Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: თავხედობს ხელისუფლება, როდესაც ქართველ ხალხს ზეიმს უწყობს და ატყუებს, რომ...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: თავხედობს ხელისუფლება, როდესაც ქართველ ხალხს ზეიმს უწყობს და ატყუებს, რომ თავზე დაგვეყრება ევროკავშირიდან გამოგზავნილი დიდძალი თანხა!

513

ბოლო ხანს განვითარებული პროცესებიდან ყველაზე აქტუალური ევროკავშირთან ასოცირებაზე ხელმოწერა იყო. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი:


_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ისმის განცხადებები, თითქოს საქართველო გახდა ევროპის წევრი. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები, მაგრამ ამ ყველაფრის საფუძველი უცოდინარობაა. ჯერ ერთი, საქართველო არასდროს ყოფილა ევროპის ნაწილი, არასდროს გვისარგებლია ევროპული ცივილიზაციით და, რაც მთავარია, საქართველოს ევროპასთან არასდროს ჰქონია ისეთი კავშირი, რომ ღარიბაშვილს საფუძველი ჰქონოდა, ეთქვა, 1000 წლის განმავლობაში ჩახუტებული ვიყავით ევროპასთანო. ძველი ევროპა როგორიც იყო, ეს ისტორიკოსებმა იციან და ცხადია, ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვს ამჟამინდელ ხელისუფლებას. როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ჩვენ ვბრუნდებით ევროპაში, სასაცილოა, ამიტომ ვურჩევ ისტორიკოსებს, სასწრაფოდ გამოუშვან ბროშურა, რომელშიც ასახული იქნება საქართველო-ევროპის ურთიერთობა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამდენი ტყუილი და სისულელე რომ აღარ ილაპარაკონ.

 სირცხვილია, როდესაც პრემიერმინისტრი ამბობს, ევროპის შუაგულში ვართო. რუკას მაინც დახედოს…  დროა, ჩვენი ხელისუფლება მორჩეს ზოგიერთი ფსევდოისტორიკოსის ნაბოდვარის გამეორებას, თითქოს ჩვენ ყოველთვის ევროპელები ვიყავით. ამ ხელისუფლებამ ისიც არ იცის, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ რუსეთის გავლით გადიოდა და, თუ ვინმემ გაიგო საქართველოს არსებობის შესახებ, ეს სწორედ რუსული გზით მოხდა, რომელიც არჩეული ჰქონდათ თერგდალეულებს და სხვებს.  საქართველო არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, გეოგრაფიულადაც არ «ზის~ ევროპაში. ამ ხელმოწერით, საქართველოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ევროკავშირი თავის საქმეს რომ იკეთებს, ცხადია. რაც მთავარია, ევროპას მიაჩნია, რომ მისი მეტოქე არის რუსეთი და ის კავშირი, რომელიც უკვე შეიქმნა ევრაზიული კავშირის სახით. თუმცა ჭკვიანი პოლიტიკოსები ამას სხვაგვარად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ ამ ორ ორგანიზაციას შორის თავისუფლად შეიძლება ურთიერთობის ჩამოყალიბება. აშშ-ხელს არ აძლევს არა მხოლოდ რუსეთისა და ევრაზიული კავშირის, არამედ ევროკავშირის გაძლიერებაც. აშშ კი გვერდით უდგას ევროკავშირს, მაგრამ ცდილობს, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში დომინანტი ვაშინგტონი იყოს და არა _ ბრიუსელი, ამიტომაც შეადგინა ამერიკამ გეგმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს გეგმა ჯერ დამუშავების პროცესშია და მიმართულია აშშ-ის მიერ ევროკავშირის ეკონომიკურ-პოლიტიკური დაკაბალებისკენ. ამერიკას არ სურს ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის დაახლოება, რადგან შესაძლოა, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, სწორედ ამერიკის ორგანიზებულია მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს შეუქმნას ბარიერი, რათა ამ ქვეყანამ არ იფიქროს რაღაც კავშირებზე. აი, ამ ჩახლართულ სიტუაციაში საქართველო ცუდადაა გაჩხერილი…

რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ ჩვენ არ ვიცით, რა ვითარებაა საერთაშორისო არენაზე. როდესაც დაიშალა სსრკ და აღმოვჩნდით დამოუკიდებელი, არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. არც იმ პერიოდში და არც დღეს არ გვყავს სპეციალისტები, რომლებმაც უნდა მართონ სახელმწიფო. ამიტომ ჩვენი უპირველესი ამოცანა გახდა ის, რომ ვიღაცას მივკედლებულიყავით და ამოვირჩიეთ აშშ, უფრო სწორად, ამერიკამ ამოგვირჩია საკუთარი ინტერესების გასატარებლად რუსეთის წინააღმდეგ. დიდი ხანია, მას სურდა კავკასიაში შემოსვლა, შემოვიდა, დაინახა, რომ ყველაზე სუსტი წერილი საქართველო იყო და ჩაიგდო ხელში.

 ამ ხელისუფლებამ ისიც არ იცის, რომ ასოცირებული წევრობა ბევრს არაფერს ნიშნავს. დღეს გაჰყვირიან, _ რადგან ასოცირებული წევრები ვართ, აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრიცო. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება, რადგან ვერასდროს დააკმაყოფლებს იმ სტანდარტებს, რომლებსაც მოითხოვს ევროკავშირი. იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გადააკეთოს მის მიერვე მიღებული სამოცამდე კანონი. თანაც მხოლოდ კანონის შეცვლა საქმეს ვერ უშველის _ მენტალურად უნდა შევიცვალოთ, ანუ საზოგადოება უნდა გადაკეთდეს. საზოგადოების გადაკეთებას, კანონის საკუთარ თავზე მორგებას კი სჭირდება ათწლეულები, მთელი თაობა. ჩვენ ძალიან შორს ვდგავართ ევროპელის ყოფითი ცხოვრებისგან და ეს ყოველ ნაბიჯზე ჩანს. ჩვენ არ ვიცით შრომა, მუშაობა. ევროპას კი მუშაობისადმი მკაცრი მიდგომები აქვს და ამიტომ, ქართველს თუ სურს ასეთ ფერხულში ჩაბმა, შინაგანად უნდა შეიცვალოს.

_ მაინც რას მივიღებთ ევროკავშირის ასოცირებული წევრობით?

_ ასოცირებული წევრობა ევროკავშირის წევრობას არ ნიშნავს. ეს გარკვეულ მომენტში შეიძლება მცირე დახმარება იყოს. საქართველო კი დიდ იმედს ამყარებს და სწამს, რომ ამ ყველაფრის წყალობით ავყვავდებით. ეს იმიტომ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, სად შევეტენეთ. არც ის ვიცით, რას მოგვიტანს ევროკავშირი და, როდესაც დაბეჯითებით ამბობენ, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი, ეს ჩვენი ხელისუფლების სრულ უვიცობასა და გაუნათლებლობაზე მეტყველებს. კი, ბატონო, ამ ასოცირებას დავარქვათ გარდამავალი პერიოდი, მაგრამ ეს შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ნახევარი საუკუნეა, თურქეთი ასოცირებული წევრია და არავინ იცის, ოდესმე მიიღებენ თუ არა ევროკავშირში. ევროკავშირი ამ ასოცირებული წევრობით გვეუბნება, შენს პროდუქციას  რუსეთში ვეღარ გაასაღებო. თუ საშუალება არ მომეცა, ჩემი მწირი საქონელი რუსეთში გავასაღო და ამის გამო ევროკავშირი თითს დამიქნევს, ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროზუ ამბობს, პატარა საქართველოს გაუჩნდება შანსი, შევიდეს დიდ ბაზარზე, სადაც 500 მილიონი ადამიანია. საქართველოს უვიცმა ხელისუფლებამ ეს ტექსტი აიტაცა…  მაინტერესებს, რა პროდუქციას აწარმოებს საქართველო, რომელიც შეიძლება ევროპის უაღრესად გაძეძგილ ბაზარზე გასაღდეს? ჩვენ დღეს გვაქვს საექსპორტო საქონელი _ ღვინო, ისიც მცირე რაოდენობით, და მინერალური წყალი. იმისათვის, რომ ჩვენი ღვინო შევიდეს ევროპის ბაზარზე, ევროპელი სპეციალისტები სინჯარებით ივლიან ჩვენს ღვინის ქარხნებში და შეამოწმებენ ხარისხს, როგორ და რა ყურძნით მზადდება და ა. შ., ანუ საკმაოდ სერიოზული ბარიერია გადასალახავი. კარგი, შევიტანეთ ღვინო, მაგრამ იყიდის კი ევროპელი ჩვენს ღვინოს? მისი გემოვნება ხომ სხვანაირია. ამიტომ ჩვენს ღვინოს უნდა დაეჩვიოს ევროპელი, რისთვისაც გამუდმებით რეკლამაა გასაკეთებელი ევროპულ მედიაში, ეს კი დიდძალ თანხებთანაა დაკავშირებული. ამას მეორე მხარეც აქვს, რატომ უნდა დაეჩვიოს ევროპელი ქართული ღვინის სმას, როდესაც ფრანგული, იტალიური და პორტუგალიურ ღვინოსაა მიჩვეული? შეიძლება ევრობაზარზე საერთოდ არც შეგვატანინონ ღვინო, _ ისედაც ბევრი გვაქვსო და მოგვთხოვონ სხვა რაღაცის წარმოება, რაც ჩვენთვის უცხოა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მინერალური წყლის გატანაც, რადგან ევროპულ მინერალურ წყალთან ქართული ვერ მივა, რადგან ისინი სხვანაირად ამუშავებენ. ჯერ კიდევ სსრკ-ის პერიოდში საქართველოში ჩამოვიდნენ ფრანგი სპეციალისტები, რომლებიც დაინტერესდნენ ბორჯომის  მინერალური წყლით და წაიღეს შესამოწმებლად. ცოტა ხანში ჩვენი დელეგაცია მიიწვიეს საფრანგეთში და უთხრეს, თქვენ თუ ამ წყალს სვამთ, გვიკვირს, დღეს ცოცხლები როგორ ხართო, ანუ ჩვენი წყალი ისე არ არის გაფილტრული და იმ კონდიციამდე არ არის მიყვანელი, როგორც ევროპული. გარდა ამისა, საქართველოს სოფლის მეურნეობა და პროდუქცია არ არის ისეთი დონის, რომ მოვხიბლოთ ევროპელი მომხმარებელი. მათ მოხიბვლას კი დასჭირდება უზარმაზარი შრომა, თანხა და დრო. მანამდე რა ქნას ისედაც გაღატაკებულმა ქართველმა ხალხმა? რუსეთთანაც ხომ დავკარგეთ ის მიზერული ბაზარი, რაც გვქონდა? ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ეზრუნა, რუსეთთან გაეფორმებინა ხელშეკრულება და არა ევროპასთან, რაც საკმარისი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის, თავი შევყავით იმ აბსტრაქტულ ეკონომიკურ კავშირში, რომელიც ჩვენთვის მრავალი ათეული წლის განმავლობაში არ იმუშავებს. გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს, რომ ევროპული საქონელიც შემოვა ჩვენთან და წალეკავს ჩვენს ბაზარს. ის რომ შემოიტანს თავის ღვინოს და ა. შ., რა დაემართება ჩვენსას? ამით ჩაკვდება ჩვენი სასოფლო-სამეურნეო წარმოება, თუკი რამე გვაქვს შემორჩენილი, და შეიძლება საერთოდ მოისპოს კიდეც. ღარიბაშვილმა კი თავხედურად განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა მოსახლეობის 85 პროცენტის გადაწყვეტილებააო. როდის ჩაატარა კვლევა ან ვის ჰკითხა აზრი? ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მხოლოდ ხელისუფლება გალაღდება. რაც შეეხება სამუშაო ადგილების შექმნას, ამაზეც გადაჭრით გეუბნებით, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები არ შეიქმნება, რადგან არც ერთი ჭკვიანი ევროპელი ბიზნესმენი ამ პატარა, სამმილიონიან ქვეყანაში ინვესტიციას არ ჩადებს. კარგი, დავუშვათ, შემოვიდა, ის თავის მუშახელს მოიყვანს.  ამის ტრადიცია უკვე დიდი ხნის წინათ დაამკვიდრა თურქეთმა, შემოდის თურქი ბიზნესმენი და შემოჰყავს თავისი მუშახელი. ამით, იცი, რა მოხდება? _ ქართველი საზოგადოების დამონება და გადაყვანა შავ საქმეზე, მონურ შრომაზე. ეს არის რეალობა და თავხედობს ხელისუფლება, როდესაც ქართველ ხალხს ზეიმს უწყობს და ატყუებს, რომ თავზე დაგვეყრება ევროკავშირიდან გამოგზავნილი დიდძალი თანხა. რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციას, ისე დაგვიმონებენ, პოლიტიკურ საკითხებში ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ. ვიდრე იარსებებს ევროკავშირი, დაკარგული გვექნება პოლიტიკური სუვერენიტეტი. ბრუსელი რომ ცდილობს, თავზე წამოაჯდეს ყველას, ინგლისი და სხვა ქვეყნები ამიტომაც აპირებენ ევროკავშირიდან გამოსვლას. ჩვენ რომ დავაპირებთ იქ გაწევრებას, იარსებებს თუ არა ევროკავშირი, ღმერთმა იცის. ამიტომაც ასოცირების ხელშეკრულებაზე  ხელის მოწერა გაუთვლელი და უჭკუო ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომელიც ზარმაცებს ახასიათებთ. ჩვენი ხელისუფლება ზარმაცია, არ შეუძლია ცოდნითა და გამოცდილებით ქვეყნის მართვა, მისი ერთადერთი ხსნაა, ქვეყანა სხვას გადააბაროს სამართავად და იყოს ევროპული ქოლგის ქვეშ შეყუჟული. ეს ჩვენი უბედურებაა!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here