Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი ჭყოიძე: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა «გაბერილი» სიების შესანარჩუნებლად, რომლებიც გაყალბების საშუალებას იძლევა!

ირაკლი ჭყოიძე: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა «გაბერილი» სიების შესანარჩუნებლად, რომლებიც გაყალბების საშუალებას იძლევა!

572

ყველას ახსოვს, ალბათ, რომ 2012 წლის იანვარში, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით, შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელშიც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია შედიოდა «ნაცებთან» ერთად, მათ შორის, «მრეწველებიც»; იმხანად «მრეწველები» ჯერ კიდევ არ იყვნენ კოალიციის წევრები. აღნიშნული კომისიის მიზანი იყო, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სიები «გაბერილი» არ ყოფილიყო…


კომისია დიდი მონდომებით შეუდგა სიების დაზუსტებას და სახელმწიფოს მიერ აღნიშნული საქმის სრულყოფილად შესასრულებლად გამოყოფილი 5 მილიონი ლარიც მიზანმიმართულად დახარჯა. თითქმის ნახევარი საქართველო დასაქმდა, დროებით, მაგრამ მაინც…

მკითხველს, ალბათ, ისიც ახსოვს, რომ იმჟამინდელი ოპოზიცია, ახლა უკვე სახელისუფლო გუნდი, სიების დაზუსტების კომისიას არ ენდობოდა და, პარალელურად, საკუთარი თანხით დაიწყო ანალოგიური სამუშაოები, რომელთაც სახელმწიფო კომისია აწარმოებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კოალიციაში შემავალ პარტიებს ამომრჩეველთა ზუსტი რიცხვი არ გამოუქვეყნებია, თუმცა დაბეჯითებით იმეორებდნენ, კომისიის მიერ გამოქვეყნებული ამომრჩეველთა სია კვლავ გაბერილია და სანდო არ არისო, იმასაც ამბოდნენ, რომ, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ, პირველი, რასაც გავაკეთებთ, მოსახლეობის აღწერა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტება იქნებაო.

ეს ამბავი იმიტომ კი არ გავიხსენეთ, რომ «ნაცებისა» და მათი სატელიტების მიერ ჩატარებული სამუშაოთი აღფრთოვანებულები ვართ, უბრალოდ, გვინდა, შედარება გავაკეთოთ 2102 წლის ამომრჩეველთა სიებსა და დღეს არსებულ სიებს შორის.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ამომრჩეველთა სიაში 3 მილიონ 491 ათასი ადამიანი იყო, ანუ 122 ათასი ამომარჩევლით ნაკლები, წინა წელთან შედარებით.

დღეს, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც, სიაში ამომრჩეველთა ზუსტად იგივე რაოდენობაა, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას იყო, ანუ 3 მილიონ 491 ათასი ამომრჩეველი და ეს მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ მცხოვრები მოსახლეობა არჩევნებში არ მონაწილეობს. თუ დასაზუსტებული სიების მიხედვით საზღვარგარეთ მცხოვრებთა რაოდენობა 305 ათასი იყო, მაშინ დღევანდელ საარჩევნი სიაში 3 მილიონ 308 ათასი ამომრჩეველი უნდა იყოს…

ამომრჩველთა სიების უზუსტობაზე ყველა ოპოზიციური ძალა საუბრობს, მაგრამ მათ მიერ დასმულ კითხვებს არავინ პასუხობს. არსად ჩანან ის არასამთავრობოები, რომლებიც სიების არასრულყოფილებას აპროტესტებდნენ, უფრო ზუსტად, ის ადამიანები ახლა თანამდებობეზე სხედან და სულაც აღარ ადარდებთ საარჩევნო სიები.

აღნიშნულ თემაზე «საქართველო და მსოფლიო» საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრ ირაკლი ჭყოიძეს ესაუბრა:

_ ყბადაღებული თემა _ ამომრჩეველთა ერთიანი სია, დღესაც აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ, ვიდრე მთავრობის წევრები ოპოზიციაში იმყოფებოდნენ, სიების დაზუსტების პროცესი ქარცეცხლში გაატარეს და სრულიად სამართლიანადაც… როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამბობდნენ, რომ სიები დაზუსტდებოდა და იქნებოდა ბიომეტრიული სიები ელექტრონული ხელმოწერებით. საუბარი იყო იმაზეც, რომ, თუ ბიუჯეტში თანხები არ მოიძებნებოდა, ბიძინა ივანიშვილი თვითონ დააფინანსებდა ამ პროცესს, თანაც ეს ოთხ თვეში უნდა მომხდარიყო.

2013 წლის მაისში, როდესაც ხელისუფლებას შევახსენეთ დაპირება, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, ამ პრობლემის მოგვარებას სამი თვე დასჭირდებაო, მაგრამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეს პროცესი ვერ მოესწრო. ინტერფრაქციული ჯგუფის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში ჩაიწერა _ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ბიომეტრიული წესით დაზუსტებული სიებით. შემდეგ ქუცნაშვილი ზვიად ძიძიგურმა შეცვალა და სწორედ მისი ხელმძღვანელობისას ამოიღეს კანონიდან ქუცნაშვილის მიერ გაკეთებული ჩანაწერი. ცოტა თემას გადავუხვევ და ვიტყვი, რომ ამ ვითარებაში ნათლად ჩანს ხელისუფლების დამოკიდებულება კანონისადმი _ მერე რა, რომ ჩავწერეთ, ისევ ამოვწერთ…

ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნები ე. წ. გაციფრებული სიით ჩატარებულიყო, რაც კიდევ ერთი დიდი პრობლემის წინაშე დაგვაყენებს.

იყო 3 მილიონ 613 ათასი ამომრჩეველი, ახალი ხელისუფლების პერიოდში კი 3 მილიონ 491 ათასია. ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირდა რეგისტრაციიდან მოხსნილი ადამიანების ხარჯზე, მაგრამ აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ახლა ჩვენ ვატარებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც არ მონაწილეობენ საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანები, მათი რიცხვი კი 305 ათასია.

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა «გაბერილი» სიების შესანარჩუნებლად.

რისთვის სჭირდება ეს? _ გაბერილი სიები გაყალბების საშუალებას იძლევა!

_ როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებში გაყალბება იქნება?

_ გაყალბება იქნება ყველა არჩევნებში, რადგან ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო პარიტეტული საარჩევნო კომისია. დღეს საარჩევნო კომისია ორსუბიექტიანია, თანაც მათ კოაბიტაცია წარმატებით გაიარეს და ახლა თანამშრომლობის რეჟიმში არიან. ვიცით ისიც, როგორი ცოდნა და გამოცდილება აქვთ არჩევნების გაყალბების საქმეში «ნაცებს». ამ ცოდნის შეძენის სურვილი ახალ ხელისუფლებასაც აქვს და ისინი «ნაცებისგან» აპირებენ ამის სწავლას.

_ ბატონო ირაკლი, რას ნიშნავს «გაციფრებული» სია?

_ რეესტრის მიხედვით, მოხდა ამომრჩეველთა ფოტოების გაციფრება და საარჩევნო, სამაგიდო სიაში ამომრჩევლის გვარისა და სახელის გასწვრივ იქნება ფოტო. პრობლემა არის ის, რომ შესაძლებელია, ფოტოთი ადამიანი ვერ იცნო, რადგან რეესტრში არსებული ზოგი ფოტო ძალიან ძველია. მაგალითად, მე ათი წლის წინათ გადაღებულ ფოტოზე ვერავინ მიცნობს. საარჩევნო კომისიას კი არ აქვს პასუხი, რა უნდა გააკეთოს კომისიის წევრმა, თუ ადამიანი ვერ ამოიცნო. ლოგიკურად, მან უნდა მოითხოვოს პირადობის მოწმობა და შეადაროს ფოტოები, რაც უბნებზე ქაოსს გამოიწვევს. სწორედ ასეთი ქაოსის თავიდან ასარიდებლად იყო საჭირო ბიომეტრიული სიები, მართალი იყო ვახტანგ ხმალაძე, როდესაც ამბობდა, ბიომეტრიული სიების შექმნას სამი თვე სჭირდებაო, მაგრამ მთავრობამ კეთილი ნება არ გამოიჩინა.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here