და ამაყობენ კიდეც ერთი გალახული კაცისა არ იყოს, ცხვირპირამონაყული რომ ტრაბახობდა: ჩათლახურად დამარტყეს, მაგრამ ვაშკაცურად დავეციო, _ ასეა «ქოც-ნაცების» საქმეც.

ასე თუ განაგრძეს «კოჰაბიტაციურად» ჩახუტებულმა «ქოც-ნაცებმა», მოკლე ხანში უკონტაქტო პანღური კონტაქტურად გადაიქცევა, მითქვამს მე!

განაგრძობენ, აბა, რა! ახალ ხელისუფლებას არც პოლიტიკური რიტორიკა შეუცვლია, არც ორიენტაციები, არც ეკონომიკური და საგანმანათლებლო  ამოცანები. სამართლიანობის აღდგენა ხომ ვანო ჯავახიშვილისა და ვასიკო ოდიშვილის საღადაო საქმედ იქცა. სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილები (გონივრულ ეჭვზეა ლაპარაკი) ან პარლამენტში სხედან, ან სასამართლო დარბაზებში გამართულ შოუებში მონაწილეობენ.

შოუა, აბა, რა არის, როდესაც ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარის მითვისებაში (მოპარვაში) ეჭვმიტანილს ვიღაც თანაპარტიელის სამსახურში მიღების გამო წაუყენებენ ბრალს, რომელიც ნაყიდ ადვოკატებს სასაცილოდაც არ ჰყოფნით. ერთერთ ყოფილ «ნაცმინისტრს» როდესაც მოკრძალებით ჰკითხეს, შენს სამინისტროს სამოცი ათასი რომ გადმოურიცხეს, იქიდან ორმოცი ათასი რა იქნა და რაში დაიხარჯაო, აგდებულად უპასუხა: კომპიუტერულ სისტემებში მოძებნეთო. ამ საცოდავებმა ეძებეს და ვერ იპოვეს, მაგრამ შეკითხვის გამეორება ვერ გაუბედეს.

«ქოცების» პროკრატურა და სასამართლო, აქაო და, კოჰაბიტაციის დარღვევა არ დაგვწამონ უცხოელმა  «მაყურებლებმაო», ისე მორიდებულად ექცევიან აშკარად თავზე ხელაღებულ ყოფილ «ნაც» მაღალჩინოსნებს, რომ იფიქრებ, ზრდილობიანი მოსწავლე თავისი სკოლის დირექტორს ელაპარაკებაო.

ამას ხედავს ხალხი და რა გასაკვირია, რომ არჩევნებზე არ მიდის.

მოდით, «ქოც-ნაცების» წარმომადგენლებო, რომლებიც ახლა ხართ ხელისუფლებაში (თქვენ გარდა კიდევ ვინ არის, ნეტავი?), ჩემი და უამრავი ჩემი თანამოაზრის სახელით, ერთ რამეს გეტყვით:  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხალხმა ნდობა არ გამოგიცხადათ და მოვა დრო, როდესაც პასუხისგება მოგიწევთ იმ სიცრუისთვის, რომელსაც ასე უხვად აფრქვევთ ჩვენს გასაგონათ და უცხოთათვის საამებლად.

ხალხი არც თქვენი საგარეო პოლიტიკის მომხრეა და არც საშინაოსი, არც ნატოსკენ მიისწრაფვის და არც ევროკავშირისკენ, არც ევროპელობა უნდა და არც ევროპა მიაჩნია თავის სახლად! სიმართლე თუ გინდათ, არც თქვენი ხელისუფლება მიაჩნია თავისად. აბა, სრულ ჭკუაზე მყოფი კაცი თავისიანად როგორ ჩათვლის იმათ, ვისაც 20 000 ლარი აქვს ხელფასი, პრემიები კი 3-ჯერ მეტი (ყოველთვე) და ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასი 300 და 400 ლარს არ აღემატება, არც მეშახტეებსა და მაღაროელებს აქვთ მაგაზე მეტი.

თვითმმართველობის არჩევნებზე, აი, ამ ხალხს, რომელსაც მართლა აინტერესებს საქმის ნამდვილი ვითარება, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ღირსების გრძნობა, ამიტომ არ მისცა ხმა თავის აბუჩად ამგდებთ.

იქნებ ვინმემ მითხრას, რა უფლება გაქვს მაგის თქმისო, როცა ევროპელმა «მაყურებლებმა» ჩვენი არჩევნები ლეგიტიმურად და დემოკრატიულად სცნეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც შალახოს აკონპანიმენტის ფონზე მოაწერა ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდი ზარზეიმით იქნა რატიფიცირებული პარლამენტში, სადაც, სხვათაშორის, თვით შტეფან ფულეც ბრძანდებოდა, ამაზე მეტი რაღა გინდაო?!

ამის საპასუხოდ ერთი ანეკდოტივით ამბავი მახსენდება: ერთმა გლეხმა თავისი ვაჟი სასწავლებლად ევროპაში გაგზავნა, წლების შემდეგ ვაჟი დაუბრუნდა ოჯახს. ოჯახმა სუფრა გაუშალა ევროპულად განათლებულ შვილს. მამამ ჰკითხა:

_ რა ისწავლე და რა შეგიძლია?

_ ფილოსოფია ვისწავლე, მამაო, _ უპასუხა ვაჟმა.

_ ეგ რას ნიშნავს, რისი გაკეთება შეგიძლია მაგ ცოდნით? _ ჰკითხა მამამ.

_ რა და, მე შემიძლია დაგიმტკიცო, რომ ამ სუფრაზე ერთი მოხარშული დედალი და ერთი დოქი ღვინო კი არ არის, როგორც შენ ფიქრობ, არამედ ორი დედალი და ორი დოქი ღვინო, _ აუხსნა შვილმა.

_ კარგი დაგემართოსო. ახლა მე ყანაში მივდივარ სამუშაოდ, ამ დედალსა და დოქით ღვინოს მე წავიღებ; აი ის, შენ რომ დაამტკიცებ, თვითონ მიირთვიო, _ უთხრა მამამ, მოჰკიდა ხელი დოქს, მოხარშულ დედალს და წავიდა ყანაში.

აი, ასე უზამს ხალხი ხელისუფლებასა და მათ «ფილოსოფოს» დამრიგებლებს, როცა იქნება, და კონტაქტურ ჭიტლაყსაც მიაყოლებს უთუოდ!

ზურაბ ცუცქირიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here