Home რუბრიკები საზოგადოება სამართლიანობის აღდგენა კოსმოსის გადასახედიდან

სამართლიანობის აღდგენა კოსმოსის გადასახედიდან

632

ზუსტად 15 წლის წინათ, ამ დღეს, ანუ 23 ივლისს ორბიტაზე გავიდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი _ რეფლექტორული ანტენა.

იყო წელი 1999.

16 ივლისს, 19 საათზე, 37 წუთსა და 33 წამზე კოსმოდრომ ბაიკონურიდან რაკეტა-მატარებელმა ორბიტაზე კოსმოსური ხომალდის “პროგრესს-42”-ის გასაყვანად აიღო სტარტი.

კოსმოსური ხომალდის საბარგულში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი დაკეცილი იდო.

18-ში ხომალდი შეუპირაპირდა ორბიტულ სადგურ “მირს”, რომელზეც იმყოფებოდა კოსმონავტების ინტერნაციონალური ეკიპაჟი.

23-28 ივლისს ორბიტული სადგურიდან ღია კოსმოსურ სივრცეში წარმატებით გაიშალა და გამოიცადა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი – გასაშლელი რეფლექტორი მაქსიმალური გაბარიტით 6,42 მეტრი.

28-ში რეფლექტორი ჩამოსცილდა ორბიტულ სადგურს და დაიწყო მოძრაობა დედამიწის ირგვლივ დამოუკიდებელ ორბიტაზე. 23 ივლისი საქართველოში გამოცხადდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ.

საქართველოსთვის ამ ისტორიულ მოვლენაზე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ქართველთა მიზანსწრაფვისა და გამარჯვების სიმბოლოდ აღიქვა, ყოფილმა ხელისუფლებამ თვალი დახუჭა _ ვითომც არაფერი მომხდარა.

როცა წელთაღრიცხვა თავიდან უნდოდათ დაეწყოთ

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი იყო ელგუჯა მეძმარიაშვილი. იმ პერიოდისთვის ელგუჯა მეძმარიაშვილს ჩამოყალიბებული ჰქონდა ორი ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირები: საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, სადაც გენერალური კონსტრუქტორის თანამდებობა ეკავა და საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია, რომლის პრეზიდენტი თავად იყო.

მეძმარიაშვილმა ზუსტად გათვალა მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მიერ მეცნიერების უგულებელყოფის პოლიტიკას შეიძლებოდა მოჰყოლოდა და გროსმაისტერული სვლით იავარქმნას გადაარჩინა ერთიცა და მეორეც: ოფიციალურად, მთავრობის დადგენილებით მოახსნევინა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ორივე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კალთას შეაფარა.

ასე გაჩნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი.

მოკლედ, ასეთია ამ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გენეალოგია.

დღეს ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილი ინსტიტუტში გენერალური კონსტრუქტორია.

იგი ყოველთვის წარმოჩენილი პიროვნება იყო, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც კოსმოსში გავიდა პირველი ქართული და ჯერჯერობით ერთადერთი კოსმოსური ობიექტი.

_ თქვენს პოპულარობას თქვენი პოლიტიკური კარიერაც ემატებოდა. როგორ მოხდა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს უკანა პლანზე გადახვედით?

_ ვეცდები მარტივად გაგცეთ პასუხი. იმ მოწვევის პარლამენტში ჩემი დეპუტატობის ვადა რომ იწურებოდა, ზურაბ ჟვანიამ შემომთავაზა, დავრჩენილიყავი პოლიტიკურ არენაზე. უარი ვუთხარი და ავუხსენი, რომ სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში ცოდნის ძალიან დიდ კაპიტალს ვდებდი, ხოლო მეცნიერი, რომელიც ოთხი წელიწადის განმავლობაში ჩამოსცილდება თავის ძირითად პროფესიას, პოლიტიკური მოღვაწეობის კიდევ ოთხ წელიწადს თუ დაუმატებს, ამით ხაზს გადაუსვამს თავის მეცნიერულ კარიერას.

პარლამენტიდან მეცნიერებაში მობრუნების შემდეგ მე, მაგალითად, ორი-სამი წელიწადი დამჭირდა, რომ ფორმაში შევსულიყავი.

ჩემი არგამოჩენა საზოგადოებრივ ასპარეზზე არ მადარდებს. მთავარი საქმის კეთებაა.

აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ ის საქმენი, მხოლოდ რამდენიმე, მხოლოდ ამორჩევით, რომლებიც ელგუჯა მეძმარიაშვილს უკეთებია.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მას თავისი წვლილი აქვს შეტანილი ორი კოსმოსური სისტემის პროგრამების განხორციელებაში. მისი გვარი ჩაწერილია სამხედრო-კოსმოსური ტექნიკის 65 გენერალური კონსტრუქტორის სიაში, რომლებიც ამ დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან. ერთი სამუშაო უკრაინის აკადემიის პრეზიდენტთან პატონთან ერთად კორილიოვის სახელობის სამეცნიერო გაერთიანება “ენერგიაში” განახორციელა. მეორე ორბიტულ სადგურ “მირის” რესურსის გაგრძელებასთან იყო დაკავშირებული, როცა “მირზე” დადგეს ცნობილი კონსტრუქცია “საფურა”, რომელზეც  დაამაგრეს ძრავა, რითაც გაუმჯობესდა კოსმოსში მისი ორიენტაციის უნარი.

ამჟამად ბატონი ელგუჯა ორი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო-საიერიშო ხიდების კონსტრუქციებზე, რომლებიც T-72 ტანკზეა დამონტაჟებული და 2-3 წუთის განმავლობაში გაიდება ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად.

მეორე მიმართულება საქართველოს სამხედრო ორგანიზაციის ძირითადი პრიორიტეტებია. ამ თემატიკაზე იგი ორი მოხსენებით წარსდგა მეცნიერებათა აკადემიაში და თავდაცვის სამინისტროში, რომელთაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ასე და ამრიგად, რესპონდენტმა დიპლომატურად გვერდი აუარა ჩემს შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას და მაგრძნობინა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში უკანა პლანზე გადასვლა მისთვის ნულოვანი მნიშვნელობის სიდიდეა.

კეთილი და პატიოსანი.

იქ, მეცხრე ცაზე ზემოთ

კოსმოსურ საქმეებზე გადავიდეთ, რომლებიც მედროვეთა მცდელობის მიუხედავად ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ქართული სამეცნიერო-ტექნიკური აზროვნებისა და პრაქტიკის თვალსაჩინო მოვლენა.

ამ საქმის გვირგვინი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გასვლა იყო, როგორც ვთქვით, ზუსტად თხუთმეტი წლის წინათ.

_ კოსმოსში გასვლის პირველმა დღემ კურიოზის გარეშე ვერ ჩაიარა: კოსმონავტს შეეშალა და 27 ვოლტიანი ბუდის ნაცვლად 7 ვოლტიან დენის წყაროში ჩართო ჩვენი რეფლექტორი, მაგრამ ობიექტი სამმაგი დუბლირებით იყო უზრუნველყოფილი და მალევე ყველაფერი გასწორდა _ 28 ივლისს ყველამ დაინახა (რადგან პირდაპირ გადაიცემოდა ტელეეთერში), რომ რეფლექტორი გაიშალა. ეს მოვლენა შევიდა კოსმონავტიკის ისტორიის ქრონიკათა ძირითად ჩამონათვალში (აღწერილია მრავალი ქვეყნის კოსმონავტიკის ენციკლოპედიებში), ასევე, აღინიშნა როგორც ახალი ეტაპის დასაწყისი ორბიტაზე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების დიდი რეფლექტორების შესაქმნელად.

_ ეს _ საერთაშორისო მასშტაბით. საქართველოსთვის თუ ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა?

_ საქართველოსთვის მართლაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი დიდი სახელმწიფოც კი მხოლოდ ვიმპელებს ატანდა კოსმონავტებს და ამით აფიქსირებდა თავის ხელქმნილ ყოფნას კოსმოსში. ამას ზეიმობდნენ.

ქართველებმა შევძელით ორბიტაზე გაგვეტანა მაღალტექნოლოგიური, უნიკალური პროდუქცია, რომელმაც სრულად გაამართლა, რაც მსოფლიომ აღიარა.

ამის შემდეგ იყო კოსმოსური სისტემების შექმნის სამუშაოები “დაიმლერ-ბენც აიროსპეისთან”, იტალიურ კომპანია “ალენია სპაციოსთან”; ევროპული ტენდერი, რომელიც მოვიგეთ, მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ შეცვალა რეფლექტორის ფიგურა და კომპოზიცია, რათა თითქოს გააიაფა თავისი კონსტრუქცია. მაშინ იძულებული გავხდით გამოვსულიყავით ტენდერიდან, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ აღნიშნული ცვლილებები არ გაამართლებდა. ასეც აგიხდათ ყველაფერი კარგი _ ის რეფლექტორები არ გაიშალა.

ევროპულმა სააგენტომ გვთხოვა, რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა ამ საკითხებზე. სააგენტოს ეგიდით თბილისში გაიმართა პირველი კონფერენცია, მეორე წლეულს ჩატარდება; დამზადდა სამი კონსტრუქცია აღნიშნულ სააგენტოსა და მიუნჰენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ახლოდან დანახული რეფლექტორი

ბატონი ელგუჯა პოპულარულად, პროფესიული დეტალებისა და ტერმინოლოგიის გვერდის ავლით მიხსნის, რომ მის მიერ შექმნილი კოსმოსური ანტენა ნემსივით ზუსტადაა მიმართული იმ ობიექტისადმი, რომელიც მოცემულ მომენტში ჩვენი ინტერესის საგანი შეიძლება იყოს.

_ რაღაც წერტილოვანი დაბომბვის მსგავსი?

_ (ეღიმება) შეიძლება ასეც ითქვას. სწორედ ეს არის ჩვენი რეფლექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

ანტენები კოსმოსური აპარატის საბარგულიდან (რომლის განივი გაბარიტები მაქსიმუმ 4 მეტრია) გამოსვლის შემდეგ 100 მეტრამდეც კი შეიძლება გაიშალოს. ქართული კონსტრუქციის ანტენა ამის შესაძლებლობას იძლევა, ყველაზე უფრო მსუბუქი და საიმედოა.

_ კოსმოსური ანტენები, _ გრძელდება შემეცნებით-განმარტებითი საუბარი, _ ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება სამხედრო-სტრატეგიული ამოცანების შეუცდომლად გადაწყვეტის საქმეს. მათი მეშვეობით ხდება, მაგალითად, ბალისტიური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის და შეტყობინების სისტემების სამხედრო ტექნიკის მართვა, წყალქვეშა ნავების კოორდინატების განსაზღვრა. ასევე _ დაკვირვება პლანეტებზე, ვარსკვლავებზე, კოსმოსურ სივრცეებზე; დედამიწის ფლორისა და ფაუნის შესწავლა, ინტერნეტის, სატელევიზიო, რადიოსიგნალების გადაცემა და უამრავი სხვა რამ, რაც დღეს ასე აუცილებელია კაცობრიობისთვის. კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორების პრობლემატიკას მეცნიერების ერთ-ერთი სპეციალური მიმართულება შეისწავლის.

დიდგორისადალაზიკისმოვლინება

_ როგორ მოხდა, ბატონო ელგუჯა, რომ ამ მნიშვნელოვანმა დარგმა ბოლო 9 წლის განმავლობაში სახელმწიფოებრივი დატვირთვის მქონე საქმიდან ეზოსგარე უყურადღებობის სივრცეში გადაინაცვლა? ხოლო ისეთი კომპილაციური ჯავშანტრანსპორტიორების გაკეთება, როგორებიც “დიდგორი” და “ლაზიკა” იყო უდიდეს მიღწევად გამოცხადდა?

_ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ის, რაზეც მიმანიშნებთ, პოლიტიკური შეკვეთა იყო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უნდა შეესრულებინა და რეზონანსიც პოლიტიკური ჰქონდა. ამან გადაინაცვლა ჟურნალისტიკის სფეროში, საზოგადოებაში და პოპულარული გახდა.

არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შეკვეთები, რომლებსაც ჩვენ უცხოეთიდან ვიღებთ, ემსახურება მეცნიერებას, და პოლიტიკურ საქმეთა იმ ჯგუფში არ დგას, სადაც ელემენტარულ ცვლილებას, რომელსაც იქ ადგილი შეიძლება ჰქონდეს, დიდ გამარჯვებად წარმოგვიდგენენ. ასეთია მეცნიერების ხვედრი და ჩვენ ამის გამო არ ვწუწუნებთ.

რაც შეეხება ჯავშანტრანსპორტიორების შექმნას საქართველოს რეალობაში, ჩემთვის ყველაფერი ბოლომდე გასაგები არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტანკ “აბრამსის” შექმნას 12-17 წელიწადი მოანდომეს. ჯერ გერმანიასთან ერთად დაიწყეს “ლეოპარდის” სისტემებთან შერწყმით, შემდეგ გაიყო, და მთელი ეს პერიოდი დასჭირდა ჯერ კვლევების, შემდეგ ლაბორატორიული, საველე გამოცდების ჩატარებას, კომპლექტაციას და ა.შ.  ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მოხდა, რომ ერთ წელიწადში, თუ რამდენიმე თვეში ასეთი სამხედრო ტექნიკა შექმნეს საქართველოში.

_ თქვენი ხელქმნილი კოსმოსური ობიექტის შესახებ ინფორმაციის ხანგრძლივმა დაბლოკვამ უარყოფითად ხომ არ იმოქმედა მის პოპულარობაზე?

_ შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ ისტორიული ფაქტია, რომ XX საუკუნის ბოლოს ქართული ხელქმნილი ნაკეთობა გატანილი იქნა კოსმოსურ ორბიტაზე, გაიშალა და მოძრაობდა. დაძლია დედამიწის მიზიდულობა და გავიდა უკიდეგანო სივრცეში. ასეთია რეალობა.

დღეს წინა პლანზე დგას საკითხები, თუ ვისთან ერთად ვმუშაობთ, რას ვაკეთებთ, როგორ მიდის საქმე. 2009 წელს ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ სამეცნიერო კონფერენცია თბილისში ჩაატარა 27 ქვეყნის მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტების მონაწილეობით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხელმძღვანელ ორგანოში დავარიგეთ მოსაწვევი ბარათები და მოსვლა ვთხოვეთ ამ სახელმწიფო სტრუქტურების თავკაცებს, სამი დღის განმავლობაში ვერცერთმა მათგანმა დასასწრებლად “დრო ვერ გამონახა”. არც პრესის, არც ტელეარხების ჟურნალისტები არ მოსულან.

გაჰკვირვებიათ მაშინ დიდად ევროპელ მეცნიერებს ასეთი დამოკიდებულება იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისადმი, რომელსაც ქართველი მეცნიერები კოსმოსის ათვისების დარგში ეწეოდნენ.

_ მხოლოდ ერთი ადამიანი მოვიდა, არქეოლოგი, იმდროინდელი მინისტრი ქართული დიასპორის საკითხებში, ბატონი იულონ გაგოშიძე, ისიც იმიტომ, რომ ერთმა ჩვენმა მეცნიერმა, ჩემმა ნამოწაფარმა, რომელიც გერმანიაში ქართულ სათვისტომოს უდგას სათავეში, მოიწვია და ამანაც ხათრი არ გაუტეხა.

ბედი გენერალური კონსტრუქტორისა

_ ამგვარი უყურადღებობის შემდეგ, _ განაგრძობს ელგუჯა მეძმარიაშვილი, _ არავითარი პრეტენზია არ გვაქვს პოპულარობაზე. ასეთია გენერალური კონსტრუქტორების ბედი.

გენერალური კონსტრუქტორი, როგორც წესი, იმ პოლიტიკოსის მოღვაწეობის პერიოდში არის პოპულარული, რომელსაც კარგად აქვს გასიგრძეგანებული მისი საქმიანობის მნიშვნელობა, და რაც გენერალური კონსტრუქტორისთვის ძალიან ცუდია, რადგან მოვა ქვეყნის სხვა ხელმძღვანელი, რომელსაც ხელს არ აძლევს წინამორბედის დროს გაკეთებული კარგი საქმეების აფიშირება და სრულ იგნორირებას უკეთებს მეცნიერსაც და მის საქმეებსაც.

მეძმარიაშვილი დარწმუნებულია, რომ როცა პოლიტიკოსების მონაცვლეობის, პოლიტიკური დუღილის დრო გაივლის, გენერალური კონსტრუქტორის ღვაწლიც უფრო სრულად წარმოჩნდება. ახლა კი წერს წიგნებს. სულ რამდენიმე თვეში დასრულდება შვიდწლიანი შრომა და გამოვა პირველი ქართული სამხედრო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი, რომლის სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი თავად არის. გაისად ამერიკაში გამოიცემა მისი წიგნი “ტრანსფორმირებადი გასაშლელი სისტემები დედამიწაზე და კოსმოსში” (ინგლისურ ენაზე).

გერმანიაში გამოცემული აქვს წიგნი სამხედრო ხელოვნებაში _ არაპირდაპირი სტრატეგიის ანალიზი, რომლის ციტირებაც მოკლე დროში მოხდა, ასევე, ორი მონოგრაფია – მათ შორის, საქართველოს სამხედრო-საინჟინრო დოქტრინის საფუძვლები და ა.შ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე წელია შემოღებულია ახალი დისციპლინა _ ტრანსფორმირებადი სისტემები (კურსს ელგუჯა მეძმარიაშვილი უძღვება);  სამხედრო მეცნიერების დარგში დოქტორის აკადემიური ხარისხი. ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით პირველად სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში ორიოდ კვირის წინ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გენშტაბის დღევანდელმა უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. მეორე იყო ზურაბ ლაოშვილი, რომელმაც სამგანზომილებიანი სამხედრო-საინჟინრო რუკა შეადგინა.

_ კიდევ ერთ წიგნსა ვწერ. ესაა ჩემი ჩანაწერები იმ ფაქტების და მოვლენების შესახებ, რომელთა მოწმე და მონაწილეც ვყოფილვარ.

არადა, ბევრი რამ ისეთი უნახავს, რის შესახებაც ფართო საზოგადოებრიობას მხოლოდ მიახლოებული წარმოდგენა აქვს.

_ საბჭოთა კავშირში გენერალური კონსტრუქტორები გასაიდუმლოებულები იყვნენ

_ ისეთ შეკითხვებს იძლევით… პირდაპირ გეტყვით: საზღვარგარეთ, არცერთ ქვეყანაში ნამყოფი არ ვარ. როცა ამის სურვილი გამაჩნდა, მაშინ საიდუმლოების ყველაზე მაღალი გრიფი მქონდა მონიჭებული. მაგალითად, “დაიმლერ-ბენც აიროსპეისმმა” სამუშაოდ მიმიწვია. ვერ წავედი არა მარტო იმიტომ, რომ “გაუსვლელი” ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ინსტიტუტის ბედი ბეწვზე ეკიდა და მისი დახურვის საშიშროება სავსებით რეალური იყო.

დღეს ეს გრიფი თითქმის მომეხსნა, მაგრამ უკვე 65 წელს გადაცილებული ვარ და სადმე გასვლის განწყობაც არ გამაჩნია.

_ დრო შეიცვალა, ხელისუფლების დამოკიდებულება თქვენი მეცნიერებისადმი დღეს როგორია?

_ რა თქმა უნდა, შეიცვალა. რეალურად შეიცვალა. ინსტიტუტის თემატიკა შეისწავლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. დაისახა კონკრეტული სამუშაოები და მათი შესრულების გზები.

თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა ორმხრივი მიმართულებისაა. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებშიც ჩართულია მეცნიერებათა აკადემია, ტექნიკური უნივერსიტეტი, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. მთავარი მიმართულება ორია: პირველი _ საიერიშო ხიდების შექმნაა. უკვე ძალიან ახლოა პერიოდი, როცა ქართველები გამოუშვებენ ამ ხიდებს. მეორე, ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციის ძირითადი პრიორიტეტებია. ამ სამუშაოების შესრულება კომპლექსური ხასიათისაა და მას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აკონტროლებს.

_ მივადექით ფინალს და ახლა მაინც ვუთხრათ მკითხველებს, რა წოდებები გაქვთ მონიჭებული.

_ სამხედრო წოდებით გენერალ მაიორი ვარ. სამეცნიერო წოდებები ასეთია: ვარ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის და გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი,  მონიჭებული მაქვს 15 სახელმწიფო და საუწყებო ჯილდო, მათ შორის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.

არმაზ სანებლიძე

P.S. ჩვენს დღევანდელ საზოგადოებას, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობის აღდგენა აწუხებს, უმეტესად, სამართლებრივ სივრცეში _ წართმეული ქონების დაბრუნება იქნება ეს, თუ უსამართლო განაჩენების გაუქმება.

მაგრამ სამართლიანობა მეცნიერების სფეროშიც რომ უნდა აღდგეს, უეჭველია.

ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია, მგონი, გვიდასტურებს, რომ ამის გაკეთება გადაუდებლად აუცილებელია.

თქვენ კი, ბატონო ელგუჯა, გილოცავთ იუბილეს!

 

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here