Home რუბრიკები საზოგადოება მზე, ხალი და კიბოთი დაავადების რისკი

მზე, ხალი და კიბოთი დაავადების რისკი

2175

თბილისის ქუჩები და ტელეეკრანები გაბუტულმა გოგოებმა დაიპყრეს _ გაბუშტულტუჩებიანებმა, გუინპლენივით ყურებამდე გახეულპირიანებმა და შერუჯულ-გაშავებულმა სუსტი სქესის წარმომადგენლებმა. მოდის ზაფხული და სოლარიუმებიდან შავი ზღვის პლაჟებზე გადაინაცვლებენ ჩვენი ბიკინებიანი ლამაზმანები. 


დაიწყება მზის სხივებზე საკუთარი ჯანმრთელობის მსხვერპლშეწირვის მასობრივი რიტუალი. ექიმები გვაფრთხილებენ: «გარუჯვის მიზნით ადამიანები საათობით ეფიცხებიან მზის სხივებს. ერთ-ერთი უარყოფითი გავლენა, რომელიც ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება იქონიოს, კეთილთვისებიანი ხალის შესაძლო გადაგვარებაა ავთვისებიან სიმსივნედ _ მელანომად». ამ თემაზე სასაუბროდ რედაქციაში მოვიწვიეთ საქართველოს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების პათოლოგიების განყოფილების წამყვანი ონკოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე ჩირინაშვილი.

_ ერთი ასეთი ზოგადი შესავლით დავიწყებ საუბარს. შემდეგ გადავიდეთ კონკრეტიკაზე. გულსისხლძარღვოვანი პათოლოგიები მსოფლიოში და ჩვენთანაც პირველ ადგილზეა. შემდეგ მოდის ონკოლოგია, მაგრამ, თუ ონკოპრევენციით გამოსავალს ვერ ვიპოვით, თუ ნაადრევი მომართვიანობა არ იქნება, ონკოლოგიურმა დაავადებებმა შეიძლება გაუსწროს გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

სამწუხაროდ, ჩვენთან ონკოლოგიური ავადმყოფების 70 პროცენტი მაშინ მოგვმართავს, როცა დაავადება მესამე-მეოთხე სტადიაშია.

_ მიზეზი?

_ ჩვენი მენტალური თავისებურებაა, გნებავთ, ჯანდაცვის სისტემის ბოლომდე დაულაგებლობა. ალბათ, შიშის ბრალიცაა, შინაგანი კულტურის არქონისაც და ა. შ. პაციენტი დარწმუნებულია, რომ დიაგნოზი განაჩენია, ამიტომაცაა გაწყვეტილი კავშირი ექიმსა და პაციენტს შორის.

კანის კიბოს ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება და ხშირად სიმსივნედ ყალიბდება. სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს დიაგნოზიდან ყოველი მესამე კანის კიბოა. მისი კოეფიციენტი მსოფლიო მასშტაბით წელიწადში 2-დან 3-მილიონამდე ახალ შემთხვევას აღწევს. მათ შორის 132 ათასი მელანომაა.

ავადობის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება მოსახლეობის მზეზე ხანგრძლივად ყოფნა, ეს ერთი; და მეორე, _ ხელოვნური ულტრაიისფერი წყაროების გამოყენება, იგივე სოლარიუმები.

_ სწორედ ეს მინდოდა მეკითხა: სოლარიუმებში ვინ საზღვრავს დასხივების ინტენსივობას?

_ სამწუხაროდ, ამის განმსაზღვრავი არავინაა, თანაც _ ინდივიდუალურად, პაციენტების კანის მდგომარეობიდან გამომდინარე.

_ ეს რას ნიშნავს?

_ იმას, რომ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის კანი აქვთ: თეთრი, წითური, შავგვრემანი. ყველას კანში გვაქვს პიგმენტი მელანიდი, გარკვეული ნორმით. მისი ჭარბი დაგროვება პიგმენტურ წარმონაქმნებში შეიძლება გახდეს გაავთვისებიანობის მიზეზი. ერთ-ერთი ფაქტორი ულტრაიისფერი სხივებია.

_ მითხარით, გეთაყვა, რით და როგორ განვასხვავოთ ხალი მელანომისგან? ხალი სილამაზის ატრიბუტია («პირზე გაქვს ხალი, შავ-შავი თვალი», ხომ გახსოვთ, ხანუმ არაქელოვნას (მედეა ჩახავას) რომ უმღეროდა შეყვარებული ეროსი მანჯგალაძე რუსთაველის თეატრის სცენაზე) თუ საშინელი დაავადების _ კანის კიბოს დაღი?

_ ეს არ არის პაციენტის საქმე. სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს. გეტყვით, როდის უნდა მიაქციოს ადამიანმა ამას ყურადღება, შემდეგ კი ექიმმა უნდა თქვას საბოლოო სიტყვა, ანუ დასვას დიაგნოზი.

ხალი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.

_ ან მიხატული…

_ იყო ასეთი მოდაც… სიმპტომები (თანდაყოლილისაც და შეძენილისაც) რამდენიმეა, რომელთა შემჩნევისთანავე პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს: სწრაფი ზრდა მოცულობაში, ასიმეტრიულობა მისი ფორმის, შეფერილობის ინტენსიურობა _ უფრო მოშავო ხდება. თუ წითელი ყაეთანი გაუჩნდება გარშემო, ეს უკვე სერიოზული საფრთხეა. სისხლმდენი თუ გახდა (გაუჩნდა ნახეთქები) და ეს ტრავმის შედეგი არ არის, იმას ნიშნავს, რომ პაციენტმა ძალიან მიუშვა ავადმყოფმა და ეს გაცილებით საშიშია. არის სხვა სიმპტომატიკაც.

_ ე. ი. ხალი მუღამით კი არ უნდა შეამკო, პირდაპირ ექიმთან უნდა წაიყვანო შენი მუზა და სიყვარული.

_ (ეღიმება). ჩვენი მოსახლეობა ყველაფერს ხალს უწოდებს _ დერმაგოფიბრომასაც, ჰემანგიომასაც, სებორეულ კერატოზსაც…

_ მარტო ეს ჩამონათვალი შეგაშინებს.

_ მაგრამ ყველა საშიში არ არის, ზოგიერთი აბსოლუტურად კეთილთვისებიანია.

გავაგრძელოთ.

როგორც იქნა, გადაბრუნდა ურემი და მოვიდა ჩვენთან ავადმყოფი. იწყება მეორე რაუნდი. გამოვკითხავთ ყველაფერს _ რა და როგორ მოხდა და ვიწყებთ გაღრმავებულ კვლევას. ვაკეთებთ მრავალჯერ გადიდებულ დერმატოსკოპიას და სურათი ნათელი ხდება, ხელისგულზე იდება.

არსებობს ორი ძირითადი ფაქტორი, რომელთა გამო ხალი შეიძლება გადაიზარდოს დაავადებაში: ულტრაიისფერი სხივები და ტრავმა. ანაბეჭდის აღება და მისი მიკროსკოპული გასინჯვა სრულყოფილ დიაგნოზს გვაძლევს.

_ რა უნდა გავაკეთოთ, ასეთი დიაგნოზი თავიდან რომ ავიცილოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც საზღვაო კურორტებზე აპირებს ზაფხულის გატარებას?

_ როგორც ვთქვი, ხალის სიავეში გადასვლის ორი _ ეგზოგენური და ენდოგენური _ ფაქტორი არსებობს. ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობა დამოკიდებულია ჰორიზონტის ხაზთან მზის დაცილებაზე, გეოგრაფიულ განედზე, სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ოზონის შრეზე, არეკვლასა და ბევრ სხვა ფაქტორზე.

დაახლოებით დილის 11 საათიდან 3-4 საათამდე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ზენიტს აღწევს. დაახლოებით 12 საათიდან ამას ემატება ინფრაწითელი სხივები. მათი ერთობლიობა უფრო დიდი საფრთხის შემცველია ადამიანისთვის.

ხოლო დილის 10 საათამდე, 11-ის ნახევრამდე ულტრაიისფერ სხივებზე გარუჯვა სასარგებლოც კი არის.

ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ადამიანებმა, რომელთაც გამოკვეთილი აქვთ რისკფაქტორები. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ეს ხალები _ რისკფაქტორები, ვურჩევ, ზღვაზე წასვლის წინ აუცილებლად მიაკითხოს ექიმს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით გაფაციცებული უნდა იყოს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი.

_ თერაპევტი.

_ დიახ, თერაპევტი. მან უნდა გადაამისამართოს მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანები სპეციალისტთან. თერაპევტმა ძალიან კარგად იცის, რომ კანზე არსებული გამოვლინებებიდან ბევრი მეორადი ხასიათისაა. კანი ეკრანია სხვადასხვა დაავადების _ ნივთიერებათა ცვლის მოშლის, ენდოკრინოლოგიური დაზიანების, ალერგიული და ბევრი სხვა ფაქტორის.

_ ასაკობრივი ფაქტორი თუ მოქმედებს მელანომის განვითარებაზე?

_ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ხუთიოდ ხალი, ზოგიერთს _ ათასამდეც კი…

_ აუჰ!

_ დიახ, ასეა. გააჩნია ადამიანს, მის გენეტიკურ დატვირთვას, დამოკიდებულებას მზესთან. ასაკოვან ადამიანებში განსაკუთრებით ხშირია სებორეული კერატოზი.

_ რას ნიშნავს? ამიხსენით, თუ შეიძლება.

_ სებორეული კერატოზი კეთილთვისებიანია, მელანომისგან განსხვავებით. დიფერენციაცია ექიმმა უნდა დაადგინოს. ასაკობრივი დაავადებაა.

_ გასაგებია, მაგრამ ასაკოვან ადამიანებს მაინცდამაინც არ ემუქრება ულტრაიისფერი სხივებით დასნებოვნება. ახალგაზრდობა კი არად დაგიდევს ექიმის რჩევებს და ესაა საწუხარი.

_ აქ გადამწყვეტია ადამიანის დომინანტური ფაქტორი, მისი მისწრაფება, რაც შეიძლება მეტად გაირუჯოს. მას, ამ ადამიანს ჩაკეტილი აქვს უნარი, რომ მისმა ასეთმა ჯიუტმა გატაცებამ შეიძლება რაიმე ვნება მოუტანოს. ზოგიერთმა შეიძლება იცის კიდეც, რა საფრთხე ელის, ზოგიერთს არც გაუგია და არც აინტერესებს.

_ ხამობის ბრალია უთუოდ. უნახავმა რა ნახაო, მოგეხსენებათ… ახალგაზრდები თუ მოგმართავენ, ბატონო ალექსანდრე?

_ მომმართავენ, მოდიან. მქონდა ბევრი შემთხვევა, როცა მელანომის მეტასტაზები ლიმფურ ჯირკვლებშია განვითარებული, როცა აუცილებელია რადიკალური ოპერაციების გაკეთება. ამას გარდა, ასეთმა ავადმყოფმა კიდევ უნდა ჩაიტაროს მედიკამენტოზური მკურნალობის, იმუნოთერაპიის კურსი და ა. შ., რომელიც დიდ ხარჯებთან და წვალებასთან არის დაკავშირებული.

_ შველის?

_ თუ პირველ-მეორე სტადიას მივუსწარით, ქირურგიული რადიკალური ჩარევის შედეგად, როცა ლაბორატორიული დასკვნა მაგიდაზე გვიდევს და სიღრმეში პირველი-მეორე ხარისხის ინვაზია, ანუ ჩაზრდაა, ასეთ შემთხვევაში, პაციენტებს აღარაფერს ვუნიშნავთ, მხოლოდ მეთვალყურეობის, მონიტორინგის ქვეშ გვყავს. ისინი დღესაც კარგად არიან და ყველაფერი დავიწყებული აქვთ. ვლაპარაკობ დიაგნოსტირებული, ავთვისებიანი მელანომის შემთხვევებზე.

როცა დაავადება სიღრმეში უფრო მეტადაა ჩასული, რომელსაც მხოლოდ ლაბორატორიული კვლევა ადგენს, და მეტასტაზები ჯერ არ შეიმჩნევა, ასეთ შემთხვევაში, დამატებით მედიკამენტოზურ მკურნალობას ვუნიშნავთ.

მელანომის მეტასტაზირება მესამე სტადიაზე ლიმფურ ჯირკვლებში ხდება, ხოლო მეოთხე სტადიაზე ავადდება ფილტვი, ღვიძლი, ტვინი, ძვლები, შეიძლება ნებისმიერ სხვა ორგანოშიც ჩამოყალიბდეს, იმდენად არატიპური მიმდინარეობით ხასიათდება დაავადება.

მაშინ მკურნალობა გაცილებით რთულია.

_ და ყველა ეს უბედურება იწყება ხალით, ერთი პატარა ლაქით ადამიანის სხეულზე.

_ როცა ამ დაავადების დიაგნოზი უტყუარად არის დასმული, ჩათვალეთ, რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. თუ დროზე არ მივხედეთ, დაიწყებს მეტასტაზირებას.

_ ბოლო შეკითხვა. საქართველოს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ჩინური წარმოშობის კანადელი ბიზნესმენების ინვესტირების პირობების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფომ ცენტრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაგრძელდება თავის თავზე აიღო. დღეისთვის რა გაკეთდა?

_ სამწუხაროდ, არაფერი.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here