Home რუბრიკები საზოგადოება სამღვდელოება კაზანტიპის ფესტივალის წინააღმდეგ!

სამღვდელოება კაზანტიპის ფესტივალის წინააღმდეგ!

548

კაზანტიპის ცნობილი ფესტივალი, ყირიმის ნაცვლად, ამჯერად ანაკლიაში გაიმართება 20-30 აგვისტოს. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილისა და მართლმადიდებელი ეკლესიის აღშფოთება გამოიწვია. სასულიერო პირების განცხადებით, მუსიკალური ფესტივალი მხოლოდ ნიღაბია, სინამდვილეში კაზანტიპი სოდომ-გომორული ცოდვებისა და გარყვნილების ბუდეა, სადაც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებებიც ხელმისაწვდომია. ამ შეფასებას უარყოფენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა და ფესტივალის ორგანიზატორები.  რა საფრთხეს ხედავს ეკლესია კაზანტიპის ფესტივალში, «საქართველო და მსოფლიოს» სასულიერო პირები ესაუბრებიან.


მამა გიორგი (რაზმაძე), ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი:

_ უკრაინიდან მეძავები ჩამოჰყავთ, თითქოს საქართველოში ამ პროფესიის წარმომადგენლები გვაკლია. ხომ წარმოგიდგენიათ, რას აპირებენ და რა უნდა გააკეთონ იქ? ასეთი უზნეო დამოკიდებულება ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მიუღებელია როგორც ჩვენი ეკლესიისთვის, ასევე ნორმალურად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ ყველაფერს საქართველოში უზნეო და აღვირახსნილი ადამიანები გეგმავენ, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან როგორც ეკლესიას, ისე ქართულ სახელმწიფოებრიობას. შესაბამისად, ასეთ ფაქტებს ეკლესიის მხრიდან ყოველთვის მკაცრი რეაგირება მოჰყვება. სწორედ სოდომგომორული ცოდვების გამო დაკარგა ყირიმი უკრაინამ და ეს ფესტივალი ჩვენთვისაც ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდება.

იმის განხორციელებას, რაც «ნაციონალურმა» მეძავთა ხროვამ ვერ მოახერხა, ახლა რესპუბლიკელი მეძავები ცდილობენ და ამ გარყვნილების პროპაგანდას ზოგიერთი ჟურნალისტიც ხელს უწყობს.

ჩვენი ინფორმაციით, ფესტივალზე დამსწრე ყველა პირს ექნება ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარებისა და სხვადასხვა უზნეო საქციელის ჩადენის საშუალება.

_ ფესტივალის კავშირს ნარკოტიკებთან და ყოველგვარ უკანონო ქმედებასთან უარყოფს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა.

_ გიორგი სიგუა არის «ნეონაციონალი», რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება. მას, უბრალოდ, ასეთ ბინძურ საქმეებს აკეთებინებენ.

როდესაც საუბრობენ, თითქოს ეს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ტურიზმის განვითარება და ორგიები რა კავშირშია ერთმანეთთან?!

_ როგორ ფიქრობთ, რატომ შეარჩიეს კაზანტიპისთვის საქართველო?

_ რადგან ყირიმი უკრაინელებმა დაკარგეს და ეს უზნეო ხალხიც (კაზანტიპის მომწყობნი) გამოყარეს იქიდან, საქართველო კი უკვე ევროკავშირთან ძალიან ახლოსაა, ამ ფესტივალის ჩატარება აქ გადაწყვიტეს. ებრძვიან იმ ქვეყნებს, რომელთა ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა და ადამიანები ტრადიციებს იცავენ. კარგად ვიცით, რაც ხდება სინამდვილეში კაზანტიპის ფესტივალზე. ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ, რომლებიც ესწრებოდნენ ამ უზნეობას და საკუთარი თვალით უნახავთ, რაც ხდება ამ ორგიებზე.

_ რას ყვებიან ეს ადამიანები?

_ სასიამოვნო არ არის გავიმეორო, რასაც გვიყვებიან.

მამა დავითი (ისაკაძე), წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი:

_ ეს ე. წ. ფესტივალი სათავეს იღებს ყირიმის ტერიტორიიდან, რომელიც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, იყო ორგიების, გარყვნილების, მამათმავლობის, დედათმავლობის, სიძვა-მრუშობის, ნარკომანიის ბუდე. სხვათა შორის, ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა ვიდეოკადრები, როლებზეც აღბეჭდილი იყო, როგორ მიმდინარეობდა ეს ე. წ. სატანისტური შაბაში. მართალია, ეს კადრები სასწრაფოდ გააქრეს, მაგრამ ბევრმა მაინც მოასწრო გადმოწერა. ასე რომ, ცნობილია, რაც ხდება ამ ვითომ ფესტივალზე და, ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია, გაეცნოს ამ ვიდეოკადრებს, თუმცა მძიმე სანახავია და სასურველია, ბავშვებმა არ ნახონ.

ყირიმის დაკარგვაც, ეკლესიური თვალსაზრისით, შეგვიძლია, ამ უმძიმესი სოდომგომორული ცოდვის შედეგად მივიჩნიოთ. წინა ხელისუფლება ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა და, რადგან ასეთი საშინელი ცოდვის განვითარებას უწყობს ხელს, გამორიცხული არ არის, ამ ხელისუფლებასაც ანალოგიური მომავალი ჰქონდეს. ამას მწუხარებით ვაცხადებ.

_ ორგანიზატორების განცხადებით, კაზანტიპი მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელშიც ასევე შედის სპორტული შეჯიბრებები

_ ალბათ, ნახეთ ამ ფესტივალის კურატორ გიორგი სიგუას გამოსვლები და კარგად ჩანს, რა არასერიოზული პიროვნებაა, მისი არც ერთი სიტყვა დამაჯერებელი არ არის.

_ თუმცა, იმავე ორგანიზატორების განცხადებით, ეს ფესტივალი ტურიზმის განვითარებას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

_ რით შეუწყობს ხელს _ მრუშობით, მამათმავლობით, ნარკომანიით? ეს ყველაფერი ამ ფესტივალის თანმდევი ნაწილია. ქართველი გოგონებისთვის დასწრება უფასოა, ხედავთ, რამხელა საცდურია მათთვის? ამ ყველაფერს ხელს უწყობს ტურიზმის დეპარტამენტი, რომელსაც ეს სიგუა ხელმძღვანელობს და რომელიც თურმე სააკაშვილს ამერიკაში იმისთვის აკრიტიკებდა, რომ მისი მილიონები თავის ჯიბეში გადაეტანა; ამ სატანური შოუდან ეს პიროვნება შემდგომში, ალბათ, დიდ ფულს მოიხვეჭს. ან მოსახლეობას რად უნდა აქედან მიღებული ერთი თეთრიც კი? ასეთი ფული კეთილდღეობაში არავის მოხმარდება.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეს ფესტივალის საქართველოში ჩატარება?

_ რადგან რუსეთს ასეთი გარყვნილი და მარგინალური ღონისძიებების წინააღმდეგ კანონით აქვს ბრძოლა გამოცხადებული, იქ ვეღარ ატარებენ. სამწუხაროდ, ამაშიც გვაჯობეს რუსებმა და სასურველია, ჩვენმა ხელისუფლებამაც მიიღოს მსგავსი კანონი. ეს ერის სულიერ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

ასეთი ღონისძიებების გამართვის გამო, ვფიქრობ, ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დიდი უფსკრული გაჩნდება.

მამა დავითი (ქვლივიძე), მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური:

_ კაზანტიპის ფესტივალს მუსიკალური ფესტივალი ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გარყვნილების აღლუმი. რა ხდებოდა ყირიმში კაზანტიპის ფესტივალის მიმდინარეობისას, ინტერნეტში შეგიძლიათ იხილოთ. კაზანტიპის ფესტივალი არის მამათმავლობის, პედოფილიის, ბავშვთა გახრწნის, ნარკოტიკების პროპაგანდა. რამდენიმე ათასი მეძავი ჩამოჰყავთ უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან, ეს არის თავზე ლაფის დასხმა საქართველოსთვის. ზუსტად ეს არის ჩვენი რელიგიური გრძნობების, ჩვენი წარსულის, ტრადიციების დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა. ამოქმედდეს ახლა ანტიდისკრიმინაციული კანონი მართლმადიდებლების დასაცავად.

ასეთი ქმედებების გამო მოხდა წარღვნა. სოდომ-გომორი სწორედ ასეთი გარყვნილების გამო განადგურდა. ასეთი გარყვნილების ადგილები იქნება სწორედ წინაპირობა დედამიწაზე ანტიქრისტეს მოსვლისა და სამყაროს დასასრულისა, რომელსაც, როგორც წესი, წინ უძღვის მასობრივი გარყვნილება. ამ გარყვნილების გამო, უკრაინამ ყირიმი დაკარგა. ეს იყო ლოგიკური შედეგი გარყვნილებისა. დამიჯერეთ, თუ ეს ფესტივალი საქართველოში ჩატარდება, ღმერთი დაგვსჯის. სამეგრელო, შესაძლოა, ისევე ჩამოცილდეს საქართველოს, როგორც ყირიმი უკრაინას. შეიძლება საქართველო სერბეთის გზას დაადგეს და დაიშალოს. სწორედ ამ საშიშროებას ხედავს ეკლესია ამ ფესტივალის ჩატარებაში. ხომ გახსოვთ, როგორც კი მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ზავი ჩამოწვა. ეს ღვთის გაფრთხილებაა! თუ ვინმეს ეცინება ჩემს სიტყვებზე, სახარებაში ჩაიხედოს და ნახოს, რა დაემართა სოდომგომორს. ასეთი საქციელის გამო ჩვენ აუცილებლად დავისჯებით.

სწორედ იმიტომ შეარჩიეს საქართველო, რომ მისი დაშლა სურთ; კარგად იციან, საქართველოს დაშლა მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუ ღმერთი გაგვიწყრება.

_ ვის სურს, მამაო, საქართველოს დაშლა?

_ ვინც ამ ყველაფრის ორგანიზატორია და ასევე, ვინც მათ მართავს.

_ ორგანიზატორების განცხადებით, ეს ფესტივალი ტურიზმის განვითარებას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

_ რომელ ტურიზმზე მელაპარაკებით ან რა ფასი აქვს ეგეთ ტურიზმს? რა შემოსავალი უნდა მიიღოს ქვეყანამ, ათასი მეძავი რომ ჩამოვა?

ისინი ფულის დამხარჯველები არიან? ფულს იქით წაიღებენ. ამ ქალებს იქით დაახარჯავენ ფულს ჩვენი ახალგაზრდები. ეს ხომ ხალხის მოტყუებაა, მეტი არაფერი.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here