Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ძველი მეთოდოლოგიით თვლის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ძველი მეთოდოლოგიით თვლის

597

«ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის» სპეციალისტებმა «საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის» ეგიდით მარტიდან მაისის ჩათვლით საარსებო მინიმუმი გამოიკვლიეს. დადგინდა, რომ საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი რეალურად 309 ლარია და არა 147 ლარი, როგორც ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაითვალა.


«ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის» პრეზიდენტის _ რამაზ გერლიანისა და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის _ ქეთევან კრიალაშვილის განმარტებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ძველი მეთოდოლოგიით თვლის. შესაბამისად, მათ გათვლებში მინიმალური სასურსათო და არასასურსათო კალათები 70%-30% -ზეა გადანაწილებული (70% _ სასურსათო და 30% _ არასასურსათო), მაშინ, როცა «ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის» მიერ საარსებო მინიმუმის კვლევაში სასურსათო კალათაზე _ 55%, ხოლო არასასურსათოზე 45% მოდის. ამასთანავე, «ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის» სპეციალისტებმა მინიმალური სასურსათო კალათა ზამთარ-ზაფხულის სეზონების მიხედვით, პროდუქტების შუალედური დანაკარგის (ნათალი, ნაჭუჭი და ა.შ., ანუ პროდუქციის ყიდვიდან საკვებად მიღებამდე) გამორიცხვით დათვალეს.

«ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა» კვლევა, საბოლოო ჯამში, 70 საკვები პროდუქტის ფასებზე დაკვირვებით აწარმოა. მაშინ, როცა სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, კვლევას 40 საკვები პროდუქტის ფასების მიხედვით აწარმოებს და, თუკი სტატისტიკის ეროვნული ცენტრის კვლევების მიხედვით, შრომისუნარიან მამაკაცზე დღეში 2300 კილო კალორიაა დადგენილი, «ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის» კვლევების მიხედვით, ანალოგიური მაჩვენებელი დღეში 2500 კილო კალორიაა.

«ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა» აღნიშნული კვლევა თბილისში, თელავში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში აწარმოა, მაშინ, როცა სტატისტიკის ეროვნული ცენტრი კვლევას მხოლოდ საქართველოს 5 ბაზარზე აწარმოებს.

«ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის» პრეზიდენტის _ რამაზ გერლიანისა და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის _ ქეთევან კრიალაშვილის მტკიცებით, ინფლაციის დონისა და სხვა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მათი საკვლევი მეთოდოლოგია თითქმის სრულად შეესაბამება დღევანდელ რეალობას და სასურველია, კვლევის ეს მეთოდები სახელმწიფომაც გაითვალისწინოს, რადგან აღნიშნული მეთოდები კიდევ 4 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ადეკვატურობასა და ეფექტიანობას.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here