Home რუბრიკები საზოგადოება დაუჯერებელი სინამდვილე

დაუჯერებელი სინამდვილე

614

ბრძოლის ველზე ამაზე მეტი რამეც ხდება, მაგრამ ზოგიერთი ახალგაზრდისა და მთავრობის მოხელისთვის მართლაც დაუჯერებელია, რასაც ახლა მოგითხრობთ. ეს მოხდა 1943 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. კარგად აღარ მახსოვს უკრაინის რომელ ქალაქში, დნეპროპეტროვსკის თუ ზაპოროჟიეს ოლქში, მდებარეობს სოფელი ელენოვკა. საღამო ხანს გამალებული ბრძოლით წინ მივიწევდით. რა თქმა უნდა, გერმანელები უკან იხევდნენ. ბრძანება მოვიდა, სოფ. ელენოვკა შტურმით უნდა აგვეღო. სოფლის ერთ მხარეს ცენტრალური გზატკეცილი გადიოდა.


სოფელი შემაღლებულ ადგილზედ მდებარეობდა. ამ დროს ჩვენს შენაერთებს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ. ჩვეულებრივად სოფლის მისადგომებთან დავიკავეთ საბრძოლო პოზიციები. იმასთან დაკავშირებით, რომ მქონდა სერჟანტის ჩინი, მეტწილად ვიყავი ხოლმე ათმეთაური და ხშირად ოცეულის მეთაურის თანაშემწე, ხან ოცმეთაურიც. როგორც მოგახსენეთ, დავიკავეთ ის საბრძოლო პოზიციები, რომლებიც რამდენიმე საათის წინ გერმანელებს ეკავათ. საგულისხმოა ის, რომ გერმანელები სანგრებს ძალიან ვიწროდ და ღრმად ჭრიდნენ. ველოდებით ბრძანებას შეტევაზე გადასასვლელად. ამ დროს ტანკი, საბჭოთა კავშირის ნიშნით, გვესვრის. ჩვენ ვუყვირით, რომ ჩვენები ვართ, მაგრამ მათ ჩვენი ყვირილი არ ესმოდათ. ახდიდნენ ტანკის სახურავს, დაგვინახავენ, დახურავდნენ და მუსრს გვავლებდნენ. ვფიქრობდით, ალბათ, ტანკები კია ჩვენი, მაგრამ შიგ გერმანელები სხედან-თქო. ვხედავთ, რაც დრო გადის უფრო და უფრო გვიტევენ. ჩვენგან მოშორებით ერთი ტანკი დაწვეს, მეორეს სასროლი ლულა მოტეხეს, დარჩა ერთი ლულამოტეხილი ტანკი. ჩვენს ნაწილებს სროლა აღარ შეუძლიათ და ტანკი მუხლუხებით გვთელავს. თუ დაინახავდა, რომ ვიღაც სანგარში შევარდებოდა, მუხლუხების ტრიალით შიგ მარხავდა.

დიდხანს გვანადგურებდა ასე ის ტანკი, ჩვენ რაც შეგვეძლო, ისეთ წინააღმდეგობას ვუწევდით ამ დაზარალებულ ტანკს, მაგრამ კარაბინით ტანკს რას უზამ. რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ ეს ტანკი შემოიჭრა ჩვენი ოცეულის ტერიტორიაზეც და დაიწყო მებრძოლების ხოცვა. სწორედ ჩემ წინ ჩვენი ოცეულის მებრძოლი, გვარად სალამატოვი, დაინახა და დამარხა ცოცხლად. მე მაშინვე ერთ ჩემს თანამებრძოლს დავუძახე, ცოცხლად დამარხულ სალამატოვთან დაწოლილებმა დავიწყეთ მიწის ამოთხრა, მაგრამ ტანკისტმა შეგვამჩნია და ჩვენკენ გამოექანა. დავიმალეთ, ტანკი შედგა ისევ სალამატოვის სანგარზე მიატრიალ-მოატრიალა ტანკი და უკან გაბრუნდა. ჩვენ მაინც არ შევშინდით და ისევ დავიწყეთ ჯარისკაცის შველაზე ფიქრი. ამოვთხარეთ. მოტეხილი და დაჟეჟილი არაფერი ჰქონდა; ჩავუტარეთ ხელოვნური სუნთქვა, მუცელი დავუზილეთ, წყალი ვაპკურეთ… და რამდენიმე ხანში სალამატოვმა თვალი გაახილა.

ამას ვინ დაიჯერებს, კაცს ტანკმა ორჯერ გადაუარა და ის ცოცხალი გადარჩა! მაგრამ რაც გიამბეთ, სინამდვილეა.

ამასობაში ირიჟრაჟა. დილით დავინახეთ, თეთრხალათიანები დაჭრილებს რომ ეძებდნენ. ფაქტია, ჩვენ მიერ «გაცოცხლებულ» სალამატოვსაც წაიყვანდნენ. ჩვენ ისევ ჩვენი პოზიცია გვეკავა. მოხდა ისე, რომ იმ ღამეს გერმანელებმა ის სოფელი ისე დატოვეს ჩუმად, რომ ჩვენ იერიში აღარ მიგვიტანია. ის ტანკისტები ახალგაზრდა და გამოუცდელები იყვნენ, სოფელში დაგვიანებით შემოვიდნენ და ეგონათ, გერმანელებს ებრძოდნენ, სინამდვილეში კი ჩვენ გაგვავლეს მუსრი. ეს, რა თქმა უნდა, მაშინდელ სარდლობას და სამხედრო ტრიბუნალს არ დაემალებოდა. გავიდა რამდენიმე დღე და ნაწილში მოვიდა ბრძანება, რომ სოფელ ელენოვკაში დანაშაულის ჩადენისთვის იმ ტანკისტებს, როგორც მავნებლებს, მიესაჯათ უმაღლესი სასჯელი _ დახვრეტა.

გავიდა რამდენიმე თვე. უკვე ვიბრძოდით ქალაქ ნიკოლაევში. ახალი შევსება მივიღეთ _ ახალი მებრძოლები, ზოგი ჰოსპიტლიდან დაბრუნდა. ჰოსპიტლიდან დაბრუნებული ერთი მებრძოლისგან შემთხვევით გავიგე, რომ მასთან ერთად ჰოსპიტალში იყო ჯარისკაცი, რომელსაც უთქვამს, _ მე დაჭრილი არა ვარ, მხოლოდ ტანკი მომიახლოვდა და მის შემდეგ აღარაფერი მახსოვსო. შევეკითხე, გვარად სალამატოვი ხომ არ იყო-მეთქი, მგონი, კიო.

იმ გმირებისა და იმ დღეების დავიწყება შეუძლებელია.

ტარასი იჩქიტიძე,

ქ. თბილისი ნაძალადევის რაიონის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here