Home რუბრიკები პოლიტიკა რას მალავს აშშ თანამგზავრის ფოტოების გამოუქვეყნებლობით

რას მალავს აშშ თანამგზავრის ფოტოების გამოუქვეყნებლობით

528

სენსაციური ჟურნალისტური გამოძიებებით განთქმული ამერიკელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და პოლიტიკის ანალიტიკოსი რობერტ პერი გაკვირვებას ვერ მალავს, რომ ვაშინგტონმა აქამდე არ წარმოადგინა რუსეთისადმი გამოთქმული ბრალდების მტკიცებულებები.


მალაიზიის ლაინერის კატასტროფაზე მედიის მიერ ატეხილ ისტერიკაში არ არსებობს პროფესიონალური სკეპტიციზმი, _ თვლის ამერიკელი პუბლიცისტი რობერტ პერი, _ არავინ სვამს კითხვებს და არავინ ცდილობს, მათ პასუხი გასცეს. დამოუკიდებელ Consortiumnews.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში პერი გაკვირვებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ვაშინგტონს აქამდე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც გაამყარებდა მის მიერ წამოყენებულ ბრალდებას რუსეთის მიმართ.

«იმის გათვალისწინებით, რომ აშშის დაზვერვა, ბოლო ნახევარი წელია, ყურადღებით აკვირდება აღმოსავლეთ უკრაინას, ძნელი დასაჯერებელია, რომ ვერავინ შენიშნა რამდენიმე დიდი საზენიტოსარაკეტო კომპლექს «ბუკის» გადაადგილება რუსეთიდან უკრაინაში, შემდეგ კი უკან _ რუსეთში», _ აღნიშნავს რობერტ პერი. მისი აზრით, ტექნიკური შეზღუდვებიც რომ ყოფილიყო, ამერიკულ თანამგზავრებს მაინც უნდა შეენიშნათ ასეთი მსხვილი ობიექტების გადაადგილება. ამასთანავე, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა დღისით და არა _ სიბნელეში, რომელსაც შეიძლებოდა, დაემალა სამხედრო ობიექტი.

«დიდი ალბათობით, _ წერს პერი საიმედო წყაროზე დაყრდნობით, რომლის ვინაობასაც არ ამხელს, _ ამერიკის დაზვერვას სინამდვილეში მართლაც აქვს თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოები, მაგრამ მათზე აღბეჭდილი სარაკეტო მოწყობილობა, რომლიდან გასროლითაც ჩამოაგდეს «ბოინგი», უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოჩნდა. ამაზე მიუთითებს უკრაინის არმიის განმასხვავებელი ნიშნები სამხედროების ფორმაზე. თუმცა აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსები ვერ გამორიცხავენ, რომ ეს ადამიანები უკრაინის არმიის სამხედრო სამოსში გადაცმული სახალხო ლაშქრის წარმომადგენლები არიან. ვარაუდობენ, რომ ეს ადამიანები მთვრალები იყვნენ, რადგან ფოტოებზე ჩანს, რომ საზენიტო ბატარეის გარშემო მიმოყრილია ბოთლები.

ამის მიუხედავად, ვაშინგტონის ოფიციალური პოზიციით, ტრაგედიაში დამნაშავე არის რუსეთი.

 დასავლეთის წამყვანი მედიასაშუალებები კი, ვაშინგტონისგან კონკრეტული დეტალების დასახელების მოთხოვნის ნაცვლად, მხოლოდ «პროპაგანდის გავრცელებით» არიან დაკავებულნი; მაგალითად, სისტემა «ბუკს» დასავლური პრესა ყოველთვის რუსეთის კუთვნილ სისტემას უწოდებს. ეს არის «უაზრო ფაქტი, რომელსაც უსასრულოდ იმეორებენ» და რომელიც, პერის აზრით, მოწოდებულია იმისკენ, რომ გავლენა მოახდინოს ცუდად ინფორმირებული ამერიკელების გონებაზე.

პერი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო დასკვნების უმეტესობა შეთხზულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, რომელიც ქვეყნის სათავეში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების გზით მოვიდა და რომელსაც ჭეშმარიტების დადგენის საქმეში კარგი რეპუტაცია არ აქვს. აქამდე ცნობილი არ არის, ვინ ესროდა მილიციასა და დემონსტრანტებს 20 თებერვალს მაიდანზე; დადგენილი არ არის ხანძრის გაჩენის მიზეზები ოდესის პროფკავშირების სახლში, სადაც ათობით ადამიანი დაიწვა.

პერი გვახსენებს, რომ კიევმა ერთხელ უკვე მოატყუა გაზეთი «ნიუ იორკ თაიმსი», რომელსაც ვითომ უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების ფოტო გაავრცელებინა. და დღეს წამყვანი მედიასაშუალებები კვლავ ეყრდნობიან კიევის ხელისუფლების შეუმოწმებელ განცხადებებს, რომელთაც, ანალიტიკოსის აზრით, «მსოფლიო ძალიან სახიფათო მომენტისკენ მიჰყავს»: ასეთი ჟურნალისტიკა უკვე იყო მიზეზი ერაყში მოწყობილი ხოცვაჟლეტისა, ასეთი ჟურნალისტიკის მიზეზით კინაღამ ომი დაიწყო სირიასა და ირანში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here