Home რუბრიკები პოლიტიკა მარცხის ტოლფასი გამარჯვება

მარცხის ტოლფასი გამარჯვება

526

არცთუ შორეულ წარსულში, ჩვენი ნაკრების უნიათობის გადამკიდე, ქართველი საფეხბურთო კომენტატორების ლექსიკონში გაჩნდა ისეთი გამოთქმები, როგორიცაა «გამარჯვების ტოლფასი ყაიმი», «ყაიმის ტოლფასი მარცხი» და «გამარჯვების ტოლფასი მარცხიც» კი. ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა ზოგს შეიძლება სწორედ ეს ფრაზები გაახსენოს. ფორმალური თვალსაზრისით, «ქართულმა ოცნებამ» გაიმარჯვა და მისი ზოგადი დომინირება ქართულ პოლიტიკაში ეჭვს არ იწვევს, თუმცა არაერთი პროსახელისუფლო კომენტატორის პესიმისტური განწყობა მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ აღიქვამენ ამ გამარჯვებას, როგორც სრულფასოვანს, არამედ _ როგორც «ყაიმის ან, სულაც, მარცხის ტოლფას გამარჯვებას» _ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ცესკოს მონაცემებთან საგრძნობ წინააღმდეგობაშია.


უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ამომრჩეველთა დაბალ აქტიურობაზე უნდა ვისაუბროთ. საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით, ის დაახლოებით 3 %-ით შემცირდა და 43,31% შეადგინა, დედაქალაქში კი გაცილებით დიდი, 10-პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა; საარჩევნო უბნებზე თბილისელი ამომრჩევლების მხოლოდ 37,3% მივიდა. ეს, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.

ეს არჩევნები, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არ აღიქმებოდა, როგორც ესქატოლოგიური ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის, საყოველთაო მობილიზაციის სულისკვეთება ამ შემთხვევაში ნამდვილად არ იგრძნობოდა. ნეგატიური როლი, განსაკუთრებით «ქართული ოცნებისთვის» შეასრულა ფართოდ გავრცელებულმა მოსაზრებამ «ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილია», ამან სახლში არაერთი ამომრჩეველი დატოვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, ბოლო რეფორმის მიუხედავად, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებები მნიშვნელოვნად გააფართოვა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, არ აღიქვამს მას, როგორც სავსებით სერიოზულ და ეფექტიან სახელისუფლო რგოლს. კვლავინდებურად გავრცელებულია შეხედულებები, რომელთა თანახმად, ყველა რამდენადმე სერიოზულ საკითხს მაინც გადაწყვეტს ცენტრი გუბერნატორებზე დაყრდნობით, რომელნიც, ძველი სპარსეთის სატრაპების მსგავსად, რეგიონების ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებენ. ზოგადად, ეს მიდგომა არასწორი და დესტრუქციულია, მაგრამ ფაქტია, რომ ის არსებობს და ახდენს გავლენას, როგორც დამოკიდებულებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ, ისე შესაბამის არჩევნებსა და ელექტორატის აქტიურობაზე.

რაც შეეხება ცალკე თბილისს, აქ «ქართული ოცნების» და დავით ნარმანიას წინააღმდეგ, რომელმაც 46% მოაგროვა და აქედან გამომდინარე, პირველსავე ტურში ვერ გაიმარჯვა, კიდევ რამდენიმე ფაქტორმა იმუშავა. ხმების დაახლოებით 20% ნარმანიას არასაპარლამენტო ოპოზიციის სამმა კანდიდატმა _ დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ირმა ინაშვილმა და კახა კუკავამ _ წაართვა. ეს ხმები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის თანმიმდევრულ მოწინააღმდეგეებს ერგოთ, «ნაციონალების» ელექტორატის მერყევი ნაწილისგან ნამდვილად არ წამოსულა. მათი უდიდესი ნაწილი, 99%-იანი ალბათობით, იმ ამომრჩევლებს ეკუთვნის, რომლებმაც 2012 წლის არჩევნებში ხმა «ქართულ ოცნებას» მისცეს. ამ ამომრჩევლების ნაწილი მეორე ტურში მხარს, სავარაუდოდ, ნარმანიას დაუჭერს (ნაწილი არჩევნებზე არ მივა), თუმცა, ამის მიუხედავად, მმართველ კოალიციას მოუწევს სერიოზული დაფიქრება იმაზე, თუ რა განწყობა დგას ამ 20%-ის უკან. სავარაუდოდ, საქმე ეხება უკმაყოფილებას ხელისუფლების ფაქტობრივ უართან დაკავშირებით სამართლიანობის სწრაფ და ეფექტურ აღდგენაზე; უკმაყოფილებას მისი არასრულყოფილი, საეჭვო გადაწყვეტილებებით სავსე სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით, ნეპოტიზმითა და ზოგადი უნიათობით.

ბიძინა ივანიშვილი, საპრეზიდენტო არჩევვნებისგან განსხვავებით, დისტანცირებული იყო საარჩევნო კამპანიისგან, ნარმანიას უბან-უბან არ დაჰყვებოდა. ასე რომ, მისი ავტორიტეტის ფაქტორმა ამჯერად, სავარაუდოდ, შედარებით ცუდად იმუშავა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თბილისელი ამომრჩევლების ნაწილისთვის შემაფერხებელი გარემოება ნარმანიას არათბილისელობა აღმოჩნდა. ფაქტი ფაქტად რჩება _ მათი ცნობიერება და ღირებულებების სისტემა ასეა მოწყობილი, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ბიძინა ივანიშვილს თუ არა. მან გააკეთა თავისი არჩევანი და შედეგად (სუფთა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თორემ იურიდიულად ყველაფერი წესრიგშია) ლეგიტიმურობის დაბალი ხარისხის მქონე თბილისის მერი მიიღო. მარტივად რომ ვთქვათ, მოიმკო სწორედ ის, რაც დათესა. არის, აგრეთვე, ტექნოლოგიური ასპექტი, მიუხედავად იმისა, რომ «ქართულმა ოცნებამ» საარჩევნო კამპანია უხეში შეცდომების გარეშე ჩაატარა, მთლიანობაში ის საკმაოდ შაბლონური, უფერული (და საბოლოო ჯამში _ უნიჭო) გამოდგა; რაც მთავარია, მან «ოცნების» მხარდამჭერებში სამობილიზაციო სულისკვეთება ვერ გააღვივა.

«ნაციონალურმა მოძრაობამ», ერთი შეხედვით, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია _ მისი კანდიდატი მეორე ტურში გავიდა. თუმცა ეს წარმატება ძალზე ფარდობითია, რადგან, ჯერ ერთი, «ნაციონალებმა» ვერ შექმნეს პლაცდარმი ვერც ერთ რაიონში (მაგალითად, ზუგდიდში), რის იმედიც ნამდვილად ჰქონდათ. ამასთანავე, წარმატება-წარუმატებლობის ყველაზე და, შესაძლოა, ერთადერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს ყოფილი მმართველი პარტიისთვის წარმოადგენდა საქართველოს მასშტაბით მათი ამომრჩევლების რაოდენობის მატება ან კლება საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, რომელშიც დავით ბაქრაძემ 354 123 ხმა მიიღო (მათ შორის 92 693 _ დედაქალაქში). ამომრჩეველთა დაბალ აქტიურობას ამ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, რადგან როგორც წინა, ისე ამ არჩევნებზე «ნაციონალებმა» მხარდამჭერების ტოტალური მობილიზაცია ჩაატარეს. 2013 წლის არჩევნებთან შედარებით, მიღებული ხმების რაოდენობის შემცირება, თუნდაც რამდენიმე ათეული ათასით, «ნაცმოძრაობისთვის» იგივეა, რაც ადამიანისთვის 2-3 ლ სისხლის დაკარგვა. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ზარალის ანაზღაურება საკმაოდ გაუჭირდებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, დანაკლისი არის, მაგრამ ბირთვი შენარჩუნებულია. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს მასზე კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის გასამართლება (ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გახდება). ასე რომ, რეალურად, არაფერი აქვთ საზეიმო, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მათი კანდიდატის გასვლას მეორე ტურში გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

დაკვირვებისთვის ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, ამომრჩევლების ის უზარმაზარი 57%-იანი მასაა (თბილისში 63%-იანი), რომელიც უბნებზე არ გამოცხადდა. მათ შორის ყველა როდია ზარმაცი ან გაბუტული ივანიშვილზე, აქ არიან ის ამომრჩევლებიც, რომელთაც საბოლოოდ აუცრუვდათ გული «ქართულ ოცნებაზე», მაგრამ ჯერჯერობით ვერ იპოვეს ძალა, რომელსაც მხარს დაუჭერენ. ბევრი მათგანი ურყოფს არსებულ სისტემას მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, ბიპოლარულად განიხილავენ მას («ოცნება»-»ნაცმოძრაობა») თუ, რაც უფრო იშვიათია, ტრიპოლარულად ( უკვე ნახსენები ორი ძალა და არასაპარლამენტო ოპოზიცია). ისინი ეძებენ რაღაც სხვა, ახალ ძალას. გამორიცხული არაა, რომ მალე, უახლესი ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, მათი მოლოდინი პოლიტიკური მესიანიზმით გამსჭვალული გახდება და სტარტს მისცემს «ერის ნამდვილი მამის» ძიების ესოდენ ნაცნობ პროცესს. ეს თითქმის გარდაუვალი ჩანს, რადგან ადეკვატური ლიდერი, რომელიც ამ სეგმენტს აითვისებს, ავანსცენაზე ჯერჯერობით არ შეინიშნება.

მიუხედავად იმისა, რომ «ქართულმა ოცნებამ», ფორმალური თვალსაზრისით, ყველგან მოიგო, ხოლო ნარმანიას საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება, «ოცნების» ლიდერებისა და აქტიური მხარდამჭერების უკმაყოფილება მაინც აშკარაა. მათ მოიგეს არა ნოკაუტით, არამედ ქულებით და რეალურად (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან მიმართებაში) ხმა არც ისე ბევრმა მოქალაქემ მისცა. ვერაფერს ვიზამთ, ასე იცის უსაფუძვლო თავდაჯერებულობამ და კრიტიკის წაყრუებამ; ასე იცის ნეპოტიზმმა, არაპროფესიონალიზმმა და უტვინო ლაქიების დაწინაურებამ; ასე იცის დაუმსახურებელმა პრივილეგიებმა, ხელფასებმა და პრემიებმა; ასე იცის სამართლიანობის არაღდგენამ. ჩამონათვალის გაგრძელება დიდხანს შეიძლება, თუმცა ძირითადი იდეა, ალბათ, ისედაც გასაგებია. თუ «ოცნება» ამ არჩევნების გაკვეთილს ყურად არ იღებს, მომავალში ამომრჩეველი უარესად დასჯის.

როგორც იქნა, დასრულდა «დიდი საარჩევნო ციკლი» (საპარლამენტო- საპრეზიდენტო-ადგილობირივი) და, ყველა დაშვებული შეცდომის მიუხედავად, მმართველი კოალიცია ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს. მართალია, აქა-იქ შემორჩენილია «ნაციონალების» ცალკეული საკადრო «ნაკრძალები», თუმცა მათ ლოკალური ხასიათი აქვს. ამიერიდან «ოცნებას» ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება, ხოლო არგუმენტი «ნაციონალების» საბოტაჟის შესახებ, სავარაუდოდ, არ იმუშავებს (რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საბოტაჟს ადგილი არ ექნება).

იწყება ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი, რომლის ძირითადი თემა მმართველი კოალიციის ტრანსფორმაცია გახდება. კომენტატორები ორ ძირითად ვარიანტს განიხილავენ: მის ეტაპობრივ გადაქცევას მონსტრუოზულ «სახელისუფლო პარტიად», რაც საქართველოში არაერთგზის მომხდარა ან მის დაშლას მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის მქონე ნაწილებად (პროცესში სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩართვით), რაც შექმნის წინაპირობებს «ნორმალური მრავალპარტიულობისთვის» (ივანიშვილის რბილი ავტორიტარული კონტროლის პირობებში). პირველი ვარიანტი ტაქტიკურ პერსპექტივაში სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, თუმცა მომავალში აუცილებლად მოიტანს ფატალურ კრიზისს. მეორე ვარიანტი, პირიქით, ახლო მომავალში საგრძნობ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას დაუკავშირდება, მაგრამ საქართველოს გაცილებით ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის შექმნის შანსს მისცემს. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ ვარიანტს ჩათვლის უფრო მომგებიანად ბიძინა ივანიშვილი: ერთი მხრივ, სუსტი ქვეყნისთვის საშიშია ნებისმიერი დესტაბილიზაცია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ არსებული სისტემა (და შემდგომი სვლა აღმასრულებელ სტრუქტურებთან შერწყმული სახელისუფლო პარტიის შექმნისკენ) ვერ უზრუნველყოფს მართვის ისეთ ხარისხს, რომელიც მომავალში კრიზისების დაძლევის და ქვეყნის რამდენადმე სწრაფი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს.

თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რა ტიპის ურთიერთობა ჩამოყალიბდება მოსახლეობასა და მის მიერ (თუნდაც დაბალი აქტიურობის პირობებში) ყოველგვარი ძალდატანებისა და გაყალბების გარეშე არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. იქნება ეს თანასწორუფლებიანი პარტნიორობა და თანამშრომლობა თუ ჩამოყალიბდება ახალი ნეოფეოდალური სისტემა, რომლის ფარგლებში ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთს მტრულ ძალებად აღიქვამენ? ეს დამოკიდებულია არა იმდენად ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი ღარიბაშვილზე ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსზე, რამდენადაც უბრალო მოქალაქეებზე, რომლებმაც კონტროლი მათ მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე ერთი წამითაც არ უნდა დაკარგონ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here