Home რუბრიკები პოლიტიკა რამდენად საშიშია «ევროეიფორია»?

რამდენად საშიშია «ევროეიფორია»?

518

27 ივნისს, ხანგრძლივი და ერთობ ნერვული პრელუდიის შემდეგ, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. რას მოუტანს ეს ქვეყანას და რამდენად გამართლებულია ის ეიფორია, რომელშიც პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების ნაწილი ჩავარდა?


ასოცირება ისე არ მოდის

საქართველოში ფართოდ გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროდ, ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირში გაწევრების გარანტიებს არ ქმნის. მართალია, დოკუმენტის პირველ ვარიანტში იყო ჩანაწერი, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს (აგრეთვე, უკრაინისა და მოლდოვას, მათ ხელშეკრულებებში) შემდგომ გაწევრებაზე ევროკავშირში, ხოლო ასოცირება განიხილებოდა, როგორც ნაბიჯი ამ გზაზე, მაგრამ შემდგომ ბრიუსელმა ეს ფორმულირება ტექსტიდან ამოიღო. თუ თვალს გადავავლებთ იმ ქვეყნების სიას, რომელნიც ევროკავშირის ასოცირებაზე თუ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე, რომ მათი დიდი ნაწილი ევროკავშირის წევრი აპრიორი ვერ გახდება, კერძოდ კი: ალჟირი, ეგვიპტე, იორდანია, კანადა, ლიბანი, მაროკო, მექსიკა, ტუნისი, ჩილე, სამხრეთ კორეა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. აგრეთვე, ეკვადორი, კოლუმბია, პერუ, სირია და საუდის არაბეთი, რომლებთანაც მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. თუ სიტუაციას რეალური პოლიტიკის და გეოგრაფიის ერთობ ცინიკური რაკურსიდან შევხედავთ, ალბათ, დავრწმუნდებით, რომ საქართველოს არ აქვს შანსი, ევროინტეგრაციის გზაზე ყოფილი იუგოსლავიის «დარჩენილ» ქვეყნებს და, რაც მთავარია, თურქეთს გაუსწროს, რომელსაც ევროკავშირთან ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობის მრავალფეროვანი ხელშეკრულებები აკავშირებს, თუმცა ამ დროისთვის მისი ინტეგრაცია ევროკავშირში, ფაქტობრივად, დაბლოკილია. ასე რომ, ალბათ, გაცილებით მართებული იქნება არა ეიფორიული შეძახილებით, არამედ დაახლოებით ასეთი მოსაზრებით ვიხელმძღვანელოთ: ასოცირების ხელშეკრულება ხელს უწყობს დაახლოებას ევროკავშირთან (ეკონომიკური თანამშრომლობა, კანონების დაახლოება, რისთვისაც იუსტიციის სამინისტროში სპეციალურ დეპარტამენტს ჩამოაყალიბებენ დაა . .), მაგრამ მასში გაწევრიანების გარანტიებს არამც და არამც არ ქმნის.

ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი არ შეუწყოს ცრუ მოლოდინების გავრცელებას, რადგან ეს სტრატეგიულ პერსპექტივაში მოსახლეობის იმედგაცრუებასა და გაღიზიანებას მოუტანს; ტაქტიკური პროპაგანდისტული ეფექტისთვის ეს გაუმართლებლად დიდი საფასურია.

ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კეთილდღეობასთან და, მარტივად რომ ვთქვათ, «კარგ ცხოვრებასთან» ასოცირდება. თუმცა დეტალური მსჯელობა იმაზე, თუ რას მოგვიტანს ხელშეკრულება ამ კუთხით ჯერჯერობით ნაადრევი ჩანს. ეს ვერც წლის ბოლოს მოხერხდება, რადგან ახალი ნორმების დანერგვას და ქართული ეკონომიკის ადაპტირებას მათ მიმართ გარკვეული დრო დასჭირდება. რეალურად, არგუმენტირებული საუბრის დაწყება ამ თემაზე შესაძლებელი მხოლოდ 2-3 წლის შემდეგ, შესაბამისი სტატისტიკის საფუძველზე გახდება. საუბარი ზოგად, სტრატეგიული ხასიათის ტენდენციებზე მოითხოვს შეცვლილ პირობებში სავაჭრო ბალანსის დაკვირვებას, უცხოური ინვესტიციების მოცულობის და მშპ-ს ზრდის ანალიზს. მაგრამ ვინაიდან ცვლილებებს ამ მაჩვენებლებში შეიტანს არა მხოლოდ (და არა იმდენად) ასოცირების ხელშეკრულება, არამედ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანობაში, ერთმნიშვნელოვანი, უაპელაციო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილის ავკარგიანობაზე, სავარაუდოდ, არც რამდენიმე წლის შემდეგ გვექნება.

თუ ჩვენ ერთგვარ «საშუალო არითმეტიკულამდე» დავიყვანთ ეკონომისტების ოპტიმისტურ და პესიმისტურ პროგნოზებს «ევროასოციასთან» დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მივალთ დასკვნამდე, რომ არანაირი დრამატული, «არიქა, გვეშველა! ან «არიქა, დავიღუპეთ!» ტიპის ცვლილებები არ მოხდება. ბიზნესმენების ნაწილი შეიძლება დაზარალდეს ევროპული რეგულაციების დანერგვის გამო, ნაწილმა კი ახალ რეალობას ალღო სწრაფად აუღოს და, შესაბამისად, მოგება ნახოს. მაგრამ საბოლოო ჯამში, გზა კეთილდღეობაზე არა რომელიმე, თუნდაც საზეიმოდ ხელმოწერილ, დოკუმენტზე გადის, არამედ ქართული ეკონომიკის გამართულ ფუნქციონირებასა და ზრდაზე, რომლის მიღწევას გაცილებით მეტი რამ სჭირდება, ვიდრე ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორში ევროპული რეგულაციების დანერგვა. ასე რომ, ხელისუფლების ინტერესებშია, არ დაუშვას ნაპრალის გაჩენა ამომრჩეველთა მოლოდინებსა და რეალობას შორის, არც ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, არც სხვა შედარებით მცირე მასშტაბის საკითხებთან მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა. მუშაობა მასზე ჯერჯერობით არ დასრულებულა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილს აქვს განცდა, რომ ყველა ბარიერი ხვალ თუ არა ზეგ მოიხსენება, შესაბამისად, საფუძველი შემდგომი იმედგაცრუებისთვის ამ სივრცეშიც არის.

ხელისუფლებისთვის, აგრეთვე, მნიშვნელოვანია, სწრაფად და მკაფიოდ განუმარტოს საზოგადოების ეიფორიაში ჩავარდნილ ნაწილს, რომ ასოცირების ხელშეკრულება უსაფრთხოების არანაირ გარანტიებს არ ქმნის, რომ ეს არ არის მაპი, ხოლო ევროკავშირი, შესაბამისად, არ არის ნატო. წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფუძვლო კითხვა «რატომ არ გვიცავს ევროპაფართო მასებში შეიძლება ძალიან მალე გაჩნდეს.

დათვი არსად წასულა

გასულ კვირას, როდესაც ქართულ პოლიტიკას სადღეგრძელოების ტალღამ გადაუარა, ყველაზე საინტერესო და შინაარსიანი განცხადება, ალბათ, მაინც გააკეთა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში _ ზურაბ აბაშიძემ: «შეიძლება ითქვას, რომ ნემსის ყუნწში გავძვერით და ეს პერიოდი ძალიან ოსტატურად ჩავატარეთ. ამის მიღწევას ძალიან სერიოზული დანახვა უნდა. იმედი გვაქვს, ამას ჩვენი ოპონენტებიც დაინახავენ, საზოგადოების უდიდესი ნაწილიც დაინახავს, რადგან საზოგადოებაშიც იყო სკეპტიკური განწყობა, რომ იქამდე არ მიგვიშვებენ, ცხვირ-პირს დაგვამტვრევენ და ა. შ. საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ჩვენ ასე მშვიდობიანად მივედით 27 ივნისამდე. რომ არა საქართველოს ხელისუფლების მონდომება, ეს რომ მომხდარიყო წინა ხელისუფლების პირობებში, ერთი პროცენტი არ გვქონდა შანსი, რომ ჩვენ ასოცირებული ხელშეკრულება გაგვეფორმებინა. ასე იქნებოდა, რადგან ასეთი ურთიერთობები იყო მაშინ რუსეთთან _ უაღრესად მწვავე, სრული კონფრონტაცია», _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ «პალიტრა ტვ-ს» ეთერში.

ზოგადად, მოლოდინი რუსეთის მკვეთრ საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით საქართველოში თავიდანვე ერთობ გადაჭარბებული იყო. ის ეფუძნებოდა პარალელების გავლებას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან, იმის გათვალისწინების გარეშე, რომ უკრაინის ეკონომიკის მნიშვნელობა რუსეთისთვის გაცილებით (განუზომლად) დიდია. ამ მხრივ უკრაინისა და საქართველოს შედარება ერთმანეთთან, უბრალოდ, არ შეიძლება. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პრობლემა გახდა საბაბი «მაიდნისთვის» და რუსეთის ხისტი მოქმედების ერთერთ მიზეზად იქცა _ ეს მიზეზი არ იყო მთავარი და მითუმეტეს _ ერთადერთი.

თუ კრემლის დამოკიდებულებას პრობლემის მიმართ მარტივ ფორმულამდე დავიყვანთ, ის, ალბათ, დაახლოებით ასეთ სახეს მიიღებს: რუსეთს დიდად არ ანაღვლებს საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან (მითუმეტეს, რომ საუბარი გაწევრებაზე არ მიდის), მაგრამ ძალიან აწუხებს საქართველოს შესაძლო ინტეგრაცია ნატოში, რომლის შესაჩერებლად შეიძლება ყველაფერზე წავიდეს. ცხადია, კრემლს არ ხიბლავს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების «ევროასოცირება» და თავის გაღიზიანებას გამოხატავს კიდეც, თუმცა ამ შემთხვევაში, რეალური საფრთხე, ალბათ, იმდენად დიდი არ იყო, როგორადაც შეიძლება მოგვეჩვენოს აბაშიძის განცხადების გაცნობის შემდეგ.

თუმცა ზურაბ აბაშიძე, ალბათ, მართალია ყოფილი ხელისუფლების ევროინტეგრაციული პერსპექტივების შეფასებაში _ სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყო, აუცილებლად წარმოაჩენდა ასოცირების ხელშეკრულებას რუსეთთან ბრძოლის აქტად, რის შედეგადაც გაღიზიანებული ევროპელები, დიდი ალბათობით, პროცესს დაამუხრუჭებდნენ, ხოლო რუსები საპასუხო, საკმაოდ მტკივნეულ ზომებს მიიღებდნენ. რამდენიც უნდა ვაკრიტიკოთ ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის მოიქცა სწორად და აქტიურად შეეწინააღმდეგა «ევროასოცირების» განხილვას რუსეთთან კონფრონტაციის კონტექსტში. ამასთანავე, მან რუსეთს შესთავაზა კონსულტაციების გამართვა (აბაშიძე- კარასინის შეხვედრაზე) ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების მომავალზე, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ შეიქმნება. შეიძლება ითქვას, რომ კრემლი ამ ინიციატივით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა (და ეს რუსულ მედიაშიც აისახა). იმ ვითარებაში, როდესაც მოსკოვი ჩივის, რომ დასავლეთი და უკრაინის ახალი ხელისუფლება მისი ინტერესების სრულ იგნორირებას ცდილობენ, ქართული დიპლომატიის სიფრთხილე და ტაქტიკური წინდახედულობა, კრემლის გადასახედიდან, ასე თუ ისე, კონსტრუქციულად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთი სავაჭრო ურთიერთობებში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს და მის ბაზარზე შეღწევა ქართული ბიზნესისთვის გართულდება, თუმცა დეტალური საუბრის გამართვა ამ თემაზე უმჯობესი მას შემდეგ იქნება, რაც 7 ივლისს პრაღაში ორი ქვეყნის ექსპერტი ეკონომისტები ერთმანეთს შეხვდებიან და შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.

კონფრონტაციისთვის თავის მაქსიმალური არიდება, სწრაფვა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური «ხიდის» როლის შესრულებისკენ და ორივე მხარისგან მაქსიმალური ბონუსების მიღებისკენ დღევანდელი საქართველოსთვის, პრინციპში, ერთადერთი შესაძლებელი გონივრული ტაქტიკაა. ამ გზაზე მას ახალი გამოწვევა ელოდება, რომელიც თბილისში ჯერჯერობით სრულად გააზრებული არ არის. საქმე ისაა, რომ უთანხმოება ვაშინგტონსა და ბერლინს შორის, კერძოდ კი, აღმოსავლეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით სულ უფრო თვალშისაცემი ხდება და მისი იგნორირება უკვე შეუძლებელია. სინამდვილეში, უკვე დიდი ხანია, საქართველოსთვის და «ჩვენს ლიგაში მოთამაშე» ქვეყნებისთვის საუბარი ეხება არა ლავირებას აბსტრაქტულ «დასავლეთსა» და «აღმოსავლეთს» შორის, არამედ ლავირებას სამკუთხედში «ვაშინგტონი-ბერლინი-მოსკოვი». ამ სამიდან ნებისმიერი პოლუსის იგნორირება ჩვენისთანა ქვეყნისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. სააკაშვილის ხელისუფლება ამ ნიუანსს ვერ აცნობიერებდა და მკაცრად ბიპოლარულ, «ცივი ომის» დროინდელ მოდელს ეყრდნობოდა (რა ჩიხშიც შეიყვანა ამის შედეგად საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რითაც დაასრულა, ყველამ ერთად ვიხილეთ). საინტერესოა, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს მას ახალი ხელისუფლება? ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროინტეგრაციის (ან ნებისმიერი სხვა) მიმართულებით რამდენადმე ღირებული ნაბიჯების გადადგმა შეძლოს.

ევროპის ქვაკუთხედი

გასულ კვირას საქართველოში იმდენს საუბრობდნენ «ევროპულ არჩევანზე», რომ ორიოდე სიტყვა, ალბათ, იმ შინაარსზეც უნდა ვთქვათ, რომელსაც ამ სიტყვებს ვუკავშირებთ. მიუხედავად იმისა, რომ «ევროპული ფასადის» ცალკეულმა ელემენტებმა შეიძლება მოგვხიბლოს და მათ აღწერაზე უამრავი დრო დავხარჯოთ, ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე ევროპის ქვაკუთხედია კანონის უზენაესობის პრინციპი და მის გარეშე მთელი შენობა რამდენიმე წამში ჩამოიშლება. ევროპული არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, არის არჩევანი კანონის უზენაესობის სასარგებლოდ.

დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯის პრობლემის მიმართ თანამედროვე მსოფლიოში ორი ძირითადი მიდგომა არსებობს. ერთ-ერთის, პირობითად «ევროპულის», ფარგლებში ყველა საქმე, ყოველ მიზეზ გარეშე გამოძიებული უნდა იქნას, ხოლო ყველა დამნაშავე დაისაჯოს (ცხადია, დამოუკიდებელი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე). აფრიკულ და ლათინოამერიკულ ქვეყნებში კი, კაციჭამია დიქტატურების დამხობის შემდეგ, ხშირად სხვა გზით მიდიან _ ქმნიან «ჭეშმარიტების დადგენის და შერიგების კომისიებს» და ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულს, სასამართლოს ნაცვლად, იქ სწავლობენ და განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიების მუშაობის შედეგი (შესაბამის მასალებთან ერთად) საზოგადოებისთვის ნაწილობრივ მაინც ხელმისაწვდომი ხდება, დამნაშავეთა დიდი ნაწილის გასამართლება, როგორც წესი, ვერ ხერხდება _ ისინი ფორმალური თუ არაფორმალური ამნისტიით პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. ამას, ხშირ შემთხვევაში, დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების არდაშვების სურვილით ხსნიან.

ხელისუფლებას, რომელიც განხილულ პრობლემაზე ევროპულ არჩევანს არ აკეთებს, არ იძიებს უკლებრივ ყველა საქმეს, რომელიც ძველი რეჟიმის მსახურების სავარაუდო დანაშაულს ეხება და არ ასამართლებს მათ, ევროპულ ღირებულებებზე, გზაზე, არჩევანზე და ა. შ., საუბრის არანაირი უფლება არ აქვს. თუ ის კანონზე მაღლა ნებისმიერ პოლიტიკურ ფაქტორს აყენებს, ამით ქვეყანას არა ევროპისკენ, არამედ «მესამე სამყაროს» ჯუნგლებისკენ მიაქანებს.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით ძირითადი იდეა შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ჭეშმარიტი «ტესტი ევროპულობაზე» არის ხელისუფლებისა და საზოგადოების დამოკიდებულება სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების (სავარაუდო) დანაშაულის მიმართ. თუ ჩვენ თავს ნამდვილ ევროპელებად ვთვლით და, შესაბამისად, კანონის უზენაესობის პრინციპს ვეყრდნობით, სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. ყველაფერი დანარჩენი  ბელეტრისტიკაა, თავისი გადაჭარბებული ეიფორიით, უსაფუძვლო ფანტაზიებითა და პოლიტიკოსების პროპაგანდისტული ხრიკებით, რომელთა განხილვაზე დროის დახარჯვა ნამდვილად არ ღირს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here