Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ლასურაშვილი): საქართველოს მოსახლეობა დადგება იმ გულსაკლავი მოვლენის წინაშე, რომელსაც უცხოელის...

მამა დავითი (ლასურაშვილი): საქართველოს მოსახლეობა დადგება იმ გულსაკლავი მოვლენის წინაშე, რომელსაც უცხოელის მონობა ჰქვია!

806

რამდენიმე დღის წინათ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი უცხოელებზე მიწის მიყიდვის თაობაზე. ამ ამბავმა ქვეყნის მოსახლეობა შეაშფოთა. განცხადება საქართველოს პატრიარქმაც გააკეთა. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხებზე  სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი, მამა დავითი (ლასურაშვილი) გვესაუბრება.


_ მამაო დავით, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მისაღწევად საჭიროა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ID პირადობის მოწმობა. ცოტა ხნის წინათ კი საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებზე მიწის გაყიდვის მორატორიუმი გააუქმა. ამ ამბავმა ხალხი აღაშფოთა. პატრიარქმა კი სპეციალური განცხადება გააკეთა.

_ ქართველი კაცისთვის, ამ მცირემიწიანი ერისთვის, ომებში გაწამებული ქვეყნის მკვიდრთათვის, მიწა-წყალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს ცდილობენ, გაცვეთილ ფრაზად წარმოაჩინონ, რომ მიწის ყოველი გოჯი გაპოხილია ქართული სისხლით, მაგრამ ეს რეალობაა. უცხოეთის გავლენით სხვაგვარად  მომართული ადამიანების გონება ამას ვერ ეგუება და ასეთი ფრაზები მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოების კუთვნილებად მიაჩნიათ.

მურმან ლებანიძის ლექსს გაგახსენებთ: «არავითარი სხვა სამშობლო არ გამაჩნია»… საქართველო ულამაზესია, ამ სილამაზის მიღმა არის დიდი კულტურა და მიწა-წყლის უდიდესი სიყვარული. ერები, რომლებსაც სხვა ტრადიციები აქვთ, საკუთარი ქვეყნის მთლიანობას განსაკუთრებით იცავენ, იცავენ ყოველ გოჯ მიწას. ერთი მტკაველით საზღვრის გადაწევამ, შესაძლოა, სახელმწიფოებს შორის ომის დაწყება გამოიწვიოს.  ასე იყო საქართველოშიც. ქართველი საკუთარ მიწას ოფლითა და სისხლით იცავდა.

მინდა მოგითხროთ, როგორ გადავიდა თავდაპირველად მიწა სახელმწიფოს გამგებლობაში. ძველ აღთქმაში მოსე წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მამამთავარ იაკობის შვილი, იოსები, ეგვიპტის ფარაონის კარზე აღმოჩნდა, სადაც მეორე პირი იყო. მისი იქ ყოფნის პერიოდში პირველი შვიდი წელი უხვმოსავლიანი აღმოჩნდა, ხოლო შემდგომი შვიდი წლის განმავლობაში მოსავალი საერთოდ არ მოვიდა. იოსებს გონება უჭრიდა. იმ შვიდ წელიწადში, როდესაც მოსავალი უხვი იყო, აუარებელი ხორბალი მოიმარაგა და სახელმწიფო ბეღლებში დააბინავა, შემდეგ შვიდ წელიწადს კი, როდესაც მოსავალი აღარ მოვიდა და ხალხმა შიმშილი დაიწყო, იოსებმა ხორბლის გაცემა დაიწყო. ხალხი მისგან ხორბალს ჯერ ვერცხლით (ფულით) ყიდულობდა, შემდეგ _ შინაური ცხოველებით, ბოლოს კი მიწაზე ცვლიდა, ანუ მოსახლეობა მიწას სახელმწიფოს გადასცემდა. სწორედ აქედან დაიწყო მიწის გადასვლა სახელმწიფოს გამგებლობაში. ამ პერიოდიდან დაკანონდა, რომ მიწით სარგებლობისთვის მოსახლეობას გადასახადი უნდა გადაეხადა. დღეს ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული პროცესი მიმდინარეობს. მოსახლეობას უჭირს, ფული გამოელია და ზოგიერთმა მოქალაქემ უცხოელებზეც დაიწყო მიწის მიყიდვა. სახელმწიფო კი ამ საშიშ მოვლენას ჯეროვან შეფასებას ვერ აძლევს და არ არეგულირებს.

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ ეს საქმეო და მძიმე, კაბალურ პერსპექტივას სთავაზობს მოსახლეობას. გვეუბნებიან, ეს საფრთხეს არ შეიცავსო. პატრიარქი, რომელიც მაღალი სულიერებით გამოირჩევა და ადამიანური სიბრძნის თვალსაზრისითაც უდიდესი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებული და მტკივნეული საკითხების დროს თავის პოზიციას გამოხატავს. მან თავისი პოზიცია გამოხატა რეგიონული და ანტიდისკრიმინაციული კანონების მიმართ და ასევე მოიქცა ახლაც, როდესაც მიწების გასხვისებაზე მიდგა საქმე.

ჩვენ ვხედავთ, რომ ვართ პატარა ნაწილი გლობალური მოვლენებისა, მაგრამ არის მომენტები ქვეყნის ცხოვრებაში, რომელთაც განსაკუთრებული პრინციპულობით უნდა მიუდგნენ ადამიანები. პატრიარქმა ბრძანა: «თავისთავად მისასალმებელია უცხო კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რადგან ამის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია, მაგრამ ეს პროცესები უმართავი არ უნდა გახდეს. მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი სიმდიდრის, ჩვენი მიწაწყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მომსახურე პერსონალად გადაქცევა. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომლებსაც ეკუთვნით აქაური დოვლათი და სიკეთე, აღარ ჰქონდეთ სამეწარმეო რესურსის გამოყენების საშუალება. ვთხოვ ხელისუფალთ, ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, შეიმუშაონ სათანადო რეგულაციები, რათა განეიტრალდეს მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები, მით უმეტეს, რომ კონსტიტუციის 21- მუხლის დღევანდელი რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლევა».

_ საქართველოს პატრიარქი განცხადებებს პოლიტიკურ თემებზე იშვიათად აკეთებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას მის ჯიბრზე იღებს და არა მხოლოდ ხელისუფლებაროცა საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი, პატრიარქმა თქვა, ევროპაში ჩვენი კულტურა უნდა გავიტანოთო, მეორე დღეს კი აშშის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩვენი კულტურა არ აინტერესებს

_ ჩვენთვის მიწა-წყლის განცდა ინსტიქტამდეა დასული. დღეს მას დაცვა რომ სჭირდება და ამის მტკიცება გვიწევს, უკვე კატასტოფაა, თანაც ხელისუფლება ხალხის ტკივილს არად აგდებს, ყურად არ იღებს პატრიარქის შეგონებასაც, რომელიც სახელმწიფოებრივი ცნობიერების დეფიციტის შედეგია. მღვდელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და ჩვენც გვტკივა გული, ამიტომ ამ ქვეყნის ტრადიციებს ყოველთვის დავიცავთ.

ჯო ბაიდენმა მართლაც თქვა, რომ მას ჩვენი კულტურა არ აინტერესებს და  გეებისა და ლესბოსელების დაცვა ეროვნულ კულტურაზე მაღლა უნდა დავაყენოთ.

დღეს ეს თემაა უპირატესი მსოფლიოში. ასე გახრწნილი ადამიანები ვერც საკუთარ კულტურას დაიცავენ, ვერც ტრადიციებს და მათთვის ღირებული აღარაფერი იქნება. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას სასულიერო პირები ვამბოდით, რომ ამ კანონის შემდეგ ქართული და ქრისტიანული კანონები იქნება უარყოფილი, იმავეს ვიტყვით დღესაც. საქართველოს მოსახლეობა აუცილებლად დადგება იმ კრიტიკული და გულსაკლავი მოვლენის წინაშე, რომელსაც უცხოელის მონობა ჰქვია.

ჩვენ ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრები და ნუ ავიღებთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც წევრ ქვეყნებს ეკისრებათ, ჩვენ ვერ გავხდებით სხვა ქვეყნების იდენტური. ევროკავშირი თუ ასეთ რამეს ითხოვს ჩვენგან, . . ის არ ყოფილა პლურალისტური, პირიქით _ ის წნეხის ქვეშ ამყოფებს ქვეყნებს და უფლებას არ აძლევს, რელიგიური და ეროვნულ ნიშნები წინ წამოსწიოს. ამ ყველაფერზე გული მტკივა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ერმა ხმა უნდა ამოიღოს, ეს აუცილებელია!

_ საქართველოს ისტორიაში იყო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მართვის სადავეები ეკლესიას ჰქონდა. შესაძლებელია თუ არა, რომ ასეთი რამ კვლავ მოხდეს?

_ ეკლესია რჯულის კანონით ხელმძღვანელობს, რომელშიც წერია, რომ სასულიერო პირებს არ აქვთ უფლება, იყვნენ ქვეყნის მმართველობაში. საქართველოში ასეთი რამ ადრე მოხდა, მაგრამ ეს კანონთან შესაბამისი არ ყოფილა, კვიპროსშიც მოხდა და იქაც არ შეიძლებოდა.

ახლახან მიღებული კანონები ქვეყნისთვის სასიკვდილო განაჩენია, თუმცა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ამას ასე ვერ ხედავენ. კიდევ ვიმეორებ, მათი საქციელი სახელმწიფოებრივი ცნობიერების დეფიციტზე მეტყველებს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჯერ არ ვიცით, 27 ივლისს ხელი რაზე მოაწერეს. ყურადღებით ვუსმენდი იმ დღის მოვლენებს, ყველა ჟურნალისტი ამბობდა, რომ ჯერ არ ვიცით, დოკუმენტში რა წერიაო. საინტერესოა, ცარიელ ფურცელზე მოვაწერეთ ხელი და შემდგომში ჩაგვიწერენ, რა უნდა ვაკეთოთ?

ერთადერთი სიტყვა, რომელიც წინა და ახალმა ხელისფლებამ კარგად შეითვისეს, არის «საუცხოო», ისინი მხოლოდ უცხოების დასანახავად აკეთებენ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას არ გამოადგება.

გავურთხილდეთ ჩვენს ქონებას, რომელიც ღვთისგან ნაბოძებია. ეკლესიაში წყალი რომ შემეყვანა, უმორჩილესი თხოვნა გავუგზავნე ვიღაც უცხოელს.

ყური უგდონ ეკლესიას, რომელზეც დგას სახელმწიფოებრივი აზროვნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო თავზე დაგვემხობა. სასიკვდილო გადაწყვეტილებების მიღება ღალატს ნიშნავს. ჩვენ არ გვსურს, ვინმე მოღალატედ განიხილებოდეს. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინ მთავრობას ვთხოვე, ხალხის, ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არ წასულიყო. ახლაც თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მივმართავ, რომ ერისა და ეკლესიის ტკივილი გაითავისოს, ნუ გაწირავს სამშობლოს, მომავალი თაობის წინაშე ქვეყნის მტრად ნუ წარმოჩინდება. საბერძნეთი დღესაც ტირის იმის გამო, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა, მათ შეცდომას ნუ გავიმეორებთ!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here