Home რუბრიკები საზოგადოება სოსო ცინცაძე: ვინ აგებს პასუხს ტოტალურ უმუშევრობაზე, ლარის ჩუმ დევალვაციაზე?

სოსო ცინცაძე: ვინ აგებს პასუხს ტოტალურ უმუშევრობაზე, ლარის ჩუმ დევალვაციაზე?

555

ქვეყანაში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგი, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში _ სოსო ცინცაძე ესაუბრა.


_ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოულოდნელად 7 მინისტრი გაათავისუფლა თანამდებობიდან. ექსპერტებისა და საზოგადოების ნაწილის აზრით, აღნიშნული საკადრო ცვლილებები მოსახლეობაში დაგროვილი უარყოფითი მუხტის გასანეიტრალებლად განხორციელდა და ქვეყანას რეალურ შედეგს არ მოუტანს. როგორ შეაფასებთ პრემიერის გადაწყვეტილებას?

_ მოსახლეობაში დაგროვილი უარყოფითი მუხტის განეიტრალება მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია, მთავარი ისაა, რაც «წყლის ქვეშ იმალება». მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომელმაც საქართველოს პრემიერი ასეთ ურთულეს გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე კვირის წინათ პრემიერი დაბეჯითებით აცხადებდა, მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმებაო და ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობა, მსოფლიოში თუ არა, რეგიონში მაინც ერთერთი საუკეთესო იყო და ასეთი განცხადებების ფონზე, მოულოდნელი თვითლუსტრაცია მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ 7 მინისტრს ასე უეცრად არავინ ათავისუფლებს თანამდებობიდან.

მოდი პირდაპირ ვთქვათ, როგორც ჩანს, სხვადასხვა სფერო კრიზისშია და მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ ასეთ ჩარევას საჭიროებს. თუმცა, როდესაც ქვეყანაში ერთადერთ უალტერნატივო მოტივაციად გამოცხადებულია ნეპოტიზმი, ერთპარტიულობა, ძმაკაცობა, ერთგულება, რასაკვირველია, ასეთი პოლიტიკური კურსი ასეთი შედეგებით დასრულდება.

ფაქტია, ამ ნაბიჯით ღარიბაშვილმა «ჯინი უკვე ამოუშვა ბოთლიდან» და ცხადი გახდა, რომ მინისტრები ხელშეუხებელნი აღარ არიან. მისასალმებელია, თუ მთავრობას სხვა მოთხოვნები გაუჩნდა მინისტრებისადმი, მაგრამ საინტერესოა, ვინ აგებს პასუხს ტოტალურ უმუშევრობაზე, ლარის ჩუმ დევალვაციაზე? ვინ აგებს პასუხს გაცემულ უხვ პრემიებზე? კარგი მუშაობისთვის არავის ხსნიან და, თუ ასე ცუდად მუშაობდნენ, მაშინ ფული დააბრუნონ. 50 და 80 ათასი ლარები აქვთ მინისტრებს პრემიები აღებული. ერთი რიგითი პროფესორის 5 წლის ხელფასი აქვს აღებული მინისტრს, რომელიც, ირკვევა, თურმე ცუდად მუშაობდა.

თავად საკადრო გადადგილებაც ბევრ კითხვას ბადებს. მაგალითად, ახლახან დანიშნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და ორიოდე თვეში რა გააფუჭა ისეთი ამ კაცმა ან რა ნიჭი გამოავლინა გარემოს დაცვის სფეროში, რომ გარემოს დაცვის სამინისტროშო გადაიყვანეს? ეს ერთი შეხედვით სპონტანური გადაწყვეტილება, არავინ იცის, რა შედეგს მოიტანს. ყველაფერი რამდენიმე თვეში გამოჩნდება, თუმცა ჩვენ ხომ ვნახეთ, ბოლო ოცი წლის მანძილზე ყველა მთავრობის «აქილევსის ქუსლი» სწორედ საკადრო პოლიტიკა იყო და მე, მაგალითად, მეეჭვება, ქართულ ოცნებას «სათადარიგო მოთამაშეთა» ისეთი გრძელი სია გააჩნდეს, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული სფეროს მაღალპროფესიული მენეჯერები უცებ გამოჩნდნენ.

_ ანუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ფასადური იქნება?

_ კარგი იქნება, ცვლილებებმა გაამართლოს, თუმცა შედეგებზე საუბარი ნაადრევია. უკვე საუბრობენ, რომ შემოდგომაზე ცვლილებების მეორე ტალღაა მოსალოდნელი და შესაძლოა, შემოდგომაზე საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, თანამდებობები სხვა მინისტრებმაც დატოვონ. ჯერჯერობით ვერ მოხსნიდნენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ვინაიდან ნატოს სამიტი ახლოვდება და ეს უკვე პოლიტიკური მოტივაციით გათავისუფლებად ჩაითვლებოდა. თუმცა ნამდვილად მიკვირს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი მაია ფანჯიკიძემ ამდენ ხანს შეინარჩუნა. თუ არა ხელისუფლებასთან ახლობლობა, ამას, ალბათ, ვერ შეძლებდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავს თუ არა ქვეყანაში, არავინ იცის. იმასაც ვერ ვიტყვი, ცუდი მინისტრია თუ კარგი, ვინაიდან არაფერს წარმოადგენს. ქვეყანა ინერციით მიდის.

ირაკლი ალასანიამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დამლაგებელი არ დატოვა სამსახურში, ყველა გაათავისუფლა და მთელი სამინისტრო თავისი პარტიის წევრებით გაავსო. მაშინ თავს იმართლებდა, რომ მაპი უნდა მივიღოთ და ნატოში შევიდეთ, ამ კადრებით კი ვერ შევალთო. საინტერესოა, რატომ არ ვართ ნატოს წევრები? უსამართლობა იქნება, მარტო შვიდმა მინისტრმა აგოს პასუხი. ჩემი აზრით, არამხოლოდ მინისტრები უნდა შეიცვალოს, რამდენიმე სამინისტრო საერთოდ უნდა გაუქმდეს. მაგალითად, როგორც თავიდან ითქვა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დროებით შეიქმნა; ასევე გაუგებარია, რა ფუნქციას ასრულებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მხოლოდ პრესტიჟისთვის გვაქვს ეს სამინისტრო, რათა არავინ დაგვაბრალოს, თითქოს შერიგება არ გვინდა?

სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა, არჩევნების დასრულების შემდეგ დაუფიქრებელი განცხადება გააკეთა. მან პირდაპირ თქვა, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ აისრულა თავისი პოლიტიკური ნება. ნორმალურ ქვეყანაში მარტო ამ სიტყვებისთვის მოხსნიდნენ პეტრიაშვილს.

როდესაც უცებ 7 მინისტრს ათავისუფლებ, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე როტაცია. 7 მინისტრის გათავისუფლება იოლი გადასაწყვეტი არ იყო პრემიერისთვის. ასეთ შემთხვევაში, ევროპაში მთავრობა გადადგებოდა.

_ რამდენად საკმარისად მიგაჩნიათ პრემიერის არგუმენტები მინისტრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით? ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცვლილებები მთავრობის მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად და დაპირებების შესასრულებლად განხორციელდა.

_ ჩემთვის ღარიბაშვილის ოფიციალური განცხადება, უბრალოდ, სტანდარტული და არაფრისმთქმელია, მის ადგილას ყველა პრემიერი ასეთ განცხადებას გააკეთებდა, მაგრამ პრემიერის ოფიციალური განცხადება ერთია და რეალობა _ სულ სხვა.

შეიძლება ხვალ პარლამენტში გამოვიდნენ «ქართული ოცნების» პროპაგანდისტები და განაცხადონ, _ ყველა ბრწყინვალე იყო, მაგრამ ახლა გენიოსი მინისტრები გვჭირდებაო. შერცხვებათ და დაფიქრდებიან, სანამ რამეს იტყვიან თუ რა! დღეს ისეთივე უსირცხვილო ტყუილები მესმის პარლამენტარებისგან, როგორიც მთელი 9 წლის მანძილზე მაია ნადირაძისა და მისი კამპანიისგან მესმოდა.

_ პრეზიდენტმა ცვლილებების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და, ისაუბრა რა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, განაცხადა, რომ მინისტრების კანდიდატურების განხილვაში მას მონაწილეობა არ მიუღია

_ მისი ბუნებიდან გამომდინარე, მარგველაშვილი ცდილობს, აღმასრულებელ ხელისუფლებას რაც შეიძლება დელიკატურად და ინტელიგენტურად გაემიჯნოს. ამიტომ მე მხოლოდ ირონიულად მეღიმება, როდესაც მარგველაშვილს ვუსმენ _ გააკეთებს განცხადებას და შემდეგ უკან იხევს. ინტელექტუალი კაცის ავტორიტეტი მაინც ჰქონდა და ახლა ესეც აღარ აქვს. პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება.

_ ბატონო სოსო, რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ მოვლენებს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის კონგრესში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, საქართველო უკრაინა და მოლდოვა აშშის მთავარ მოკავშირეებად გამოცხადდებიან, ოღონდ ნატოს წევრობის გარეშე. ამას გარდა, პენტაგონი სახმელეთო ჯარების განთავსების საკითხზეც მუშაობს და შესაძლოა, ერთობლივი წვრთნებიც ჩატარდეს. რას მოუტანს ეს ყველაფერი საქართველოს?

_ ერთობლივი წვრთნები შევარდნაძის დროსაც ტარდებოდა, ათეულობით ამერიკელი ინსტრუქტორი ჩამოდიოდა და სწორედ ამ ერთობლივი წვრთნების შედეგი იყო, ჩვენმა ერთობლივად გაწვრთნილმა ჯარმა 2008 წელს, ომის დროს ლამის დურბინდების ხმარება არ იცოდა. არც ნატოს გარეშე აშშ-ის მოკავშირედ გამოცხადება ნიშნავს რაიმეს. ჩემთვის მთავარი ნატოს მეხუთე პუნქტია. ჰიპოთეტური სიტუაცია განვიხილოთ: ვთქვათ და რუსეთი ხვალ თავს დაგვესხა, ვინ დაგვეხმარება? «პამპერსებით» კი არა, ჩვენი გულისთვის იარაღით ვინ იომებს? ასე რომ, ეს ყველაფერი ბლეფია.

ჩემთვის შეურაცხმყოფელია ალასანიას განცხადებები, რომ თურმე საქართველო უფრო დაცული იქნება. ნაკლებად ან მეტად დაცული ქვეყანა რას ნიშნავს, არ მესმის, რადგან სახელმწიფო ან არის დაცული, ან არა. რაც შეეხება სამხედრო ძალის განლაგებას საქართველოში, ეს იქნებოდა რეალური დაცვა, მაგრამ დღეს შეუძლებელია.

_ მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინათ სამწუხარო ფაქტი მოხდა: მალაიზიის ავიახაზების კუთვნილმა ბოინგმა ავიაკატასტროფა განიცადა. უკრაინა, აშშ, რუსეთი პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ, უწესებენ სანქციებს, ვითარება კი დღითი დღე იძაბება, შესაძლოა თუ არა ეს შემთხვევა მსოფლიოში დიდი კონფლიქტის დაწყების საბაბი გახდეს?

_ დიდი ომის დაწყების საბაბი ეს არ გახდება, ვინაიდან ევროპისთვისაც, რუსეთისთვისაც და ამერიკისთვისაც მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება უფრო ფასეულია, ვიდრე სამასი და გინდაც რამდენიმე ათასი ადამიანის სოცოცხლე. ამას გარდა, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც პროცესებს რეალურად მართავენ, ბიზნესი და ეკონომიკური ინტერესებია მთავარი. თუნდაც გერმანიის კანცლერს, მერკელს, დააკვირდით, რა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ერთი კვირის წინათ განაცხადა, რომ გერმანიის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს გერმანია რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებითო და ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტს ურეკავს და სთხოვს, «მისტრალი» რუსეთს აღარ მიჰყიდონ. საპასუხოდ ფრანგულ პრესა აქვეყნებს პუბლიკაციებს, _ ჯერ მერკელმაც გამოიწვიოს ის 1 200 გერმანული კომპანია, რომლებიც რუსეთში მუშაობენ და რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებას უწყობენ ხელსო.

მსოფლიოში დიდი ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების ჭიდილი მიმდინარეობს.

_ დღეს საკითხი ასეც დგას: კამათობენ, ვის აძლევდა ხელს ბოინგის ჩამოგდება, რუსეთის ინტერესებში ეს რამდენად შედიოდა?

_ რუსეთს ეს ხელს არ აძლევდა. ეს თუ ვინმეს უნდოდა, იმათ, ვისაც სურთ, პუტინი აიძულონ, ჯარები შეიყვანოს უკრაინაში (რაც ამ ეტაპზე მის გეგმაში ნამდვილად არ შედის). რუსეთი და აშშ თუ შეთანხმდნენ, შესაძლოა, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყდეს. გამოძიება კი შეიძლება თვეები გაგრძელდეს, ამიტომ ვინ წააგო და მოიგო, ლაპარაკი ნაადრევია. გამოძიების შედეგებს დაველოდოთ.

შესაძლოა, კიევი იძულებული გახდეს, ქვეყნის თუ სრულ არა, სანახევროდ ფედერალიზაციას მაინც დათანხმდეს. უკრაინის ეკონომიკური გული დონბასია, ამიტომ ახლა მთელი ვნებათაღელვა იქითკენ არის მიმართული.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here